რიმა ბერაძე, სოსო ერქომაიშვილი თუ გოჩა მეგრელიშვილი - ვინ იქნება გურიის გუბერნატორი?

რიმა ბერაძე, სოსო ერქომაიშვილი თუ გოჩა მეგრელიშვილი - ვინ იქნება გურიის გუბერნატორი?

გურიის ახალი გუბერნატორის დანიშვნამდე ცოტა დრო რჩება. უკვე თვეზე მეტია, გიორგი ჩხაიძემ პოსტი დატოვა და შემცვლელის ვინაობაზე ოფიციალურად საუბარი ჯერ არ ყოფილა. უამრავი კანდიდატის სახელმა და გვარმა გაიჟღერა, თუმცა ყველას ვინაობა, გაჟღერებიდან რამდენიმე დღეში წარსულმა „შთანთქა“. ,,ვერსია“ ამ საკითხზე გასული კვირის დასაწყისიდან მუშაობდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პოპულარული წამყვანისა და ჟურნალისტის, ნანა ლეჟავას მეუღლის, ვოვა არობელიძის კანდიდატურა ამ პოსტზე საბოლოოდ გამოირიცხა. ის კი არადა, მისი დანიშვნა სერიოზულად არც განხილულა, რადგან მასა და ბიძინა ივანიშვილს შორის „შავმა კატამ“ კარგა ხნის წინ „გაირბინა“. ყველაზე სერიოზულ კანდიდატებად დღეს ზაზა სიორიძის რძალი, მერაბ სიორიძის მეუღლე, ოზურგეთის ყოფილი რაიკომის მესამე მდივანი, ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი, რიმა ბერაძე რჩება, რომელსაც ზურგს „ქართული ოცნება“ უმაგრებს. რამდენად შეუშლის თუ შეუწყობს ხელს რიმა ბერაძის გურიის გუბერნატორად დანიშვნას გარემოება, რომ ეს ქალბატონი ოზურგეთის არჩეული მერის, ბეგლარ სიორიძის ახლო ნათესავია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, თავად რიმა ბერაძე ამ ახლობლობას უარყოფს და აცხადებს, რომ მეუღლის ნათესავებთან საერთოდ არანაირი კონტაქტი არ აქვს და არც მომავალში ექნება.

მასზე არანაკლები (თუ მეტი არა) შანსები გააჩნია სოსო ერქომაიშვილს. თუ რიმა ბერაძეს გურიისა და უფრო მეტად ოზურგეთელებისთვის წარდგენა არ სჭირდება, ამ უკანასკნელმა (სოსო ერქომაიშვილმა) თავი გურულებს, შარშან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს დაამახსოვრა, როცა გურიის დედაქალაქში უბან-უბან დარბოდა და განწირული ხმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს „პროვოკატორსა“ და „ნაძირალას“ ეძახდა (ამის ამსახველი ვიდეომასალა ,,გურიის მოამბის' არქივში ინახება). თუმცა მის მხარდამჭერებში ბერა ივანიშვილი მოიაზრება და ასეთ დროს, „ვიღაც ბეგი სიორიძის“ გინება, თუნდაც „ქართული ოცნების“ კანდიდატის რანგში მყოფნისა, დიდი ვერაფერი დაბრკოლებაა. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, იგი გოჩა მეგრელიშვილი, მეტსახელად „გურიეცია“, მას მხარს მხარის სამივე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატები _ თემურ ჭკუასელი, თემურ ჩხაიძე და ზვიად კვაჭანტირაძე უჭერენ. დეპუტატებმა თავიანთი მხარდაჭერა, გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური განცხადების სახით დაადასტურეს, თუმცა სწორედ ეს განცხადება დარჩა მეგრელიშვილის მეორეხარისხოვან კანდიდატად ქცევის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი. მთავარ მიზეზებზე მედია უკვე წერდა და იგი მეგრელიშვილის ,,ახალაიას საქმეში“ თანამონაწილეობას ეხება.