შალვა რამიშვილის ტელე-ბლოკ(გ)ი

შალვა რამიშვილის ტელე-ბლოკ(გ)ი

იმას, შედგა თუ არა ქვეყანა, არ განაპირობებს მხოლოდ ახალი გზები ანდა უღიპო პოლიციელების სიმრავლე ამ გზებზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა წარმოდგენა აქვს ამ ქვეყნის უფროსობას (ხელისუფლებას) მის ქვეშევრდომებზე. კარგ ქვეყანაში უფროსობა უფროსობა არ არის, ისინი მენეჯერები გახლავან.

წაიმუშავებენ რამდენიმე წელი პრემიერ თუ ისე მინისტრებად, მერე გადადგებიან და  დასეირნობენ მშვიდად კოპენჰაგენის ან ბერნის ქუჩებში. ცუდ ქვეყანებში ხელისუფლება თავისით არ მიდის. იქ მთავრობის კაცები გაიძახიან, მისია გვაქვს შესასრულებელიო, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთო, ვერაგ მტერთან ბრძოლაში ხალხს ხომ ვერ მივატოვებთო?! მტერი კი მრავალგვარი შეიძლება იყოს: კაპიტალისტი იმპერიალისტები, კომუნისტები, სიონისტები, რუსები...

მოკლედ, ყველა ცუდ ქვეყანას ჰყავს თავისი ბუა, რომლის არსებობითაც აიხსნება ამ ქვეყნის სიცუდე, ოღონდ სიცუდე - დროებითი და ფრაგმენტული. თუმცა, მხოლოდ შიშსა და კანკალში ხალხს ვერ ამყოფებ, ამიტომ ცუდი ქვეყნების მმართველები  ხანდახან სანახაობითაც უმასპინძლდებიან მოქალაქეებს.

ასეთი სანახაობა იქნება ლენი ჰარლენის ფილმის - "აგვისტოს 5 დღე" - თბილისური პრემიერაც, რომელიც მაშინ გაიმართება, როცა "კვირის პალიტრის" ამ ნომრის ბეჭდვას დაიწყებენ. ეს ფილმი პროპაგანდისტულ სურათთა რიცხვს მიეკუთვნება. მისი მიზანია, მსოფლიოს დაანახვოს  "ბუა" რუსეთის სისასტიკე, რაც მან 2008 წლის ომში ჩაიდინა. რა თქმა უნდა, ზოგი რამ უტრირებული იქნება, მაგალითად ისეთი, როგორიც თუნდაც რუსული ვერტმფრენებით ქართველების ქორწილის დახვრეტის სცენაა. მაგრამ ეს მოსულა.

ყველგან იღებენ პროპაგანდისტულ ფილმებს.  ისეთებს,  რომლებიც  კონკრეტული იდეის პოპულარიზაციას ახდენს. ასეთი იყო, მაგალითად, ფილმი სამხედრო მფრინავებზე ტომ კრუზის მონაწილეობით – ტოპ გან,"  რომელშიც კარგად არის რეკლამირებული ამერიკული სამხედრო მანქანა. უბრალოდ, ჰოლივუდი აღნიშნულ  ფილმებს ისე აკეთებს, რომ წაგება არ ნახოს.

ლენი ჰარლენის ფილმი მე არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ მას მწარედ დასცინა გოგი გვახარიამ და იგი "უნიჭო პროპაგანდისტულ ნაკეთობადაც" მოიხსენია, მე ჯერ ვერ გავაკრიტიკებ სურათს. ვიცი, რომ მიშამ დაავალა ნაყოფიას ამ საქმეში 20 მილიონი დოლარის ჩადება. ჭორად მსმენია, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა შედეგით კმაყოფილი არ არიან. მაგრამ ეს, როგორც იტყვიან, დაუზუსტებელი ინფორმაციაა. სამაგიეროდ, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ფილმის პრემიერაზე ჩამოვლენ მიშას როლის შემსრულებელი ენდი გარსია და შერონ სტოუნი. ეს გავიგე ნოდარიკო მელაძის მიერ მომზადებული "იმედის" სიუჟეტიდან.

სიმართლე გითხრათ, ამ ახალგაზრდისგან ვანო მერაბიშვილზე შექმნილი ოდა-"რეპორტაჟის" მერე რამე თუ გამიკვირდებოდა, არ მეგონა, მაგრამ ნოდარიკომ კიდევ ერთხელ მოახერხა ჩემი გაოცება. დივას ჩამოსვლით სრულიად ეგზალტირებულმა ჟურნალისტმა გვაჩვენა სასტუმროს ნომერი, რომელშიც შერონ სტოუნი იცხოვრებს. კადრებში ჩანდა ლოგინი, რომელშიც ჩაწვება სტოუნი, ზეწარი, რომელსაც ის გადაიფარებს... ნოდარიკომ აბაზანაშიც შეგვაჭყიტა და დაგვანახა, სად მიიღებს უკვე სიბერეშეპარული შერონი შხაპს. ისიც გვაუწყა, რომ აბაზანის ერთი კედელი გამჭვირვალეა და შხაპის ქვეშ მდგომი სტოუნი თბილისის ხედებით დატკბება.

ველოდებოდი რაიმე უფრო ინტიმურსაც, მაგრამ ნოდარიკომ არ გვაჩვენა სხვა პიკანტური აქსესუარები ნომრისა, რომელსაც შერონ სტოუნი უსათუოდ გამოიყენებს. შემდეგ კადრმა გადაინაცვლა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის ფოიეში, სადაც პრემიერის შემდეგ წვეულება გაიმართება და

რომელსაც ეკვადორიდან გამოწერილი 3000 ვარდი დაამშვენებს. შევიტყვე, რომ იქნებიან სამამულო "ვარდებიც" - სოფია ნიჟარაძე და  გიორგი უშიკიშვილი. პირველი მე მგონი უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბდა ბრეჟნევის დროინდელ ლიუდმილა ზიკინად, რომელსაც ყველა ოფიციალურ კონცერტზე ამღერებდნენ (უბრალოდ, ზიკინა ძალინ კარგი მომღერალი იყო და ბრეჟნევის გარდა, ხალხსაც უყვარდა).

ერთი სიტყვით, საქართველო ისე ხვდება ამ ფილმის პრემიერას, როგორც ნამდვილ ცუდ ქვეყანას  შეეფერება. რატომ? პასუხი მარტივია:

1. ცუდია ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი პარლამენტის წევრ საქმოსან დეპუტატს ავალებს ფილმის გადაღებას;

2. ცუდია ქვეყანა, რომლის ტელევიზია ხბოს აღფრთოვანებით (ძალიან გოიმურად) "აშუქებს" ჰოლივუდელი სტარის თბილისში ჩამოსვლას;

3. ცუდია ქვეყანა, რომლის მთავარ გამზირზე,  ანუ იქ, სადაც საპრემიეროდ წითელ ხალიჩას აგებენ, სპეცრაზმელებმა ხალხს უმოწყალოდ სცემეს და  ზოგი მოკლეს კიდეც.

4. დასასრულ, ცუდია ქვეყანა, რომლის ხელისუფალი ახალ-ახალ ძვირად ღირებულ გასართობებს იგონებს, რომ დაივიწყოს შიშის განცდა, შიში კი მიშას ბევრი რამის და ვინმესი შეიძლება ჰქონდეს. თუ მისი მმართველობის განვლილ  წლებს გადავხედავთ, ამაში ნათლად დავრწმუნდებით. ამ შიშს  რუსების მხოლოდ კინოში დამარცხება არ შველის.

ისე, დაეცადა ცოტა ხანი ამ დალოცვილ ბათიაშვილს კინო "რუსთაველის" სახურავიდან ჩამოძრომა და "აგვისტოს 5 დღის" პრემიერისას ყველაზე დაძაბულ მომენტში გამომხტარიყო ეკრანიდან!

მიშასაც დააფრთხობდი და შერონ სტოუნსაც გაიცნობდი, ძმაო!..