ზენაეს სასამართლოს სახელი გადაერქმევა?
ბრძოლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზიც გახდა. უმრავლესობა ორად გაიყო: ერთნი ამბობენ, რომ სასამართლოში პოლიტიკოსების ადგილი არაა, მეორენი კი - პეტიციებს ადგენენ და მხარს ,,ოცნების' მიერ დასახელებულ დეპუტატს უჭერენ. ცალკეული დეპუტატები, უმრავლესობის სახელით, განცხადებებს აკეთებენ, კოალიცია ,,ოცნების' ნახევარი დავით საგანელიძეს აუბუნტდა. თავის მხრივ, საგანელიძე პრეზიდენტს უმრავლესობის სახელით ესაუბრა და ამის შესახებ დანარჩენებს არ შეუთანხმდა. მოკლედ, ერთი კანდიდატურის შერჩევამ, ლამის მთელი ქვეყანა გადაიყოლა - ,,ვერსიისთვის' კი განმარტებები დეპუტატმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა, რომელმაც საკუთარი პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, მასმედიასთან უმრავლესობის ლიდერს მატყუარა და თავნება უწოდა.
- თქვენი კანდიდატურა უმრავლესობაში რეალური დაპირისპირების საფუძველი გახდა - ვის აწყობდა ამის გაკეთება და რატომ?
- დაპირისპირება უსამართლობამ წარმოშვა - ვინც იტყუება, დაპირისპირების სათავეცა და წყაროც ის არის და არა ის, ვინც სიმართლეს ამბობს.
- თუკი ადამიანი, ვინც იტყუება და დაპირისპირებას იწვევს, თქვენი ლიდერია, რატომ არ ცვლით ან რატომ უშვებთ მას პრეზიდენტთან შესახვედრად - თუ ესეც ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო?
- არა, დათოს უფლება აქვს, უმრავლესობის სახელით მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ არ აქვს უფლება, ამ მოლაპარაკების შინაარსი უმრავლესობას არ შეუთანხმოს. იმაზე კი არ ვდავობთ, რატომ აწარმოა პრეზიდენტთან მოლაპარაკება, არამედ იმაზე, რომ უმრავლესობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის კრიტერიუმები არ შეუთანხმა და პრეზიდენტს ისე მიაღებინა. ეს თქვენ უნდა შეაფასოთ - ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ ტყუის!
- დაუშვათ, ასეა - რა იყო მისი მიზანი, დასახელებული დეპუტატებისთვის ხელის შეშლა?
- ეს დავით საგანელიძეს უნდა ვკითხოთ. თუ მისი მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებს ანტიკონსტიტუციური კრიტერიუმების შემოღებით ხელი შეუშალოს, ეს თავად უნდა დაგიდასტუროთ. სწორედ ისაა ავტორი იმ ანტიკონსტიტუციური კრიტერიუმებისა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს.
- ფაქტი ერთია, პარლამენტში დიდი არეულობაა და ერთმანეთს თანაპარტიელები აუმხედრდნენ: ჩაფიძემ ბრიფინგზე მხარი უმრავლესობის სახელით დაგიჭირათ, ამის მერე, მიროტაძემ განაცხადა, რომ მხარს არ გიჭერთ, მერე 19 დეპუტატი მხარდამჭერი პეტიციით გამოვიდა: ყველა უმრავლესობის სახელით ლაპარაკობს და რეალურად, ვინაა დღეს უმრავლესობა?
- უმრავლესობა ის ხალხია, ვინც მას პარლამენტში ადგენს, ანუ 87 დეპუტატი და მიროტაძეც, ჩაფიძეცა და ის 19 კაციც უმრავლესობის წევრები არიან. თუმცა სიმართლე ერთია - საგანელიძისა და პრეზიდენტის მოლაპარაკების დეტალების შესახებ უმრავლესობა საქმის კურსში არ იყო და ისე გამოვიდა, თითქოს, პოლიტიკოსს არ აქვს თავმჯდომარეობის უფლება, რაც ანტიკონსტიტუციურია და ამის შესახებ უმრავლესობამაც არაფერი იცოდა.
- ანი მიროტაძე საინტერესო ფრაზას ამბობს, რაშიც, ალბათ, ბევრი დაეთანხმება: არაკორექტულია დეპუტატის, პარტიის წევრის წასვლა სასამართლოში, რადგან შესაძლოა, ამან წინასწარდადგმული თამაშის სახე მიიღოს.
- მიროტაძემ რა თქვა, არ მაინტერესებს, თუ ასე მიცნობს, რომ შეთანხმებულ თამაშს ვთამაშობ, მაშინ ეს ადამიანი ძალიან შემცდარა, დაწერეთ - ასე თუ ამბობს, მაშინ რელსებსაა აცდენილი!
- მაგრამ, თუკი კუბლაშვილს იმას ვედავებით, რომ მისი ძმა ნაციონალია და ამით იგი გავლენის ქვეშაა, ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ,,ოცნების' ერთ-ერთი ლიდერი ქუცნაშვილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ მოექცევა?
- მერე, თავი რისთვის უნდა ადამიანს - უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, ვინაა პოლიტიკური გავლენის ქვეშ და ვინ არა. პოლიტიკური გავლენების ქვეშ უპარტიო ადამიანი არ შეიძლება მოექცეს? თავიდანვე განვაცხადე, რომ, როცა ჩემს საინიციატივო ჯგუფებს შევხვდები და პროგრამას გავაცნობ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელსაც მოვიწვევ- მეთქი, რათა იცოდეს, რის გაკეთებას ვგეგმავ. მე სწორედ ამ საინიციატივო ჯგუფებმა დამასახელეს და არა ანი მიროტაძემ.
- საბოლოოდ, პრეზიდენტმა უნდა წარგადგინოთ, როგორ ფიქრობთ, იმ წყენამ გაუარა, კონსტიტუციით ხელში რომ მიადექით რეზიდენციაში?
- პრეზიდენტს არანაირი წყენა არ ჰქონია, არ ვიცი, ეს საიდან მოიტანეთ. მას მერე არაერთხელ შევხვდით და საკმაოდ კარგი კომუნიკაციაც შედგა.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა სხვა კანდიდატი რომ დაასახელოს, პარლამენტი აპრიორი ჩააგდებს...
- ვნახოთ, სხვებისგან განსხვავებით, უმრავლესობის სახელით გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ.
- ბოლოს - გაიჟღერა, უზენაეს სასამართლოს შესაძლოა, სახელი შეეცვალსო და ამას მართლა აპირებთ?
- უზენაესი ღმერთია, ყველა ქრისტიანისთვის. სასამართლო კი მოქალაქეებისთვის უმაღლესი ინსტანციაა, ამიტომ, რაკი ასეთი სურვილი გამოითქვა და ინიციატივა იმ ხალხისგან მოდის, ვინც დამასახელა, მათ სურვილს გავიზიარებ და, შესაძლოა, უზენაეს სასამართლოს უმაღლესი სასამართლო დაერქვას.