ინტერვიუ ნავთობის საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ, აზერბაიჯანელ ეკონომისტ ილჰამ შაბანთან
– ლარის გაუფასურების ფონზე, საქართველოს მთავრობას ხშირად მოჰყავს აზერბაიჯანული მანათის მაგალითი, რომელიც 21 თებერვალს ერთბაშად 33%–ით გაუფასურდა. რა მიზეზები ქონდა აზერბაიჯანული ვალუტის გაუფასურებას?
– აზერბაიჯანულ მანათზე ორი ფაქტორი ახდენს გავლენას – ესაა ლონდონის ბირჟა ICE და იქ არსებული კოტირებები, და მერე – აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების მოცულობა. ის, რაც ხდება უკრაინაში, რუსეთში ან სომალიში, საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენზე გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ნავთობის გლობალურ მარკეტზე ვართ დამოკიდებულნი. თუ გასულ წელს აზერბაიჯანული ნავთობის საექსპორტო ღირებულება 101 დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის პროგნოზი დაახლოებით 60 დოლარია. ანუ ვარდნა 40%–ის ფარგლებში იქნება. ამას ემატება მოპოვების შემცირება 9–10 მილიონ ბარელამდე. ეს კი სახელმწიფოს შემოსავლებზე ახდენს გავლენას. მანათი ბოლო ათი წლის განმავლობაში ნავთობ შემოსავლების ხარჯზე მყარდებოდა. ბოლო პერიოდში, ნავთობის გაიაფების ფონზე კი, ცენტრალური ბანკი არსებულ კურსს ინტერვენციების საშუალებით ამყარებდა, თუმცა მას ასეთი ტემპებით კურსის შენარჩუნება აღარ შეუძლია.
– ანუ ქართული და აზერბაიჯანული ვალუტების დევალვაციას სრულიად განსხვავებული მიზეზები და ბუნება აქვს?
– რა თქმა უნდა. საქართველოში ეს ხდება საგარეო ფაქტორების გავლენით, ესაა რუსეთის და შეიძლება ითქვას თურქული ფაქტორები. ასევე მნიშვნელოვანია თავად ქართული ფაქტორი – ანუ ის თუ რომელ ქვეყნებთან აქვს მას სავაჭრო ურთიერთობები. ამ ქვეყნების ვალუტა ასევე გაუფასურდა. აზერბაიჯანი კი თავის შიდა ბაზარს ძალიან მკაცრად იცავს და შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა ამ ფაქტორებისგან დაცულია.
– გლობალურ ფაქტორებს შორის, ეროვნული ვალუტების გაუფასურების მიზეზი დოლარის გამყარებაცაა...
– დიახ, ეს ფაქტორიც მოქმედებს. გასული წლიდან მოყოლებული, ამერიკული ეკონომიკა იზრდება. ამიტომ დოლარის ქცევა სხვა წამყვანი ვალუტებისადმი შეიცვალა და შედეგად, ნელნელა იცვლება „ძალთა თანაფარდობა“ მონეტარულ ცხოვრებაში. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი, რთული სათქმელია.
– რა ნაბიჯები უნდა გადადგას ასეთ ვითარებაში ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა?
– ასეთ ვითარებაში, მთავრობა სხვადასხვა ინსტრუმენტის საშუალებით ცდილობს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გამოსწორებას, ისინი ცდილობენ ეკონომიკა ვირტუალურად გაზარდონ.
– როგორია საზოგადოების განწყობები შექმნილ ვითარებაში, ვის აკისრებს ის პასუხისმგებლობას მანათის გაუფასურების გამო?
– 2008 წლის შემდეგ მოსახლეობა ნორმალურ პირობებში ცხოვრობდა და მუდმივად ამბობდა, რომ ნავთობის გაყიდვით მას არაფერი ერგებოდა, რომ ეს სარგებელი მხოლოდ ადამიანების ვიწრო წრესთან მიდიოდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში კი, როდესაც ნავთობის ფასი დაეცა, ნავთობის თემით ყველა ინტერესდება, ისინიც კი, ვისაც ნავთობთან შეხება არ აქვთ და დახლზე ვაჭრობენ. ყველამ იგრძნო, რომ მისი ცხოვრება სწორედ ნავთობს უკავშირდება. ადამიანებმა ახლებურად უნდა იცხოვრონ. თუ ადრე ფულის მიცემით ყველა პრობლემის მოგვარება იყო შესაძლებელი, ახლა ადამიანებმა საკუთარი უფლებებისთვის და თითოეული კაპიკისთვის უნდა იბრძოლონ. აზერბაიჯანი სრულიად ახალ ეპოქაში შედის.
– ამ ეპოქაში რა შეიცვლება საქართველოსთვის? მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანიდან ინვესტიციების შემოდინება. ეს პროცესი ხომ არ შეფერხდება?
– 2008 წლიდან სოკარ ენერჯი ჯორჯია საქართველოს ბიუჯეტში მთავარი გადამხდელია. მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მთავრობის მხრიდან კომპანიაზე თავდასხმები ხდება იმის ნაცვლად, რომ მთავრობაც და საზოგადოებაც ეცადოს, რომ ეს კომპანია, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დონორი, შეინარჩუნოს. ამ დროს კი ხდება ის, რომ მას ხან მონოპოლისტს უწოდებენ და ხან უარყოფითი სახით წარმოაჩენენ. საქართველოს მხრიდან ვერ ვხედავ ისეთ დამოკიდებულებას, რომ ხელი შეუწყოს კომპანიის ნორმალურ განვითარებას და იმას, რომ სოკარმა რაც შეიძლება მეტი გადასახადი გადაიხადოს ბიუჯეტში. ქართული ლარი გასული წლის ნოემბრის შემდეგ, როცა მისი კურსი 1,74 იყო, 2,19–მდე გაუფასურდა, საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ არ სურს, სოკარმა რომ გაზი გააძვიროს. და ამ დროს არავის ახსოვს, რომ 2007 წლის შემდეგ სოკარს საქართველოსთვის გაზის ფასი არ გაუზრდია. სოკარმა გ აზიფიკაციაზე 40 მილიონი დოლარი დახარჯა რეგიონებში. ეს ფული როგორ უნდა ამოიღოს კომერციულმა კომპანიამ? თუ ეს კომპანია საქართველოში არ იმუშავებს, როგორ მიიღებს შემოსავლებს საქართველოს ბიუჯეტი და როგორ გადაუხდის თანხას სოკარ ენერჯი ჯორჯია თავის დამფუძნებელ კომპანიას?
ასეთი მომენტები ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიზნესის წარმოებაზე, ამან კი მომავალში შესაძლოა საქართველოში ინვესტიციების შემოდინება შეაფერხოს. მსხვილ კომპანიებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკაში, ფრთხილად უნდა იყოთ და ეცადოთ კარგი ურთიერთობები გქონდეთ. მაგალითად აზერბაიჯანისთვის კომპანია BP ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, და მის მიმართ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 20-წლიანი საქმიანობის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება, მაგრამ ამ კომპანიასთან ყოველთვის მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ხელისუფლებას, რადგან აზერბაიჯანი ფეხზე დადგა სწორედ BP-ს დახმარებით. ოქროს კვერცხების მდებელი ქათამი არ უნდა გააბრაზო, მით უფრო მაშინ, როდესაც ალტერნატივა არ გაქვს.