ეროვნული ვალუტის დასასტაბილურებლად, ხელისუფლება სსფ-ს დამატებით თანხას სთხოვს
19 თებერვალს, ეროვნული ვალუტა, აშშ დოლართან მიმართებაში, 6 პუნქტით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლითაც 20 თებერვლიდან, 1 აშშ დოლარს 2.1472 ლარად შეიძენთ. თუმცა კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.2200 ლარი იყო. სპეციალისტები ლარის კურსის გაუფასურებას მომავალშიც ელიან, რაც ინფლაციურ პროცესს გამოიწვევს.
ლარის დევალვაცია 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ-ი) მხოლოდ ერთხელ ჩაერია, 2015 წლის 30 იანვარს, როდესაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა. ამ სხდომაზე სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და კომერციულ ბანკებს რეფინანსირების სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით გაუზარდა. ,,ვერსიაში' უკვე ვწერდით, რომ სებ-ის ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის ერთგვარი სიგნალი იყო, რასაც საბიუჯეტო და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება უნდა მოჰყოლოდა. ჭარბი რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შეჩერებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სასწრაფოდ წამოწყება, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და მთავრობის ეკონომიკური პროფილის უწყებების ხელმძღვანელების კოორდინირებული მუშაობა - ეს ის მთავარი ეკონომიკური რეცეპტია, რაც ლარის კურსს გაამყარებს. ცალკეულმა ექსპერტებმა და სპეციალისტებმა ეს რეცეპტი არაერთხელ გამოუწერეს მთავრობას გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, მაგრამ უშედეგოდ! ექსპერტების შეგონებას ვინ ჩივის, როდესაც ქვეყნის მთავარი ბანკის გადაწყვეტილებაც კი რეაგირების გარეშე რჩება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, ბიუჯეტის კორექტირება უნდა მოჰყოლოდა კვალდაკვალ. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სებ-ის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ოფიციალურად ისიც განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი, 5%-იანი მაჩვენებელი უნდა შემცირებულიყო. მარტივად, ეს ნიშნავს, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. ქადაგიძის განცხადებას კი ბიუჯეტის კორექტირება- შემცირება უნდა მოჰყოლოდა. ,,ვერსიასთან' ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, ბოლო ორწელიწადნახევარში, ქართული ოცნების მთავარი მიღწევა ის არის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება არ განუხორციელებიაო. არადა, ბიუჯეტის კორექტირება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ცუდად მუშაობს, ან რაღაცას არასწორად გეგმავს. ლარის კურსის მოკლევადიან პერიოდში დასასტაბილურებლად, სახელმწიფო ბიუჯეტს შემცირება არ აწყენდა. პირიქით, გაბერილი ადმინისტრაციული ხარჯების კორექტირება, უფრო ნაკლები პრემიისა თუ დანამატის გამოწერა და კიდევ უფრო ნაკლები სოციალური ხარჯები, რაც ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს, ,,აბი გლუკოზასავით', მალამოდ დაედებოდა ,,თავისუფალ, მცურავ რეჟიმში' გაშვებულ ლარს. ლარის კურსის მოკლე ვადაში დასასტაბილურებლად, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიისგან, დამატებითი თანხა მოითხოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე- პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობა სსფ-გან მიღებულ დამატებით თანხას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებს: ,,ექსპორტის წახალისების მექანიზმი მოკლევადიან ეფექტს არ მოგვიტანს. მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული ზომები, რასაც ჩვენ ვიღებთ, ის არის, რომ 23 თებერვალს, სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრას ვგეგმავთ, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების ზეგანაკვეთური პაკეტის მოცულობას განვიხილავთ. კაპიტალური დანახარჯების მიზნით, დამატებით ფულს მოვითხოვთ, რათა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ. ეს არის ის პირველადი ზომები, რაც ამ შემთხვევაში შექმნილი ვითარების ადეკვატურია'. სსფ-ს მისიისგან მიღებული დამატებითი თანხა, რომელიც ინვესტიციის სახით ჩაიდება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ლარის კურსს მცირე ხნით დაასტაბილურებს. თუმცა კარგი იქნება, თუკი მთავრობის ეკონომიკური გუნდი სსფ-ს გარდა, სხვა საერთაშორისო- საფინანსო ორგანიზაციებს დააჩქარებს, რათა წლის განმავლობაში გამოყოფილი გრანტებისა და სესხების პირველი ტრანშები სწორედ ახლა, პირველ კვარტალში ჩაირიცხოს.