ფინანსურმა პოლიციამ „გალფში“ დამნაშავეთა დასჯა დაიწყო

ფინანსურმა პოლიციამ „გალფში“ დამნაშავეთა დასჯა დაიწყო

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომპანია „გალფის“ კონტროლის განყოფილების თანამშრომლები დააკავა. საქმე ეხება აღურიცხავი საწვავის „სასწრაფო წესით“ ბენზინგასამართ სადგურებზე ფიქტიურად გაწერას. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულების უშუალო მითითებით, 2012 წლის ოქტომბრის თვეში მოხდა 52 ტონა ბენზინის ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მეშვეობით კანონიერი სახის მიცემა. საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო და დაკარგა ხელისუფლება. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ იგრძნეს რა ნავთობკომპანიაში მთავარი მფარველის, დავით კეზერაშვილის პოზიციების შესუსტება, მყისვე დაიწყეს აღურიცხავი ნავთობპროდუქციის „გაპრავება“.

საგამოძიებო სამსახურმა კომპანია „გალფში“ საგამოძიებო მოქმედებები სულ რაღაც 20 დღის წინ დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური პოლიციის ქმედებათა ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, რადგან წლების განმავლობაში ყველაზე მიყრუებულ სოფელში მცხოვრები ადამიანისთვისაც კი ცნობილი იყო, რომ არაოფიციალურად „გალფის“ უკან სწორედ დავით კეზერაშვილი იდგა, რომელიც თავად ადგენდა საწვავზე ფასებს, ახორციელებდა კარტელურ გარიგებებს და ითრევდა ამ „თამაშში“ ყველა ნავთობიმპორტიორ კომპანიას. ამის დასადასტურებლად საკმარისი იყო უბრალოდ შეგვეხედა სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგურის ტაბლოებისთვის, სადაც ასპროცენტიანი სიზუსტით ემთხვეოდა ყველა კატეგორიის საწვავის ფასი ერთმანეთს.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს კომპანია „გალფში“ და იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიების დაწყებიდან სულ რაღაც ორიოდ კვირაში უკვე გამოვლინდა სერიოზული დარღვევა და დამნაშავეებიც დააკავეს, დიდი ალბათობით მომავალში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე კიდევ უფრო გაიზრდება და ლოგიკურად, ეს ჯაჭვი აუცილებლად უნდა მივიდეს კეზერაშვილამდე.

„გალფში“ დაწყებული გამოძიების პარალელურად, ფინანსური პოლიცია აქტიურად მუშაობს ნავთობიმპორტიორსა და საცალო ბაზარს შორის არსებულ შუამავალ კომპანიებში. არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ წლების განმავლობაში საწვავზე ფასის ხელოვნური ზრდა სწორედ ამ კომპანიებს უკავშირდება. არსებოსბ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საშუამავლო ფირმები დაფუძნებული იყო მხოლოდ იმისათვის, რომ საწვავისთვის შეექმნათ ხელოვნური ბარიერი და საბოლოოდ, ბენზინგასამართ სადგურამდე მაქსიმალურად ფასნაზარდი პროდუქცია მისულიყო. ჯერჯერობით აღნიშნული კომპანიების მიმართ მიმდინარე გამოძიების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა „გალფში“ უსწრაფესად გამოვლენილი დარღვევების ფონზე ლოგიკური იქნება, თუ გამოძიება საშუამავლო კომპანიებზეც უმოკლეს დროში დადებს დასკვნებსა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა ვინაობას.