კრემლის ქართველი “ოდეერები” და ორმაგი აგენტები

კრემლის ქართველი “ოდეერები” და ორმაგი აგენტები

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაგვემუქრა, თუკი ნატო საქართველოს ალიანსშიჩასათრევადპრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი აუცილებლად შესაბამის ზომებს მიიღებსო. სერგეი ლავროვი ოფიციალურმა თბილისმა დაამშვიდ-დააიმედა, ნუ ჯავრობ, ყველაფერი კარგად იქნება და საქართველოში ნატო- სამხედრო ინფრასტრუქტურა არ განთავსდებაო. ოფიციალური თბილისის ეს განცხადება ნიშნავს თუ არა საგარეო კურსის ცვლილებას, ან რას მოგვცემს ნატო- საწვრთნელი ბაზების განლაგება? - ამ შეკითხვითქართულმა სიტყვამუშიშროების თადარიგის პოლკოვნიკს, უსაფრთხოების ექსპერტ კონსტანტინე ფორჩხიძეს მიმართა, რომელიც თითქმის ერთი წელია, “ქართული სიტყვისსკანდალური ინტერვიუების ციკლში ფაქტებითა და დოკუმენტებით მხოლოდ იმას კი არ ასაბუთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კრემლის პროექტია, არამედ, აქცენტს სახელისუფლო თუ პოლიტიკურ ელიტაში თავშეფარებულ რუსული სპეცსამსახურების ოპერატიულ წყაროებზეც აკეთებს.    

 

კონსტანტინე ფორჩხიძე: - საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო, ლავროვის მუქარა “გაეტარებინა”, მაგრამ რეაქცია უცებ მისცა. ისე, თუ ღრმად წავალთ, მივხვდებით, რომ ოფიციალური თბილისის განცხადება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ვაჭრობაა.

- “ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ვაჭრობარას ნიშნავს?

- მოდით, ჯერ ის გავარკვიოთ, თუ რატომ წამოიწია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე საქართველოს მხარდაჭერისა და 2011 წელს დაწყებული მოლაპარაკებების საკითხმა. ამ მოლაპარაკებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე იყო ჩართული და გარკვეული პირობები წამოაყენა, თუ რა შემთხვევაში დაუჭერდა მხარს საქართველო რუსეთის ზემოხსენებულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა ასეთი იყო - ფსოუსა და როკის გვირაბთან ქართველი მებაჟეები დადგებოდნენ, რომლებიც ტვირთების მიმოსვლას გააკონტროლებდნენ და ამით არაკონტროლირებადი ტერიტორიების გარკვეულ კონტროლს განახორციელებდნენ, თუმცა ამ მოთხოვნაზე რუსეთი არ წამოვიდა.

- ქართული მხარის მოთხოვნა მართებული იყო?

- რა თქმა უნდა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ფსოუსა და როკის გვირაბთან ქართველი მებაჟეების დაყენება, პრაქტიკულად, საზღვრის დაფიქსირებას ნიშნავდა. შესაბამისად, კრემლს ურთიერთობა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. მთავრობებთან კი არა, საქართველოს ხელისუფლებასთან ექნებოდა. საბოლოოდ, მხარეები ელექტრონულ აღრიცხვაზე შეთანხმდნენ, ანუ რუსულმა მხარემ აიღო ვალდებულება, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების გადაადგილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ელექტრონულად მოაწვდიდა, მაგრამ ეს შეთანხმება აღარ სრულდება.

- ამის მიზეზი ხელისუფლების ცვლილება ხომ არაა?

- “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებიდან კი წავიდა, მაგრამ ესეც, სხვა შეთანხმებების მსგავსად, “ოცნებამ” მემკვიდრეობით მიიღო.

სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტაზე განცხადება გააკეთა, მაგრამ მერე, გადაათქმევინეს და განაცხადა, მოლაპარაკებების შეწყვეტა არ მიგულისხმია და ჟურნალისტებმა დაამახინჯესო.

- ვინ გადაათქმევინა?

- ვერც ამერიკელები გადაათქმევინებდნენ და ვერც - რუსები. ბერუჩაშვილს განცხადება იმან გადაათქმევინა, ვისაც ემორჩილება...

- ბატონო კოტე, რაკიღა სიტყვა მოლაპარაკებებზე ჩამოვარდა, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამ შეხვედრების ფარული მიზანი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაა?

- ჯერ ამის ნიშნები არ ჩანს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

- საერთოდ, როგორ ფიქრობთ, საქართველოს მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, როგორც თანამდებობის, არსებობა აუცილებელია?

- მე რომ ვყოფილიყავი, ასეთი თანამდებობის შექმნა არ დამჭირდებოდა და თუკი მოლაპარაკების აუცილებლობას დავინახავდი, მოლაპარაკებას პირადად დავიწყებდი.

- ისე, ოკუპირებულმა ქვეყანამ ოკუპანტს რაზე უნდა ელაპარაკოს?

- პირველ რიგში, - დეოკუპაციაზე, საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანასა თუ საზღვრების დელიმიტიზაცია-დემარკაციაზე...

- ბოლო დროს ქართული მხარის მთავარი მესიჯები ასეთია: საქართველოში ნატო- საწვრთნელი ბაზები არ განთავსდება და ამით რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას ხელს არ შევუწყობთო...

- აქ კიდევ სხვა კონტექსტია.

- სახელდობრ?

- სხვათა შორის, ქვეტექსტი ლავროვის განცხადებაშიც იყო...

ვანო, თუ გახსოვთ, ადრე გამოვთქვი ვარაუდი, საქართველომ ევროატლანტიკური ინტერესები შეიძლება, ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ დათმოს-მეთქი, ანუ რუსული გეგმაა, რომ ნატო-ზე უარის სანაცვლოდ, ე.წ. დაკარგული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში კონფედერაციის სტატუსით, ან სხვა ფორმატით დაბრუნდნენ. ეს რუსების პროგრამა მინიმუმია, რითიც საქართველოზე გავლენას აღადგენენ. მოკლედ, რუსეთისთვის პირველი საფრთხე ნატოა - დიახ, კრემლს საქართველოს ევროკავშირისკენ კი არა, ნატო-სკენ სწრაფვა აღიზიანებს! ამ ფონზე ლავროვის განცხადება ბუნებრივია, მაგრამ წეღანაც გითხარით, ქართულ მხარეს მასზე მყისიერი რეაქცია არ უნდა მიეცა.

- ამ რეაქციით რუსებს კოჭი ხომ არ გავუგორეთ?

- შეიძლება, ასეც ითქვას, ანუ ქართული მხარის განცხადების ქვეტექსტი ასეთი იყო, თქვენს ინტერესებს იმ შემთხვევაში გავითვალისწინებთ, თუ, მაგალითად, ნატო-სა და ევროკავშირის სანაცვლოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგებაო. ყოველ შემთხვევაში, ქართული მხარის განცხადება მე ასე გავიგე.

- ნატო-სა და ევროკავშირზე უარის თქმა ავტომატურად ევრაზიული კავშირის პოტენციურ წევრობას ნიშნავს?

- რა თქმა უნდა. რუსეთის საბოლოო მიზანიც სწორედ ესაა.

- ამ სცენარით 300 ათასზე მეტი დევნილის ემოციაზე თამაშიც შესაძლებელია, არა?

- ცხადია...

ვანო, დააკვირდით, აფხაზეთსა და სამეგრელოში, კერძოდ, გალში რა პროცესები მიმდინარეობს: მეგრული ტელევიზია დაარსდა და მეგრული ენის წინა პლანზე წამოწევის საკითხიც დაისვა. თუ გახსოვთ, ამ თემებზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვილაპარაკეთ. ასევე, საგულისხმოა, რომ მეგრულად სპეციალური ლიტერატურა გამოიცა, რომელიც იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” ჩანაცვლებისკენაა მიმართული. მოკლედ, ყველაფერ ამით კრემლი საქართველოს ხელისუფლებას თავისი გავლენის მიმართულებებს ანახებს და ეუბნება, რომ სამეგრელოში სეპარატიზმის გაღვივება შეუძლია.

- ბატონო კოტე, მსგავსი მცდელობები რუსეთს არაერთხელ ჰქონია, მაგრამ მეგრელები ამ პროვოკაციაზე არასოდეს წამოგებულან და არც წამოეგებიან!

- გეთანხმებით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ გალის რაიონზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება და სეპარატიზმის გაღვივებაც სწორედ იქ შეიძლება.

- გალში სეპარატიზმი როგორ უნდა გააღვივონ?

- დამიჯერეთ, კრემლს სეპარატიზმისთვის საფუძვლის მონახვა არ გაუჭირდება. ასევე, გამორიცხული არაა, რომ რუსეთმა სეპარატიზმისთვის საფუძველი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც, მაგალითად, ჯავახეთში მონახოს. სხვათა შორის, ჯავახეთში მოქალაქეობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა.

- რას გულისხმობთ?

- ადგილობრივების ნაწილმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ნაწილმა - სომხეთის და ამის გამო, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, საკუთრების უფლებაც წაერთვა, რაც უკმაყოფილების საბაბია. მოკლედ, არავინ იცის, ეს სიტუაცია როდის აფეთქდება!

- ერთი სიტყვით, რუსები მოდიან?

- რუსები კი არ მოდიან, დიდი ხანია, აქ არიან და შესაბამისი ბერკეტიც აქვთ, რომ გავლენა ნებისმიერ ხელისუფლებაზე მოახდინონ! დღევანდელი ხელისუფლებაც სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დგას! საერთოდ, თუ ხელისუფლება უუნაროა, ამ გამოწვევებს ვერ გაუძლებს. უნარიან ხელისუფლებას კი შესაბამისი გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა გაართვას თავი რისკებს, საფრთხეებსა და გამოწვევებს. სიმართლე გითხრათ, დღეს ასეთ გეგმას ვერ ვხედავ.

- ბატონო კოტე, ადასტურებთ კულუარულ მოსაზრებას, რომ .. კრემლისოდერებიყველა უწყებაში არიან?

- რა თქმა უნდა, და ამაზე არაერთხელ მილაპარაკია. პირდაპირ გეუბნებით: ასეთი ხალხი პრეზიდენტის კანცელარიაშიც ზის! პოლიტიკას საკადრო თემატიკა განსაზღვრავს - იმისთვის, რომ შენ, ხელისუფალმა ის პოლიტიკა გაატარო, რომელიც განსაზღვრული გაქვს, საამისოდ, პირველ რიგში, კადრებია საჭირო. თუკი ეს კადრები, თავიანთი “ბეგრაუნდითა” და მსოფლმხედველობით, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე არიან ორიენტირებულნი, მაშინ შენი, როგორც ხელისუფლის პოლიტიკაც ჩრდილოეთზე იქნება ორიენტირებული. ეს ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს.

დააკვირდით, რა ხდება: ბურჯანაძის კადრები ნელ-ნელა ხელისუფლებაში შედიან.

- სხვათა შორის, ამას წინათ, ქალბატონმა ბურჯანაძემ განაცხადა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ღირსიაშვილი ჩემი პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა, მაგრამ გვითანაგრძნობდაო... ესე იგი, რა გამოდის?

- დაახლოებით, 12 წელი - 1992 წლის აპრილიდან 2002 წლის ნოემბრამდე სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ვმსახურობდი და ყველა სამხედროს “ბეგრაუნდი” ვიცი, მათ შორის, მათიც, ვინც დღესაც თანამდებობებზე არიან და ეს ცოდნა მხოლოდ ჩემი პირად ინფორმირებულობით კი არა, დოკუმენტებით გამოიხატება. დოკუმენტები კი, წესით, სამხედრო კონტრდაზვერვის არქივში უნდა ინახებოდეს. ამიტომ, საჭიროა პოლიტიკური ნება და ელემენტარული ცოდნა, რომ ვიღაც-ვიღაცებმა, კადრების დანიშვნის წინ, ამ არქივში ჩაიხედონ.

- იქნებ, იხედებიან, მაგრამ საეჭვო კადრებს მიზანმიმართულად ნიშნავენ?

- ასე გამოდის. სხვათა შორის, “ნაცმოძრაობის” დროსაც ძალოვან და სხვა უწყებებში იყვნენ კადრები, რომლებიც საქართველოში პირდაპირ რუსულ ინტერესებს ატარებდნენ! არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: მიხეილ სააკაშვილს გვერდით ეჯდა ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის სუკ-ის აგენტი იყო, შემდეგ კი, საქართველოს უშიშროების ორგანოებმა გადმოიბირეს!

- ჩვენი უშიშროების მიერ გადმობირება ხომ იმას ნიშნავს, რომ პიროვნება საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს თუ საქმე ორმაგ აგენტობასთან გვაქვს?

- ეს, რა თქმა უნდა, ორმაგი აგენტობაა!

ვანო, ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ...

- გისმენთ...

- წლების განმავლობაში, ჩვენს სამხედრო კონტრდაზვერვას საკმაოდ ძლიერი ხელმძღვანელობა ჰყავდა - აწ გარდაცვლილი ანზორ ჭეიშვილის, სოსო ენუქიძის, გიზო ხვედელიძისა თუ მამანტი ჯოლიას გახსენება რად ღირს. ეს ადამიანები რუსული სპეცსამსახურების მუშაობის მოდელს კარგად იცნობდნენ. ახალგაზრდა თაობას სწორედ მათ გვასწავლეს და პირდაპირ დავალებაც მოგვცეს, რომ თუ გვინდოდა, რუსულ სპეცსამსახურებზე ზეგავლენა მოგვეხდინა და გვეგრძობინებინა, რომ სიტუაციას ვაკონტროლებდით, ისეთი აგენტურული ქსელი, რომელზეც ეჭვი გვქონდა, რომ მათზე მუშაობდა, პირდაპირ გადმოგვებირებინა.

- ამას როგორ ახერხებდით?

- ეს ტაქტიკისა და ტექნიკის საქმეა, თუმცა მეთოდებსა და ხერხებზე არ ვილაპარაკებ... ის, რომ ამ ტიპებს ვიბირებდით, რუსეთის სპეცსამსახურებისთვისაც ცნობილი ხდებოდა. შესაბამისად, ამ კატეგორიის აგენტების სანდოობის ხარისხი ეცემოდა და ამასთან, თანდათან მათი განეიტრალებაც ხდებოდა, თუმცა ძალიან ბევრნი იყვნენ - მხოლოდ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში რუსებმა ჩვენს თავდაცვის სამინისტროში 75 ოფიცერი შემოაგზავნეს და, პრაქტიკულად, მთელი უწყება, პირდაპირ თუ ირიბად, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი აგენტურით იყო სავსე.

- აგენტობა მშობლებიდან შვილებზე მემკვიდრეობით გადადის?

- მაპატიეთ და, ეს სისულელეა!

- სისულელე რატომაა? დავიჯერო, მამა-შვილზე არ გსმენიათ, რუსების აგენტები არიანო?

- (იღიმება) ამას “შეწყვილებულ აგენტურას” ეძახიან... გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ საქართველოში რუსულ სპეცსამსახურებზე მხოლოდ მამა-შვილი კი არა, ცოლ-ქმარიც მუშაობდა. საერთოდ, ყველაფერი, რასაც ვლაპარაკობ, უშიშროების სამსახურის არქივებში დოკუმენტურად დევს და მათ, ვისაც ევალებათ, ანუ დაზვერვისა და სამხედრო კონტრდაზვერვის ხელმძღანელებმა, კეთილი, ინებონ, არქივები გახსნან, მივიდნენ ბატონ მინდია ჯანელიძესთან და უთხრან, იცით, ამ და ამ პიროვნებაზე ეს და ეს ინფორმაცია არსებობსო. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ხალხი სამსახურებიდან ხელის ერთი მოსმით გაყარონ, მაგრამ ასეთი მომენტები, როცა ძალოვანი უწყების პირველი პირი ხარ, უნდა გაითვალისწინო, რადგან ეს გარკვეული გამოწვევა და საფრთხეა.

- რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე მყოფი ადამიანები ხელისუფლებაში როგორ წინაურდებიან? ამას თავად სპეცსამსახურები უზრუნველყოფენ?

- ასეთი კადრების შენარჩუნებაზე გავლენის აგენტურა ზრუნავს, ანუ კავშირზე მყოფ ადამიანებს იმ პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალაში აგზავნიან, რომლებიც შეიძლება, ხელისუფლებაში მოვიდნენ. აი, ასე ხვდებიან რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტში და ასე შემდეგ...

- ბატონო კოტე, ამბობთ, რომ ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი შესაძლოა, რუსულ სპეცსამსახურებზე იყოს მიბმული. მაშასადამე, ამ ადამიანთა კარიერა წინდაწინვე დაგეგმილი იყო, ანუ პოლიტიკურიოდეერებიროგორ გახდნენ?

- ფინანსებით, გავლენიანი აგენტურის დახმარებით... გავიხსენოთ, “ნაცმოძრაობის” დროს ოპოზიციური სპექტრის ნაწილი როგორ არსებობდა... საერთოდ, სპეცსამსახურებზე მიბმის მთავარი მანიშნებელი ისაა, რომ 20 წელია, ქართულ პოლიტიკაში ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ, რაც სპეცსამსახურების დახმარების გარეშე შეუძლებელია.

- კრემლისტთა მცირე ნაწილი კითხულობს ხოლმე, მთავარია, ქვეყანაში სიდუხჭირე არ იყოს და რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთის ქვეშ ვიქნებით თუ ნატო-სიო. კოტე ბატონო, როგორც უსაფრთხოების ექსპერტმა, ეგებ, უბრალო ენით განმარტოთ, რითი ჯობია ნატო რუსის ჯარს?

- ყველა ჯარს თავისი პრობლემები ახლავს.

- შეიძლება, მაგრამ აქ მხოლოდ ჯარზე კი არა, ნატო- უპირატესობაზეა ლაპარაკი...

- როცა პატარა ქვეყანა ხარ, მსოფლიო რუკაზე დასამკვიდრებლად მოკავშირე გჭირდება. ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნეიტრალურები ვერ ვიქნებით - ეს გამორიცხულია. ამიტომ, ძლიერი მოკავშირე ქვეყანა უნდა გვყავდეს. რუსეთთან მოკავშირეობის 200-წლიანი ისტორია გვაქვს და ვიცით, ამან რაც მოგვიტანა. დღეს აშშ და ევროპა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. იქ ჩრდილოეთზე მეტი ცივილური ურთიერთობა, განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვაა.

- ერთი-ორი ამბობს, დასავლეთში უფრო მეტი სიბინძურეა, ვიდრე - რუსეთში, თან რუსეთი ერთმორწმუნეაო...

- რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ დასავლეთში ყველაფერი მისაღებია-მეთქი. ყველაფერი კარგი და მისაღები არც საქართველოშია, მაგრამ ნათლად უნდა დავინახოთ, რა არის ევროპული ღირებულებებიდან ჩვენთან თავსებადი.

- ეს თავსებადი ღირებულებები მაინც, რომლებია?

- დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კერძო და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა...

- პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ არ ვცდები, აქციის - “გეორგიევსკის ბაფთა” - გამართვას გეგმავენ. ეს რას ნიშნავს? ის პოლიტიკა არ სჯობდა, როცა რუსული პროპაგანდა აკრძალული იყო?

- ყველაფერ რუსულის აკრძალვა არ შეიძლება, ეს ჰომოფობიაა, თუმცა მორალური თვალსაზრისით, გეორგიევსკის ტრაქტატის რომელიღაც წლისთავის აღნიშვნა გაუმართლებელია და საღად მოაზროვნე ადამიანი, ანუ ვინც თვლის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ამ აქციაზე არ მივა, თუმცა ეს რამდენიმე პროცენტი ვერაფერს შეცვლის და მათ მიერ აქციის ჩატარებაც დემოკრატიაა. საქართველოში პრორუსული ხელისუფლება ვერასოდეს მოვა, რადგან პრორუსულები მაშინაც არ ვყოფილვართ, როცა საბჭოთა კავშირში ვიყავით. გახსოვთ, ჟირინოვსკიმ რა თქვა? - მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს დაუკავშირდა, ის ქართულ-რუსული იმპერია გახდაო, ანუ ამით, პრაქტიკულად, აღიარა, რომ რუსეთის იმპერიაშიც ქართველებს დიდი როლი ჰქონდათ. ღირსების შენარჩუნება ჩვენს გენებშია და ამ ღირსებას კომუნისტების დროსაც ვინარჩუნებდით!

- დღეს ნაციონალური ღირსება შენარჩუნებული გვაქვს?

- მხოლოდ დრო კი არა, საზოგადოებაც იცვლება და მენტალობაც...

- რა ამის პასუხია, ბატონო კოტე და, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის მთავარ პროკურატურას, სადაც მეორე პირინაციონალიდავით საყვარელიძეა, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირება მოსთხოვა. ეს რას ნიშნავს?

- მინიმუმ, უცოდინრობას. სხვათა შორის, პროკურატურის ქმედება, რუსულად რომ ვთქვა, ჩვეულებრივი “პისანინა”, ანუ მოვალეობის წერილების წერით მოხდაა და მეტი არაფერი, თუმცა ახლა ყურადღებას სხვა რამეზე ვამახვილებ.

- რაზე?

- უკრაინა არეული ქვეყანაა და იქ რუსეთს, თავისი აგენტურის სახით, ძალიან დიდი და სერიოზული დასაყრდენი აქვს. ვანო, ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რომ ყურს მოგჭრით: რუსების მხრიდან სააკაშვილის მიმართ ისეთ ღონისძიებებს, რაც ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ განახორციელეს, ადგილი არასოდეს ჰქონია!

- რას გულისხმობთ, ან უკრაინაზე ვლაპარაკობდით და ეს რა შუაშია?

- რას ვგულისხმობ და, - ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ორი ტერორისტული აქტი და აფეთქების რამდენიმე მცდელობა განახორციელეს. ამის გაკეთებას საქართველოში ახერხებდნენ და საინტერესო არაა, უკრაინაში, სადაც ყველაფერი არეულია, სააკაშვილის წინააღმდეგ მსგავს რამეს რატომ არ გეგმავენ?

- ისე, უკრაინას, სადაც ხუთი მილიონი ადამიანი, ალბათ, მხოლოდ კიევში ცხოვრობს, ისეთი რა გაუჭირდა, რომ მაღალ თანამდებობებზე ჩვენს ყოფილ ჩინოვნიკებს ნიშნავს?

- წინა ინტერვიუში გითხარით, რომ ყველაფერ ამის უკან საერთაშორისო მაფია დგას. პოროშენკოს ხელისუფლება კი ნაციონალური, ანუ უკრაინის ევროატლანტიკური ინტერესების გამომხატველი არაა და ამაში ძალიან მალე დავრწმუნდებით. უკრაინაში მოვა ძალა, რომელიც ნამდვილად ევროინტეგრაციის მომხრე იქნება!

- თუკი პოროშენკო რუსებისაა...

- ამას არ ვამბობ...

- ყოველ შემთხვევაში, მის ევროატლანტიკურ მიზნებში ეჭვი გეპარებათ...

- დიახ...

- ჰოდა, თუკი პოროშენკო, მიშაც და ჩვენი დღევანდელი პოლიტელიტის გარკვეული ნაწილიც რუსეთთან კავშირშია, აბა, პუტინი და სხვებინაციონალებსადა პოროშენკოს რაღასუჩმახებენ”? სხვათა შორის, სიტყვა - “გაჩმახებაერთხელ, სააკაშვილმა საჯარო გამოსვლისას გამოიყენა...

- ეს გავლენისა და ფულისთვის ბრძოლაა და მეტი არაფერი. თუ ასე არაა, აბა, როგორ უნდა გავიგოთ, რომ გელა ბეჟუაშვილი, რომელიც სააკაშვილ-იუშჩენკოსთან იყო, ახლა “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობს. ყოველ შემთხვევაში, მასზე, მის ძმასა და ბიზნესზე ხმას არავინ იღებს. საერთოდ, “ქართული ოცნება” ისეთი მოვლენებისგან, როგორიც რამდენიმე დღის წინ აჭარაში განვითარდა, სწორედ ამ ხალხმა გადაარჩინა... აჭარაში “ოცნების” უმრავლესობა დაირღვა და შიდა საპარლამენტო გადატრიალების თემა თბილისშიც წამოიწევს.

- ყველაფერ ამას ლარის გაუფასურებაც ემატება. სოციალურ ბუნტს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- ჩვენს გენებში სოციალური ბუნტი არ ზის. სლავური ქვეყანა არ ვართ, ხალხი ქუჩაში შიმშილის გამო რომ გამოვარდეს და რბევა დაიწყოს. სოციალური ფონი გურიის ჯანყის მთავარი საბაბიც არ გამხდარა. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობა არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ხმას აღარ მისცემს. სხვათა შორის, ადრე გითხარით, რომ მარტიდან სიტუაცია ძალიან აირეოდა და ყველაფერი შეიძლება, რთულად მართულ პროცესებამდე მივიდეს.

- ესეც რუსული სცენარია?

- გააჩნია, ვინ როგორ გამოიყენებს... სათავეში შეიძლება, რუსული აგენტურა მოექცეს და ყველაფერი თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს... ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ნელ-ნელა საფინანსო კრიზისის ნიშნებიც ემატება, რაც ბიუჯეტს დაარტყამს. ამას კი, პოლიტიკური კრიზისი მოჰყვება.

- გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რუსეთს ღიად მიმართავენ, გვიშველეო?

- არ მგონია, თუმცა შეიძლება, ისეთი პატარ-პატარა პროვოკაციები იყოს, აჭარაში ვიღაცები რომ გამოვიდნენ და გაიძახოდნენ, ვალოდია, გვიშველეო. თუკი ამას რომელიმე პოლიტიკოსი გააკეთებს, ქართველები მეორე ორჯონიკიძედ მონათლავენ. ორჯონიკიძეობა კი, ყველაზე პრორუსულად განწყობილ პოლიტიკოსსაც არ უნდა!

- ...ბატონო კოტე, როგორც ამ დღეებში მთავარი პროკურორის მოადგილემ განაცხადა, გამოძიებამ იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას მხოლოდ სოსანაშვილის კი არა, სხვათა დნმ-იც აღმოაჩინა... ეს რაზე მიანიშნებს?

- გამოძიება ჩიხშია.

- ამას რატომ ამბობთ?

- ნიუანსებზე ლაპარაკი არ მინდა, თუმცა ერთს ვიტყვი: პროკურატურის ვერსიას დამაჯერებლობა აკლია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ასეა. სასამართლოზე მაინც უნდა გახდეს ნათელი, სოსანაშვილი აფეთქების ადგილამდე როგორ მივიდა, რა სახის ასაფეთქებელი და როგორ დაამონტაჟა... თუ ამ შეკითხვებზე პასუხები არ გაეცა, ეჭვი ყოველთვის იარსებებს. რაც შეეხება დნმ-ს, ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა და არა - ერთადერთი და განმსაზღვრელი. არ ჩათვალოთ, რომ გამოძიებისადმი პესიმისტურად ვარ განწყობილი - ბრალდებული, მგონი, სწორად მოძებნა, მაგრამ ბევრი შეკითხვა არსებობს, რომელიც დარწმუნებული ვარ, დაზარალებულ მხარესაც გაუჩნდება...

- ...რუსებს თქვენი გადაბირება არასოდეს უცდიათ?

- რუსები ჩემნაირ “ტიპებს” ვერ იბირებენ.

- აბა, როგორტიპებსიბირებენ?

- ისეთებს, ვისზეც კომპრომატების შეგროვებას შეძლებენ.

- რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელს ხელი აუცილებლად ოფიციალურ დოკუმენტზე უნდა ჰქონდეს მოწერილი?

- ამის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგრამ დეტალებში არ ჩავალ...

- აგენტებს ფულს ოფიციალურად, ბარათზე ურიცხავენ?

- (იღიმება) არა, “ქეშად” აძლევენ - კავშირების საშუალებით, წინასწარ დგინდება, ოპერატიულ წყაროს სად, რა ვითარებაში უნდა შეხვდნენ... სხვათა შორის, რუსულმა სპეცსამსახურებმა თავის დროზე აშშ-ის “ცე-რე-უ”-ს პირველი მოადგილე “დაავერბოვკეს”, რომელიც 25 წლის განმავლობაში ჯერ საბჭოთა კავშირზე მუშაობდა, მერე - რუსეთზე და აშშ-ის უსაფრთხოებას დიდი ზიანი მიაყენა.

- როგორ უნდა მივხვდე, რომ ადამიანი აგენტია?

- ამის ცოდნა არაფერში გჭირდებათ! ეს სპეცსამსახურების საქმეა!

...ვანო, ამ თემას არ ეხება, მაგრამ ერთიც უნდა გითხრათ: ჩემს მეგობარს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, ოფიცერს, რომელიც თავის დროზე შსს-ში მუშაობდა, ხერხემლის რთული ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შრომის უუნარო გახდებოდა და დასახმარებლად ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს მიმართა, მაგრამ ირაკლი შიხიაშვილი კი არ დაეხმარა, არამედ, სამგორის გამგეობაში წერილი გაატანა... ლაპარაკი სულ 450 ლარზე იყო, მაგრამ გამგებელმა ქიზიყურაშვილმაც ფეხებზე დაიკიდა. კიდევ კარგი, ოპერაციის 70 პროცენტი სახელმწიფო დაზღვევამ დააფინანსა. საერთოდ, ომის ვეტერანებს სახელმწიფო ასი პროცენტით უნდა აფინანსებდეს.

- როგორც ვიცი, შიხიაშვილს სპეციალური პროგრამა აქვს, რომელიც მიზნად ვეტერანთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს...

- რა გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი? ადამიანმა სამშობლოსთვის იომა, სისხლი დაღვარა, 450 ლარი არ მისცეს და ესენი მეუბნებიან, რომ ვეტერანებს იცავენ? გამაგებინეთ, ეს რა უბედურებაა?! ვეტერანები მხოლოდ სააკაშვილს კი არა, “ქართულ ოცნებასაც” ფეხზე ჰკიდია! ჩვენი ოჯახის წევრებს დახმარებას მხოლოდ მაშინ დაუნიშნავდნენ, თუ ომში მოვკვდებოდით. ჩვენ, ვისაც ტყვია მოგვხვდა და გადავრჩით, რა ვქნათ? ჩვენი დანაშაული ისაა, რომ არ მოვკვდით?! იმის გარდა, რომ ოპერაციის ფული მისცეს, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა ვეტერანს სხვა რა დახმარებაც უნდა გაუწიოს, მაგრამ ამასაც არ აკეთებს და საერთოდ, ვინაა შიხიაშვილი და ამ სამსახურის უფროსად საიდან მოიყვანეს?.. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მათ შორის, მაგის ყოფილმა მეთაურებმაც...