სააკაშვილის რეჟიმის 62 მაღალჩინოსანი, რომელზეც ხელისუფლებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და უმძიმეს ბრალდებას უყენებს!

სააკაშვილის რეჟიმის 62 მაღალჩინოსანი, რომელზეც ხელისუფლებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და უმძიმეს ბრალდებას უყენებს!

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ერთი ამბავი აქვთ ატეხილი, ჩვენი რეფორმების ექსპორტს უკრაინა ახორციელებს და იმას, რაც საქართველოში ვერ დააფასეთ, უკრაინელები აფასებენო. ,,მთავარი რეფორმატორი', მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა და ნაციონალებმაც თითქოს თითის ქნევა დაიწყეს - ხომ ხედავთ, როგორ გვაღიარებს ცივილიზებული სამყაროო. უკრაინელ ხალხს გულით ვუსურვებთ წარმატებებს, მაგრამ გვეეჭვება, პეტრო პოროშენკომ იმ ადამიანთა მიმართ წაყენებული ბრალდებების ჩამონათვალი იცოდეს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე თამამად ,,ქართულ დანიშვნებს' არ გააკეთებდა.  

ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სააკაშვილის რეჟიმის 62 მაღალჩინოსანზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და მათ უმძიმეს ბრალდებას უყენებს. ესეც არ იყოს, ამ 62 ადამიანში ხელისუფლების უმაღლესი პირებიც არიან და ის რომ ისინი დანაშაულს ჩადიოდნენ, საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს. რა თქმა უნდა, ჩვენ 62-ვეს არ ჩამოვთვლით, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ქმნიდნენ ამინდს, ახლა კი ბრალდებულები არიან, აუცილებლად შეგახსენებთ. მაშ ასე:

მიხეილ სააკაშვილი (საქართველოს ექსპრეზიდენტი): სანდრო გირგვლიანის, ,,ტვიმედის', ვალერი გელაშვილისა და სდს-ს ეპიზოდებზე იძებნება ხუთი მუხლით.
დავით კეზერაშვილი (თავდაცვის ყოფილი მინისტრი): ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა პასუხისგებაში, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისათვის.
ზურაბ ადეიშვილი (იუსტიციის ყოფილი მინისტრი): ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა პასუხისგებაში, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა პატიმართა წამების ორგანიზების ბრალდებით.

გიორგი უგულავა (თბილისის მერი): შეეფარდა პატიმრობა იმედის საქმესა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით.
ივანე მერაბიშვილი (შსს-ს ყოფილი მინისტრი): ცნობილი იქნა დამნაშავედ 2011 წლის 26 მაისს მიტინგის გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშლის, ამომრჩევლის მოსყიდვის, კერძო საკუთრების ხელყოფისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით.
ბაჩანა ახალაია (თავდაცვის ყოფილი მინისტრი): გასამართლებულია სერგო თეთრაძის წამების საქმეზე. ეს არის ექსპრეზიდენტის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრების ჩამონათვალი და გვეეჭვება, რომელიმე ჭკუათმყოფელმა ამ სიის გაცნობის შემდეგ წინა მთავრობას რეფორმატორი დაარქვეს. რაც შეეხება ქვედა რგოლებს, იქ სრული განუკითხაობა იყო. ქვედას ვეძახით, თორემ რეალურად საქმე კონკრეტული დეპარტამენტის უფროსებთან ან მათ მოადგილეებთან გვაქვს.
დავით ჭაკუა (სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის უფროსი): ბრალდებულია პატიმართა ცემა- წამებისთვის, რომელსაც ორგანიზებას იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით უწევდა. მაშინ არავინ მალავდა, რომ რეალურად სასჯელაღსრულების სამინისტროს ხათუნა კალმახელიძე კი არა, სწორედ ჭაკუა განაგებდა.
გაგა მკურნალიძე (ჭაკუას მოადგილე),

ალექსანდრე მუხაძე, იგივე ,,ქილერა' (გლდანის ციხის დირექტორი),
ვიქტორ ყაჭეიშვილი (მუხაძის მოადგილე),
ოლეგ ფაცაცია (გლდანის ციხის რეჟიმის უფროსი): ეს ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ჯალათები. ყოფილი პატიმრები პირადად ადებენ ხელს აღნიშნულ კვარტეტს და არ მალავენ, რომ ისინი პატიმრებს ხანდახან მხოლოდ გართობის მიზნით აწამებდნენ. მკურნალიძე ჭაკუას ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლა ნებისმიერ დროს შეეძლო, რაც ძირითადად რამდენიმე პატიმრის ცემით სრულდებოდა. ოთხივე მათგანი ბრალდებულია, თუმცა ალექსანდრე მუხაძე იძებნება, დანარჩენები კი სასჯელს იხდიან.
დავით ახალაია (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი): ბრალდებულის სახით მიცემულია პასუხისგებაში, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

როლანდ ახალაია (სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი): ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა პასუხისგებაში, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან დამატებითი თანხების მოთხოვნის ფაქტებზე. საქმე დღემდე იხილება სასამართლოში.
გიორგი დგებუაძე (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი): დათა ახალაიას მარჯვენა ხელი. როგორც ამბობენ, ,,მასტერა' ყველაფერზე იყო წამსვლელი. ფიგურირებს არაერთ გახმაურებულ საქმეში. მას აღკვეთის სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.
ერეკლე კოდუა (სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი): ბრალდებულის სახით მიცემული იქნა პასუხისგებაში, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ა/მანქანების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე.
ვაჟა ლელუაშვილი (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) და შოთა ხიზანიშვილი (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე) შეგვიძლია ერთ სისტემურ დანაშაულში განვიხილოთ. საქმე ისაა, რომ ლელუაშვილმა შექმნა კომპიუტერული სისტემა, რომელსაც იგი იყენებდა პოლიტიკოსთა ფარული ჩანაწერების გასაკეთებლად და ამავე სისტემით ხდებოდა ფარული თვალთვალი. ხიზანიშვილი კი ამ ჩანაწერების გავრცელების ფაქტზეა ბრალდებული. ორივე საქმეს სასამართლო იხილავს, თუმცა ორივე პირი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

გურგენ დონაძე (შსს-ს პრესსამსახურის უფროსი): ბუტა რობაქიძის საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიცემულ იქნა პასუხისგებაში. საქმეს იხილავს თბილისის სასამართლო... ჩამონათვალი აშკარად შორს წაგვიყვანს. მითუმეტეს, რომ აქ არიან რეგიონული სამმართველოს პოლიციის უფროსები (მაგალითად თენგიზ გუნავა), მინისტრის მოადგილეები (ნიკა ძიმცეიშვილი), დეპარტამენტების უფროსები, რაიონის გამგებლები, მოადგილეები... საქმე ისაა, რომ ეს იყო კარგად აწყობილი კრიმინალური სინდიკატი, რომლის დაშლასა თუ გაშლას დღემდე ცდილობენ სამართალდამცავები, მაგრამ ამ კრიმინალურ აბლაბუდაში გარკვევა არც ისე მარტივია. მეორეს მხრივ, საზოგადოების ნაწილის კატეგორიული მოთხოვნა, სამართლიანობის აღდგენა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, თუმცა იმავე საზოგადოებას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ადამიანების ხილვა აგრესიას მატებს, რადგან თავის დროზე ნაციონალები არავის ინდობდნენ და სწორედ ანალოგიურს სთხოვენ დღევანდელ ხელისუფლებას.