საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორი წელი და 8 თვე იარსება (1918-1921 წლები) და ისტორიას ორი მნიშვნელოვანი თარიღი დაუტოვა: 1918 წლის 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და 1921 წლის 25 თებერვალი - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. ,,დემოკრატიული რესპუბლიკის სამწლიანი არსებობა თავისი განცდის ინტენსიურობით, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე - ჩვენი მონობის ასი წელი”, - ასე აფასებდა კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს ხანმოკლე, მაგრამ ბედნიერ ხანას, რასაც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი, 1921 წლის 25 თებერვალი მოჰყვა - ამ დღეს ბოლშევიკმა სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვში დეპეშა აფრინა: ,,მოსკოვი. კრემლი. ორჯონიკიძე, ლენინს, სტალინს: ტფილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!” როგორი იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და როგორ შენდებოდა პირველი დამოუკიდებელი ქართული ჯარი? - ,,ქართული სიტყვა” სამხედრო ისტორიკოსს, პოლკოვნიკ მამუკა გოგიტიძეს ესაუბრა, რომელმაც ახლახან, ისტორიკოს გიორგი ბეჟიტაშვილთან ერთად, ბიოგრაფიული ცნობარი - ,,სამხედრო ფიცის ერთგულნი” გამოსცა. წიგნში იმ 104 ქართველი გენერლის ბიოგრაფიული მონაცემებია შესული, რომლებიც, სხვადასხვა დროს, მსოფლიო ქვეყნების არმიებში მსახურობდნენ... განსაკუთრებით საინტერესოა 1918-1921 წლების პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ქართველი სამხედროებისა და გენერლების ცხოვრება...
მამუკა გოგიტიძე, სამხედრო ისტორიკოსი: - პირველი მსოფლიო ომის შედეგად აფორიაქებული მსოფლიო რთულ პოლიტიკურ კატაკლიზმებს განიცდიდა. 1917 წელს, რუსეთის ცარისტული იმპერია რევოლუციით დაემხო. იანვარში, რუსეთის არმიამ ამიერკავკასიაში უფლებამოვალეობა შეწყვიტა. რადგან რუსეთის ფრონტი ყველა მიმართულებით იშლებოდა, რუსის ჯარი კავკასიას სპონტანურად ტოვებდა. 1918 წლის 22 აპრილს, ამიერკავკასიამ დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა, ამავე წლის 26 მაისს, ამიერკავკასიის სეიმი დაიშალა და თბილისში ჯერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ორი დღის მერე, 28 მაისს კი, - სომხეთის. ამდენად, თბილისი იყო ცენტრი, სადაც ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. საქართველომ პოლიტიკურ-ეკონომიურად დასუსტებული რუსეთის მდგომარეობით ისარგებლა და მისი კლანჭებიდან თავი დააღწია. თბილისში რუსებმა იარაღით სავსე არსენალიც დატოვეს, რომელიც გენერალმა მაზნიაშვილმა აიღო, თუმცა საქართველო მაინც რთულ სიტუაციაში იყო - ჩრდილოეთელი მტერი, არავინ იცოდა, ქვეყნის დაპყრობას კვლავ როდის შეეცდებოდა, სამხრეთიდან კი, ისტორიული მტერი - თურქ-ოსმალო ეპოტინებოდა. ამასთან, ბრესტ-ლიტოვსკის ზავით, ჯერ კიდევ 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, სისხლით მოპოვებულ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებს - შავშეთსა და აჭარას ვკარგავდით. 1918 წელს, ბათუმის ოლქს, ასევე, ყარსს, ართვინს და ლორეს, რომელიც ბორჩალოს მაზრაში შედიოდა და რომლის შემორჩენილი ნაწილიც დღეს ქვემო ქართლის რეგიონად ითვლება, ქვედა მხარეს კი, რომელიც 1921 წლიდან სომხეთის ფარგლებში დარჩა, თურქეთი უკან ითხოვდა.
- 1918-21 წლებში, საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ საგარეო კავშირები დაამყარა. ამაზე რუსეთს როგორი რეაქცია ჰქონდა?
- რუსეთს საქართველოს ხელიდან გაშვება და მისი დამოუკიდებლობა არ ეპიტნავებოდა. ბოლშევიკური მთავრობის მიერ გამოცემული დეკრეტი ,,ერთა თვითგამორკვევის” თაობაზე ფინეთის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე გავრცელდა და, ლოგიკურად, საქართველოსაც უნდა შეხებოდა. საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად თანმიმდევრულად აღიარეს არგენტინამ, გერმანიამ, ბელგიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, იაპონიამ, პოლონეთმა, ავსტრიამ, რუმინეთმა, ლუქსემბურგმა, მექსიკამ. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად რუსეთმაც სცნო, მაგრამ ფარულად იმას ფიქრობდა, თუ როგორ დაემორჩილებინა... ბოლშევიკებმა ჯერ აზერბაიჯანი ,,გააწითლეს”, მერე - სომხეთი და, ბოლოს, - საქართველო.
- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თანმდევი ქართული არმიის შენება იყო, რაც სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა. ბატონო მამუკა, მაშინდელ ქართულ ჯარზე მიამბეთ...
- საქართველოს სამხედრო ძალების მშენებლობა რთულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაში დაიწყო. დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს პირობებში, ქართული ჯარის ,,რეფორმების მამად” წოდებული ვასილ გაბაშვილის მიერ მთავრობისთვის შეთავაზებული პროექტი ნელ-ნელა, მაგრამ წარმატებით ხორციელდებოდა. ევროპა ისე გვეხმარებოდა, როგორც შეეძლო: იტალიიდან ტანსაცმელი და აეროპლანები შემოიტანეს, თუმცა მათი დიდი ნაწილი, რუსეთთან ომის დროს, ვერც აფრინდა - ანგარებში იდგა, რადგან ძრავები სათანადოდ არ ჰქონდათ დამონტაჟებული. ეს საფრენი აპარატები საბჭოთა რუსეთმა ნადავლის სახით წაიღო. საქმეს ახალციხის ფრონტსა და ბათუმი-სოჭის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებიც ართულებდა.
1918 წელს, გერმანელი სამხედრო სპეციალისტების დახმარებით, ქართული რეგულარული ჯარის ჩამოყალიბება დაიწყო, რომლის ბირთვსაც ოსმალეთის ფრონტიდან დაბრუნებული ნაწილები და ასევე, მეფის რუსეთში ნამსახურები ქართველი სამხედროები შეადგენდნენ, რომელთაც გამოცდილება პირველ მსოფლიო და იაპონიის ომებში, ამიერკავკასიის ფრონტზე ჰქონდათ მიღებული. რუსეთის არმიის რიგებიდან გამოქცეულ გენერლებს, ოფიცრებსა და იუნკერებს საოცარი ეროვნული სულისკვეთება ჰქონდათ. რუსეთში მოღვაწე ქართველი გენერლები, რომლებმაც ხეირიანად ქართულიც არ იცოდნენ, მოტივირებული იყვნენ, ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყვნენ.
- ეროვნული გვარდია სათავეს სწორედ ამ წლებიდან იღებს, არა?
- რეგულარული ჯარის პარალელურად, საქართველოში ყველაზე გავლენიანი ,,სოციალ-დემოკრატიული პარტიის” შეიარაღებული ფორმირება - სახალხო გვარდია ყალიბდებოდა, რომელიც მალე სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციად იქცა. იმის შესახებ, თუ როგორ მსახურობდნენ ქართველები რუსეთის მეფის არმიაში, ზღვა ინფორმაციები გვაქვს. რაც შეეხება საქართველოს განვითარების ასეთ საინტერესო პერიოდს, მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი ისტორიის თეთრ ლაქად რჩება, თუმცა ბოლოს, გამოჩნდნენ მკვლევარი ისტორიკოსები, რომლებიც ამ თემებზე წარმატებით მუშაობენ.
როცა პარალელს ვავლებ, ვფიქრობ, რომ ზუსტად ასეთი განწყობა ჰქონდათ ქართველებს 1991 წელს: ქართველი ოფიცრები და ჯარისკაცები საბჭოთა არმიის რიგებს საკუთარი ნება-სურვილით ტოვებდნენ და ახლადშექმნილ ეროვნულ გვარდიას უერთდებოდნენ. 2015 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან ოცდახუთი წელი სრულდება. მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან, ეროვნული გვარდია ქართული შეირაღებული ძალების ძირითად ბირთვს შეადგენდა, საიდანაც შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერია ინგრეოდა და იმ ქაოსში დეზერტირებს არავინ სდევნიდა, საუკუნის ბოლოს კი, სხვა მდგომარეობა იყო: ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა იმპერია. ამიტომ საბჭოთა არმიის დეზერტირებს სახლებში მალავდნენ, პროკურატურის ორგანოებში ბევრზე სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. მოსკოვის პუტჩმა და რუსეთის ფედერაციის სათავეში ელცინის მოსვლამ გვიშველა, თორემ საქართველოს ბედი როგორ აეწყობოდა, არავინ იცის.
- არმიის შენება თეორიული მომზადების გარეშე წარმოუდგენელია. პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში სასწავლო ცენტრები არსებობდა?
- საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე სამხედრო-სასწავლო დაწესებულება ჰქონდა: ტფილისის სამხედრო სკოლა, ავტოსკოლა, მძღოლების სკოლა, სახალხო გვარდიის სამხედრო სასწავლებელი. 1921 წლისთვის, ჯარის მაქსიმალური რაოდენობა 65-80 ათასს შეადგენდა...
- საბჭოთა ისტორიოგრაფია საბჭოთა რუსეთისა და დემოკრატიული საქართველოს გადამწყვეტი ბრძოლა ,,ტფილისის ოპერაციადაა” ცნობილი. საქართველოში კი, კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლას უწოდებენ...
- პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით წარმოებულ კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლაში მონაწილე იუნკრებისთვის ეს პირველი საბრძოლო ნათლობა იყო - გამოუცდელი ახალგაზრდა ბიჭები, ათი დღის განმავლობაში, საოცარი სულისკვეთებით იბრძოდნენ და ბრძანების მიუხედავად, ბრძოლის ველი არ მიუტოვებიათ, უკან ერთ კურსანტსაც არ დაუხევია! ისინი ძვლებად დაწვნენ თბილისის ჭიშკართან. მათ გვერდით დაეცა მოწყალების და მარო მაყაშვილიც. მარტო შალვა ერისთავის გმირობა რად ღირს?! საბჭოთა პერიოდში მოსწავლეებს ასწავლიდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომში, საბჭოთა მეომარი იური მატროსოვი პირველი იყო, ვინც ამბრაზურას გადაეფარა. მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კი, ცნობილი გახდა, რომ პირველი მებრძოლი, ვინც ომში ამბრაზურას გადაეფარა, კოჯორ-ტაბახმელის შეტაკების მონაწილე ქართველი იუნკერი შალვა ერისთავი იყო.
- ამ გმირებს კარგა ხანს არავინ იცნობდა...
- სამწუხაროდ, საქართველოში თაობები ისე გაიზარდნენ, რომ მხოლოდ საბჭოთა, ე.წ. წითელ გენერლებს იცნობდნენ, პირველი დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს შესახებ კი მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ეს ინფორმაცია ლაკონური იყო - საქართველოს მართავდა მენშევიკური მთავრობა, რომლის წინააღმდეგ მშრომელები აღსდგნენ, მოხდა აჯანყება და მთავრობა საზღვარგარეთ გაიქცა. საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორი წელი და 8 თვე იარსება და ამის შემდეგ, დიდი ხნით, ისევ რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, თუმცა პასუხგაუცემელი დარჩა ბევრი შეკითხვა.
- მაგალითად?
- რატომ გასცა მთავარსარდალმა თბილისის დატოვების ბრძანება? იყო თუ არა სხვა გამოსავალი? ქალაქში რომ დარჩენილიყვნენ, პარტიზანული ბრძოლა რამდენ ხანს გასტანდა, ან, სულაც, როგორ დამთავრდებოდა?
- როგორ ფიქრობთ, თბილისის დატოვება აუცილებელი რატომ გახდა?
- მე-11 არმიამ ჯერ აზერბაიჯანი ისე ,,გააწითლა”, რომ გასროლაც არ მომხდარა, 1920 წლის ნოემბერში - სომხეთი, რასაც შულავერის აჯანყება მოჰყვა, რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობდა: ვითომ, საქართველოში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ბოლშევიკური ხელისუფლება მოითხოვა. აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე ბოლშევიკებმა ფოილოს ხიდი აიღეს, რომელსაც, გოგუაძის მეთაურობით, ჯავშანმატარებელი იცავდა. აზერბაიჯანიდან ბოლშევიკთა ახალ-ახალი ნაწილები შემოდიოდნენ, ქართველები კი, ქანცგაწყვეტილები იყვნენ. ამიტომაც, გენერალმა კვინიტაძემ თბილისის დატოვება გადაწყვიტა. რთული ვითარება იყო აჭარაშიც - ათათურქის ძალები ბათუმში შემოდიოდნენ და ბათუმის ქუჩებში ქართულ აბრებს თურქულით ცვლიდნენ. ოფიციალურმა ანკარამ ართვინისა და არტაანის დაცლა მოითხოვა, რაც შესრულებული იქნა. ამის შემდეგ კი, ახალციხე და ბათუმი მოითხოვა. ბათუმის ქართულ გარნიზონს რა უნდა ექნა? დიდი ბრძოლებით, ბათუმი კი შეინარჩუნეს, მაგრამ თურქების უკანდახევის შემდეგ, ქალაქში რუსები შევიდნენ. ფრანგები გვეხმარებოდნენ, მაგრამ ეს უმნიშვნელო დახმარება იყო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ აფხაზეთის მიმართულებით რამდენიმე ფრანგული გემი საარტილერიო დაცვას უზრუნველყოფდა. 16 მარტს, მოსკოვში დადებული ხელშეკრულებით, რუსეთმა თურქეთს ართვინი, არტაანი და საქართველოს სხვა ძირძველი ტერიტორიები გადასცა.
- სხვათა შორის, საფრანგეთმა ჩვენი დევნილი მთავრობა შეიფარა...
- რა თქმა უნდა. ბევრი სამხედრო მოღვაწე დაიკრძალა ლევილის ქართველთა საძვალეში, მათ შორის, - გენერალი ზაქარიაძეც. გენერალი ილია ოდიშელიძე, რომელიც ბოლომდე ინარჩუნებდა ქართული არმიის მთავარსარდლის წოდებას, მთავრობას საფრანგეთში არ გაჰყვა, სტამბულში დარჩა და იქვე გარდაიცვალა.
- მაშასადამე, ქართული არმია ამ ომისთვის მზად არ იყო, არა?
- დღევანდელი გადასახედიდან, იმაზე ლაპარაკი, მოვლენები როგორ უნდა განვითარებულიყო, ადვილია, მაგრამ რახან ისეთი მაღალი რანგის სამხედრო მოღვაწემ, როგორიც გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო, ასე გადაწყვიტა, ალბათ, სხვა გზა არ არსებობდა. თბილისში დარჩა გენერალი კოსტანტინე აფხაზი, რომელმაც ქალაქის დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა: ,,ტფილისი საქართველოა, ვინც ტფილისს ტოვებს, ის საქართველოს ტოვებს!”
კოტე აფხაზმა, პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად, 1922 წელს ხევსურეთში აჯანყება მოაწყო, რომელმაც, დამარცხების მიუხედავად, რუსულ საოკუპაციო ჯარს საგრძნობლად დიდი ზიანი მიაყენა. იმავე წელს, კოტე აფხაზი ,,საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის” ერთ-ერთი ინიციატორი გახდა, მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის ,,სამხედრო ცენტრი”, რომელიც კოორდინაციას საყოველთაო-სახალხო აჯანყებას უწევდა. სამწუხაროდ, 1923 წლის თებერვალში, ღალატის გამო, ბოლშევიკთა საგანგებო კომისიამ კოტე აფხაზი და კომისიის 14 წევრი დააპატიმრა და იმავე წლის 20 მაისს დახვრიტა. კოტე აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: ,,მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!”
- ბატონო მამუკა, ქართულ საჯარისო ნაწილებში, როგორც აღნიშნეთ, სხვადასხვა ქვეყნის სამსახურში მყოფი ქართველი სამხედრო პირები იყვნენ. არმიის მშენებლობისას ადგილი საბოტაჟს ხომ არ ჰქონდა?
- ხსენებულ პერიოდში საბოტაჟის მაგალითი ისტორიას არ შემორჩენია, მაგრამ 1924 წლის აჯანყება მოღალატე ქართველმა გასცა - აჯანყებულები ნარეკელიძემ დაასმინა.
- ნარეკელიძეს რა ერქვა?
- ვიცით 1832 წლის აჯანყების გამცემი ფალავანდიშვილის სახელი - მას იასე ერქვა. აი, ნარეკელიძის სახელი კი, ისტორიამ არ შემოგვინახა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, აჯანყების ჩაქრობა ერთი დღით ადრე მოხდებოდა თუ ერთი დღით გვიან, იდეა მაინც განწირული იყო... ასე რომ, ისტორიას უსახელო მოღალატე შემორჩა!
- დემოკრატიულ საქართველოს, პრაქტიკულად, ორი საჯარისო ფორმირება ჰყავდა. დისციპლინა როგორი იყო?
- გადმოცემით, დისციპლინა შენარჩუნებული იყო. ცნობილია მხოლოდ ერთი ამბავი, რაც გენერალ მაზმიაშვილს უკავშირდება - ახალციხის ფრონტის სარდლობის დროს, გაურკვევლობის გამო, რაღაც მომენტში, ჯარი ვერ დაიმორჩილა. ეს ამბავი ქართულ ფილმში - ,,ყვარყვარე” კარგად ჩანს. ალბათ, ეს ისტორია გამოიყენეს და აჩვენეს, ნახეთ, როგორი აბდაუბდა, დაუმორჩილებელი ჯარი ჰყავდა მენშევიკ სარდალსო, მაგრამ ერთეული შემთხვევების მთლიან ჯარზე გადატანა უხერხულია.
- მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფონზე, ქართული ჯარი როგორ იყო შემოსილი და აღჭურვილი?
- რუსული იდეოლოგიით, ქართული ჯარი ძონძებში იყო გამოწყობილი, სინამდვილეში კი, ასე არ ყოფილა. თბილისში შემოსული მე-11 არმიის ნაწილებს, მართლაც, ძონძები ეცვათ და მშიერ-მწყურვალნი იყვნენ. არ შემიძლია, პარალელი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომთან არ გავავლო, როცა პირდაპირ ეთერში ისმოდა ქართველი ჯარისკაცების ყაზარმაში მოკალათებული რუსი ჯარისკაცის ხმა: ,,ამათ ყველაფერი ჰქონიათ, ჩვენ კი არაფერი გვაქვს!” 1921 წელს, ძონძებსა და ,,ლაპტებში” გამოწყობილი რუსი ჯარისკაცები თბილისს დამშეული თვალებით ათვალიერებდნენ. ყურადღებას ერთ საინტერესო ფაქტზე გავამახვილებ: ამ ჯარისკაცებს შორის, ნიკიტა ხრუშჩოვიც იყო. 17 წლის ჯარისკაცს დაამახსოვრდა, თუ როგორი ზარზეიმით შემოვიდა რუსული საოკუპაციო ჯარი საქართველოს დედაქალაქში. წლების მერე, თბილისში ყოფნისას, უკვე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეთაურის რანგში, ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა და თქვა: ,,დავდივარ თბილისის ქუჩებში და მიხარია, თუ როგორი ხალისიანები არიან ქართველები დღეს და არა - ისეთები, როგორებიც 1921 წელს, როცა მგლებივით გვიყურებდნენ!”
აბა, როგორ უნდა შეეხედა ჩემს წინაპარს რუსი ჯარისთვის? - სიხარულით?
ბრძოლა არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა, თბილისის მისადგომებთან 1 600 ჯარისკაცი გენერალმა მაზნიაშვილმა ტყვედ ჩაიგდო და ისინი თბილისის ქუჩებში გაატარა. ეს ჟესტი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს სტალინმა გაიმეორა - გერმანელი ტყვეები მოსკოვის ქუჩებში შემოატარა.
- სერგო ორჯონიკიძე თბილისში მართლა თეთრი ცხენით შემოვიდა?
- ეს ბელეტრისტიკაა და ფერს, ალბათ, სხვა დატვირთვა აქვს. ისე, ბევრმა არ იცის, რომ სერგო ორჯონიკიძემ საყოველთაოდ ცნობილი დეპეშა მოსკოვში ბაქოდან გაგზავნა, საიდანაც ამიერკავკასიის საბრძოლო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა. მეტსაც გეტყვით, თბილისის ოპერაციისთვის აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის კომუნისტებმა ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული წითელი დროშის ორდენი მიართვეს, რომელიც მოსკოვში, მუზეუმში ინახება. ვინ იცის, იქნებ, ამ ორდენის ფასად გადასცა ორჯონიკიძემ აზერბაიჯანს მთელი ზაქათალას ოლქი?!
1921 წელს ლორეც დავკარგეთ.
საბჭოთა პერიოდში გამოცემულ წიგნებში, სერგო ორჯონიკიძის ბიოგრაფიაში, ვერსად შეხვდებით ჩანაწერს, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ მხოლოდ ,,პერესტროიკის” მერე გაჟღერდა. სერგო ორჯონიკიძეს საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა - მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი იყო. რეპრესიებით ცნობილ 30-იან წლებში, ძველი გვარდიიდან სტალინს ცოტა მეგობარი შემორჩა, მათ შორის, სერგო უკანასკნელი მოჰიკანი გახლდათ.
- მათი დაპირისპირების მიზეზი რა იყო?
- სერგოს ძმა პაპულია (პავლე) ორჯონიკიძე ერთ-ერთი მსხვილი კომბინატის დირექტორი იყო. იგი ისე დახვრიტეს, როგორც ,,ხალხის მტერი”. სერგოს სტალინისთვის უკითხავს, როგორ შეიძლება, ჩემი ძმა ხალხის მტერი იყოსო და მისი შეწყალება უთხოვია. პროლეტარიატის ბელადს კი, ასეთი პასუხი გაუცია: ,,მე არ ვამბობ, ხალხი ლაპარაკობს!” შეუძლებელია, აქ ფილმ ,,მონანიების” ეპიზოდი არ გაგვახსენდეს: საკმარისი იყო ,,ტროიკის” საჩივარი და ადამიანის ბედი გადაწყდებოდა... თვითმკვლელი სერგო ორჯონიკიძე დიდი ზარ-ზეიმით დაასაფლავეს და მისი სახელი საბჭოთა ქალაქებს, ქუჩებს და მის მშობლიურ სოფელსაც დაარქვეს.
- ამბობენ, ზაქათალას ოლქის გადაცემასთან დაკავშირებით სტალინმა ორჯონიკიძეს უთხრა, ბარემ, ღორეშაც მიგეცაო. საუბარია ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაზე, საიდანაც ორჯონიკიძეები არიან...
- ვერაფერს გეტყვით, ეს სიტყვები უფრო ხალხის მოგონილი მგონია. რა, სტალინმა არ იცოდა, რომ ზაქათალის ოლქს აძლევდა?
1921 წლის საქართველოს ტრაგედიის მთავარი გმირები იოსებ სტალინი და სერგო ორჯონიკიძე არიან - საქართველოს დამოუკიდებლობა მათ დააკარგვინეს!
დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, საზღვრებს ვიცავთ, მაშინ კი, სახელმწიფო მოწყობის სხვა იდეით იყვნენ გამსჭვალულნი - ბოლშევიკები მსოფლიო რევოლუციისთვის იბრძოდნენ, მათ ხალხებს შორის თანაბარუფლებიანი ქვეყნის მოდელი შექმნეს, სადაც ქვეყნებს შორის საზღვარი არ უნდა ყოფილიყო. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რომელი საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში მოექცეოდა ღორეშა, ან ლორე. რახან ზაქათალაში მუსულმანური მოსახლეობა ჭარბად ბინადრობდა, აზერბაიჯანს გადასცეს. ლორეში კი, სომხური სჭარბობდა და სომხეთის რესპუბლიკას გადასცეს. ასე ჩამოაშორეს საქართველოს ძირძველი ტერიტორიები. ამავე პრინციპით ითხოვდა თურქეთი აჭარის მიერთებას... ვინაიდან აჭარლები ქართველები არიან, აჭარის ფართო ავტონომიას რელიგიური საფუძველი მიეცა.
- რუსეთთან ბრძოლაში პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მწარე მარცხი განიცადა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე განმეორდა 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა?
- საოცარი იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: ჩვენი იმდროინდელი კონსტიტუცია უფრო დემოკრატიული გახლდათ, ვიდრე - სხვა ქვეყნების. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ქალებს მამაკაცებთან თანაბარუფლებიანი საარჩევნო ხმა ჰქონდათ და მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალებმა ხმის უფლება 1949 წელს მიიღეს, შევიცარიაში - 1996 წელს. მართალია, ეკონომიკა სრულ იზოლაციაში მოხვდა ზუსტად ისევე, როგორც დღეს ვართ, რადგან რუსეთი მაშინაც მტერი იყო, ახლა მტერი და ოკუპანტია, მაგრამ დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში რუსეთიდან გამოქცეული ინტელიგენცია, ხელოვნებისა და მწერლობის მოღვაწენი თავს თბილისს აფარებდნენ. თბილისი სავაჭრო ცენტრი იყო არა მხოლოდ აღმოსავლეთისთვის, არამედ, - ჩრდილოეთისთვისაც. ჩვენი ბონი გაცილებით მაღალი მსყიდველუნარიანობით ხასიათდებოდა, ვიდრე - რუსული. საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი ისტორია ისე დაამთავრა, რომ საგარეო ვალი არ აუღია...
- ბატონო მამუკა, ,,ქართლის ცხოვრების” მემატიანე წუხდა, რომ ჩვენი ისტორია ომების ისტორიაა. ამ ასპექტში ვერაფერს შევცვლით. კმაყოფილების საფუძველი იმ მხრივ მაინც თუ გვაქვს, რომ ახალგაზრდობას საკმარისად მიეწოდება საქართველოს სამხედრო დიდების ისტორია?
- თუკი გვინდა, რომ ქართული ჯარი ავაშენოთ და მომავლისკენ სწორი ნაბიჯებით ვიაროთ, ისტორია ზედმიწევნით კარგად უნდა შევისწავლოთ. უნდა ვიცოდეთ, სად რა შეცდომა დავუშვით. საამისოდ საქართველოს სამხედრო ისტორიის შემსწავლელი სპეციალური ცენტრები უნდა არსებობდეს. ახალგაზრდების ავღანეთის, ერაყისა და აფრიკის მისიებში მონაწილეობით, სამხედრო საქმისადმი დადებითი მუხტია შენარჩუნებული. სამხედრო სასწავლებლებში იზრდებიან თაობები, რომლებიც სამხედრო ინტელიგენციად ჩამოყალიბდებიან.
სხვათა შორის, ამ მიმართულებით ტელეარხ ,,საქართველოზე” გადაცემა ,,მიზანი” მიმყავდა. 2007-2012 წლებში კი, საპატრიარქოს რადიო ,,ივერიაზე” ორასზე მეტი სამხედრო-პატრიოტული გადაცემა მოვამზადე, რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა და მოწონებას იმსახურებდა. როცა მავანი ავღანეთის რესპუბლიკაში ქართველ მებრძოლთა მისიას აკრიტიკებს, უნდა იცოდეს, თუ როგორ მოხვდნენ ქართველები პირველად ავღანეთში, მეორედ - საბჭოთა კავშირის დროს, ან ახლანდელ დროში, რითაა გამოწვეული მათი იქ ყოფნა. როცა ეს საზოგადოებას ისტორიული რაკურსით მიეწოდება, ყველაფერი უფრო გასაგები იქნება.
- ისტორიის პოპულარიზაცია მხოლოდ წიგნებით ძნელია..
- გმირებს სათანადო პატივი ყველა დროში უნდა მივაგოთ! კოჯორ-ტაბახმელას გზაზე ბრძოლის მერე, რუსის ჯარი თბილისში შემოვიდა, მაგრამ მკვდრებს ხომ დასაფლავება უნდოდათ? - მოქალაქეებმა გარდაცვლილი იუნკრები ჩუმად ჩამოასვენეს, ზოგი სოფლებში წაასვენეს, ზოგიც - ახლანდელი პარლამენტის შენობის ადგილზე, ზოგიც თბილისში, ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს, მათ შორის, შალვა ერისთავი და მარო მაყაშვილიც. 30-იან წლებში, თბილისის მერიის განკარგულებით, ვერის სასაფლაო გაუქმდა, ჭირისუფლებს მიცვალებულთა გადასასვენებლად თანხა შესთავაზეს. ამ ადგილას, 60-იან წლებში, შადრევანი ააშენეს. ვერის ბაღში ერთი-ორი საფლავი შემორჩა... შალვა ერისთავი დანიელ ჭონქაძისა და მის მეუღლეს შორისაა დაკრძალული, წარწერის გაკეთების საშუალება არ იყო, მაგრამ ერისთავების შთამომავლობამ ეს ადგილი იცოდა და რამდენიმე წლის წინ, იუნკერის საფლავზე ქვა დაიდგა.
ნავთლუღში იუნკერების სახელობის სკვერი არსებობს, იუნკერთა სახელობის სკოლაა ყაზბეგის გამზირზე, რაც მისასალმებელი და დასაფასებელია, მაგრამ რუსების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობა ბევრმა სხვამაც მიიღო და შეუმჩნეველი არც მათი ღვაწლი უნდა დარჩეს.
- ვის გულისხმობთ?
- კოჯორ-ტაბახმელის გზაზე საბრძოლველად იუნკერთა პირადი შემადგენლობა გაიყვანეს. დღევანდელი უზნაძის ქუჩაზე, სადაც ახლა თავდაცვის სამინისტროა, სამხედრო სასწავლებელი ფუნქციონირებდა, რომლის ყაზარმები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის რუსულ ეკლესიაზე იყო მიდგმული. სკოლის დასაცავად იუნკერთა ოცეული დარჩა. დღის 12 საათზე, რუსის ჯარმა ქალაქის აღება დაიწყო... რუსებმა ერთი ოფიცერი და რამდენიმე იუნკერი ეკლესიის კედელთან დახვრიტეს. ეს ინფორმაცია 1991 წელს მოვიპოვე, მემორიალის ესკიზიც მოვამზადე. ორი წლის წინ, მამა დავით ლონდარიძემ დამირეკა და თანადგომა მთხოვა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, თავდაცვის სამინისტროს ეზოში ეკლესია განახლდა, მემორიალიც დაიდგა. მიხარია, რომ ამ საქმეში ჩემი წვლილიცაა.
წელს, სექტემბერში საიუბილეო თარიღია: კრწანისის ბრძოლის 220-ე წლისთავი, რომლის აღსანიშნავადაც ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება. დედაქალაქის მერიასთან თხოვნა გვაქვს, კრწანისის ბრძოლის მონაწილეთა უკვდავსაყოფად, ქუჩებს სახელები მივანიჭოთ. სამეცნიერო კონფერენციაც უნდა ჩატარდეს, სადაც ახლებურად შეფასდება კრწანისის ბრძოლა. ასეთი რანგის ბრძოლა, რომელსაც ომსაც ეძახიან, ქართველებს მეტი აღარც გვქონია, ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვთქვამ მოსაზრებასა და სურვილს, რომ დროულია, კრწანისის ბრძოლის მონაწილე, თეირანში, სომხურ ეკლესიაში დასაფლავებული ერეკლე მეორის შვილიშვილის, ალექსანდრე ბატონიშვილის გადმოსვენების საკითხი დადგეს.
ქართველი ხალხის საბრძოლო დიდების ფურცლები უნდა გამოვამზეუროთ. მადლობა ღმერთს, საქართველოსა და ქართველ ხალხს გმირები და მხედართმთავრები სხვაგან საძებნი არ გყვავს!