პოლიტიკური სცენარი, რომლითაც ხელისუფლება შეიცვლება

პოლიტიკური სცენარი, რომლითაც ხელისუფლება შეიცვლება

ახტანგ ძაბირაძე: ,,ნაციონალებს იმდენი ფული აქვთ, ივანიშვილს არ დაესიზმრება!'   

მას შემდეგ, რაც თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე ისაუბრა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაგვემუქრა, ნატო-სკენ ფეხი არ გადადგათ, თორემ ისევ გადაგივლითო. აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა კი ,,ოცნებას' ჰკითხა, საარჩევნო კოდექსი თუ შეცვალეთ და ოპოზიციას თუ ელაპარაკებითო. ეს განცხადებები, ცხადია, შემთხვევით არ გაკეთებულა... რა იქნება ყველაფრის ლოგიკური დასასრული? - ,,ვერსია' ამის გარკვევას კონსტიტუციონალისტსა და პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესთან შეეცადა. 
- პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრი მომავალი კვირიდან ისევ პარლამენტში გადავა, სადაც უზენაესი სასამართლოს პირველკაცს აირჩევენ. ამ თემაზე უმრავლესობაში არსებული განხეთქილება და პრეზიდენტთან დაპირისპირება რას ნიშნავს, ბატონო ვახტანგ? 

 პოსტი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თანამდებობის დაკავება ნებისმიერი იურისტისთვის კარიერის პიკია - 10-წლიანი გარანტირებული სამსახური, ხელშეუხებლობა და ა.შ. გარდა ამისა, ნებისმიერი იურისტისა და პოლიტიკოსის ამბიციაა, სასამართლო სისტემა დამოუკიდებლად ჩამოყალიბდეს და ეს სავსებით ჯანსაღი პროცესია.

- რაც ახლა პარლამენტში ხდება, ჯანსაღ პროცესს ვერ დავარქმევთ... 
- რაც პარლამენტში მიდის, პოლიტიკური ბრძოლაა და თუ ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობა არ დარეგულირდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვინც უნდა იყოს, ძალიან გაუჭირდება. ამ ბრძოლაში რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობს და თავისთავად, დიდი პოლიტიკური გავლენაა, როცა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი სასამართლო ხელისუფლებაში მიდის. მარგველაშვილი, რა თქმა უნდა, ყველასთვის მისაღებ კანდიდატს ვერ დაასახელებდა, მაგრამ თუ საუბარი მაინცდამაინც კრიტერირიუმებზეა, ერთადერთი კრიტერიუმი მაქვს - ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ესმის, რომ ამ სისტემის რეფორმირება აუცილებელია. როგორც გვენეტაძე, ისე ქუცნაშვილი, 2009 წელს საკონსტიტუციო კომისიის წევრები იყვნენ და თუ აზრი არ შეუცვლიათ, ამ მხრივ მათთან კითხვები არ მაქვს. 

- დიდი ხანია, ალასანია- უსუფაშვილ- მარგველაშვილს ერთ ბანაკად მოიაზრებენ. პრეზიდენტმა კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად სწორედ ყოფილი რესპუბლიკელი დაასახელა, რომელსაც მხარი ღიად, ჯერჯერობით, მხოლოდ ყოფილმა პარტიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა დაუჭირეს. როგორ ფიქრობთ, გვენეტაძის კანდიდატურა ლაკმუსის ქაღალდად ხომ არ იქცევა, რომელიც კოალიციაში ძალებს გადაალაგებს? 
- კოალიცია, რესპუბლიკელების გარეშე, ერთგვაროვანი ისედაც არაა, თან ალბათ, თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ შავგულიძეს ნაკლები შანსი აქვს და მათი მხარდაჭერა გვენეტაძემ მიიღო. ვფიქრობ, ნინო გვენეტაძეს ,,ოცნების' რაღაც ნაწილიც მხარს დაუჭერს. იგი სუსტი კანდიდატი არაა, თუმცა არ ვამბობ, რომ გასვლა გარანტირებული აქვს... რაკი რესპუბლიკელებთან ასოცირდება, ვერ ვიტყვი, რომ კოალიციაში განხეთქილება ამის ბრალია. ჯგუფური ინტერესები მანამდეც იკვეთებოდა, თუმცა ახლა პოლიტიკური ცხოვრება უკვე იმ ფაზაშია, როცა ყველა ამბობს, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდესო. უმრავლესობაში დამკვიდრება და ახალი ადგილის ძებნა ბუნებრივად იწყება. ეს ყველგან ასეა და საქართველოში ანგელოზებით რატომ უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრი დაკომპლექტებული? ორი რამ ფაქტია: დავით საგანელიძის მცდელობა, რაც შეიძლება მეტი გავლენა ჰქონდეს უმრავლესობაზე და ზაქარია ქუცნაშვილის გარშემო ახალი ჯგუფის შექმნა. ვინ რაზე ოცნებობს, არ ვიცი, მაგრამ ეს დაპირისპირება უფრო პარტიაშია და არა მთელ კოალიციაში. 

- რესპუბლიკელების წინააღმდეგ კიდევ ერთი, ივანიშვილის ფაქტორი მუშაობს. ექსპრემიერმა განაცხადა, რომ ეს პარტია ალასანიას მხარდაჭერას ვერ მალავს. მანამდე კი რესპუბლიკელები ამბობდნენ, კოალიციიდან გასვლაზე მიგვითითესო. ყველაფერი ეს ვადამდელ არჩევნებთან კავშირშია? 
- პირდაპირ კავშირშია, რადგან მათი წასვლით კოალიციაში ადგილები გამოთავისუფლდება, რესპუბლიკური მანდატები ცარიელი რჩება - კოალიციის შიგნით აწყობთ, რომ რესპუბლიკელებმა კოალიცია დატოვონ, რადგან მზის ქვეშ მეტი ადგილი ექნებათ. თავად ამ პარტიას კი ეს არ აწყობს და, რა თქმა უნდა, არც წავა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერჯერობით, ,,ოცნებაში' ყოფნა სამარცხვინო არ არის, თან წასვლისთვის არც რეალური მიზეზი აქვთ. რესპუბლიკელები ის ხალხი არაა, ვინც პარლამენტში თუ ვერ შევა, ვენებს გადაიჭრის. ზოგადად, ამ თემას ასე იოლად არ ვუყურებ - გექნება 5%, შეხვალ პარლამენტში და მერე? თავის დროზე სწორედ ეს პრობლემა მქონდა ამ პარტიასთან - სწორ პროგნოზს კი ვაკეთებდით, მაგრამ ქვეყანა ინგრეოდა და ამის გასაჩერებლად მხოლოდ პროგნოზები არასაკმარისი იყო. თუ პოლიტიკაში ხარ, იმისთვის უნდა იბრძოლო, რომ საქმე გააკეთო. რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, ჩემი აზრით, ის ნიადაგს ამზადებს. 
- აქცენტი ნაციონალებიდან ,,ოცნებაზე' გადმოვიდა - საკადრო წმენდა მერიაში, საკუთარი გუნდის მაღალჩინოსნების დასჯა... ივანიშვილი ნიადაგს რისთვის ამზადებს? 
- ივანიშვილი ზოგადად ქმნის ფონს - თუ ხვალ რესპუბლიკელების გაშვება დასჭირდება, ამისთვის ნიადაგი უკვე მზად ექნება. თუ არ დასჭირდება, არც გაუშვებს. ახლა ეს პარტია მოლოდინის რეჟიმშია, თუმცა ეს ის ხალხი არაა, რომელიც ივანიშვილს ყველაფერზე თავს დაუქნევს. შესაძლოა, ბიძინას კამათი უყვარს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა მისი გამარჯვებით მთავრდება. შესაძლოა, რესპუბლიკელებთან ურთიერთობა მისთვის მთლად კომფორტული არ იყოს. ამიტომ წინასაარჩევნო გეგმები, შესაძლოა, ამ პარტიის გარეშე ჰქონდეს. 

- რამდენიმე დღის წინ, აშშ- ელჩმა კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მოიკითხა და ვიღაცებმა კუდი გამოაბეს, აშშ არჩევნებს გვინიშნავსო. ეს რა მინიშნებაა? 
- რაც თავი მახსოვს, ამ ქვეყანაში ვიღაც სულ ცდილობდა, სათქმელი საკუთარი პირით არ ეთქვა. ადრე ამბობდნენ, მოსკოვი ითხოვს და რა ვქნათო, ახლა თითს ყველაფერზე აშშ-სა და დასავლეთისკენ იშვერენ. ნორლანდმა თუ არ თქვა, კოდექსი რომ არ ვარგა, ეს ახალი ამბავია? არჩევნები რომ უნდა ჩატარდეს, ესეც ვიცით და ეს მოვლენა წელს, შემოდგომაზე მოხდება თუ გაისად, დრო მაინც ცოტაა, საარჩევნო გარემოს ცვლილებები კი ისედაც საჭიროა. პროცესი სწორედ ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის - არსებული პარლამენტი მოსახლეობის განწყობას აღარ ასახავს, ხელისუფლებას ხალხისგან ნდობის ახალი მანდატე სჭირდება, პოლიტიკური სპექტრიც უნდა დასტაბილურდეს და ნაციონალებისა და ,,ოცნების' გარდა, პარლამენტში 2-3 სხვა პარტიაც უნდა შევიდეს. ასე თუ გაგრძელდა, 2016 წელს გაცილებით მძიმე ვითარება იქნება - ფაქტობრივად, ქაოსამდე მივალთ, ალბათ, მოვლენები 1999 წლის მსგავსად განვითარდება. მაშინ ერთმანეთს ორი ძალა - აბაშიძე და მოქალაქეთა კავშირი ებრძოდა, მაგრამ მაშინ არჩევნები ხომ არ ჩატარებულა? მეტიც, 2016-ში ხელისუფლება შესაძლოა, გაყალბებაზე წავიდეს. ამ წლის შემოდგომაზე, თუ კოალიცია არ დაიშლება, მეტი შანსია, ,,ოცნებამ' უმრავლესობა გაყალბების გარეშე შეინარჩუნოს. 2016-ში ეს ძალიან საეჭვო იქნება, ამიტომ კოალიცია წავა გაყალბებაზე, რასაც დიდი ალბათობით, სახალხო მღელვარებაც მოჰყვება. გარდა ამისა, დადგება საკითხი, რომ ივანიშვილი ან ღიად დაბრუნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე ან საერთოდ ჩამოეხსნას ხელისუფლებას. მისი ,,გვერდიდან მხარდაჭერა' კოალიციას ბევრს ვერაფერს მატებს, ამიტომ ვადამდელი არჩევნები მას პოლიტიკაში ან დააბრუნებს, ან პოლიტიკიდან საბოლოოდ გაიყვანს. ჩემი აზრით, სჯობს, დაბრუნდეს, რადგან, სამწუხაროდ, ისევ ყველაზე წონადი ფიგურაა, ამიტომაც მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პროცესებზე. ალბათ, ბარიერს ირმა ინაშვილი და ნინო ბურჯანაძეც გადალახავენ, აბა, ამ ხალხს ხომ ვერ გავაქრობთ, თან მხარდამჭერებიც ჰყავთ და სჯობს, პარლამენტში იყვნენ, ვიდრე ქუჩაში და ხალხის უარყოფითი განწყობაც იზრდებოდეს. მით უმეტეს, ჩვენს გარშემო ვითარება ისედაც გართულდა. 

- გარშემო გართულებულ ვითარებაში ლავროვის განცხადება- მუქარას გულისხმობთ, თუ ნატო- სკენ წახვალთ, გადაგივლითო? 
- ჯერ ერთი, ნატო- სა და დასავლეთისკენ სვლა თუ გვინდა, ქვეყანა უნდა დავალაგოთ, ნამდვილი დემოკრატია ავაშენოთ და მერე ჩავთვალოთ, რომ ნატო- სკენ მართლა მივდივართ და რუსეთიც მოშორებული გვყავს, თუმცა ასეთი ქვეყანა რომ ააშენო, ფულს ვერ გააკეთებ, ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებ, არჩევნებს ვერ გააყალბებ და ა.შ. ნორლანდის განცხადებებიც აქეთაა მიმართული და არა - იმისკენ, ჩავატაროთ თუ არა ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება ქართულ- უკრაინულ ურთიერთობას, ამ ვითარებას ცივი გონებით უნდა შევხედოთ. პოროშენკოს აძლევს თუ არა ხელს სააკაშვილისა და მისი გუნდის უკრაინაში წაყვანა? - რა თქმა უნდა, აძლევს. ჩვენ კი ვიცით, ეს გუნდი რას წარმოადგენს, მაგრამ უკრაინაში არ იციან. ხალხს რომ ესმის, საქართველოში ,,გაი' ფულს არ იღებსო, გადარეულია. პოროშენკოს ეს ხალხიც თავისი ზურგის გასამაგრებლად და ხალხის გასაჩუმებლად მიჰყავს, რათა დაარწმუნოს, რომ რეფორმებს მართლა ატარებს. ეს ვითარება იმას მაგონებს, ჩვენთან პოლონეთის ექსპრემიერი ბალცეროვიჩი რომ ჩამოიყვანეს, ეკონომიკას შოკური თერაპია უნდა ჩაუტაროსო. ყველაფერი ეს მაშინაც პიარი იყო და უკრაინაშიც იგივე ხდება. თავად ნაციონალებს უკრაინაში მხოლოდ ფული არ უნდათ, იმდენი ფული აქვთ, ივანიშვილს არ დაესიზმრება. შესაძლოა, ჩვენს თვალში პოლიტიკური რეანიმაცია სურთ, ნახეთ, როგორ ვეხმარებით უკრაინასო. ისიც საკითხავია, ეს ხალხი რომ მიჰყავს პოროშენკოს, დემოკრატია უნდა უკრაინაში თუ ავტორიტარული მმართველობა?! გარდა ამისა, თუ მათი გაკეთებული საქმე არ მოეწონათ, მოშორება ადვილია - ისინი ხომ უკრაინაში ,,ჩანერგილები' არაინ. პარალელს თუ გავავლებთ, დაახლოებით, იმ ფუნქციას ასრულებენ, რასაც ჩვენთან აღმაშენებლის მიერ ჩამოსახლებული ყივჩაღები აკეთებდნენ ანუ ეს პოროშენკოსთვის წაუგებელი თამაშია, მაგრამ თავი ისე გასჭირვებია, საქართველოში ვის რა ეწყინება, საერთოდ არ აინტერესებს. 

- ბატონო ვახტანგ, მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ისევ ელით? 
- მგონია, რომ მთავრობის ამ შემადგენლობას რამდენიმე თვეც უნდა ,,გააქაჩინონ', რადგან ახლის მოყვანა დიდად მაინც ვერაფერს შეცვლის. ფაქტია, რაღაც ცუდი პროცესი დაიწყო, რომელიც ნიშნულამდე უნდა მივიდეს, მერე შეიქმნება ხელოვნური კრიზისი, შეიცვლება მინისტრი, დადგება ახალი მთავრობის ნდობის საკითხი. პარლამენტი ახალ კაბინეტს ჩააგდებს და პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. ისე, მთავრობის შეცვლაც თავისუფალ ადგილებს ნიშნავს და ეს პოლიტიკურ სპექტრსაც აწყობს. აქ უკვე ნამდვილად არ ექნება მნიშვნელობა, ვინ იქნება ახალი მთავრობის მეთაური - ირაკლი თუ ვინმე სხვა. მთავარია, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს და პარლამენტმა ნდობის რეალური მანდატი მიიღოს.