იგი ახლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეა. ამ თანამდებობაზე იმიტომ დანიშნეს, ორწელიწადნახევრის განმავლობაში ვერჩატარებული თუ ჩაშლილი ტენდერები შეისწავლოს, დარღვევები აღმოაჩინოს და ისეთი მექანიზმი შექმნას, რომელიც ამ ხარვეზებს საბოლოოდ აღმოფხვრის. მანამდე ქართუ ბანკის პრეზიდენტი იყო, უფრო ადრე კი... 1993 წლის 11 ოქტომბერს, კორუფციის ბუდედქცეული და იმ პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩააბარეს. სამ თვეში, კანონში ცვლილებები შეიტანა და ქვეყანა ,,კუპონიზაციისგან' იხსნა, ეროვნული ბანკი ცივილურ, დასავლურ ყაიდაზე გარდაქმნა, საქართველოს ეკონომიკა კოლაფსიდან გამოიყვანა და ლარის შემოღებას შეუწყო ხელი. დღეს კი, როცა ფინანსური კრიზისის ნიშნები ჩანს, ეკონომიკა შოკშია, ლარის დევალვაცია სახეზეა, რითაც სარგებლობენ შიდა ,,სპეკულანტები' და ეროვნული ბანკის გვერდისავლით, კურსს ხელოვნურად ადგენენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის არცერთ წევრს თავში აზრად არ მოსვლია, მისთვის დაერეკა მაინც და შექმნილ ვითარებაზე აზრი ეკითხა. მას, როგორც მინისტრის მოადგილეს, ამ თემაზე ღიად საუბარი არ შეუძლია. თუმცა ,,ვერსიასთან' ექსკლუზიურ ინტერვიუში, ნოდარ ჯავახიშვილი ღიად საუბრობს იმ დარღვევებზე, რაც ყბადაღებულ, ჩაშლილ ტენდერებს უკავშირდება და სკანდალურ განცხადებებსაც არ ერიდება.
- ბატონო ნოდარ, მინისტრის მოადგილედ 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში დაინიშნეთ, ამ ხნის განმავლობაში, რა დარღვევები გამოიკვეთა ტენდერებში და რა დიაგნოზს დაუსვამთ ამ პრობლემას?
- ჯერ ინსტიტუციონალური სრულყოფაა საჭირო. შეუძლებელია, გარკვეული უბანი სრულქმნილებამდე მიიყვანო, თუ ინსტიტუტი არ არის ჩამოყალიბებული. ადამიანში ზის ეშმაკიცა და ღმერთიც. არასდროს დადგება დრო, როცა ქვეყანაში არ იქნება ქურდობა, დანაშაული, მაგრამ საზოგადოებისა და ხელისუფლების დანიშნულება ის არის, დანაშაული მინიმუმამდე დაიყვანოს. აქედან გამომდინარე, ერთია, სადამსჯელო ღონისძიებები, რომლითაც შეაშინებ ადამიანს და მეორეა, როდესაც ინსტიტუტს ისე ჩამოაყალიბებ, გულითაც რომ გინდოდეს, დანაშაულს ვერ ჩაიდენ! სამწუხაროდ, ჩაშლილი ტენდერები მხოლოდ ამ სამინისტროს პრობლემა არ არის. საკადრო პოლიტიკით დაწყებული, ბევრი სხვა ნიუანსით გაგრძელებული, ვერ იტყვი, რომ სრულყოფილი ინსტიტუტის ჩამოყალიბების გზაზე, ადეკვატურად მივდივართ. თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ასეა - დიახ, კადრების შესარჩევად, კონკურსები ტარდება, მაგრამ უმეტესად, ეს კონკურსები ფორმალობაა. როგორც წესი, ადამიანები უკვე დანიშნულები არიან სამსახურებში და ამ კონკურსებით, მაპატიეთ, მაგრამ მათი ,,გაპრავება' ხდება. საუკუნეების მანძილზე, ადამიანში შინაგანად დევს ნეპოტიზმის ელემენტები - უარესი თავისიანი, კარგ უცხოს ურჩევნია. ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სანდოობაა განმსაზღვრელი და არა პროფესიონალიზმი, მაგრამ მსოფლიოს განვითარებამ დაამტკიცა, რომ ყველაზე სანდო, სწორედ პროფესიონალია.
- ამბობენ, ქრთამი არასოდეს აგიღიათ, ამას ვერავინ შემოგბედავთ და ამიტომ გენდობათ ბიძინა ივანიშვილი. ტენდერების შესწავლაც იმიტომ დაგავალათ, თუ დარღვევებს აღმოაჩენთ, ჯერ თქვენი მინისტრი დავით შავლიაშვილი, მერე კი პრემიერი მოახსნევინოთ?
- არა, რას ამბობთ! რასაკვირველია, თუ სერიოზული დარღვევები გამოვლინდა, ხელშეუხებელი ადამიანები არ არსებობენ, მათ შორის, არც შავლიაშვილი და არც ჯავახიშვილი! თუმცა ჩემი აქ დანიშვნის მიზანი ეს არ ყოფილა. პირველივე დღეს, სამინისტროში რომ მოვედი, მინისტრს შევხვდი და ვუთხარი, აქ შენი და სამინისტროს დასახმარებლად მოვედი, ჩემი გამოცდილება გამოიყენეთ- თქო. გზების დაგება არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, ჩემი ჩამოყალიბებულია. მასში დღესაც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ბოლომდე რომ არ დაინგრა, ჩემი დამსახურებაცაა. იმისთვის, რომ დაგეხმარო, უნდა მითხრა, რა გაწუხებს. სამწუხაროდ, ჯერ ნდობის იმ დონეს ვერ მივაღწიე, ვინმემ კონკრეტულად მითხრას, რა დარღვევები იყო ტენდერებში. ან არ მენდობიან, ან ყველაზე უარესი - ეშინიათ. არადა, სიმართლე იმიტომ კი არ მჭირდება, ვინმე მოვხსნა ან დავიჭირო, არამედ დარღვევა უნდა აღმოვფხვრათ! თუკი ფული კეთდება და ასეთი ფაქტები არსებობს, სწორედ ფულის კეთების საფუძველი უნდა მოვსპოთ და ესაა ჩემი მიზანი! საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად რომ დავინიშნე, 800 კაცი მუშაობდა. მხოლოდ ორი გავათავისუფლე. ეროვნული ბანკი კორუფციის ბუდე იყო, მაგრამ ადამიანების დაჭერა კი არ დავიწყე, შევისწავლე, სად აკეთებდნენ ფულს, ან რატომ იყო მექრთამისთვის საინტერესო ეროვნული ბანკი, ამის შემდეგ ისეთი ცვლილებები გავატარე, კორუფციისა და ქრთამის მიღების ეს გზები ჩავკეტე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბევრი ისეთი პროექტია, რაც ჩვენი საქმე არ არის, მაგალითად, ,,თეთნულდი დეველოპმენტი'. ხომ არსებობს მთის კურორტების განვითარების სააგენტო, წაიღონ ეს პროექტი და მიხედონ! საავადმყოფოებს აშენებს სამინისტრო, არც ესაა ჩვენი საქმე. ამ პროექტებიდან აუცილებლად გამოვალთ, მაგრამ რამდენიმე თვის მანძილზე, ერთობლივად ვმართავთ ,,თეთნულდ დეველოპმენტს' იმიტომ, რომ არ გვინდა, სამუშაოები შეჩერდეს. ამ სამუშაოების ნაწილს არც ისე წარმატებით ასრულებს ჩვენივე სამშენებლო კომპანია. კიდევ ერთი საკითხი, სჭირდება თუ არა სამინისტროს სამშენებლო კომპანია? როგორ შეიძლება, სამშენებლო ბაზარზე სახელმწიფო სამშენებლო კომპანია არსებობდეს? მეუბნებიან, ასეთი სიმძლავრე რატომ უნდა დავკარგოთო, მაგრამ რატომ დავკარგავთ, არ მესმის, გავასხვისებთ. ამბობენ, ოპერატიული მართვისთვის უკეთესია, სამინისტროს საკუთარი სამშენებლო კომპანია ჰქონდესო, მაგრამ ამავე ლოგიკით, სახელმწიფო ბანკებიც ხომ არ შემოგვეღო? ეს სწორი მიმართულება არ არის, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, საბჭოთა კავშირში აღმოვჩნდებით. ამ სამინისტროში, ერთადერთი კაცი ვარ საბჭოური გამოცდილებით, მაგრამ ახალგაზრდები მექაჩებიან საბჭოთა კავშირში!
- ბოლო დროს, სხვადასხვა უწყებაში ხმაურიანი სპეცოპერაციები გახშირდა. ჯოკია ბოდოკია, ასევე წყალკანალის, შსს-ს თანამშრომლებიც დააკავეს. თქვენი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს სუსტი მენეჯმენტის ბრალია. სინამდვილეში რა ხდება?
- შეუძლებელია სახელმწიფო, გნებავთ, კერძო კომპანიის სისტემა ანგელოზებისგან შექმნათ. მაპატიეთ, მაგრამ ეს ოპონენტები ვინ არიან? მასმედია ისეთი რომ არ იყოს, როგორიცაა, ეს ოპონენტები არ იარსებებდნენ. ჩვენ ვაცოცხლებთ ამ დემაგოგებს, წინასწარ ვიცით, რა უნდა გვითხრან, მაგრამ მაინც მათთან მივდივართ. გიმეორებთ, არ დადგება ისეთი დრო, როდესაც ყველა სისტემაში ანგელოზები იმუშავებენ, როდესაც კორუფცია, ქურდობა და მამაძაღლობა არ იქნება! ამ პრობლემას სხვა კუთხიდან შევხედავდი. დიახ, სამართალდამცავ ორგანოებში პრობლემები იყო, მაგრამ იმიტომ, რომ გარკვეულ ეტაპზე, ყბადაღებული კოჰაბიტაცია ინერციით გაგრძელდა. ეს პროცესია და მასში ყოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც ხელი წაუცდება. მახსოვს, შევარდნაძემ მითხრა, რომელიღაც კომერციულ ბანკში, ერთ-ერთ თანამშრომელს ქრთამი აუღიაო. ვუპასუხე, ხალხი მთვარიდან არ ჩამომყავს, ჩვეულებრივი, ქართული, ტრადიციული წესით იზრდებიან-მეთქი. სხვა ამბავია, რა დონეზეა ამ ტიპის დანაშაული, ან სძალავს პატიოსან ადამიანებს, თუ არა. თუმცა, რაც უნდა გააკეთო, ის ე.წ. ოპონენტები, ყოველთვის საწინააღმდეგოს დაინახავენ, რადგან ეს არ არის პოლიტიკური ჯგუფების კლასიკური გაგებით და ქვეყნის სასარგებლოდ დაყოფა. თქვენი მკითხველიც მიხვდება, კონკრეტულად ვის ვგულისხმობ ოპონენტებში, ისინი ქვეყნის მტრები არიან.
- დაჭერების თემას განვაგრძობ, ჯერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე მოხსნა პრემიერ- მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი. მათი მოხსნაც ჩაშლილ ტენდერებს უკავშირდება?
- ჯავახიშვილზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი, რატომ მოხსნეს. კობერიძესთან დაკავშირებით კი გასაანალიზებელია ის, რაც დაიწერა. თავიდან ტელევიზიით გავრცელდა, რომ გზების დეპარტამენტში ჩატარებულ ტენდერებში გამოვლენილი დარღვევების გამო მოხსნეს. ეს ვერსია არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად გაჟღერებულა. ტენდერები მე მაბარია. გარწმუნებთ, გიორგი კობერიძეს არანაირი კავშირი და შეხებაც კი არ ჰქონია გზების ტენდერებთან. საინტერესოა, რა მიზნით გაავრცელეს ეს ინფორმაცია. შესაძლოა, მინისტრს ,,აწვებიან', რომ ნოდარ ჯავახიშვილი მოვიდა და ის მოადგილე მოახსნევინა, რომელიც თითქოს გზების ტენდერს კურირებდა. ეს ვერსია უსაფუძვლოა. გარდა ამისა, თუ ნოდარ ჯავახიშვილი მოვიდა და გზების ტენდერებიდან კობერიძე მოახსნევინა, ეს ნიშნავს, რომ დარღვევა აღმოაჩინა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ასე არ ყოფილა. კობერიძე საქართველოს გაერთიანებული წყლის კომპანიაში მართლაც მუშაობდა, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ტექნიკური დირექტორი იყო და ფინანსური გადარიცხვები არ ეხებოდა. სამინისტროში არავის უთქვამს, რომ ბატონი გიორგი რაღაცით შეიძლებოდა წყალკანალის ამბავთან ყოფილიყო კავშირში. ამ დროს კი ტელევიზიით ისეთი ინფორმაცია გადის, რომელიც გარკვეულ მიზანს ემსახურება.
- ბატონო ნოდარ, ფაქტია, რომ წყალკანალის თანამშრომლები დააკავეს, რასაც მინისტრის მოადგილის, გიორგი კობერიძის მოხსნა მოჰყვა. ეს ორი მოვლენა რომ დავაკავშიროთ და კითხვა დავსვათ, ამის უფლება არ გვაქვს?
- რასაკვირველია, გაქვთ. თუმცა, თუ არ იცით, მინისტრის რომელი მოადგილე კურირებს ,,საქართველოს გაერთიანებულ წყალკანალს', მაშინ ყველა მოადგილეზე ერთნაირი ეჭვი უნდა გაგიჩნდეთ, ხომ ასეა? გიორგი კობერიძე წყალკანალში მუშაობდა, მაგრამ მინისტრის მოადგილის პოზიციაზე, ამ სფეროსა და ტენდერებს არ ხელმძღვანელობდა.
- ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ჩაშლილი ტენდერები ქართული ოცნების ,,აქილევსის ქუსლად' იქცა. თქვენს დანიშვნას ეს მოვლენები უსწრებდა: სწორედ ეს სამინისტრო იყო ერთ-ერთი, რომელმაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჩაშლილი ტენდერების გამო ვერ აითვისა. თუკი 2013 წელს ტენდერები იმიტომ ჩაიშალა, რომ არჩევნების შემდეგ, ახლადდანიშნულ მინისტრებს ახალი ტენდერები უნდა გამოეცხადებინათ, 2014 წელს რა პრობლემა შეიქმნა, რატომ ჩაიშალა?
- მხოლოდ კითხვა არ უნდა გაჩნდეს, სფეროს ანალიზიც აუცილებელია. გასარკვევია, ტენდერი რომ ჩაიშალა, ცუდია თუ კარგი. დღესაც ბევრი ტენდერია, სადაც ერთადერთი ორგანიზაცია მონაწილეობს. მინდა, გავერკვე, მაგრამ მითხარით, როგორ, როცა ტენდერში მონაწილე არც ერთი კომპანიის წარმომადგენელი არ მოსულა და არ უთქვამს, რომ ვინმე ტენდერში მონაწილეობას უკრძალავდა, ან უკრძალავს. როცა ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, სატენდერო კომისია დისკვალიფიკაციას მისცემს და ტენდერს ჩაშლის. აბა, რა უნდა ქნას? ჟურნალისტები წერენ, რომ ვიღაცები აშინებენ ტენდერში მონაწილე კომპანიებს, არ უშვებენ ტენდერებში, მაგრამ იმას აღარ წერენ, ვინ არ უშვებს, ან ვის არ უშვებენ. ადამიანებს ვეხვეწები, თუ ასეთი ფაქტები ხდება, მითხარით. ახლაც, თქვენი გაზეთის საშუალებით, მივმართავ, მოდით, მითხარით და გარანტიას გაძლევთ, რომ დაგიცავთ! მიკვირს, რატომ არ მენდობიან, ესე იგი, რაღაცის ეშინიათ, ხომ? გზებთან დაკავშირებით, ბევრ ზოგად ფაქტს მეუბნებიან, სადაც ფული გადახდილია და ასფალტი დაგებული არ არის, მაგრამ ამას თუ მეუბნები, ისიც მითხარი, კონკრეტულად რომელ გზაზეა საუბარი. ნუ მეტყვი, ვინ ხარ, ოღონდ, გზის კონკრეტული მონაკვეთი დამისახელე, წავალ და ვნახავ! ზოგადი საუბრები არაფერს მაძლევს, გულით მინდა ამ პრობლემის მოგვარება, ვიღაცის სამსახურიდან გაგდება და დაჭერა კი არა! ამდენი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და ვთანამშრომლობთ, თქვენც გპირდებით და ქართულ საზოგადოებასაც, რომ არც ერთ საკითხს არ დავტოვებ ყურადღებისმიღმა. თუ კონკრეტული კომპანიის წარმომადგენელი არ მოვიდა ჩემთან და კონკრეტული ფაქტის შესახებ არ მიამბო, რა რეაგირება მოვახდინო, ან როგორ? შესაძლოა, ვინმე შლის ტენდერს, მაგრამ ეს არაოფიციალური ინფორმაციაა, საიდან უნდა გავიგო, თუ ვიღაცამ არ თქვა? თუ გვინდა წესრიგი, ჟურნალისტებმაც დაარქვით სახელი ყველაფერს და მომჩივნებმაც, რადგან ზოგადი ინფორმაციებიდან დასკვნას ვერ გავაკეთებ.
- ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს' დასკვნის მიხედვით, მხოლოდ ამ სამინისტროში ჩატარებული 400 ტენდერიდან, 126-ში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა, ტენდერში გამარჯვებულთა შორის იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, დავით გალეგაშვილისა და პარლამენტარ სერგო ხაბულიანის კომპანია ,,ცეკური', რომელშიც ხაბულიანი 62%-იან წილს ფლობდა. შპს ,,ცეკურმა' ორ წელში, 2 000 000 ლარის ღირებულების ორი კონტრაქტი მოიგო, აი, ამ ფაქტებს რა დავარქვა?
- მაშინ უნდა მივიღოთ კანონი, რომ თუ სახელმწიფო ჩინოვნიკი რომელიმე კომპანიის დამფუძნებელია, ტენდერში მონაწილეობის უფლება არ აქვს. თუ ეს ორგანიზაცია შესაბამისი სიმძლავრისაა, რომელიც ტენდერის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, როგორ უნდა ვიმოქმედო მის წინააღმდეგ? კომპანია ტენდერიდან მხოლოდ იმიტომ უნდა მოვხსნა, რომ გალეგაშვილი მისი დამფუძნებელია? ამის გამო გალეგაშვილი რომ დაგიკავშირდეთ, უზარმაზარ სტატიას დაწერთ, მხოლოდ იმიტომ მოხსნეს ტენდერიდან კანონის საწინააღმდეგოდ, რომ კომპანია მინისტრის მოადგილემ დააფუძნაო. ამიტომ როცა რაღაც ფაქტს ხაზს უსვამთ, ისიც მითხარით, სად არის აქ კანონდარღვევა.
- რას ამბობთ? კანონით, დეპუტატსა და სახელმწიფო მოხელეს უფლება არ აქვს, კომპანიაში წილს ფლობდეს. ,,გამჭვირვალობამ' იმ დეპუტატების სიაც გამოაქვეყნა, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიაში წილებს ფლობდნენ და თან, ეს კომპანიები დეკლარირებული არ ჰქონიათ!
- მაპატიეთ, მაგრამ სად სვამთ ამ საკითხს? ჯერ ერთი, კანონით, დეპუტატი თვითონ არ უნდა მონაწილეობდეს კომპანიის მართვაში და წილები უნდა გადააფორმოს. ვთქვათ, კანონი ზუსტად ამას ითვალისწინებს, ინფრასტრუქტურის სამინისტროში არკვევთ ამას? სამართალდამცავი ორგანოები არსებობს, თუ პარლამენტარს ღიად არ აქვს უფლება, კომპანიას მართავდეს და ეს დამტკიცებულია, პარლამენტში შესაბამისი კომისიები არსებობს, რომლებმაც ზომები უნდა მიიღონ, მოუხსნან იმუნიტეტი, გაათავისუფლონ პარლამენტიდან და მიაბრძანონ, სადაც ჯერ არს! როგორ გგონიათ, ტენდერიდან უნდა დაიწყოს კანონიერების აღდგენა და იმის გარკვევა, უნდა ჰქონდეს თუ არა დეპუტატს ბიზნესი?
- კანონიერების აღდგენა შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებებით უნდა დაიწყოს, მაგრამ ჯერ შპს ,,სერპანტინზე' გკითხავთ, რომელიც თქვენი სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობდა. ორ წელში, ამ კომპანიამ 24 მილიონი ლარის ღირებულების 6 ტენდერი მოიგო, ,,სერპანტინის' წილების 52%-ს კი თამარ ჯანყარაშვილი ფლობს, რომელიც შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედაა.
- ვინ ვისი დედაა, აქ ეს საკითხები უნდა ვარკვიო? ჩემი მოსვლის შემდეგ, ორი ტენდერი ჩატარდა და ორივეგან ,,სერპანტინმა' გაიმარჯვა. მინისტრმაც მითხრა, ამ კომპანიაზე ისეთი ამბავია ატეხილი, იქნებ, დისკვალიფიკაცია მივცეთო, მაგრამ რა მოტივით? მინისტრს ვუთხარი, ეს ისეთივე დარღვევა იქნება, როგორც ის, რომ კომპანიას დაუმსახურებლად გავამარჯვებინოთ-თქო. ეს საკითხი დეტალურად შევისწავლე და დავასკვენი, რომ ორივე ტენდერი ,,სერპანტინმა' დამსახურებულად მოიგო. ჩვენ გვჭირდება საქმე, ვინ ვისი დედაა, ამით ხომ არ განისაზღვრება კომპანიის გამარჯვება? მაინც დავინტერესდი, დავურეკე ამ ტენდერში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს და ვუთხარი, ვინმემ ხომ არ შეგაშინათ- თქო? ერთ-ერთმა მითხრა, რომ სიმძლავრე არ ეყო და ტენდერი ამიტომ წააგო. ვუთხარი, იქნებ, სატენდერო მოთხოვნებში მაღალი კრიტერიუმები არსებობდა, რაც სპეციალურად იყო კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული, მაგრამ მიპასუხა, რომ ასე არ ყოფილა. დავმშვიდდი, რადგან ჩავთვალე, ყველაფერი პატიოსნად ჩატარდა, ამის შემდეგ კი არაოფიციალურად მითხრეს, რომ ისინი შეშინებულები იყვნენ და სიმართლე არ თქვეს. მაპატიეთ, სად წავიდე ასეთ დროს? გამოძიების რა საშუალება არსებობს იმის დასადგენად, შეაშინეს ეს ადამიანები თუ არა, თუკი თვითონვე არ თქვეს? მეუბნებით, რომ ტენდერში ,,სერპანტინმა' გაიმარჯვა, მაგრამ ამიხსენით, ამით რა დაშავდა? ამბობთ, რომ კომპანიის დამფუძნებელია მინისტრის მოადგილის დედა, მაგრამ მე, სახელმწიფო ჩინოვნიკმა, როგორ დავბლოკო კომპანია, რომლის დამფუძნებელი ვიღაცის დედაა?
- ბატონო ნოდარ, დამეთანხმეთ, რომ ელექტრონული შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებებია შესატანი.
- არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება კანონი და ტენდერების ჩატარების წესი, თუ ტენდერში მონაწილე კომპანიებს სატელეფონო ზარებითა და შანტაჟით აშინებენ! მზად გვაქვს ცვლილებების პროექტი, მაგრამ ჯერ ტენდერებში არსებული დარღვევების საქმე ბოლომდე უნდა გაიხსნას! მაგალითად, სხვადასხვა უწყებაში ჩატარებული კონკურსები ავიღოთ, კანონით, ისინი სწორად ჩატარდა. თუმცა, თუ პირობითად, ჩემი ბიძაშვილი, ან ახლობელი, რომელიც დროებით, მოვალეობის შემსრულებლად მყავს დანიშნული, მინდა, რომ კონკურსით ,,გავაპრავო', გამოვაცხადებ კონკურსს, სადაც 150 კაცი მოვა, მაგრამ კონკურსის ერთ-ერთ პირობაში რომელიმე, უნიკალური კომპიუტერული პროგრამის ცოდნის აუცილებლობას ჩავდებ. ამას შეგნებულად ვაკეთებ, ოღონდ ვისი ,,გაპრავებაც' მინდა, მას ვეტყვი, ჩV-ში ჩამიწერე, რომ შენ ეს პროგრამა იცი, სხვას ასეთი რამ არ ეწერება. კომისიის ხუთი, პატიოსანი წევრი გადახედავს კონკურსანტების ჩVებს და კანონის სრული დაცვით, სამსახურში ჩემს ბიძაშვილს დატოვებს.
- ტენდერის პირობები კონკრეტულ კომპანიაზე რომაა მორგებული, სწორედ ამაშია პრობლემა!
- არ არის მორგებული, რადგან მოთხოვნები არითმეტიკული სიზუსტითაა უნიფიცირებული. პირობები და კრიტერიუმები ყველასთვის საერთოა, ანუ ეს საკითხი მოგვარებულია. თუმცა ვიდრე არ გვეცოდინება, ტენდერის შიგნით რა მექანიზმი მუშაობს, ვინ ვის აშინებს, პრობლემა არ მოგვარდება. არსებული პირობები ტენდერის ნორმალურად ჩატარებას ხელს არ უშლის, მაგრამ ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი საპროექტო ორგანიზაციაა საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროექტო ნაწილში, კონკურენცია არ არის. ტენდერის რამდენიმე მონაწილემ თქვა, სამინისტროში შექმენით საპროექტო ორგანიზაციაო, მაგრამ ასეთი წყობა უკვე გვქონდა, ყველა საპროექტო სახელმწიფო იყო, საბჭოთა სისტემიდან გამოვედით და ახლა ისევ იქ უნდა დავბრუნდეთ? ბევრი პრობლემაა, რასაც დღეს და ხვალ ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, იქნებ, პროექტი საერთოდ არ გავაკეთოთ. სამაგიეროდ, ტენდერში 5-6 აუცილებელ პარამეტრს ჩავდებთ, რომ თუ პირობითად, გზას ვაგებთ, განვსაზღვროთ, როგორი გზა გვინდა. ტენდერის მონაწილე კომპანიებმა გააკეთონ პროექტიც და რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით აიღონ გარანტია, რომ გზასაც დააგებენ და პირობითად, 10-15 წლის მანძილზე, მოუვლიან კიდეც. ასეთ შემთხვევაში, ვალდებულები იქნებიან, რომ რასაც გააკეთებენ, ხარისხიანად გააკეთონ. თურმე, ეს ჩემი მოგონილი არ არის, მინისტრს, დავით შავლიაშვილსაც უფიქრია ამაზე და გუდაურის მიმართულებით ერთი, კონკრეტული პროექტი ამ პრინციპით კეთდება. სატენდერო დოკუმენტაციის სრულყოფა კი არა, ინსტიტუციონალური სრულყოფაა აუცილებელი, როდესაც ისეთ პროდუქტს შევთავაზებთ, სადაც მოპარვა შეუძლებელი იქნება.