შსს-ს სამი თანამშრომელი გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს

შსს-ს სამი თანამშრომელი გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამინისტროს სამი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N5 სამმართველოს N7 სექტორის სპეციალისტი (მესაზღვრე) შ.ლ, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი - გ.დ. და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი რ.ო. დააკავეს.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამივე მათგანი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.

აღნიშნულის საფუძველზე, ისინი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.