ვინ არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის რეალური კანდიდატები - ტოპ-ხუთეული 36-კაციანი სიიდან

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის რეალური კანდიდატები - ტოპ-ხუთეული 36-კაციანი სიიდან

უზენაესი სასამართლოს პირველი პირის გვარი ჯერ არ დასახელებულა, მაგრამ ამ ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე მაინც გამოჩნდა _ პრეზიდენტი მარგველაშვილი პარლამენტს მოსამართლის კანდიდატურას 23 თებერვალზე გვიან ვერ წარუდგენს, რადგან კონსტანტინე კუბლაშვილს ვადა სწორედ ამ დღეს ეწურება. 10 თებერვალს, საღამოს 7 საათზე კი კანდიდატად დარეგისტრირების ვადაც ამოიწურა.

უკვე გამოქვეყნდა თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატთა 36-კაციანი სია, საიდანაც 8 პირმა მისი კანდიდატურის განხილვაზე უარი თქვა. 28-კაციანი სია კი ასეთია: დავით ასათიანი, მამუკა ახვლედიანი, ირაკლი ბურდული, მერაბ გაბინაშვილი, გოჩა გოგიშვილი, ნინო გვენეტაძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, ინგა თოდრია, ავთანდილ კახნიაშვილი, დავით კოღუაშვილი, ალექსი კობაიძე, კობა კობახიძე, თამარ ლალიაშვილი, გია მეფარიშვილი, როინ მიგრიაული, მამუკა მდინარაძე, ნოდარ მილაძე, ლევან მურუსიძე, მურმან ქამადაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მადონა ღიბრაძე, შალვა შავგულიძე, მარიამ ცისკაძე, მარინე ჭყონია, რომული ჯაფარიძე, თეიმურაზ ჯორბენაძე და გიორგი ჯუღელი. ,,ვერსია' აქტიურად წერდა სავარაუდო კანდიდატთა სიების შესახებ, რომელთა შორის, ევა გოცირიძე და გია მეფარიშვილი ლიდერობდნენ, დავასახელეთ ნაციონალებსა და კუბლაშვილთან ასოცირებული კანდიდატებიც. ყველა ეს ინფორმაცია გამართლდა, მაგრამ საპარლამენტო კულუარებში ყოველთვის გამორიცხავდნენ, რომ ხიდაშელი- ქუცნაშვილი და სხვა დეპუტატები კანდიდატთა სიაში იქნებოდნენ. თუმცა ასე არ მოხდა და სიაში 2 დეპუტატი მაინცაა. რეგისტრაციასა და მისი კანდიდატურის განხილვაზე კი უარი ლეიბორისტების მიერ დასახელებულმა ჯონი ხეცურიანმა, ასევე, დარეჯან გოგიბერიძემ, ნუნუ კვანტალიანმა, დავით მამისეიშვილმა, დავით სულაქველიძემ, იური ტაბუცაძემ, ნათია წკეპლაძემ, ლადო ჭანტურიამ და თინათინ ხიდაშელმა თქვეს. ამ 28 კანდიდატიდან ზოგი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, რაც ზეპარტიულობას, სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილებასა და მიუკერძოებლობას გულისხმობს, ზოგიც საზოგადოებისთვის მეტისმეტად უცნობია. ზოგზე კი საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება. მაგალითად, ლევან ასათიანზე, რომელიც კუბლაშვილის მარჯვენა თუ არა, მარცხენა ხელად მოიაზრება. ადვოკატთა ასოციაციის მიერ მისი დასახელება კი ეჭვს იწვევს. თურმე, მანამდე, ზაზა ხატიაშვილსა და ასოციაციას დავით ლანჩავასა და ზვიად კორძაძის კანდიდატურები უნდა დაესახელებინა, თუმცა ბოლო მომენტში, არჩევანი ასათიანზე შეაჩერა. დავით ლანჩავა კი ადგა და მამუკა ახვლედიანის კანდიდატურა აქეთ დაასახელა.

სასამართლოს კონტროლისთვის ბრძოლაში ექსპერტი თუ ,,ოცნების' ,,რუხი კარდინალი' გია ხუხაშვილიც ჩაერთო, რომელიც მხარს ყოფილ მოსამართლე თამარ ლალიაშვილს უჭერს. იგი ოფიციალურად, ლია მუხაშავრიას ორგანიზაციამ წარადგინა. ლია მუხაშავრია კი ხუხაშვილს ,,იმედის' ტელეპროექტიდან დაუმეგობრდაო, ამბობენ კულუარებში. ამ მარათონში ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილიც ჩაერთო, რომელსაც ცისკაძის სიძედ იცნობენ - ამ სიაში მარიამ ცისკაძის კანდიდატურაც გამოჩნდა, რომელიც არჩილ კბილაშვილის ნათესავია, ნაციონალების დროს კი ,,ეროვნულ ბანკში' მუშაობდა. ,,ვერსიას' საინტერესო ინფორმაციას კიდევ ერთი კანდიდატი, სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი თავის კონკურენტ ირაკლი ბურდულზე აწვდის - იგი ბურდულს, რომელიც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანია, უზენაეს სასამართლოში უჩივის და საბუთების, რეკომენდაციის გაყალბებასა და საკუთარი კადრების კონკურსის გარეშე დანიშვნას ედავება. აი, ტოპ-ხუთეული კი ასე გამოიყურება: ზაქარია ქუცნაშვილი, რომელზეც ხუმრობენ, მამის ძმაკაცმა მშენებლებმა დაასახელესო. სხვთაYშორის, მისი გვარი რამდენიმე დღის წინ ზაზა ხატიაშვილმაც გააჟღერა, ხოლო სპეციალურ ბრიფინგზე დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის რამდენიმე წევრი მხარს სწორედ ქუცნაშვილს უჭერს. თუმცა სათუოა, ორიოდ თვის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსტიტუციით ხელში მისულ ქუცნაშვილს მარგველაშვილი ამ წყენას ასე ადვილად თუ დაუვიწყებს. რეალური კანდიდატია ნინო გვენეტაძეც, რომლის სახელი საზოგადოებამ ჯერ კიდევ ნაციონალების დროს, უზენაესი სასამართლოდან 4 ,,დაუმორჩილებელი' მოსამართლის გამოგდებისას გაიგო. გვენეტაძე 2012 წლიდან სამართლის სისტემის რეფორმიების ჯგუფში, ,,ოცნებასთან' მუშაობდა და ამავე წელს, როცა მომავალი ხელისუფლება კუბლაშვილისთვის იმპიჩმენტის მოწყობაზე საუბრობდა, მის ჩამნაცვლებლად სწორედ გვენეტაძე მოიაზრებოდა. იგი არასამთავრობო სექტორის საკმაოდ მნიშვნელოვანმა წარმომადგენლებმა დაასახელეს. კიდევ ერთი პარტიულ- პოლიტიკური კანდიდატი შალვა შავგულიძეა - ,,თავისუფალი დემოკრატების' წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში, რომელიც მისი კომპეტენტურობისა თუ განათლების მიუხედავად, ალბათ მუდმივად დატოვებს კითხვას - არის თუ არა იგი მიუკერძოებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი? დიდი ალბათობით, მას მხარს ელისო ჩაფიძე არა, რესპუბლიკელები დაუჭერენ, ცხადია, ალასანიას პარტიის სხვა დეპუტატებთან ერთად. შავგულიძე კანდიდატად სწორედ მისმა პარტიამ წარადგინა. დაქსაქსული პარლამენტის მესამე ნაწილი კი, რაც ჭორი ნამდვილად არ არის და ,,ვერსიისთვის' ცნობილი თავად დეპუტატებისგან გახდა, ევა გოცირიძეს უჭერს მხარს. კარგი რომაა, ზუსტად ამიტომ დაინიშნა უზენაეს საბჭოში, გამოგვიცხადეს პარლამენტში. მას მხარს ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან კომიტეტში უჭერენ, ,,ოცნების' წრეებთან კი მისმა მეუღლემ, პირველმა ქართველმა მოსამართლემ სტრასბურგში, მინდია უგრეხელიძემ დააახლოვა. უგრეხელიძე ,,ოცნების' სამართლის რეფორმირების ჯგუფში მუშაობდა. ევა გოცირიძე მისმა კოლეგებმა დაასახელეს უზენაესი საბჭოდან. ბოლო კანდიდატი ტოპ-ხუთეულიდან ყოფილი გენპროკურორი გია მეფარიშვილია, რომელსაც ლამის ყველაზე მეტი წარმდგენ- გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა ,,ოცნებაში' - ნაკლებად. და ბოლოს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე საინტერესო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, უკვე არსებობს 28 კანდიდატის სია. ამიერიდან, პირობითად, მეორე ეტაპი იწყება, რომელიც გულისხმობს წარდგენილი კანდიდატების შერჩევასო. ასევე, გათვალისწინებული იქნება ის კრიტერიუმებიც, რაც არასამთავრობოთა და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალათა მიერ შემუშავდაო. ამ რეკომენდაციათა შორის ზეპარტიულობაც შედის, ამიტომ, შესაძლოა, ეს განცხადება დეპუტატი კანდიდატებისთვის წინასწარი სიგნალიც აღმოჩნდეს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პარტიული წარმომადგენლის დანიშვნა, ალბათ, არ ღირს.