ვადამდელი არჩევნები 76 მილიონად?!
ვადამდელი არჩევნების ყველა შესაძლო და შეუძლებელი სცენარიც კი, მედიამ და პოლიტიკოსებმა, დიდი ხანია, მიმოვიხილეთ. თუმცა ერთი ისეთი ვერსია დარჩა, რომელსაც ყველა უყრუებს, არადა, ,,ვერსიის' ინფორმაციით, დეპუტატები, უფრო სწორად, კონკრეტულად პარტია ,,ოცნების' საპარლამენტო გუნდი, პარტიის შიგნით, სწორედ ამ ვარიანტს ამუშავებს.
რიგგარეშე არჩევნების თემა ხელახლა უმრავლესობის წევრებისა და თავად ბიძინა ივანიშვილის განცხადებებმა წამოწია. ვადამდელი არჩევნების შესახებ, ბოლო დროს, ტელეეთერიდანაც და საპარლამენტო ტრიბუნიდანაც ხშირად ვისმენთ. ერთ-ერთი ბოლო განცხადება ჩვენთან ინტერვიუში და მოგვიანებით, ერთ-ერთ ხმაურიან სხდომაზე ქუთაისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ისნის მაჟორიტარმა, ალექსანდრე ქანთარიამ გააკეთა: ,,მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ არ გავჩერდებით და სამართლიანობას აუცილებლად აღვადგენთ. შესაძლოა, ამისთვის ვადამდელი არჩევნებიც დაგვჭირდეს და ამაზეც უნდა წავიდეთ'. ამ განაცხადებამდე ორი დღით ადრე ვიცე- სპიკერმა მანანა კობახიძემ რიგგარეშე არჩევნებს საინტერესო ახსნა მოუძებნა: ,,ვადამდელი არჩევნები დალაგებულ ქვეყნებშიც ტარდება, მაგალითად, შვედეთში. თუ კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნა, ამის გაკეთება საქართველოშიც არ იქნება პრობლემა. ეს არ იქნება განსაკუთრებული გამოწვევა ქვეყნისთვის, ამასაც გავუმკლავდებით'. ამ ყველაფერს რამდენიმე დღით უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება: ,,თუ საჭიროა, ვადამდელი არჩევნებიც ჩატარდება. თუ პროცესები ისე განვითარდა, რომ ეს აუცილებლობა დადგა, ამაშიც არაფერია კატასტროფული'. განცხადებების ამ კასკადს მასმედიაც შეეშველა და ვადამდელი არჩევნების სავარაუდო თარიღებიც კი გახდა ცნობილი. ,,ვერსიას' საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის კულუარებიდან აცნობეს, ყოფილ პრემიერს, 2016 წლის შემოდგომის ნაცვლად, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა 2015 წლის შემოდგომაზე, ოქტომბერში სურს და ამისთვის პარტიასაც ამზადებსო. პირად საუბარში დიდი ხანია, ყველა ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილი მის მიერ შექმნილ პარტიას აძლიერებს და არა კოალიციას - იმასაც ამბობენ, შორსმიმავალი გეგმები აქვს და სურს, მომავალი საპარლამენტო უმრავლესობა მხოლოდ მისმა პარტიამ დააკომპლექტოს, რადგან მრავალპარტიულობის ტესტი ამ მოწვევის პარლამენტმა ვერ ჩააბარაო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ოცნების' პარტიული ლიდერები რეგიონებში გასვლითი შეხვედრების რეჟიმზე აქტიურად გადავიდნენ.
ამას თან დაერთო უამრავი ახალი ვაკანსიის გამოჩენა საჯარო უწყებებში, როგორც ხალხის გულისმოგების ერთ-ერთი გზა. მოკლედ, თუ არასაპარლამენტო წყაროებს დავუჯერებთ, ,,ოცნება' სრული სვლით რიგგარეშე არჩევნებისკენ მიდის. თუმცა ,,გაბრაზებულ' ოპოზიციაზე სანდო, ალბათ, სახელისუფლო კულუარებია, სადაც აზრი ორადაა გაყოფილი. როგორც ,,ვერსიას' უმრავლესობის ერთერთმა დეპუტატმა გაუმხილა, მაჟორიტარები, რომელთაც ისედაც წყალი აქვთ შემდგარი, ვადამდელ არჩევნებზე სასტიკ უარს აცხადებენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც იცის, რომ მომავალ არჩევნებზე საერთოდ არ წარადგენენ, ან პარტიულ სიაში აღარ დააზღვევენ. უარზეა პარტია ,,ოცნების' ნაწილიც: ვადამდელ არჩევნებს მხარს რესპუბლიკელები, ეროვნული ფორუმი და კონსერვატორები უჭერენ - ყველაზე არეული ფონი ,,ოცნებაშიაო'. ,,ოცნება' ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად ვერ შედგა და ამაზე პარტიის წევრები ერთმანეთშიც ღიად საუბრობენ, კოალიციის დანარჩენმა, მეტ-ნაკლებად ძლიერმა პარტიებმა კი ზუსტად იციან, ვის რამდენი კაცი ჰყავს პარტიაში, ვის რამდენი მანდატი ექნება მომავალ გადანაწილებაში, ერთი სიტყვით, იციან, რაზეც ,,ივაჭრონ', ,,ოცნებაში' კი ყველაფერი არეულია და ერთ აზრზეც ვერ ვთანხმდებითო. თუმცა, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა, ერთ აზრამდე კოალიცია ,,ოცნების' რეიტინგის შეუქცევადმა ვარდნამ მიიყვანოს: თუ ხელისუფლება, კვლევების შედეგად, რეალურ სურათს მიიღებს და დარწმუნდება, რომ 2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში ასე დამაჯერებლად ვეღარ გაიმარჯვებს, არჩევნებს ამ წლის შემოდგომაზე, ანდაც, მაისში გადმოწევს. ერთი სიტყვით, ,,ოცნება' მიხვდა ან მიახვედრეს, რომ, თუ პარლამენტში იგივე შემადგენლობით შესვლა სურს, საარჩევნო ციკლი არ უნდა დაასრულოს და ,,სიის შემქმნელებს' უკეთესი კანდიდატების შერჩევის დრო არ მისცეს.
თუმცა ვადამდელ არჩევნებს კონსტიტუციური საფუძველიც სჭირდება: ასეთი ბიუჯეტის ჩაგდება და მთავრობის დათხოვნა იყო და ეს შანსი პარლამენტმა უკვე ,,გამაზა'. კიდევ ერთი ვარიანტი, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს მინისტრების შეცვლის ლიმიტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს არც შს სამინისტროში დატრიალებული ცვლილებებით ამოუწურავს. მეტიც, ახალი კაბინეტის დაკომპლექტებამდე, პრემიერს, სულ მცირე, 5 მინისტრის მოხსნა კიდევ შეუძლია. ამიტომ, 2015 წლის გაზაფხულ- შემოდგომამდე არც ეს ვარიანტი ივარგებს. რჩება ქუჩაში ხალხის გამოყვანა და კონსტიტუციის მეხუთე მუხლის ამოქმედება, მაგრამ ამის გაკეთება ნაციონალებს არ აწყობთ, დანარჩენ ოპოზიციას კი, ირმა ინაშვილისა და ნინო ბურჯანაძის ჩათვლით _ არ შეუძლიათ. ეს ცოტა ხნის წინ რუსთაველზე ჩატარებულმა მოკრძალებულმა აქციამაც დაგვანახა. რჩება ,,ოცნების' უმრავლესობა, რომელიც საკუთარი პარლამენტის წინააღმდეგ საკუთარ ფულს ვერ გამოიყენებს, ამიტომ საჭიროა ისეთი ვარიანტის მოძიება, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ხელს არაპირდაპირ შეუწყობს. ,,ვერსიას' ,,ოცნების' დეპუტატმა სწორედ ამ ,,ოქროს შუალედზე' მიაწოდა ინფორმაცია: რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის სიითი შემადგენლობის 76 დეპუტატი, ანუ ნახევარზე მეტი მანდატს დადებს და პარლამენტიდან გავა?! ასევე, ცესკო-ში განცხადებას დაწერს და პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის სიაში მომდევნო ნომრად ჩაწერილი 76 დეპუტატიც. მაშინ პარლამენტი უუნარო ორგანო ხდება და ვადამდელი არჩევნებიც ინიშნება. თურმე, ,,ოცნებაში' ამაზე რამდენიმე ჯგუფი სერიოზულად მსჯელობს. მეტიც, კულუარული ინფორმაციით, ეს ივანიშვილისთვის ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოშორების ყველაზე მისაღები გზაა, რადგან საგანგებო მდგომარეობის დროს, როცა მთავრობა უპირატეს მდგომარეობაში იქნება, ღარიბაშვილი არაერთ შეცდომას დაუშვებს და არჩევნების შემდეგ მასაც და მის მთავრობასაც უნდობლობას უფრო ადვილად გამოუცხადებენ. მართალია, კულუარებში ხუმრობენ, ამისთვის ივანიშვილს მინიმუმ 76 მილიონი დასჭირდება 76 დეპუტატისთვისო, მაგრამ, რატომაც არა?! თუკი ყოფილმა პრემიერმა 2012 წლის არჩევნებში მილიარდზე მეტი დახარჯა, 76 მილიონად წელს უფრო ,,იაფად' გამოვა. მეტიც, თუკი მანდატს 76 დეპუტატი დადებს, ამით პრეზიდენტ მარგველაშვილს შეიყვანს კონსტიტუციურ ჩიხში, რადგან ეს პირდაპირ რიგგარეშე არჩევნების გამოცხადების საფუძველი არ არის. სამაგიეროდ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. კონსტიტუციის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,თ' ქვეპუნქტში გარკვევით წერია: ,,პრეზიდენტი ომიანობისა თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას'. პარლამენტის 74 დეპუტატისამარა დარჩენა კი კანონის სწორედ ის ნაწილია, სადაც ხელისუფლების რომელიმე ორგანოს უუნარობაზეა საუბარი. თუმცა, თეორიულად, ეს შესანიშნავი ვარიანტია, თუკი ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის გაშვება პირდაპირ არ სურს და არც პარლამენტს დაათხოვინებს მარგველაშვილს მქუხარე პრეტენზიებით. ისიც ძნელი წარმოსადგენია, როგორ გამოდის 76 თავდახრილი დეპუტატი და მანდატს გვიდებს, მაგრამ არც 76 მილიონია ხუმრობა საქმე, მით, უმეტეს, პარლამენტი სწორედ მილიონისმაძიებლებითაა დაკომპლექტებული. ამასობაში, კონსტიტუციით, 2 თვის განმავლობაში, ქვეყანას მთავრობა და პრემიერი მართავენ, ყველაფერს ისინი წყვეტენ, ფინანსებს მთლიანად მთავრობა განკარგავს, არჩევნებს, თავისი ადმინისტრაციული რესურსით, მთავრობა ატარებს და თუ კაცის გამოჭერა გინდა, ამის გაკეთება ყველაზე ადვილი მისთვის სწორედ ასეთი ,,კარტბლანშის' მიცემისასაა. და ბოლოს, ამ ვერსიაში ყველაზე მომხიბვლელი ისაა, რომ მისი მართებულობა საკმაოდ მალე დადასტურდება _ იმ შემთხვევაში, თუ ლუკა კურტანიძე, რომელსაც გარდაცვლილი თამაზ ავდალიანის ნაცვლად, ,,ოცნების' სიით პარლამენტში შესვლა უწევს, მანდატზე უარს იტყვის, ე.ი. ივანიშვილს ასეთი გეგმა მართლაც ჰქონია. ახლახან კი კურტანიძემ განაცხადა, ირაკლი კობახიძესა და კახი კალაძეს კი ვესაუბრე პარლამენტში ჩემს შესვლა- არშესვლაზე, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას და მასთან შეხვედრას ველოდებიო...