კიევის განცხადებით, სეპარატისტები მარიუპოლის მიმართულებით აქტიურდებიან

კიევის განცხადებით, სეპარატისტები მარიუპოლის მიმართულებით აქტიურდებიან

12 თებერვლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, პრორუსულად განწყობილი დონეცკელი სეპარატისტები კვლავ აგრძელებენ თავდასხმებს სამთავრობო ძალებზე. სეპარატისტული წყაროები იუწყებიან, რომ მათ ქალაქ მარიუპოლის მახლობლად კიდევ ორი სოფელი იგდეს ხელთ.

ჯერჯერობით კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს ინფორმაციას პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ ქალაქ მარიუპოლთან ახლომდებარე ორის სოფლის, პიშევიკისა და პავლოპოლის, დაკავების შესახებ. სამაგიეროდ, უკრაინის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ ტერორისტები - ასე უწოდებს კიევი პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებს - ტექნიკასა და ცოცხალ ძალას ისვრიან მარიუპოლის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაცია ტრადიციულ ბრიფინგზე უკრაინის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ანდრე ლისენკომ გაავრცელა და დასძინა, რომ რუსეთი აგრძელებს სეპარატისტების საბრძოლო ტექნიკით მომარაგებას. კიევის განცხადებას „პროვოკაციას“ უწოდებენ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები, რომლებიც, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ მათ დაიწყეს მინსკის სამშვიდობო შეთანხების შესრულება და გაჰყავთ ტექნიკა დაპირისპირების ხაზიდან: 

„შეიარაღების გაყვანა იწყება ოთხი ქალაქიდან. ესენია: დებალცევო, გორლოვკა, დონეცკი და ტელმანოვა. ჩვენ, ერთგვარად, მთელი დაპირისპირების ზოლს ვაჩვენებთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთბაშად ყველა ქალაქიდან ხდება შეიარაღების გატანა. მაგალითად, ამჟამად აეროპორტს ჯერაც ესვრიან“, განაცხადა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ედუარდ ბასურინმა.

ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე, პარიზში 24 თებერვალს ე.წ. ნორმანდიის ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ.

„ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, მოვუწოდებთ მხარეებს მკაცრად დაიცვან მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტი, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და მძიმე შეიარაღების გატანის პირობა“, - განაცხადა სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა.

მინსკის 12 თებერვლის შეთანხმების უპირობო შესრულების მომხრეა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

„მინსკის შეთანხმებები არის არა, უბრალოდ, დოკუმენტები, რომლებიც შეიმუშავეს მინსკის პროცესის მონაწილე ქვეყნებმა, - რუსეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და უკრაინამ, - არამედ ამ შეთანხმებებს ზურგს უმაგრებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რითაც მათ შეიძინეს საერთაშორისო სამართლებრივი აქტის ფორმა და მას მთელი საერთაშორისო საზოგადოება უჭერს მხარს. ეს, როგორც იტყვიან, სულ სხვა ისტორიაა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის შესრულდება“, განაცხადა 23 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველ არხთან ინტერვიუში.

გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, 15 თებერვალს უკრაინის სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტებს უნდა შეეწყვიტათ ცეცხლი, ორი დღის შემდეგ უნდა დაწყებულიყო მძიმე შეიარაღების გატანა და შექმნილიყო, სულ მცირე, 70 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხოების ზონა.

უკრაინა აცხადებს, რომ არ აპირებს გაიყვანოს კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღება, ვიდრე პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები არ შეასრულებენ მინსკის შეთანხებას და არ შეწყვეტენ საარტილერიო იერიშებს უკრაინის არმიის პოზიციებზე.

უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ერთი სამხედრო პირი დაიღუპა და 7 დაიჭრა, სეპარატისტების მხრიდან უკრაინის არმიის პოზიციებზე სვეტლოდარსკისა და შიროკინოს რაიონებში განხორციელებული თავდასხმების შედეგად.