შურისძიება ,,სვაბოდაზე'

შურისძიება ,,სვაბოდაზე'

როგორ მოუწყო ავარია ავთომ დაპირისპირებული პატიმრის მამას და როგორ დაასრულა სიცოცხლე იტალიაში

არცთუ იშვიათად, ციხეში, პატიმრებს შორის დაწყებული დავა გარეთ, მათ ახლობლებს შორის გრძელდება. როცა პატიმრები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებიან, ადმინისტრაცია ამ პრობლემას მარტივად აგვარებს - ერთ-ერთი სხვა ზონაზე მიჰყავს. სამაგიეროდ, გარეთ, თავისუფლებაზე, პატიმრების ახლობლები ნახულობენ ერთმანეთს და იწყება ის, რასაც უკვე ვერავინ აკონტროლებს...

გიორგი რ-ს ზონაზე სადარდებელი არაფერი ჰქონდა. ძმა ,,კანონიერი ქურდი' იყო, სიმამრიც და თავადაც კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის იჯდა. კი ამბობდა ხოლმე ღიმილით, კრიმინალური სამყაროს კი არა, ოჯახის წევრი ვარ და ამის გამო დამიჭირესო, მაგრამ მოსამართლესა და პროკურორს მისი არ სჯეროდათ. თითქმის არაფერში ერეოდა, ძმას ვერ ესაუბრებოდა, რადგან ისიც სასჯელს იხდიდა სწორედ კანონიერი ქურდობის გამო, სიმამრი ევროპაში ჰყავდა და იქაური ,,შმოტკები' არ აკლდა, თუმცა თავად ამ ყველაფერს ძონძებს ეძახდა და ცნობილ ევროპულ ბრენდებს საძმაკაცოს უშურველად ურიგებდა. ერთადერთი, ვისზეც მუდმივად ამბობდა, წესიერი კაცია, ვერ გავაფუჭეთო, მამამისი იყო. მამას თბილისში მცირე ბიზნესი ჰქონდა და ორი სამარშრუტო ხაზის მფლობელი იყო, ერთზე თავად მუშაობდა და მგზავრები გადაჰყავდა.

,,შენ ქურდის ძმა და სიძე რომ ხარ, თავზე კი არ უნდა გაგივიდეს ძმაო?! რა პონტია, დიეტური საჭმელი რომ დაანიშნინე ადმინისტრაციას, კაცი შეგხედავს, დათვივით ხარ. ასე არ ხდება, ეგ საჭმელი სხვა, რეალურად ავადმყოფ პატიმრებს აკლდებათ', - გიორგის თავზე ძველი კრიმინალი, ავთო მ. დაადგა. მან გაოცებით შეხედა, მერე მაყურებლებს გახედა, რომლებსაც გაეღიმათ, კამერიდან გავიდა, მანამდე კი, ჩუმად თქვა: ,,აქ დამელოდე ავთოია უბედურო'. მალევე დაბრუნდა და ქაღალდების დასტა მოიტანა, ავთოს გაუწოდა და წაიკითხეო, გაფითრებულმა უთხრა. ყველამ იცოდა ეს რა იყო: გიორგის ექიმებმა თირკმელების უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს და უმკაცრეს დიეტაზე დასვეს. ავთომ ქაღალდები გადაათვალიერა, ჯერ შეცბა, მერე ნირი მაინც არ იცვალა და გააგრძელა: ,,ამნაირ ქაღალდებს ხვალვე მოგიტან თუ გინდა, მე ვერ მომატყუებ, ვერა'...

,,ახლა ყურადღებით მომისმინე. ჯერ ერთი, დიეტა ყველას რომ დაგვინიშნონ, ადმინისტრაცია ვალდებულია, დეპარტამენტიდან გამოითხოვოს დიეტური საკვები და ყველას ცალ-ცალკე ულუფა ექნება, ანუ მე არავის პაიოკს არ ვჭამ. და მეორეც - ამნაირ ქაღალდებს ხვალ თუ არ მომიტან, იმდენს გირტყამ, გარეთ გასვლამდე ვერ მოიშუშო', - გამოსცრა კბილებში გიორგიმ და მაყურებლებმაც ავთოს ანიშნეს, ბაზარი მორჩა, ხვალ ასეთი ქაღალდებით გელოდებითო. ბებერი პატიმარი კამერიდან წელმოწყვეტილი გავიდა.
რა თქმა უნდა, მეორე დღეს ავთომ ვერაფერი მოიტანა. გიორგი მშვიდად ელოდა და თან პატიმარ #0578-ს ედავებოდა. #0578 ჯიუტად ითხოვდა, სამ კვირაში გადის ეგ ავთო სვაბოდაზე და ისე ნუ იზამთ, ხელით გასატანი გახდესო. გიორგი კი ვერ მშვიდდებოდა და აშკარა იყო, ავთოს კარგი დღე არ ელოდა.
,,მოიტანე?!' - შესვლისთანავე ჰკითხა ავთოს გიორგიმ.
,,არა, მაგრამ...'
,,რა მაგრამ?!' - შეუბღვირა გიორგიმ და ავთო იერიშზე გადავიდა. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომლის დაშვებაც იქ არ შეიძლებოდა. 
,,რა, მაგრამ, ძმაო და შენ, ქურდის ძმა რომ ხარ, ასე არ უნდა იქცეოდე. პალაჟენია უნდა გეჭიროს, აგერ, მაყურებლები რომ არიან, შენ ხან ერევი ამბებში, ხან არა. ასე არ გამოვა, ნახევრად ნახმარი ქალი არ მინახავს მე. ამიტომ მაქვს შენთან პრეტენზია. ახლა ბაზარს ვაჩერებ და სვაბოდაზე ვისაუბრებთ ამაზე', - დაასრულა მონოლოგი ავთომ და გასასვლელისკენ გაიწია, მაგრამ კართან მაყურებელი ჩადგა.
,,რა ბაზარს აჩერებ, შენ?! ორი დღეა ბალანდიორსკი მიზეზებით მოდიხარ და შენც არ იცი, რა გინდა. ამის გამო მაგრად გაილახები', - უთხრა მაყურებელმა და ავთოს ლაზათიანი სილა გააწნა.
თითქოს ნიშანი იყოო და რამდენიმე კაცი ავთოს გასაგლეჯად ეცა. #0578-მა კარგად იცოდა, ჩარევას აზრი არ ჰქონდა და რამდენიმე წუთი აცადა, შემდეგ თითქმის გონდაკარგულ ავთოს ფეხში მოკიდა ხელი, საკნის შუაგულში გამოათრია და წვალების შემდეგ ნარის ქვეშ შეტენა. მაყურებლები დაცხრნენ, გიორგიმ #0578-ს შეუბღვირა, მომკლა შენმა გულჩვილობამო და კამერიდან გავიდა. კამერა მაყურებლებმაც დატოვეს და #0578-მა ავთო როგორც შეტენა ნარის ქვეშ, ისევე გამოათრია, წყალი დაასხა, სისხლიანი სახე ჩამოიბანეო, უთხრა და კამერიდან გაისტუმრა.
სამი კვირის შემდეგ ავთო თავისუფლებაზე გავიდა. გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, #0578-ს ჩუმად უთხრა, კაცი არ ვიყო, ეგ თქვენი გიორგა ცხარე ცრემლით თუ არ ვატიროო. პატიმარმა გიორგის ავთოს სიტყვები გადასცა, იმან უდარდელად გაიცინა, არაფრის გამკეთებელი არ არის, ერთი მშიშარა კაცია და მთელი ცხოვრება მშიშარა იყოო.
,,ახლა სწორად გამიგე, რასაც გეტყვი და... სწორედ მშიშარა კაცია საშიში', - უთხრა #0578-მა

,,შეიძლება მასეა, მაგრამ ვერაფერს გაბედავს, დამიჯერე, არ არის ეგ ის დონე, მე და ჩემს ოჯახს გვეჭიდაოს', - დაამშვიდა გიორგიმ.
ამ ამბიდან ერთ თვეში დასავლეთისკენ მიმავალი სამარშუტო ტაქსი გზიდან გადავარდა და განათების ბოძს შეასკდა. საჭესთან გიორგის მამა იჯდა და ორ მგზავრთან ერთად ისიც დაიღუპა.
,,არასდროს სვამდა, არასდროს დადიოდა სწრაფად, რა მოუვიდა ნეტავ', - მოსთქვამდა გიორგი, პატიმრები კი მის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდნენ. იმის გამო, რომ გიორგის კაიბიჭის სახელი ჰქონდა, მისი ძმა კი ქურდი იყო, მამის დაკრძალვაზე არ წავიდნენ. ორივე შემთხვევაში, მათ მინიმუმ გაქცევის მცდელობა უნდა ჰქონოდათ, რაც დამატებით ,,სროკს' ნიშნავდა, ხოლო თუ გაქცევას არ შეეცდებოდნენ, ერთი კაიბიჭის სახელს დაემშვიდობებოდა, მეორე - ქურდის. ასეა, როცა პატიმარი ზონის გარეთ გაჰყავთ, თუ რამეზე პრეტენზია აქვს, მინიმუმ გაქცევა უნდა სცადოს.
დაკრძალვიდან რამდენიმე კვირაში გიორგის ადმინისტრაციის შენობაში უხმეს. მას იქ გამომძიებელი ელოდა და მისმა დანახვამ გიორგი გააკვირვა.
,,ახალ საქმეს მტენით, უფროსო?!' - ირონიით ჰკითხა გამომძიებელს.

,,მომისმინე, გიორგი. შენს ძმასთან ვიყავი ახლა, არაფერი იცის. ახლა შენთან მოვედი. დაძაბე გონება და გაიხსენე, ვინ გყავს მტერი?', - ჰკითხა გამომძიებელმა.
,,მტერი?! რა მტერი, რას მეუბნები? ჩემს ძმასთან რა გინდოდა? იმასაც უმატებთ რამეს, რა ხდება?!' - კითხვები დააყარა გიორგიმ.
,,მამაშენის მარშუტკა შევამოწმეთ და იცი, რა ვნახეთ? სამუხრუჭე მილები იყო დანით გადასერილი. ამის გამო მოხდა ავარია. მამაშენი კი, იცი, ვინც იყო, ბუზს არავის აუფრენდა და ამიტომ, გვგონია, რომ მტერი ან შენ გყავდა, ან შენს ძმას და ამიტომ იძიეს შური. შენი ძმა ადინოჩკაშია მეორე წელია უკვე და თუ ვინმეს რამე უნდოდა, მანამდე იზამდა, შენ დარჩი', - აუხსნა გამომძიებელმა.
გიორგის ხმა არ ამოუღია, ოთახიდან გავიდა და ზონაზე დაბრუნდა. სამი დღე არავის ეკონტაქტებოდა, მერე მაყურებლებს დაუძახა, #0578-საც უთხრა, შენც დაესწარიო და ჩუმად დაიწყო: ,,სამი დღე ვიფიქრე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ვერავინ მოვიფიქრე, რადგან რეალურად არავისთან მქონია კონფლიქტი. ერთადერთი ავთოსთან მქონდა ის, რაც მქონდა, მაგრამ ვერ გაბედავდა, მშიშარაა მაგისთვის ეგ კაცი'.

,,მშიშარა კაცია სწორედ საშიში, ადრეც გითხარი. ახლა სად არის ეგ ავთო, იცი თუ არც დაინტერესებულხარ?!', - ჰკითხა #0578-მა.
,,მითხრეს, იტალიაში წავიდაო. მამაჩემს რომ ეგ ამბავი შეემთხვა, მეორე დღისთვის ჰქონდა ბილეთი და გაფრინდა. ეგ კი არის საეჭვო, მაგრამ...', - აღარ დაასრულა გიორგიმ.
,,იტალიაში სად? ჩემი ძმა არის იქ და ქალაქი გაიგე', - თქვა ზონის მაყურებელმა. გაირკვა, რომ ავთო ქალაქ კომოში იყო. ბედის ირონიით, იმავე ქალაქში ცხოვრობდა მაყურებლის ძმაც. რამდენიმე დღის შემდეგ გიორგი გაფითრებული შემოვიდა კამერაში. მაყურებელი უკან მოჰყვებოდა და ამშვიდებდა.
,,რა მოხდა?!' - იკითხა #0578-მა.
,,მაგის დედას... ვახ, ეგ როგორ გაბედა... ვახ ჩემი... მამა... მაპატიე...' - გაურკვეველ სიტყვებს ისროდა გიორგი.
,,ავთო ჩვენებმა ნახეს, აღიარა, რომ მაგის გაკეთებულია', - თქვა მაყურებელმა.
* * *
,,კომოს ტყეში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. მას თავში ერთი ტყვია აქვს ნასროლი. ჯერჯერობით მისი ვინაობა დაუდგენელია', - ეწერა გაზეთში, რომელიც იტალიიდან სპეციალურად რუსთავის #17 ზონაში გამოგზავნეს.
პატიმარი #0578