გასული კვირა და „ინტერპრეტაციებში დაკარგულები“

გასული კვირა და „ინტერპრეტაციებში დაკარგულები“

გასული კვირის დასაწყისში, 9 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა იური ვაზაგაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულიგიორგი სოსანაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ასევე ყველაზე მკაცრი სახე, პატიმრობა, გამოიყენა გასული კვირის კიდევ ერთ სკანდალურ სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ხელმძღვანელის, ჯოკია ბოდოკიას მიმართ. იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიების მასალების თანახმად, მან ერთ-ერთ კომპანიას სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მოპოვებისა და მფარველობის სანაცვლოდ 180 000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა, ამ თანხიდან კი წინასწარ 50 000 მიიღო. მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის დაკავებასთან დაკავშირებით მოწვეულ ბრიფინგზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ მერია გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს:

„ამასთან, მინდა მივმართო თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. თბილისის მთავრობა არ დაუშვებს და რეაგირების გარეშე არ დატოვებს კორუფციის ან სხვა რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არც ერთ ფაქტს“.

თუმცა ამ საქმეში მოგვიანებით დავით ნარმანიას მაინც მოუხდა პასუხი გაეცა კითხვებზე, არის თუ არა ჯოკია ბოდოკია მისი კლასელი და მეგობარი და იცავს თუ არა მის უფლებებს მერის ძმა, ირაკლი ნარმანია. მერმა ამ საკითხებზე პრაქტიკულად უარყოფითი პასუხი გასცა და, შესაბამისად, საეჭვო ნეპოტისტური კავშირების არსებობაც უარყო.

რაც შეეხება უშუალოდ ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და, ზოგადად, ქალაქგეგმარების საკითხებს, მათ შორის, ზონირებას, მშენებლობასა და არქიტექტურას, ამის თაობაზე თბილისის მერი, მისი მოადგილეები და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ბიზნესმენებმა ქალაქის ხელმძღვანელებისგან მიიღეს დაპირება, რომ ბიზნესისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურები მაქსიმალურად გამარტივდება.

ბიზნესისათვის ხელშემწყობი გარემო და ეკონომიკური მახასიათებლები კი გასულ სამუშაო კვირაში ძირითადად ლარის კურსის რყევის კონტექსტში გახდა აქტუალური. ამავე კონტექსტში 11 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 0,5 პროცენტით გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიშვილის, თანახმად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციის დაუშვებლობის მიზნით იყო ნაკარნახევი:

„ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, რომ ინფლაციური მოლოდინები ფასების ზრდაში გადაიზარდოს. მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით ამ პროცესით ძალიან ზარალდებიან ჩვენი ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც ვალდებულებები დოლარში აქვთ, ხოლო შემოსავლები ლარში. ამიტომ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება კიდევ უფრო გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც, საბოლოო ჯამში, ასევე უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება“.

ეს ცვლილება, თავის მხრივ, გავლენას იქონიებს იმ ადამიანებზე, რომელთაც სესხი ლარებში აქვთ აღებული. მათ საპროცენტო განაკვეთი გაუძვირდებათ. საქართველოს მთავრობაში კი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას „საკმაოდ დამაიმედებლად“ მიიჩნევენ.

გასულ კვირაში მთავრობის საქმიანობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიხედვით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა შეაფასა. რომელი დაწესებულებები აღმოჩნდა ყველაზე ღია და ყველაზე დახურული? - ამ კითხვაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი გვპასუხობს:

“შემიძლია აღვნიშნო ისეთი დაწესებულებები, ისეთი უწყებები, როგორებიცაა, მაგალითად: გარემოს დაცვის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, სპორტის სამინისტრო, დაზვერვის სამსახური, ეროვნული უშიშროების საბჭო და სხვა უწყებები. - ეს, რაც შეეხება ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულებებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ, კანონით განსაზღვრულ, ვალდებულებებს. რაც შეეხება დახურულ დაწესებულებებს, ისინი კატეგორიების მიხედვით გამოვყავით. დღეს ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში ყველაზე გაუმჭვირვალე აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ფინანსთა სამინისტრო“.

აქვე დავძენთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის ეგრეთ წოდებული გაუმჭვირვალობის სერტიფიკატი გადასცა: ყველაზე დახურულ დაწესებულებად სასჯელაღსრულების სამინისტრო დასახელდა. სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა, რომელმაც ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის 2014 წელს ყველაზე მეტად გააუმჯობესა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი.

მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ზრუნვა კი ყველაზე მკაფიოდ გასულ სამუშაო კვირაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესში გამოიხატა. 9 თებერვალს ამოიწურა თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის წარდგენის ვადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთლიანობაში, 40-მდე განაცხადი შევიდა. პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, 23 თებერვლამდე, უნდა წარუდგინოს. 14 თებერვალს კანდიდატების პროგრამების მოსმენა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პრეზიდენტმა გახსნა:

“ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომლის მონაწილენიც თქვენ ხართ, ჩემი აზრით, წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი საზოგადოების ჩართულობისა და დემოკრატიული გაძლიერების თვალსაზრისით. სასამართლო სისტემის მდგრადობა, სტაბილურობა, ნდობა საზოგადოებისა სასამართლო სისტემის მიმართ, რეალურად, სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტია. ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა“.

პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი - ესაა მოთხოვნები, რომელთაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტის რჩეული უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა ამ კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, პარტიული გავლენისგან თავისუფლება, გასულ კვირაში „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების მიზეზი გახდა. უმრავლესობის წევრი 19 დეპუტატი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმას, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლება უნდა იყოს. ამ 19 დეპუტატს შორისაა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. დეპუტატები კრიტერიუმების შემუშავების პროცესში ჩართულ დავით საგანელიძეს, უმრავლესობის ლიდერს, დაუპირისპირდნენ.

“ეს კრიტერიუმი მიწოდებული და გაგებული იქნა ისეთნაირად, რომ პარლამენტის წევრს, პარტიის წევრს, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს წევრს, მთავრობის წევრს ეკრძალება საქმიანობის შეცვლა, რაც, თავისი არსით, არის დისკრიმინაციული და აპროტესტებს საქართველოს პარლამენტის 20 წევრი“, განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ამ საკითხზე გასული კვირის ბოლოს გამართული ფრაქციის სხდომა ისე დასრულდა, რომ მხარეები ძირითადად თავიანთ პოზიციებზე დარჩნენ, თუმცა უმრავლესობის შიგნით კომუნიკაციის პრობლემის არსებობა აღიარეს. ფრაქციის ლიდერმა გია ვოლსკიმ თქვა:

“ინტერპრეტაციებში დავიკარგეთ ცოტა. ვიკამათეთ, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფერი... თუ მოკლედ გინდათ, ვფიქრობ, კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არსებობს“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის დაკავება ორ მოქმედ დეპუტატს სურს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი გასულ კვირაში ოფიციალურად ჩაიბარა უკრაინის რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ვებსაიტის თანახმად, საბჭო, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, უკრაინაში რეფორმების განსახორციელებლად რეკომენდაციებს შეიმუშავებს.