“სვეტიცხოვლის თავზე, ღამის ოთხ საათზე, ამოუცნობი ხომალდი დაფრინდა...”

“სვეტიცხოვლის თავზე, ღამის ოთხ საათზე, ამოუცნობი ხომალდი დაფრინდა...”

ცე-რე-”- დირექტორის სკანდალური წერილი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დახურული სხდომა

ადამიანთა კულტურებში უცხოპლანეტელი, ანუ არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელი ხშირად ჰუმანოიდური არსების სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც თმა, დიდი თავი, ასევე, დიდი თვალები და გრძელი ხელები აქვს. ითვლება, რომ უცხოპლანეტელი მომწვანო-მორუხოა და სქესი არ აქვს... გავრცელებული შეფასებით, უცხოპლანეტელები ისეთი ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან, რომელი ცივილიზაციაც დედამიწელთა ტექნოლოგიურ განვითარებას უსწრებს. ერთი სიტყვით, უცხოპლანეტელები კოსმოსური მოგზაურები ან რომელიმე პლანეტის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც კოსმოსური ხომალდებით გადაადგილდებიან. ისე, გიზის პირამიდებსაც, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული მეგალითური ნაგებობების მსგავსად, უცხოპლანეტელების ცოდნაზე დაფუძნებულ შემოქმედებად თვლიან. ყოველ შემთხვევაში, ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი ნაგებობების შესაქმნელად ძველ ეგვიპტელებს სათანადო ტექნოლოგია არ ჰქონდათ... და მაინც, არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები? - არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის ზოგს სჯერა, ზოგს კი, ყველაფერი მითი ჰგონია... ბრიტანელთა აზრით, რადგან კაცობრიობა განვითარების პრიმიტიულ დონეზე იმყოფება, უცხოპლანეტელები კონტაქტში მხოლოდ იმ ცივილიზაციასთან შევლენ, რომელსაც გარკვეული ტექნოლოგია და ინტელექტი ექნება, რის მიღწევასაც დედამიწის მცხოვრებლები ძალიან ბევრ წელს მოანდომებენ. მათ, ვინც უცხო ცივილიზაციის არსებობაში დარწმუნებულები არიან და მფრინავი ობიექტების სჯერათ, კვლევის ახალი სფერო - უფოლოგია შექმნეს, რომელიც უცნობ მფრინავ ობიექტებზე დაკვირვებების შეგროვებისა და მათი ნამდვილობის დადგენის გარდა, მცდელობასაც გულისხმობს, რომ ყველაფერ ამას მეცნიერული განმარტება მიეცეს. მე-20 საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს, აშშ-ში და შემდეგ, მთელ სამყაროში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიდნენ შეტყობინებებს ამო-ების გამოჩენაზე. უთვალავი მოყვარული უფოლოგიური ორგანიზაციის გარდა, ამ ფენომენის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მიერ სპეციალური პროექტებიც იქმნება. პირველი ასეთი ჯგუფი 1943 წელს ინგლისელებმა შექმნეს, რომელიცფუ-ფაითერებს” (მფრინავი მანათობელი ბურთები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო პილოტები მასიურად აფიქსირებდნენ) შეისწავლიდა. ამო- შესწავლაში, ასევე, აქტიურად მონაწილეობდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და საბჭოთა კავშირში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი... საქართველოში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრესაში რამდენიმე სენსაციური სტატია დაიბეჭდა. 1994 წელს საქართველოში შექმნილმა უფოლოგთა ასოციაციასუფოა“- ანომალიური მოვლენების რეგისტრაცია და მონაცემების კატალოგიზაციაც დაიწყო, მაგრამ 2007 წლიდან, დაფინანსების უქონლობის გამო, კვლევითი სამუშაოები შეჩერდა.

გიგლა გობეჩია, ჟურნალისტი: - მსოფლიო ზესახელმწიფოებმა ამ მიმართულებით ნაგროვები მასალების განსაიდუმლოება დაიწყეს. სტალინის დროიდან მოყოლებული, ამ თემაზე საბჭოთა სპეცსამსახურები გამალებით მუშაობდნენ. 70-იანი წლებიდან, ასევე, აქტიურობდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სპეცსამსახურები. 80-იან წლებში, თემა ფრანგებმაც გაასაიდუმლოეს. გაერო-სა და საფრანგეთში სპეციალური დეპარტამენტი არსებობდა, რომელიც უცხოპლანეტელთა დედამიწაზე მოძრაობას სწავლობდა. 1990 წლის 11 იანვარს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დახურული სხდომა ჩატარდა, რომლის საფუძველიც ჩემს მიერ 1989 წელს, გაზეთ ,,ახალგაზრდა კომუნისტში” დაბეჭდილი წერილების ციკლი გახდა. სხდომაზე ჩემი დაშვება არ უნდოდათ, თუმცა შესვლა მაინც მოვახერხე. შეხვედრის ჩანაწერი დღემდე მაქვს, ვიდეომასალა კი, აკადემიკოსმა ალბერტ თავხელიძემ ოპერატორს ჩამოართვა და არ ვიცი, რა ბედი ეწია... მომხსენებელი ერეკლე გამყრელიძე გახლდათ.

- გიგლა, ამო-სთან დაკავშირებული ფაქტების გასაიდუმლოება რას ემსახურება?

- როგორც ჩანს, სამყარო ამასთან შესახვედრად ჯერჯერობით მზად არაა.

- და ეს მაშინ, როცა მეცნიერები ამტკიცებენ, კატასტროფისკენ მივექანებითო?

- ეს მათი კი არა, დედამიწის მაცხოვრებელთა უგუნურების ბრალია.

არსებობს “ცე-რე-უ”-ს გენერლის, რომელიც მერე “ცე-რე-უ”-ს დირექტორი გახდა, ჰილენ კოტერის აშშ-ის კონგრესისადმი მიწერილი წერილი, რომელიც მაშინვე გასაიდუმლოვდა. მომხსენებელი მიუთითებდა იმ ექსპერიმენტებზე, როცა ოკეანის აკვატორიაში ახალი ტიპის სამხედრი იარაღს ცდიდნენ. უცხოპლანეტელთა ხომალდს ეს იარაღი გემბანიდან ზემოთ აჰქონდა.

- საქართველოში დაფიქსირებულ ფაქტებზე რას იტყვი?

- წლების განმავლობაში, ამ თემაზე მასალებს ვაგროვებ, რაც ზოგს სასაცილოდაც არ ყოფნის, მაგრამ ჩემს კვლევებში უამრავი მოწმეა, რომელსაც ბევრი რამ საკუთარი თვალით აქვს ნანახი და ამის უარყოფა შეუძლებელია. ისეთი ფაქტებია დაფიქსირებული, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში რომ არ ყოფილა.

- ამას რითი ხსნი?

- საქართველო ენერგეტიკულად საინტერესო რეგიონია. ზედაზნის მთების ტერიტორია უცხოპლანეტელების ხომალდების დაჯდომის ზონად ითვლება. მკვლევარები აფიქსირებენ სხვა მაღალი ენერგეტიკის ადგილებსაც.

- ეს პროცესები ისევ მიმდინარეობს?

- ისინი ჩვენ არ გვეკითხებიან, როდის დაჯდებიან. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, აკადემიკოსი ცქიტიშვილი თავისი ავადმყოფის - უმაღლესი კატეგორიის მფრინავის დაღუპვის მერე, სამედიცინო დასკვნაში წერდა, რომ იგი უცნობი ეტიმოლოგიის დაავადებისგან გარდაიცვალა, რომელიც ამო-ს დასხივების შედეგად მიიღო. დღემდე შეუსწავლელია ამოუცნობი მფრინავი  ობიექტებისგან დაღვრილი სითხის ეტიმოლოგია.

- გიგლა, ეს დასხივებები ლოკალურია?

- ლოკალურიცაა და ფართომასშტაბიანიც - როცა როგორ დასჭირდებათ, თუმცა აგრესია იშვიათადაა დაფიქსირებული. თუკი ადამიანი, ტელეპატიურად, აგრესიას ამჟღავნებს, ასეთ შემთხვევაში, მათგანაც აგრესიას ღებულობს.

- გიგლა, მოდი, გახმაურებულ ფაქტებზე ვისაუბროთ...

- მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, მხატვარმა მერაბ ბერძენიშვილმა წყნეთის გზაზე, ცაზე გაჩერებული მფრინავი ობიექტი შენიშნა. ჩემს არქივში მხატვრის მიერ სიზუსტით შესრულებული ტექნოობიექტის სურათი დღემდე ინახება. სხვა მხატვარს კი, ეშერის ბაზიდან, წყლიდან ამომავალი, უცნაურად განათებული მფრინავი ობიექტის უნიკალური ნახატი აქვს - მაშინ გაგრის გზაზე მიმავალი უამრავი მანქანა გაჩერდა და ეს ფაქტი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დააფიქსირა. ის, ვინც სურათი დამიხატა, შემდეგში, ერთ-ერთი სამინისტროს ხელმძღვანელი გახდა... სანახაობრივად საოცარი იყო სვეტიცხოვლის თავზე გაჩერებული ობიექტიც და ამას შეესწრო მცხეთაში, ქამხაშვილების უბნიდან გამომავალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი - სულ ცოტა, თხუთმეტი ადამიანი უყურებდა, თუ როგორ აფრინდა ხომალდი სვეტიცხოვლის გუმბათიდან, გომბორის სამხედრო ბაზისკენ გაემართა და იქ დაჯდა.

- ამ ფაქტებზე პასუხს ვერავინ სცემს?

- წლების განმავლობაში, ვაფიქსირებ ფაქტებს, რომლებზეც ჩვენს აკადემიკოსებს პასუხი არ აქვთ. G

- მაინც, რა დასკვნა გამოიტანა მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარებულმა იმ სხდომამ, წეღან რომ ახსენე?

- სხდომის მერე, უფოლოგ თალეს შონიას, კვლევების ჩასატარებლად, რამდენიმე ოთახი მისცეს, მაგრამ იქ ხანძარი გაჩნდა და უნიკალური ექსპონატები ცეცხლმა შთანთქა...

საერთოდ, უცხოპლანეტელთა დედამიწაზე სტუმრობის კვლევებზე აშშ-ში, იაპონიაში, ისრაელსა და ჩინეთში დიდი თანხები იხარჯება.

- საქართველოში?

- ჩვენს ქვეყანაში ჯერ ვერ მოვიდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამით დაინტერესდება, თუმცა შევარდნაძეს შეეძლო ამის გაკეთება მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

- როგორ?

- ედუარდ შევარდნაძე გორბაჩოვისა და აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის შეხვედრებში იყო ჩართული. რეიკიავიკში ყოფნისას, რეიგანმა სსრკ-ს პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვს ჰკითხა: ,,მისტერ გორბაჩოვ, არამიწიერ არსებებთან კვლევების საკითხში თუ მაინც გავერთიანდებითო?”  გორბაჩოვი დაჰპირდა, მაგრამ მალე საბჭოეთის იმპერია დაინგრა.

- დედამიწელებთან უცხოპლანეტელების კონფლიქტი არასოდეს დაფიქსირებულა?   

- ეს ძალა მუდამ გვაკვირდება... კონფლიქტში რომ შემოვიდეს, რას გაუკეთებ? ჰილენ კოტერი თავის წერილში წერდა, რომ დაკვირვება, სხვათა გამოცდილების გაზიარებაა საჭირო... 1978 წელს, ირანის ესკადრილიის თვითმფრინავი ფრიად უცნაურ ვითარებაში განადგურდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ამო-ს გამოჩენისას, ავიაგამანადგურებლების მიერ გაშვებული ჭურვები სამიზნე ობიექტამდე მიდის, შემდეგ კი, ასხლეტვა ხდება და უკან ბრუნდება, რაც დღევანდელი მსოფლიო საავიაციო ტექნოლოგიებით შეუძლებელია. ასევე, წარმოუდგენელია ისეთი მფრინავი მანქანების შექმნა, რომელიც მსგავს წონას, ფორმასა და გაბარიტებს დააკმაყოფილებს... ისე, წარმოიდგინეთ,Mმხატვარი კარგა ხანს უყურებდა ცაში გაჩერებულ ობიექტს და ხატავდა. ეს შორს წასული ცივილიზაციაა, რომელსაც დედამიწის მცხოვრებლები კარგა ხანს ვერ დაეწევიან! რუსი მკვლევარი ბულანცევი წერდა, ჩვენ, ამ შემთხვევაში, აკვანში მწოლარე ბავშვებს ვგავართ და დიდი დრო გვაქვს, ვიდრე გავიზრდებით და დიდების ენაზე დაგველაპარაკებიანო. შემთხვევებმა დაადასტურეს, რომ ამო იმ რეგიონში ჩნდება, სადაც კაცობრიობის გამანადგურებელი ახალი ტიპის იარაღის გამოცდა ხდება. ისინი ეშვებიან, ჩერდებიან და სხივებით იარაღი ზემოთ ააქვთ.

- გამოდის, რომ ამო დედამიწაზე დასახლებულ ცივილიზაციას აკონტროლებს, რათა არ განადგურდეს? იქნებ, სწორედ ესაა გზა, რომელიც კაცობრიობას გადაარჩენს - ადამიანი ხომ უამრავ დანაშაულს სჩადის საკუთარი თავის წინაშე, სამყაროს გასანადგურებლად!

- რაც მთავარია, ამო აგრესიას არ აფიქსირებს. სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხების გასაცემადაა საჭირო ამო-სთან დაკავშირებული ფაქტების გამოძიება.

- საქართველოში მსგავსი კვლევების ჩასატარებლად ლაბორატორია არსებობს?

- არა. რა ლაბორატორიაზეა ლაპარაკი, როცა ფუნდამენტალური მეცნიერება მოსპეს და გაანადგურეს. წავიდა ის თაობა, ვინც ამ თემაზე ორიგინალურად აზროვნებდა და ვიღას რა უნდა მოსთხოვო?! მოვა დრო და, ქართველი თავში ხელს შემოირტყამს, მაგრამ გვიან იქნება. წლების განმავლობაში ნაგროვები ფაქტების შეკრებასა და წიგნად გამოცემას ვაპირებ. გპირდებით, ჩემი ნაშრომით, შეკითხვასაც არ დავტოვებ არც სპეციალისტებისთვის, არც - დილეტანტებისთვის და არც - ამ თემაზე ქილიკის მოყვარულთათვის. აზრიანი მკითხველი ყველაფერს თავად განსჯის.

 

ერეკლე შონია, უფოლოგი, უფოლოგ თალეს შონიას შვილი: - მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, კიბერნეტიკის ინსტიტუტში, ფიზიკოსების ჯგუფი შეიკრიბა,  რომელმაც კავკასიის რეგიონში ანომალიური მოვლენების ძიება დაიწყო: აგროვებდა ადამიანთა შეტყობინებებს, სადაც აღწერილი იყო ატმოსფერული ეფექტები, ატმოსფეროში მოქმედი მიწიერი ტექნიკის ხილული ეფექტები, ადამიანების შეხვედრები არამიწიერ არსებებთან...

ერთხელ, საგარეჯოში, მარიამ ჯვარის ნაკრძალში მოსახლეობას ხმაური შემოესმა. ამასთან, დაინახა ნათება... ტყეში კი, ასანთის  ღერებივით გადატეხილი ასწლოვანი მუხები და რცხილები ერთი მიმართულებით  დაწვენილი დახვდა.

ბაკურიანის ტერიტორიაზეც იგივე სურათი დაფიქსირდა. ბევრი ადამიანის თვალწინ, სვეტიცხოვლის თავზე, 150 მეტრის სიმაღლეზე, ღამის ოთხ საათზე ხომალდი დაფრინდა, წრე დაარტყა ტაძარს და საგურამოს ნაკრძალის მიმართულებით გაეშურა, მერე, სიჩქარე შეიცვალა და დარტყმის ტალღამ ნახევარი კილომეტრის მანძილზე ტყის მასივი გაანადგურა.

ქართლის ერთ-ერთ სოფელში, ქორწილში მიწვეულმა ხალხმა მნათი სხეული დაინახა, რომელიც ფორმას და ფერს იცვლიდა. მექორწილეებმა მას ქვები დაუშინეს. ქვები მანათობელმა სხეულმა შეიწოვა.

- ერეკლე, რამდენად დიდია სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესი ამო- მიმართ?

- კავკასიასა და საქართველოში ამო-ს კვლევების მიმართ მოსკოვი საკმაოდ ვრცელ ინტერესს იჩენდა. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, თალეს შონიამ მუშაობა დამოუკიდებლად დაიწყო, დააარსა ორგანიზაცია ,,ადამიანი გარემო”; დაუკავშირდა უფოლოგთა საერთაშორისო ასოციაციებს, რამდენიმეგან წარმომადგენლობაც კი ჰქონდა, აგროვებდნენ და ცვლიდნენ ინფორმაციებს.

- მამა რომელ ქვეყნებს დაუკავშირდა?

- პერუს, აშშ-ს, გერმანიას და, თავისთავად, რუსეთს. 1990 წელს, თალეს შონიას ინიციატივით, რუსთავში უფოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, სადაც მოწვეულნი იყვნენ ფიზიკოსები და ამო-ს თემაზე მომუშავე მეცნიერები მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან. კონფერენციის მონაწილენი აღფრთოვანებულნი დარჩნენ ქართული უფოლოგიის დიაპაზონით. მაშინ კავკასიის რეგიონში ამო-ს გააქტიურება შეინიშნებოდა, რისი მიზეზიც შესაძლოა, საბჭოთა იმპერიის ნგრევის შედეგად მენტალობაში, ცნობიერებაში, ფორმაციაში გამოწვეული ცვლილებები და ომებში გადაზრდილი შიდა დაპირისპირებები იყო.

- ამ კონფერენციაზე ერთი ნიშანდობლივი რამ მოხდა, რაც მომღერალ თემურ წიკლაურს უკავშირდება, არა?

- თემური მამაჩემის მეგობარი, ორგანიზაცია ,,ადამიანი გარემოს” ვიცეპრეზიდენტი გახლდათ და კონფერენციასაც ესწრებოდა. ამ დროს, ერთმა პიროვნებამ სხვა სამყაროსთან კავშირი დაამყარა, რის მერეც სანოტო ნიშნები მიიღო. თემურმა იმ ნოტებით იქვე სიმღერა შეასრულა.

- კიდევ ვინ იყვნენ თალეს შონიას თანამებრძოლები?

- აკადემიკოსი ერეკლე გამყრელიძე მამასთან ერთად მუშაობდა, ასევე, მამაჩემის ძმა, გელა შონია, რომელიც მედიკოსი გახლდათ. გელა მათ იკვლევდა, ვისაც უცხოპლანეტელებთან კონტაქტი ჰქონდათ - მათ ჯანმრთელობას აკვირდებოდა.

- ადამიანები, რომლებიც ამო-სთან შეხვედრას ამტკიცებდნენ, ადექვატურები იყვნენ?

- დიახ, მათი ფსიქიკა უმეტესად, ჯანსაღი იყო, თუმცა ამო-სთან შეხვედრების მერე, სავალალო შემთხვევები ფიქსირდებოდა. 

- ერეკლე, მეცნიერებათა აკადემიაში გამართული დახურული სხდომის შესახებ რა იცით?

- სხდომაზე, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ფაქტები და კვლევები წარადგინა. მედიკოსებმა ამო-სთან კონტაქტის შემდეგდროინდელი ადამიანების მკურნალობის შედეგებზე, ბოტანიკოსებმა კი, კონტაქტის დროს ოჯახებში დარჩენილი მცენარეების შესახებ ისაუბრეს. ასევე, ისაუბრეს ფიზიკოსებმა, რომელთაც უშუალოდ კონტაქტი ჰქონდათ უცხო არსებებთან. მათ შორის იყო ქართველი  პროფესორი, რომელსაც არამიწიერმა არსებებმა ხომალდიც კი დაათვალიერებინეს. მეცნიერებათა აკადემიის სხდომის მერე, მამას ნება დართეს, ლაბორატორიაში ემუშავა, მასთან მოდიოდნენ თვითმხილველები, დიდი ინფორმაციული ნაკადი გროვდებოდა, რის დახარისხებასაც დრო სჭირდებოდა.

- ამო-სთან უშუალო კონტაქტი თალეს შონიასაც ჰქონდა?

- ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ როგორც ჩანს, მას ჰქონდა კონტაქტები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან.

- რა ბედი ეწია ლაბორატორიას, სადაც თალეს შონია კვლევებს აწარმოებდა?

- თბილისის სამოქალაქო ომის დროს აკადემიის შენობაში სამხედრო ნაწილი იყო დაბანაკებული, რომელმაც სარდაფში სასროლეთი მოაწყო, ამის გამო ხანძარი გაჩნდა და მასალები განადგურდა. მამა იქ ვეღარ იმუშავებდა, ამიტომ, გადარჩენილი მასალები შინ გადაიტანა და მუშაობა იქ გააგრძელა. 

- მამის გარდაცვალებას რამე უცნაურობა ხომ არ უკავშირდება?

- მამა 1996 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წლის წინ, თავის ჩანაწერებში გარდაცვალების თარიღი მიუთითა. ოღონდ მარტი კი არა, მაისი ეწერა. გადავთვალეთ - მაისში ორმოცი დღე სრულდებოდა. თალეს შონია 58 წლის ასაკში, სულიერად მომზადებული გადავიდა სხვა სამყაროში.

- რა ბედი ეწია მის მიერ მოპოვებულ მასალებს?

- დაცულია ვიდეო და ფოტო მასალები, ჩანაწერები, გამოფენის ექსპონატები, რომლებიც თალეს შონიას ოცდათხუთმეტწლიან მოღვაწეობას ასახავს და რომელიც 1999 წელს გამოიფინა. გავაკეთე რამდენიმე ფილმი ანომალიურ მოვლენებზე, ქალბატონმა ნათელა გიორგობიანმა თალეს შონიაზე ავტობიოგრაფიული წიგნი - ,,სიცოცხლის წიგნი” დაწერა. ვგეგმავთ განმეორებითი გამოფენა მოვაწყოთ, სადაც თალეს შონიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მოგროვებულ მასალებს გამოვფენთ.

- ამო-ზე უამრავი ფილმია გადაღებული...

- ფილმების სიუჟეტები, უმეტესად, მძიმე, უაზრო და აგრესიაზეა აგებული. ადამიანთა რეალურ მონათხრობებში კი, არსად ჩანს აგრესია. მართალია, დედამიწა ტექნიკურად ვითარდება, მაგრამ მორალურად, ზნეობრივად ჩამორჩება. სწორედ ამაზე მიუთითებენ სხვა სამყაროსა და ცივილიზაციის წარმომადგენლები, თუმცა მათ ეთიკა აქვთ, არ ჩაერიონ სხვა ცივილიზაციის საქმეებში.

- ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, იქნებ, მხოლოდ და მხოლოდ დედამიწაზე შექმნილი მაღალგანვითარებული თანამედროვე ტექნიკაა და მეტი არაფერი?

- თუ ღრმა ისტორიაში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ ამო ახალი ფენომენი არაა. ამდენად, უცხო ობიექტები არ შეიძლება, განვითარებული ცივილიზაციის ტექნოკრატიული მიღწევა იყოს.

- ამ თემით ახალი თაობა თუა დაინტერესებული?

- ამო-ს კვლევების სირთულე, კომუნისტური მმართველობის პერიოდში, საყოველთაო ურწმუნოებასთან იყო დაკავშირებული. როცა საქმე ზებუნებრივ კი არა, ფენომენალურ ნიჭთან გვქონდა, მასაც ჰალუცინაციასთან აიგივებდნენ და ფსიქიატრიასთან აკავშირებდნენ. დღეს შეზღუდვები მოხსნილია, მაგრამ ადამიანებს გამძაფრებული რელიგიური გრძნობები ამოძრავებთ, სხვა სამყაროს დანახვა აშინებთ და ინტერესიც არ აქვთ. შეკითხვებს კი სვამენ, გამოთქვამენ სურვილს, გაერკვნენ უფოლოგიაში, მაგრამ ეს ჰობის დონეზე უნდათ.

მეცნიერები საკითხის შესწავლისას იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კავშირი სხვა ფენომენებთანაც მყარდება: გარდაცვლილ სულებთან, ღვთაებრივ მოვლენებთან. ასე რომ, ამო-ს კვლევა გართობა და თამაში ვერ იქნება, რადგან ეს ჯანმრთელობასთანაცაა დაკავშირებული და ხიფათსაც შეიცავს, მით უმეტეს, მეცნიერები, რომლებიც ამ საქმეში ერთვებიან, ნაადრევად იღუპებიან.

 

რას ფიქრობს ეკლესია ამო-ზე

მამა ზაქარია ძინძიბაძე: - უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე, კარგა ხანს კათედრაზე ვიმუშავე და ღმერთთან სწორედ ფიზიკის მეშვეობით მივედი - უკეთესად დავინახე ბიბლიაც და ღმერთიც. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სათანადო დონეზე ჯერ ჩვენი სამყარო ვერ შეგვისწავლია და სხვა ცივილიზაციის კვლევას როგორ მოვახერხებთ?! თუ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგებით, ფიზიკა, ასტრონომია და კოსმონავტიკა საკმარისადაა განვითარებული, მაგრამ უცხოპლანეტელებთან, სულიერ არსებებთან სულიერი კავშირი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია.

- კი ბატონო, არიან ადამიანები, რომელთაც მწვანე არსებები ნახეს...

- არ ვიცი, ვინ რა ნახა, მაგრამ იმას, რასაც აქამდე ეკლესია ამბობდა, რატომ არ ვაღიარებთ? - მაშ, ანგელოზები ვინ არიან?

- ანუ, უცხოპლანეტელები ანგელოზები არიან?

- რატომ უცხოპლანეტელები? ბიბლიაში წერია, რომ უფალმა შექმნა სამყარო და ზეცა. ქართული სიტყვა ,,ზეცა” იმაზე მიგვანიშნებს, რაც ცის ზემოთ არის.

- ცის ზემოთა სამყარო შეუცნობელია...

- რატომ არის შეუცნობელი? ძალიან კარგადაა შეცნობილი. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა, ეს მივიღოთ. გვინდა, ჩვენს ჭკუაზე გადავხარშოთ და არასწორი ინტერპრეტაცია მივცეთ. ამ დროს არსებობს წმინდა მამების ძალიან კარგი ინტერპრეტაცია. ისინი ამბობენ, რომ სამყაროს კარგად იცნობდნენ, მასში ცხოვრობდნენ და ურთიერთობებს ამყარებდნენ. რატომ გვინდა, ემოციაში მყოფი ადამიანების მიერ აღწერილი ფაქტები დავიჯეროთ?!M

არ მჯერა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ. ყველაზე ახლო ვარსკვლავი ჩვენგან ოთხი ათასი სინათლის წლის მანძილზეა. ჯერ მთვარემდეც ვერ მივსულვართ და თუკი უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებს ასეთი განვითარებული ტექნიკა აქვთ, ასეთი ძლიერები არიან, რატომ გვემალებიან?

- ამას სხვადასხვაგვარი ახსნა აქვს, მაგალითად, ის, რომ მათთან შესახვედრად ჯერ მზად არ ვართ..

- რა, შეგვეშინდება? დაგვაზიანებენ თუ რას გვიზამენ? თუ ასეთი ძლიერები არიან, როცა უნდათ, მაშინ შეგვჭამენ, თუ კეთილმოსურნენი არიან, რას ვემალებით?!

- ამბობენ, უცხოპლანეტელები იქ ჩნდებიან, სადაც კაცობრიობის გამანადგურებელი იარაღის გამოცდა მიდისო...

- კაცობრიობის გამანადგურებელი უამრავი იარაღი არსებობს და რატომ არ ანადგურებენ? მაგალითად, კობალტის ბომბს, რომლის აფეთქების შემთხვევაში, ორი-სამი ათასი კილომეტრის რადიუსზე მტვერი ვრცელდება და ამ ტერიტორიაზე, ათი ათასი წელი ბალახიც აღარ ამოვა. ამას მოჰყვა  ნეიტრონული, ატომური და ბირთვული ბომბები.

- ეს იარაღი რომელ ქვეყნებს აქვთ?

- ბევრ ზესახელმწიფოს აქვს. ჯერ ხიროსიმასა და ნაგასაკში ააფეთქეს ატომური იარაღი, მერე, დაფიქრდნენ და ისეთი იარაღის გამოგონება დაიწყეს, რომელიც მხოლოდ ადამიანებს გაანადგურებდა, დანარჩენი კი, დარჩებოდა. ასე რომ, უკვე არსებობს უამრავი იარაღი, რომელიც სურვილის შემთხვევაში, კაცობრიობას მოსპობს. რატომ არ ანადგურებენ ამ იარაღს, თუ ასე ძლიერები და კეთილმოსურნენი არიან? ჩვენ, ადამიანებს გვაქვს უნარი, მოვლენები ისე აღვიქვათ, როგორც გვინდა. ვიდრე ფაქტი არ დაიდება, მანამდე ამაზე ლაპარაკი ბავშვური ოცნებაა. რატომღაც ჰგონიათ, რომ სამყაროსა და თანამედროვე ცივილიზაციის მიმართ მართლმადიდებლური ეკლესიური მსოფლმხედველობა მარტივი და პრიმიტიულია. როგორც ფიზიკოსმა, შევისწავლე ბიბლია და საოცარი რამეები აღმოვაჩინე. თანამედროვე ფიზიკა ოთხგანზომილებიან სივრცეს იცნობს, ბიბლია კი, - ცხრაგანზომილებიანს. ფარდობითობის თეორია, ალბათობა და დაკვანტვის პრინციპი - ბიბლიაში ყველაფერია მოცემული. რახან ტექნიკურმა პროგრესმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია, გვგონია, რომ ბიბლიური შეგონებები მოძველდა. U

- გამოდის, რომ ბიბლიაში მზა რეცეპტებია ჩადებული...

- დიახ, მზა რეცეპტები დევს, მაგრამ ხელში ყველას ვერ ჩაუვარდება, იგი ბრიყვთათვის დამალულია. უფალმა შექმნა სამყარო, ადამი და ევა დაასახლა სამოთხეში, მაგრამ როცა მათ პირობა დაარღვიეს და შესცოდეს, უთხრა, რახან არ გინდათ ჩემთან ყოფნა, წადით და თქვენით მოიპოვეთ ყველაფერიო. ღმერთმა შექმნა სიბრძნე და დამალა.

- წიგნში დამალა?

- სამყაროში.

- ადამისა და ევას სამოთხე პარალელური სამყაროა?

- რატომ პარალელური? ჩვენც იქ ვცხოვრობთ, ეს ჩვენი სამყაროა. უბრალოდ, მას არ ვიცნობთ.

- ბიბლიის მიხედვით, კაცობრიობის დასასრული როდის დადგება?

- კაცობრიობას დასასრული არ აქვს. დასასრული აქვს ცოდვიან ადამიანს, სული კი, უკვდავია. თუკი არ გვჯერა, არც მორწმუნეები ვართ და არც - მეცნიერები. თქვენ გახარებას, სიცოცხლე, განა, ზებუნებრივი არაა? ამაზე მეტი რა გინდათ? მედიცინა და ბიოლოგია ამბობს, ადამიანი მოლეკულებისგან  შედგება და ეს შემადგენლობა ყოველ შვიდ წელიწადში ახლდებაო, მაგრამ გრძნობები - სიხარული, სიყვარული თქვენში რამ გადმოიტანა? სული არ იცვლება - ის ან დეგრადირდება ან ვითარდება.

- იმის წარმოდგენაც კი, რომ არსებობს შენზე ძლიერი ძალა, რომელსაც შენი განადგურება შეუძლია, ადამიანს აშინებს...

- როგორ ფიქრობთ, უფალმა სამყარო შექმნა და თავი დაგვანება, აღარ გვაკონტროლებს? - ის ჩვენს გვერდითაა!Eეკლესიის მთავარი კანონი მიზეზ-შედეგობრიობაა, ანუ იმას, რასაც დღეს ვაკეთებთ, ხვალ მოვიმკით.

 - თვითმხილველები ყვებიან ზეციდან დაშვებულ მრავალტონიან საფრენ მანქანებზე, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში, ცაზე ეკიდნენ...

- ღვთის ნების გარეშე, სამყაროში ერთ ბეწვსაც ვერ შეცვლი. გაიხსენეთ: ,,რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების”. ამის აღარ გვჯერა, სამაგიეროდ, გვჯერა, რომ რაღაც ამწეებით თანამგზავრზე რაღაც ააქვთ.

- ხატმწერის მიერ შესრულებულ ხატებს შარავანდედი ადგათ... მათში ხილული და უხილავი ერთადაა თავმოყრილი...

- როცა ხატებს მირონი, ცრემლი, ან სისხლი სდით, ამით მიგვანიშნებენ და ვერ ვიგებთ. სადაც რწმენაა, ცეცხლიც იქ გადმოდის. როგორც ფიზიკოსი, ნაკურთხ წყალს ვსწავლობდი, ვერაფერი გავუგე, მაგრამ როცა სასულიერო პირი გავხდი, მაშინ სულ სხვა ასპექტში დავინახე - ნაკურთხი წყალი ჩვეულებრივი წყლისგან ფიზიკური პარამეტრებით განსხვავდება.

ფიზიკაში არის მცნება - ,,ბორის პოსტულატები”, რაზეც თანამედროვე ფიზიკა და ატომური ენერგეტიკაა აგებული. ბირთვის გარშემი ელექტრონული ნაწილაკები ტრიალებენ, მაგრამ ეს ტრიალი თავისუფალი არაა. გარკვეულ მანძილზე, ბირთვიდან გადაადგილება არ შეიძლება. ერთმა ჩვენმა მეცნიერმა ,,ბორის პოსტულატები” მზის სისტემაზე გადაიტანა. აღმოჩნდა, რომ მზის გარშემო მოძრავი ყველა პლანეტა თავის ადგილზე ზის. აი, დედამიწა კი არ არსებობს.

- ანუ, სამყაროს კანონზომიერება დაირღვა?

- მაგაშია მთელი საიდუმლო, რომ არ დაირღვა. დედამიწა უფალმა მოიყვანა და მზის სისტემაში ჩასვა. ის ტრაექტორია, რაზეც პლანეტები ბრუნავენ, დედამიწისთვის ყველაზე კარგ პირობებს ქმნის სიცოცხლის განვითარებისთვის. თუ ვენერას მივუახლოვდებით, დავიწვებით, მარსთან მიახლოვებისას კი, სხვა პრობლემები ჩნდება. როცა დედამიწა ორბიტისკენ მიდიოდა, გზად, ვაკუუმში, სიცივე და სიბნელე იქნებოდა. ამიტომაც იდგა დედამიწაზე გამყინვარების ეპოქა.

- ახლა რომ ლღვება?

- რატომ გვგონია?

- მსოფლიო მეცნიერები გლობალურ დათბობას წინასწარმეტყველებენ...

- არასწორი შეფასებაა... ყველაფერი ადამიანის მოგონილია. 2010 წელს, ევროკავშირმა, გლობალური დათბობის პრობლემის მოსაგვარებლად, 100 მილიარდი ევრო გამოყო. დახარჯეს და რა? - დედამიწა გაგრილდა?! ამიტომაა დიდთოვლობა აშშ-ში? ყველაფერი ეს იმისთვისაა, რომ ვიღაცებმა ფული იშოვნონ. დედამიწაზე ხან ცივა, ხან ცხელა, ხან წვიმს - ეს ბუნებრივია და კაცთა მოდგმის ცოდვა-მადლზეა დამოკიდებული.

- იმასაც ამბობენ, დედამიწა მოსახლეობით გადაიტვირთაო...

- ვერ დაგეთანხმებით. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, გაერო-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, დედამიწას 200 მილიარდი ადამიანის გამოკვება შეუძლია. თუ სწორად არ ვიცხოვრებთ, საკვები ერთ ადამიანსაც არ ეყოფა, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით კი, ყველანი დავეტევით. თუ არადა, ღმერთი ცოდვილთა დასასჯელად ჭირს ან სხვა სასჯელს მოიგონებს. A

- მაგალითად, წარღვნას, არა?

- სახარება გვეუბნება, ღმერთმა დედამიწა ცოდვებისგან განბანაო. ფსალმუნებში კი წერია: უფალმა ,,დაამკვიდრა წარღვნა”. უფალი ჩემს წარმოდგენაში ასეა: უსასრულო სიბრტყე და მასზე ერთი წერტილი. სწორედ ამ წერტილისოდენაა მის შესახებ ჩვენი ცოდნა.

- ბიბლიაში არამიწიერ არსებებზე არაფერი წერია?

- აბა, ანგელოზები ვინ არიან? საყოველთაოდაა გავრცელებული დარვინის თეორია, რომელიც ადამიანის მაიმუნიდან წარმოშობას ეხება, მაგრამ ეს მოსაზრება დარვინმა თავადვე უარყო. პრიმიტიულად დავუშვათ, რომ ასეთი რამ მოხდა. მაშ, რატომ არ შეიძლება, ადამიანი ანგელოზად განვითარდეს? იქ, სადაც ნიანდერტალელის, პიტეკანტროფის ჩონჩხები იპოვეს, ადამიანის თავის ქალებიც იყო. აფრიკაში ხუთმეტრიანი ადამიანის ჩონჩხია ნაპოვნი.

- ჩვენ მდიდარი არქეოლოგიური მემკვიდრეობა გვაქვს. საქართველოში მსგავსი არაფერია ნაპოვნი...

- როგორ არა, ხაშურის რაიონის სოფელ უწლევში გიგანტური ადამიანის ნაფეხურებია ნაპოვნი... აუარებელი ფანტასტიკური მასალაა.

განა, შეიძლება ფიზიკა და ტექნიკა ღმერთის მონაწილეობის გარეშე? ყველა დიდი გამოგონება ადამიანის დიდი შრომის, ძალისხმევის შედეგია. ღმერთმა გაუხსნა მეცნიერს გონება, მიზიდულობის კანონის აღმოსაჩენად. ლეონარდო და ვინჩი დღეში ათას ესკიზს ხატავდა, მშიერი ციოლკოვსკი აეროდინამიკურ მილს აკეთებდა, ფარადეის, რომელმაც დენის მიღება შეძლო, შვიდი წელი ჯიბეში მაგნიტი ედო და ამბობდა, სულ ამაზე უნდა ვიფიქროო. ასე იქმნებოდა ცივილიზაცია. დღეს ადამიანებს პარაფსიქოლოგები აოცებენ, მაგრამ რა გგონიათ, განა, წმინდა მამებს არ ჰქონდათ წინასწარმეტყველების უნარი? - ისინი ერთმანეთს სიტყვას დიდ მანძილზე გადასცემდნენ. სულიწმინდამ დააწერინა კაცთა მოდგმას ბიბლია, თორემ სტატისტიკური მონაცემები კი არ ჰქონდათ სამყაროზე. ეკლესიაც და მეცნიერებაც - ყველაფერი ღმერთის შექმნილია!