მერიის რომელ მაღალჩინოსნებს შეიწირავს ჯოკია ბოდოკიას საქმე

მერიის რომელ მაღალჩინოსნებს შეიწირავს ჯოკია ბოდოკიას საქმე

თბილისის მერი დავით ნარმანია ახალ სკანდალში გაეხვია _ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობისას მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს'. ,,ვერსია” შეეცადა გაერკვია, რომელ კომპანიაზეა საუბარია? თბილისის რომელ რაიონში და რა სასტუმრო შენდება? პასუხისმგებელია თუ არა კორუფციული გარიგების მეორე მხარე ანუ თავად ქრთამის მიმცემი და საერთოდ, ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს ხელი მიუწვდება თუ არაარქიტექტურული ნებართვის მოპოვებასთან?

კორუფციული გარიგების მონაწილე კომპანიის ან პირის შესახებ მონაცემებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შსს ასაიდუმლოებს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმრო, რომლის შესახებაცაა საუბარი, სავარაუდოდ ,,მწვანე ბუდაპეშტია'. ,,ვერსია' დაუკავშირდა საერთაშორისო ჰოლდინგ „მაქრო ქონსთრაქშენის“ პრესსამსახურს, რომელიც თბილისში ,,მწვანე ბუდაპეშტის' სახელწოდებით საცხოვრებელ სახლებს აშენებს. მათი ინფორმაციით, ჰოლდინგი „მაქრო ქონსთრაქშენი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში და აერთიანებს შვილობილ კომპანიებს, სხვადასხვა მიმართულების საწარმოებსა და პროექტებს. ისინი დღეისთვის, მართლაც, აშენებენ ოთხვარსკვლავიან, ევროპული სტანდარტების სასტუმროს გორგასლის ქუჩაზე, რომლის ღირებულება დაახლოებით 45 მლნ დოლარია, მაგრამ ამ სასტუმროს Mერცურე თბილისი ჰქვია და აცხადებენ, რომ ბოდოკიას დაკავების ფაქტთან შეხება არ აქვთ. ასეა თუ ისე, არც მერიასა და არც საკრებულოში არ ახმაურებენ ინფორმაციას, კონკრეტული ობიექტის შესახებ, რაც გვიტოვებს იმ ეჭვის საფუძველს, რომ კომპანიამ გამოძიებასთან ითანამშრომლა და სწორედ მათი საშუალებით მოხდა ჩინოვნიკის ფაქტზე დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია, ბოლო ორი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო თბილისის ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში. იგი თბილისელია და ცხოვრობს ვაკის რაიონში. 2001-2003 წლებში მუშაობდა ფინანსთან სამინისტროში. დღის ბოლოსთვის დავით ნარმანიამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოდოკია მისი თანაკლასელი და თანასოფლელია. ასევე არ დადასტურდა გავრცელებული ფაქტი იმის შესახებ, რომ ბრალდებულს დავით ნარმანიას ძმა დაიცავს: ,,ჩემი ძმა პროფესიით ადვოკატია, მაგრამ ამ საქმესთან კავშირი არ აქვს. მეტსაც გეტყვით, ინტერესთა კონფლიქტის გამო, მას ვერ დაიცავს. თუ გამოძიება დაადგენს დამატებით გარემოებას, რეაგირება ადეკვატური იქნება“, - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისა და მერობის ყოფილი კანდიდატის ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯოკია ბოდოკია ნასამართლევია, ,,ვერსია' შეეცადა ეს ფაქტიც გადაემოწმებინა. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები ირწმუნებიან, ზუსტად ახსოვთ, რომ 2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა ბოდოკიას საქმეს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა- მოხმარების მუხლით. ,,უბრალოდ, დავით ნარმანია არ ელოდა, რომ მისი შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთ სიურპრიზს მოუწყობდა', _ აცხადებს თბილისის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე და არ გამორიცხავს, ამ საქმეს მერიის სხვა თანამდებობის პირების დაკავება თუ არა, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და მერიის სამსახურების შემოწმება მოჰყვეს. ,,ამასთან დაკავშირებით პროკურატურას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი მივაწოდეთ და საზოგადოება ძალიან ბევრ უსიამოვნო ფაქტს შეიტყობს!'. ნაციონალური მოძრაობა მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის გელა ჩივიაშვილს დაკავების მოლოდინშია, რომელიც, მათი თქმით, ასევეა გარეული ბოდოკიას კორუფციულ სქემაში. ,,ბოდოკიას კანდიდატურას იმიტომ კი არ ვაპროტესტებდით, რომ ნარმანიას უახლოესი მეგობარია. ძალიან ბევრი ადამიანია დღეს თბილისის მერიაში თანამდებობისათვის სრულიად შეუფერებელი, როგორც წარსულის სამუშაო გამოცდილებით, ზოგ შემთხვევაში იმითაც, რომ წარსულში თანამდებობრივი დანაშაული აქვს ჩადენილი. ადვილი წარმოსადგენია, რომ დავით ნარმანიას მთავრობა კრახით დაასრულებს მოღვაწეობას', - აცხადებს ,,ვერსიასთან' საუბარში ირაკლი აბესაძე და აკონკრეტებს, რომ ასეთივე კატასტროფული ვითარებაა არქიტექტურის სამსახურში, - ,,ნარმანია არასოდეს რეაგირებს კონკრეტულ ფაქტებზე. თუ გაირკვევა, რომ ეს მხოლოდ ჯოკია ბოდოკიას თვითშემოქმედება იყო და დადასტურდება, მას მაინც მოუწევს, გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობა იკისროს, თუმცა, ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს, პირდაპირ მერის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს'. თბილისის მერიაში კორუფციული ფაქტები არ უკვირს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ბოდოკიას დაკავება დავით ნარმანიას მიმართ ანგარიშსწორების ნაწილი იყოს: ,,მისასალმებელია ანტიკორუფციულმა სამსახურმა თუ გაიღვიძა. დიდი ხანია ხმები დადის, რომ მერიაში ასეთი აღებ-მიცემობა იყო გაჩაღებული.

ბევრი კითხვის ნიშანი გამიჩნდა, რომელ სასტუმროზეა საუბარია, მარტო იყო თუ არა ეს ადამიანი ამ კორუფციულ გარიგებაში ჩართული, იმიტომ, რომ ზედამხედველობის აპარატის უფროსი არ არის იმ დონის მოხელე, რომ არქიტექტურული ნებართვა ვინმეს გაუხერხოს და ამაში უზარმაზარი თანხა აიღოს. ბოდოკიას ადვოკატად არ ვივარგებ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცდილობენ ნარმანიას ადგილი მიუჩინონ'. ელისაშვილს პრეტენზია აქვს კოლეგებთანაც და აცხადებს: ,,ქალაქის მთავრობა ისე რიხინ- რიხინით დავამტკიცეთ, არც ერთი კანდიდატის გამოსვლა არ მოგვისმენია ან რა კვალიფიკაცია ჰქონდათ, ან რა ხედვა. დავამტკიცეთ და მერე დაიწყო მოსმენები. მართალია, მე ხმა არ მიმიცია, მაგრამ პასუხისმგებლობას არ ვიხსნი'. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჯოკია ბოდოკიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. 2003 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ იგი 2001-2003 წლებში ფინანსთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამავე წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, დედამისს მანონი ბოდოკიას, თბილისში, შროშის ქუჩაზე აქვს 175 000 ლარად შეფასებული ბინა, 350 000 ლარად შეფასებული სახლი წყნეთში; 40 000 ლარად შეფასებული სასადილო; 10 000 ლარიანი საძინებელი; 11 000-ლარიანი როიალი და 50 000 ლარად შეფასებული სხვა ნივთები, რომლებიც დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ მანონი ბოდოკია იმ პერიოდში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში პედაგოგად მუშაობდა და მისი წლიური ანაზღაურება 305 ლარსა და 54 თეთრს შეადგენდა. 2003 წელს მანონი ბოდოკიას საჩუქრად 1 090 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი და 1 760 ლარის ღირებულების ოქროს სამაჯური აქვს მიღებული. ამავე წელს მან 11 000 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი გაასხვისა. მოკლეთ, ჯოკია ბოდოკიას ქმედების შესახებ უამრავი უპასუხო კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. იმედია, გამოძიება ყველა მათგანს სათანადო პასუხს გასცემს. მთავრობის სხდომაზე ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მაღალჩინოსნის დაკავებას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განაცხადა, რომ მისი მთავრობა გამორჩეულია კორუფციასთან ბრძოლაში. კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება ყველა საჯარო პირი, ვინც მსგავს დანაშაულს ჩაიდენს: ,,საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენ მსოფლიოში ვართ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებკორუმპირებული სახელმწიფო და ამ პოზიციის გაუარესების უფლებას არავის მივცემთ', - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.