,,უნდა მოხდეს მსხვერპლშეწირვა!'

,,უნდა მოხდეს მსხვერპლშეწირვა!'

,,მთავრობის ნდობის საკითხი დადგება!' _ გია ხუხაშვილი სამთავრობო კრიზისს აანონსებს

მმართველ გუნდში გაცხოველებული საკადრო წმენდა მიდის. ბოროტი ენები ,,ოცნების' კოალიციას დაშლას უწინასწარმეტყველებენ. ლარი ,,ჯანსაღად' ეცემა - მოსახლეობა ,,ზედმეტად ჭარბი ნდობით' მოსარგებლე მთავრობის ეფექტიან გადაწყვეტილებებს ელის. მოჰყვება თუ არა ყოველივე ამას სოციალური აფეთქება? - ,,ვერსია' ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ჩვენი საზოგადოებმა გაჭირვებასა და სოციალურ რისკებს, სამწუხაროდ, შეჩვეულია. ყველაფერი გადაგვიტანია და ახლაც ერთ-ერთი ასეთი ეტაპია. ხელისუფლებამ ინფლაციასთან შესაბამისად, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ფენების შემოსავლის ინდექსაცია მაინც უნდა მოახდინოს, რათა ხალხი უფრო არ გაღარიბდეს... დევალვაციას უცილობლად ინფლაცია მოჰყვება და თავისთავად გაიზრდება სოციალური რისკები. შესაბამისად, სოციალური პროტესტი მოსალოდნელია და პოლიტიკოსებიც, ბუნებრივია, შეეცდებიან, ეს საკითხები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. 
- ყოფილი პრემიერის განცხადებამ, ლარი ჯანსაღად იქცევაო, მოსახლეობის წყრომა გამოიწვია... 
- ბიძინა ივანიშვილის მიმართ იმის თქმა არ მინდა, რომ სოციალურად შეჭირვებული ადამიანები არ აინტერესებს. ეს დიდი უსამართლობა იქნება იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, ამის მეტს არაფერს აკეთებდა, თან აბსოლუტურად უანგაროდ და, როცა ზემოხსენებული ფრაზა თქვა, უფრო ეკონომიკური კატეგორიებით აზროვნებდა და არა - სოციალური პოპულისტური ტერმინოლოგიით. ასე რომ, მისდამი გაღიზიანება, ჩემი აზრით, მაინცადამაინც სამართლიანი არაა. 
- წინა ხელისუფლება, როგორც ამბობენ, ლარის კურსს ხელოვნურად ინარჩუნებდა. ახლა კი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ეროვნული ვალუტის ასეთ სწრაფ ვარდნას არ ელოდა. ასეა? 
- მაშინ ობიექტური ფაქტორებიც არსებობდა, თან მთავრობისა და ეროვნული ბანკის ურთიერთობაც კარგად იყო კოორდინირებული. ადმინისტრაციულ მეთოდებს, რა თქმა უნდა, იყენებდნენ, მაგრამ მკაცრი პოლიტიკა ამართლებდა. ახლა კი იდეალური მდგომარეობა არც კოორდინაციის მხრივ გვაქვს, არც - ეკონომიკური პროცესის გაჯანსაღების და არც - საბიუჯეტო დისციპლინის. ამ პროცესს გარეფაქტორებიც სერიოზულად აწვება - მოგეხსენებათ, დოლართან მიმართებაში, ყველა ძირითადი ვალუტა მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, მათ შორის, - ევროც... მეჩვენება, ამ პროცესთან დაკავშირებით ხელისუფლებას მაინცადამაინც მწყობრი, კარგად გააზრებული გრძელვადიანი პოლიტიკა არ აქვს. 

- დაბნეულობაზე რას იტყვით? 
- ამას უფრო ცეცხლი ჩაქრობის რეჟიმში საკითხის გადაწყვეტის მცდელობას დავარქმევდი. საერთოდ, დევალვაციაში იმხელა პრობლემას ვერ ვხედავ, რამხელასაც იმაში, რომ ამით გამოწვეულ სოციალურ რისკებს მთავრობა ადეკვატურად ვერ პასუხობს ანუ ნეგატიურ პროცესებსა თუ სოციალური რისკების დაზღვევის თვალსაზრისით, სწორი პასუხები არ აქვს. ჯერ კიდევ არ გვიგრძნია დევალვაციის უარყოფითი შედეგები, რადგან რაღაც რეზერვი არსებობს. უახლეს პერიოდში კი, ალბათ, ფასების მკვეთ ზრდას უნდა ველოდეთ. 

- ეს ,,უახლესი პერიოდი' მაინც, რა დროა? 
- ფასების სერიოზული ზრდა, ჩემი აზრით, უახლესი ერთი თვის განმავლობაში გარდაუვალია... 
- ბატონო გია, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით ჩვენც ვზარალდებით? 
- ირიბად, რა თქმა უნდა... 

- გაუფასურებული ლარი სამთავრობო კრიზისის საფუძველი ხომ არ გახდება? 
- სამთავრობო კრიზისი გარდაუვალი მგონია. ეკონომიკა და სოციალური რისკები ერთია, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლება აქტიურად ვერც საგარეო რისკებს პასუხობს და ვერც საშინაოს. პრაქტიკულად, არ გვაქვს უპრობლემო მიმართულება. მთავრობამ ვერა და ვერ ,,აკრიფა' დინამიკა, რომ ყოფითი მოვლენები რაღაც სისტემური გადაწყვეტილებებით შეაჩეროს. 

- თქვენი შეფასებით, რომელი სამთავრობო რგოლი მოისუსტებს? ხომ არ დადგება პრემიერის შეცვლის საკითხი? 
- პერსონალიებზე ლაპარაკი არ მინდა, აქ მთავრობის მიმართ ნდობის საკითხზეა ლაპარაკი იმიტომ, რომ მთავრობა სოლიდარული პასუხისმგებლობის ორგანოა. ცალკეული მინისტრების პასუხისმგებლობის ეტაპი ქვეყანამ გაიარა... პრემიერმინისტრისთვის კითხვების დასმა, კითხვების დასმას მთლიანად მთავრობის მიმართ იწვევს. ცალკე აღებული მინისტრები, თავისთავად, წესიერი ადამიანები არიან და ვიცი, მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ ჩემი აზრით, მასშტაბური სახელმწიფოებრივი ხედვა აკლიათ და უფრო ყოველდღიური წვრილმანებით არიან დაკავებულნი, ვიდრე რადიკალური სისტემური გადაწყვეტილებებით, რის გარეშეც ქვეყნის ამ ვითარებიდან გამოყვანა შეუძლებელია. ამ ყოველდღიურ რუტინაში თავი რაღაცნაირად კომფორტულად იგრძნეს და მთლიან სურათს, მგონი, ვეღარ ხედავენ. 

- ისიც ვთქვათ, რომ ხელისუფლებას დასავლეთიდან ნაკლები ფინანსური მხარდაჭერა აქვს... 
- ფინანსური მხარდაჭერით არც ერთ ქვეყანაში არაფერი გადაწყვეტილა. საერთოდ, დასავლეთის დისტანცირება ყველა მიმართულებით იგრძნობა - სრულფასოვანი კომუნიკაცია არ არსებობს და ბევრი კითხვისნიშანია. 

- ამბობთ, რომ პრობლემა პერსონებში არაა. აბა, ბოლო დღეების საკადრო დაჭერები როგორ გავიგოთ? 
- კარგია, რომ ხელისუფლება, ერთეული კორუფციული მომენტები იქნება თუ სხვა შემთხვევები, რეაგირებს, მაგრამ პრობლემა სისტემურია. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი წავიდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ სააკაშვილის სისტემა მთლიანად შეინარჩუნა. სისტემა ,,ოცნების' ხელისუფლების გაცხადებულ ხაზთან ინტერესთა კონფლიქტშია... თვითმფრინავი რაც უნდა კარგი იყოს, თუ მართვა არ იცი, პილოტი ვერ გახდები. ასე რომ, პოლიტიკურ ელიტასა და იმ სისტემას შორის, რომლის მართვასაც აპირებენ, შეუთავსებლობაა. 

- ანუ ნაცმოძრაობამ კარგი თვითმფრინავი დატოვა, რომელსაც ,,ოცნება' ვერ მოერგო? 
- ეფექტიანობის თვალსაზრისით, დიახ... ალბათ, ცოტა არასწორი მაგალითი მოვიყვანე, მარტივად რომ გითხრათ, ისეთი სისტემა უნდა მართო, რომლის მართვაც იცი. სხვის მიერ შექმნილი სისტემის მართვა არასოდეს გამოგივა. ამას ისიც ემატება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ბევრად ჰუმანურია, ის სისტემა კი აგრესიას, პოლიტიკურ პოლიციასა და ბიზნესმენების დაშინებას გულისხმობდა. სამართლიანობის აღდგენის კუთხითაც ხელისუფლება რეაგირების რეჟიმში მუშაობს და არა სისტემურად მოგვარების. ლოზუნგების მიუხედავად, თებერვალში ვიწყებთ, მარტში ვიწყებთო, როცა სამართალდამცავი სტრუქტურები სამართლიანობის აღდგენასთან ინტერესთა კონფლიქტში არიან, დაწყება შეუძლებელია... 

- სააკაშვილისა და ადეიშვილის საქმეებზე რას იტყვით? საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვები - მაინცდამაინც ახლა რატომ გაჩნდა ადეიშვილისა და სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა და არა - მაშინვე, როგორც კი ,,ოცნებამ' ხელისუფლება გადაიბარა? 
- წეღან გითხარით, საგარეო დისტანცირება ხდება- მეთქი ანუ, გარკვეულწილად, ჩვენი ხელისუფლება სხვა ენაზე ლაპარაკობს, საერთაშორისო ინსტიტუტები კი - სხვაზე. გაუცხოება მოხდა და ეს ერთ-ერთი პრობლემური თემაა, რისი შედეგებიც ჯერ არ გვინახავს და შესაძლოა, მომავალში ვნახოთ. პრობლემა უკრაინაში არაა - არ მგონია, იქაურ ხელისუფლებაში ნაციონალური ელიტა დასავლეთის, მინიმუმ, რეკომენდაციის გარეშე მოსულიყო. ეს მრავლისმეტყველი მომენტებია და, გრძელვადიან პერსპექტივაში, სერიოზულ რისკებსაც შეიცავს, რაც კარგად უნდა გვესმოდეს. ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით პროცესი დიდი ხანია მიდის, მაგრამ ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, ხელიდან გაუშვა ოქროს დრო. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან სისტემის დემონტაჟი გარკვეული დონით უნდა დაწყებულიყო და ,,ოცნება' გაუგებარი რეკომენდაციის პროცესში არ გართულიყო. არ ვამბობ, ტოტალური დევნა დაწყებულიყო, მაგრამ გარკვეული ფორმულა მაშინვე უნდა შემუშავებულიყო, რათა არ შეყოვნებულიყო სამართლიანობის აღდგენა. როცა ორი წელი არაფერი ხდება, კოჰაბიტაციაზე საუბრობ და მერე სამართლიანობის აღდგენას იწყებ, ეს ოქროს დრო გაშვებული გაქვს. საზოგადოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების შესაბამისი ნდობის ლიმიტიც ამოწურული თუ არა, ძალიან შესუსტებულია, ამიტომ მივიღეთ ასეთი მძიმე სურათი. 

- სამთავრობო კრიზისი? 
- კრიზისში ახლა შევდივართ... დაღმასვლა გრძელდება და პიკი გაზაფხულის მეორე ნახევარში გარდაუვალია... უნდა მოხდეს მსხვერპლშეწირვა. 

- პრემიერს შეწირავენ? 
- ჩემი აზრით, მთავრობის ნდობის საკითხი დადგება, რაც, თავისთავად, ახალ მინისტრთა კაბინეტს ნიშნავს.
 
- საპარლამენტო კრიზისსაც ელით? 
- პოლიტტექნოლოგიურად, შესაძლოა, ველოდეთ, მაგრამ სახელმწიფოებრივად, ეს სწორი არ იქნებოდა და ხელისუფლებაში ვერც დიდ რესურსს ვხედავ, ასეთი მასშტაბური ოპერაცია წამოიწყოს ანუ რიგგარეშე არჩევნებს ვგულისხმობ. 

- ვადამდელი არჩევნების მიზეზი, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცება- არდამტკიცება გახდეს? 
- პრეზიდენტს წარდგენის ექსკლუზიური უფლება აქვს და, თუ პარლამენტმა ჩააგდო, პრეზიდენტი ახალ კანდიდატურას წარადგენს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ პარლამენტი იმის ჟინით, პრეზიდენტი ,,თავის ადგილას დააყენოს' და აჩვენოს, ვინაა ,,უფრო მაგარი', გვენეტაძეს ჩააგდებს. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ადამიანები, პარლამენტარები სახელმწიფოზე მაღლა პოლიტიკურ, საკმაოდ წვრილმან მიზნებს აყენებენ. არა მგონია, ვინმეს იგივე პარლამენტში ჰყავდეს გვენეტაძეზე უკეთესი კანდიდატურა. არ შეიძლება, პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის სახელმწიფოზე მაღლა დგებოდეს. გვენეტაძის არარჩევითა და ამ პროცესის გაწელვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ისევ კუბლაშვილისა და მისი მეგობრების ხელში დარჩება. 

- ბატონო გია, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მმართველი კოალიცია დაშლის პირასაა? 
- კოალიციის მთავარი შემაკავშირებელი ელემენტი საკუთარი უსუსურობის განცდაა. კოალიციაში შემავალ სუბიექტებს მშვენივრად ესმით, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსპექტივა ერთ მათგანსაც არ აქვს. აქედან გამომდინარე, რაც უნდა უკმაყოფილონი იყვნენ, უსუსურობა საშუალებას არ მისცემს, კოალიციიდან დემარშით გამოვიდნენ. ,,ოცნებიდან' გამოსვლა ნებისმიერი მათგანისთვის ხარაკირის ტოლფასია. ეს კარგად ესმით და რაც უნდა შიდაწინააღმდეგობები ჰქონდეთ და ერთმანეთი ეზიზღებოდეთ, მაინც ვერ დაიშლებიან. ერთადერთი გამონაკლისი, შესაძლოა, რესპუბლიკური პარტია იყოს, თუმცა არა იმიტომ, რომ რესპუბლიკელებს განსაკუთრებული პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, უბრალოდ, იდეოლოგიურად და მენტალურად იმდენად განსხვავდებიან დანარჩენი კოალიციისაგან, რომ შესაძლებელია, კოალიციის დატოვება თვითონ პოლიტიკურმა პროცესმა აიძულოს. 

- 26 თებერვალს, ჟენევაში, საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ კარასინს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს. თქვენი აზრით, ეს ფორმატი ეფექტიანია? 
- საქართველო- რუსეთის ურთიერთობები იმდენად დაბალ ნიშნულზეა, ეფექტებზე ლაპარაკი არასწორია. ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთთან იმაზე კი არ გვიწევს მუშაობა, რამე უკეთესი გავაკეთოთ, არამედ, იმაზე, რომ მდგომარეობა უფრო არ გაუარესდეს და არსებული ვითარება შევინარჩუნოთ. შესაბამისად, ნებისმიერი ფორმატი საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გლობალური რისკები ძალიან მაღალია და მხოლოდ ასეთი ტიპის კონტაქტებს შეუძლიათ თავიდან მორიგი ესკალაციის სპირალი აგვაცილოს. ფორმატის გადახედვაზე ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, რომ კონტაქტები უნდა გაგრძელდეს... თქმა, ხვალ ან ზეგ ნატო- ში მიგვიღებენ, საზოგადოების მიმართ ცინიკური დამოკიდებულებაა. ადამიანებმა, ვინც წიოდა და კიოდა, მშვენივრად იციან, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს. 

- ესე იგი, საქართველოს ევროპული კურსს საფრთხე არ ექმნება ანუ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებით ქვეყანაში დასავლური განწყობა არ შესუსტდება? 
- გააჩნია, რუსეთს რაზე დაველაპარაკებით. რაზეც დღეს ველაპარაკებით, სწორია. ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან დიალოგის გამო, ეროვნული ინტერესების საზიანოდ, რაღაც გარიგებებზე არასოდეს წავა. ეს საკმარისი გზავნილია და ყველა ფრაზაზე ისტერიკა იაფფასიანი პოლიტიკური თამაშია. კულისებში ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ დღეებში ხელს ისტერიკას უწყობდა, რომ დაელაპარაკოთ, დაგიდასტურებთ, რაც ზურაბ აბაშიძემ თქვა. უბრალოდ, მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ საზოგადოება მუდმივად სიბნელეში უნდა იყოს და ეს მათი ექსკლუზიური ინფორმაციაა, რომელიც მხოლოდ მათი ყურებისთვისაა განკუთვნილი. კარგად შეინახონ თავიანთი ყურები, საზოგადოება ბრძენია და ყველაფერი მათზე უკეთ იცის.