უნდა გაგრძელდეს თუ არა დროებით შეჩერებული პრაღის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ხვდებიან? – ამ სადავო შეკითხვას ბოლო დღეებში კიდევ ერთი სადავო თემა დაემატა. ამჯერად ლაპარაკია იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა პრაღის ფორმატში შესათანხმებელ საკითხს საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულება „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის ბოლო შეხვედრა ოქტომბერში შედგა, შემდეგი შეხვედრა კი თებერვლის ბოლოს გაიმართება. ოპონენტები რუსეთისგან მოსალოდნელი ზეწოლის საფრთხეს ხედავენ.
თებერვლის ბოლოსთვის პრაღაში დანიშნული შეხვედრის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ აბაშიძემ დაასახელა 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულება „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“. ითქვა, რომ მხარეები ემზადებიან კონტრაქტების გასაფორმებლად შვეიცარიულ კომპანია ეს-ჯი-ესთან (SGS), რომელმაც უნდა დააწესოს მონიტორინგი ტვირთების გადაზიდვაზე საქართველოსა და რუსეთს შორის.
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რატომ გააქტუალურდა 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების საკითხი სწორედ ახლა და აქვს თუ არა ამას საგანგებო მიზეზი, ზურაბ აბაშიძემ გვიპასუხა, რომ საგანგებო მიზეზი არ არსებობს, რომ რუსეთი და საქართველო შვეიცარიულ კომპანიასთან გასაფორმებელი კონტრაქტების მომზადების პროცესში თითქმის ერთნაირი ტემპით მიიწევდნენ წინ, რომ ახლა ორივე მხარე უკვე დასკვნით ეტაპზეა და, შესაბამისად, უკვე შესაძლებელია ამ საკითხის წინ წამოწევა.
რუსეთ-საქართველოს შორის შვეიცარიის შუამავლობით გაფორმებული ხელშეკრულება პრაღის ფორმატში განსახილველ საკითხს არ უნდა წარმოადგენდეს, – განაცხადეს ოპონენტებმა ზურაბ აბაშიძის ბრიფინგის კვალდაკვალ. თუმცა როგორც აბაშიძემ კრიტიკოსების საპასუხოდ დააზუსტა ჩვენთან საუბრისას, პრაღაში მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები შეთანხმდება:
„ახლა უნდა შევათანხმოთ იმ შეხვედრის თარიღები და დეტალები, რომელიც გაიმართება ჟენევაში, შვეიცარიელების მონაწილეობით. ჩვენ პრაღის შეხვედრაზე ახლა არავითარ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. შემდგომ უკვე ხელშეკრულებისა და კონტრაქტების იმპლემენტაციაზე მუშაობა გაგრძელდება ჟენევაში, ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში, და ეს უკვე კარასინი–აბაშიძის (თუ რაც ჰქვია) დიალოგის საკითხი აღარ იქნება“.
მიუხედავად ზურაბ აბაშიძის განმარტებებისა, რომ ასეთ მიდგომას სავსებით იზიარებენ შვეიცარიელი კოლეგები და რომ პრაღის შეხვედრამდე ის ბრიუსელში გაივლის კონსულტაციებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, შეკითხვები და ეჭვები მაინც აწუხებთ ოპონენტებს. საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებში ხელშეკრულების თაობაზე, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ზედამხედველობის გარეშე მოლაპარაკებები კარგს არაფერს მოუტანს საქართველოს, თუნდაც პრაღის შეხვედრა მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი იყოს ჟენევაში გასამართი ძირითადი პროცესისთვის. ზურაბ ჭიაბერაშვილი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდა ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობის პროცესსაც, თუმცა მაშინ საქართველო და რუსეთი მხოლოდ შვეიცარიის შუამავლობითა და ზედამხედველობით ურთიერთობდნენ. ყოფილი ელჩი შიშობს, რომ შესაძლოა რუსეთი შეეცადოს სიტუაციის სათავისოდ შეცვლას და ამ დროს საშველად მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება რჩება:
„რუსეთი და საქართველო შვეიცარიელების ზურგს უკან თუ რამეზე მოილაპარაკებენ, ეს მხოლოდ რუსეთისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო – იმ უზარმაზარი შანტაჟის, შეტევისა და ზეწოლის პირობებში, რასაც რუსეთი ზოგადად ასეთი მოლაპარაკებების დროს აწარმოებს. და აქ ქართული მხარისათვის დაცვის გარანტია არის საერთაშორისო მეთვალყურეობის არსებობა მოლაპარაკებების ნებისმიერ ეტაპზე, – გინდათ მოსამზადებელი შეხვედრა ვუწოდოთ ამას, გინდა არსებითი და ა.შ.“
მართალია, ზურაბ აბაშიძის თქმით, დრო კონტრაქტების მომზადებამ და უამრავი დეტალის გარშემო შეთანხმებამ მოითხოვა, მაგრამ, ოპონენტების განცხადებით, ყველაფრის უფრო სწრაფ ტემპში წარმართვაც შეიძლებოდა. გავიხსენოთ, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლის ათვლის წერტილად, ტექსტის თანახმად, ჩაითვალა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თარიღი. რუსეთი ამ ორგანიზაციაში 2012 წლის 22 აგვისტოს გაწევრიანდა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ძვირფასი დრო დაკარგა და არ იჩქარა განხორციელება ძველი ხელისუფლების დროს ხელმოწერილი ხელშეკრულებისა, რომლითაც რუსეთმა 2011 წელს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, ფაქტობრივად, „აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. ამ კონტექსტში გავიხსენოთ, რომ 2011 წლის ნოემბერში, როცა ამ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რუსეთიც კმაყოფილებას გამოხატავდა, თუმცა უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგალითად, აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმის მიერ 2011 წლის 8 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ ხელშეკრულებით საფრთხე შეექმნებოდა აფხაზეთის უსაფრთხოებას. „საქართველო ცდილობს არა მარტო გააკონტროლოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრები, არამედ დაიბრუნოს თავისი იურისდიქცია ამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე. ამრიგად, იმ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის შემცირების პრეცედენტი იქმნება, რომლის გარანტადაც საერთაშორისო არენაზე რუსეთის ფედერაცია გამოდის“, – ნათქვამი იყო განცხადებაში. შეშფოთების შემცველი განცხადებები ისმოდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდანაც. მათ ძირითადად არ მოეწონათ საერთაშორისო მეთვალყურეების ჩაყენების პერსპექტივა როკის გვირაბის სამხრეთ პორტალთან, ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
”პირველი სავაჭრო კორიდორი იწყება მდინარე ფსოუდან და მთავრდება ქალაქ ზუგდიდში. შესაბამისად, მონიტორები განლაგდებიან მდინარე ფსოუზე და გააკონტროლებენ ყველაფერს, რაც შემოვა ამ კორიდორში, ანუ რაც შევა აფხაზეთში. მეორე სავაჭრო კორიდორი იწყება როკის გვირაბის ჩრდილოეთით და მთავრდება ქალაქ გორში. შესაბამისად, ყველა ტვირთი, რაც ამ კორიდორში იმოძრავებს, იქნება გაკონტროლებული. ხოლო მესამე სავაჭრო კორიდორი მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი”, – განმარტავდა 2011 წელს იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ხელშეკრულების შემუშავების პროცესში. ახლა ის, უკვე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი, ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ ამ დოკუმენტის ამოქმედება იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ მთავარია პროცესი დაიძრას და დეე, ამ შეთანხმებაზე ლაპარაკი სწორედ პრაღის ფორმატის ფარგლებში დაიწყოს:
„თუკი შეხვდებიან აბაშიძე-კარასინი, ილაპარაკებენ ამ თემაზე და ეს პროგრესს გამოადგება, მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები... იმდენი დროა დაკარგული, რომ არ ვართ ჩვენ ახლა იმ მდგომარეობაში, რომ ასარჩევად გვქონდეს... რაც ხელს შეუწყობს, ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი. თუკი იმედი არის და დაიძრა პროცესი, მე მხოლოდ მივესალმები“.
სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სიმტკიცეს გამოიჩენს და რუსეთის წინაშე პოზიციებს არ დათმობს, თუმცა მისთვის თითქმის წარმოუდგენელია საქართველოსთვის საზიანო შედეგის მიღება 2011 წელს ხელშეკრულებით მომზადებულ მტკიცე ნიადაგზე.
მართალია, პროცესს გაჭიანურებულად მიიჩნევს, მაგრამ 2011 წლის ხელშეკრულების განხორციელებაზე ლაპარაკის დაწყებას - მათ შორის, პრაღის ფორმატშიც - მიესალმება პოლიტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ხელშეკრულების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისთვის განსაკუთრებით ახლა, როცა რუსეთი სულ უფრო ღიად ამჟღავნებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის განზრახვას. ირაკლი ცქიტიშვილი არ იზიარებს მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის გამო, პრაღის ფორმატი უნდა გაუქმდეს. ანალიტიკოსი თვლის, რომ კონტაქტის შენარჩუნება არასოდეს არის ზედმეტი და, მით უმეტეს, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად, როგორიც არის 2011 წლის ხელშეკრულება.
არაფორმალური დიალოგის ფორმატში შეხვედრა უკვე 4 თვეა აღარ გამარულა და ეს ხანგრძლივი პაუზა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის 16 ოქტომბრის შეხვედრას მოჰყვა. მხარეებს არ დაუმალავთ, რომ შეხვედრაზე ერთგვარი დაძაბულობა გამოიწვია ე.წ. ხელშეკრულებამ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელსაც თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. 16 ოქტომბერს ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ იყო ხელმოწერილი. გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას და მის თანამოსაუბრეს „რადიკალურად განსხვავებული ხედვები“ აქვთ ამ ე.წ. ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით და რომ თანამოსაუბრემ გაფრთხილებაც მიიღო – ასეთი მიდგომები ჩვენს საუბარს სირთულეებს შეუქმნისო.
მართალია, მას შემდეგ ამ მიმართულებით უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა - მოსკოვმა გააფორმა ე.წ. ხელშეკრულება სოხუმთან და დაიწყო იმავე ტიპის დოკუმენტის მომზადება ცხინვალთანაც, მაგრამ პრაღის ფორმატი გრძელდება. დაძაბულობის მიუხედავად, პრაღის ფორმატს ზურაბ აბაშიძე ყოველთვის მიიჩნევდა კომუნიკაციის ერთადერთ სწრაფ და საჭირო გზად. როგორც მან 18 თებერვალს უთხრა რადიო თავისუფლებას, უკვე მოვიდა მორიგი შეხვედრის დრო, რადგანაც,2011 წლის ხელშეკრულების გარდა, დაგროვდა სხვა საკითხებიც, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს და ასეთია, მაგალითად, საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს რუსეთის საპატიმროებში.