კორტების საქმე და გაზის ტარიფი

კორტების საქმე და გაზის ტარიფი

თემა, რომელმაც ამ კვირას მოსახლეობა ააფორიაქა, გაზის შესაძლო გაძვირებაა. იურიდიული პირებისთვის შეიძლება ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდოს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. კორტების საქმე, ბოლოს და ბოლოს, გახსნილია და ეს კვირის მთავარი მოვლენა იყო. პროკურატურამ კორტების საქმესთან დაკავშირებით 11 სამართალდამცავი დააკავა.

„[სასამართლომ] იხელმძღვანელა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით. იყო როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, რომ გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება და, შესაბამისად, თორმეტივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა დაპატიმრება“.

ეს პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის სიტყვებია. 4 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე ბრალდებულ თორმეტ ყოფილ სამართალდამცველს, აქედან ერთს – დაუსწრებლად. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და, მათ შორის, არც შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა - პროკურატურის მასალების თანახმად, 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი სამართალდამცველებმა სწორედ ფირცხალავას „პირადი დაინტერესების“ გამო დახოცეს. ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას დაკავებულების დაცვის მხარე. წინასასამართლო სხდომა 26 მარტს გაიმართება.

უკვე 8 თებერვალს კი პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია პირი, რომელიც ეჭვმიტანილია იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მოწყობაში. მკვლელობა მიმდინარე წლის 20 იანვარს მოხდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში. იური ვაზაგაშვილი ემსხვერპლა შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას. პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დაკავებულია გია სოსანაშვილი, რომელიც პოლიციის თანამშრომელია.

პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ სოსანაშვილი 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და მისი “დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს.” გამოძიება გრძელდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით.

სამ თებერვალს კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" გაავრცელა განცხადება იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის მომატების შესახებ. მთავარ მიზეზად დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა დასახელდა. საფასური ერთ კუბურ მეტრ გაზზე 15 თეთრით, ანუ 75 თეთრიდან 90 თეთრამდე, გაიზარდა.

პრემიერ-მინისტრმა, ბუნებრივ აირზე ფასის შენარჩუნების მიზნით, მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა ეკონომიკურ საბჭოს და ვიცე-პრემიერებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელია. 5 თებერვალს მის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, გაზის ტარიფი არ გაიზრდება და ამას ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების გზით მიაღწევს:

„ვფიქრობ, ჩვენ გამოვნახავთ გზებს იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც - გაზის გაძვირება. თვითონ „სოკარის“ წარმომადგენლებთან ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და ისინი აბსოლუტურად მზად არიან, რომ მოვილაპარაკოთ ამ თემაზე. ამიტომ მე მინდა მოგიწოდოთ კიდევ ერთხელ ორივე ვიცე-პრემიერს, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად, რომელიც ამ პროცესში ჩემი სახელით იქნება ჩართული, ეს საკითხი უსწრაფესად გადაწყვიტოთ“.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება და ეკონომიკური გუნდი ეცდება ფასის მოსალოდნელი გაზრდის შეჩერებას:

„ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები „სოკართან“, რომ მოვახერხოთ და ეს სიტუაცია დავასტაბილუროთ. ჩვენ დრო გვაქვს 1 მარტამდე, იცით, და ეს გაცხადებულიც იყო, რომ თუ მოხდებოდა კომერციული ობიექტებისთვის ფასების ზრდა,ეს მხოლოდ1 მარტიდან დაიწყებოდა.ამიტომ ჩვენ გარკვეული დრო გაგვაჩნია იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებულად ვაწარმოოთ. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ფასები არ გაიზრდება“.

ამ კვირაში სოხუმში ვიზიტით იმყოფებოდა ჰერბერტ ზალბერი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.ევროკავშირი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას დახმარებას სთავაზობს და კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ მას არ აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სოხუმიც მზად არის განიხილოს და შესაძლოა მიიღოს კიდეც კონკრეტული წინადადებები, თუმცა უკმაყოფილო რჩება არაღიარების საკითხით.

როგორც ჰერბერტ ზალბერმა აღნიშნა, ევროკავშირი აფხაზებს თანამშრომლობას სთავაზობს - კერძოდ, იმ მოდელის გაფართოებას, რაც უკვე მუშაობს გალის რაიონის შემთხვევაში:

„ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას... თუმცა ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. გალის რაიონში ევროკავშირი ახორციელებს რამდენიმე პროექტს - ძირითადად ეკონომიკის სფეროში - და ჩვენ ვაპირებთ განვავითაროთ ეს პროცესი. საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე საუბარია თანამშრომლობაზე განათლების სფეროში – განსაკუთრებით უცხო ენების შესწავლის კუთხით. არის შეთავაზება, რომ პერიოდულად ადგილობრივ უნივერსიტეტში ჩამოვიდნენ უცხოელი პროფესორები, ლექტორები ევროკავშირის უნივერსიტეტებიდან“.

ევროკავშირის შეთავაზებამ რომ ინტერესი გამოიწვია და სოხუმში მას კონკრეტული წინადადებების სახით განიხილავენ, ეს ადგილობრივ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ირაკლი ხინთბამაც დაუდასტურა:

„თუკი იქნება კონკრეტული წინადადებები ევროპული ქვეყნების ან სხვა პოტენციური პარტნიორების მხრიდან, ჩვენ ამ წინადადებებს აუცილებლად განვიხილავთ. ამჟამად აფხაზეთი საჭიროებს სერიოზულ ინვესტიციებს ეკონომიკის ბევრ სფეროში. ამიტომ ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ნებისმიერ წინადადებას, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.

შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც „მოწოდებას შუღლის გაღვივების მიზნით“ სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს, სახალხო დამცველი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს.

უფლებადამცველების აზრით, მოწოდება მხოლოდ მაშინ შეიძლება იქცეს დასჯად ქმედებად, როცა ამ ქმედებას პირდაპირი და აშკარა საფრთხე მოსდევს. კანონპროექტი 2 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა.

თუკი სისხლის სამართლის კოდექსში შემავალ ცვლილებებს პარლამენტი მხარს დაუჭერს, მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ეკა ფოფხაძემ, სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა, 2 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გააცნო სახალხო დამცველის წინადადებები კანონპროექტთან დაკავშირებით. ეკა ფოფხაძე კანონპროექტში ერთმნიშვნელოვანი ფორმულირებისა და სტანდარტის შეტანაზე ლაპარაკობს:

„საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადგინა ის სტანდარტი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მოწოდება დასჯადი, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მოწოდება კანონსაწინააღმდეგო ქმედების დადგომის აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. ამიტომ ეს სტანდარტი სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით არ უნდა იქნეს დაწეული და მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტს დაემატოს ეს მნიშვნელოვანი გარანტია, რომ არა უბრალო და ჩვეულებრივი მოწოდება იქნეს დასჯადი, არამედ მოწოდება, რომელიც ქმნის არსობრივ საფრთხეს, რომ მას მოჰყვება კანონსაწინააღმდეგო აშკარა, პირდაპირი და არსებითი შედეგი“.

კრიტიკულად აფასებს კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. ორგანიზაციის საპარლამენტო მდივნის თათული თოდუას თქმით, შსს-ს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შეუწყობს ხელს:

„ამ სახით წარმოდგენილი ნორმა, რომელიც ახდენს უბრალოდ მოწოდების კრიმინალიზებას, მიგვაჩნია, რომ, მას მოყოლილი საფრთხეების გათვალისწინების გარეშე, ეს იქნება ზედმეტად და არაპროპორციულად შემზღუდველი ფაქტორი გამოხატვის თავისუფლებისა“.

პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე კიდევ ერთი კანონის განხილვას გეგმავს - კანონისა „შრომითი მიგრაციის შესახებ“. კანონპროექტის მიზანი საქართველოში არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ასევე უცხოეთში საქართველოს მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვაა, თუმცა ადგილობრივი დამსაქმებლები კანონის სულისკვეთებას არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ ის ხელს შეუშლის საინვესტიციო გარემოს განვითარებას.

სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველო-თურქეთის საზღვარზესარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველო-თურქეთის საზღვარზე

კანონის იმ რედაქციით მიღების შემთხვევაში, როგორადაც ის ორმა საპარლამენტო კომიტეტმა უკვე განიხილა, დამსაქმებლებს სამსახურში უცხო ქვეყნის მოქალაქის აყვანა შეეზღუდებათ. დამსაქმებელი ვალდებული იქნება არსებული ვაკანსიის თაობაზე ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს. თუ ადმინისტრაციული ორგანო 7 დღის განმავლობაში ვერ მოიძიებს დასაქმების მსურველთა სახელმწიფო ბაზაში ვაკანტური ადგილის შესაფერისი კვალიფიკაციის კადრს, მაშინ დამსაქმებელს უფლება ექნება უცხო ქვეყნის მოქალაქე დაასაქმოს.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ კორძახია კანონპროექტის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი:

„ნებისმიერი მცირე მეწარმეც კი, რომელიც შესაძლოა საერთოდ არანაირ კავშირში არ იყოს უცხოელებთან, მაგრამ მის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე შეიძლება პოტენციურად რომელიმე უცხოელმა მიაკითხოს, ამ შემთხევაში მე წარმომეშვება ვალდებულება, რომ მე მას ვერ დავასაქმებ, რომც აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, თუ არ გავიარე ჯანდაცვის სტრუქტურები. გამოდის, ფაქტობრივად, ის, რომ დაიმალება ვაკანსიები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება ქვეყანა მაშინ, როცა გაჟღერდება, რომ მსგავსი რეგულაციები და ხარვეზიანი რეგულაციები ამოქმედდა, და ეს განსაკუთრებით საინვესტიციო პოლიტიკისთვის იქნება ცუდი“.

და კიდევ ერთი, წლების განმავლობაში მოუგვარებელი, საქმე: თბილისის მერია მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებას პრიორიტეტად აცხადებს. პარალელურად წესდება ჯარიმა მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა სახის პლაკატებისა და საინფორმაციო მასალების განთავსებისათვის. ქალაქში არსებული 41-ვე მიწისქვეშა გადასასვლელის კეთილმოწყობაზე ზრუნვა კი დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს „უძრავი ქონება - თბილისს“ დაევალა. კომპანიის ხელმძღვანელობას მიწისქვეშა გადასასვლელების პირველადი დასუფთავებისათვის 10-დღიანი ვადა მიეცა. გარდა ამისა, კომპანიას მათ მოსაწესრიგებლად და განათების უზრუნველსაყოფად გეგმა-გრაფიკის შემუშავებაც დაევალა. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწესრიგებლად ერთ მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.