საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ჩემთვის მიუღებელია, - ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე ავრცელებს.
დეპუტატის შეფასებით, არაკონსტიტუციურია კრიტერიუმი, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები პოლიტიკური გავლენისგან უნდა იყოს თავისუფალი. ხუნდაძე იმასაც ამბობს, რომ კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში შეთანხმებული არ იყო.
"არაერთხელ გაიჟღერა ფრაზამ, რომ კანდიდატების შერჩევის ოთხი კრიტერიუმის შესახებ პრეზიდენტთან უმრავლესობის სახელით იქნა შეთანხმებული. გასაოცარია ის ფაქტი, რომ უმრავლესობის წევრები ამის შესახებ არა უმრავლესობის კრებაზე, არამედ პრესის საშუალებით ვიგებთ. მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ოთხი კრიტერიუმიდან ერთი პირადად ჩემთვის მიუღებელია, ანუ ის, რომ კანდიდატი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან. ვფიქრობ, ეს არაკონსტიტუციური კრიტერიუმია. ეს ეწინააღმდეგება არა მარტო კონსტიტუციას, არამედ ლოგიკასაც. კანონი არ უკრძალავს პოლიტიკოსს შეწყვიტოს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა და განაგრძოს სამართლებრივი საქმიანობა, მითუმეტეს, თუკი ის პიროვნება სწორედ ამ სფეროდან მოდის. გარდა ამისა, ისმის მთავარი კითხვა: იქნება კი პრეზიდენტი იმის გარანტი, რომ არაპოლიტიკური, თავისუფალი კანდიდატებიდან შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შემდგომში რომელიმე პოლიტიკური ფრთის გავლენის ქვეშ არ მოექცევა? რა თქმა უნდა, ვერც პრეზიდენტი და ვერც სხვა ამის გარანტი ვერ იქნება. მაშინ რა გამოდის? საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიას ახსოვს ისეთი თავმჯდომარეები, რომლებიც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ იყვნენ, მაგრამ სწორედ ისინი ატარებდნენ კონკრეტული პოლიტიკური გუნდის ინტერესებს. მადლობა ღმერთს, რომ დღეს სასამართლო თავისუფალია ხელისუფლების ზეწოლისგან და ასეც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამისთვის არ არის აუცილებელი კანდიდატები არაკონსტიტუციური კრიტერიუმებით შევაფასოთ, პირიქით, ეს მიუღებელია. კანდიდატების შეფასების მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპი. სიმართლისათვის მებრძოლი პიროვნება ყოველთვის პრინციპულია: თავისუფალ საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიაში, ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი და მჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ მიიღებს მცდარ გადაწყვეტილებას, ანგარიშს გაუწევს საზოგადოებას და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად შემოგვთავაზებს მაღალ კვალიფიციურ, პრინციპულ, კარგ მენეჯერს, და რაც მთავარია, სამართლიანობის პრინციპის დამცველ პიროვნებას, რომელმაც ეს უკვე აჩვენა თავისი ცხოვრებით. საპარლამენტო უმრავლესობა და თითოეული ჩვენგანი დიდი სიფრთხილით მოვეკიდებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას. თითოეული ჩვენგანის მიერ მიცემული ხმა იქნება ახალი 10-წლიანი სასამართლო ისტორიის დასაწყისი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოაყალიბოს სამართლიანი სახელმწიფო. ეს თითოეული დეპუტატისთვის, რომლებიც სწორედ სამართლიანობისთვის ვიბრძოდით, უზომოდ პრინციპული საკითხია", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.