ამბავს, რომელსაც დღეს “ქართული სიტყვა” გიამბობთ, ისეთი “ბობოლა” პერსონაჟები ჰყავს, როგორებიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და რამაზ ნიკოლეიშვილი იყვნენ. ამ “ნაციონალურ გაწეწვაში” ეპიზოდურ როლებს ვინმე ქალბატონი ნანა და კიდევ ერთი პიროვნება ასრულებდნენ, რომლის ვინაობასაც სააქციო საზოგადოება “ინჟმშენის” გენერალური დირექტორი ნიკო შარაბიძე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასახელებს. ისე, გამოძიება პირობითი ნათქვამია, რადგან მთავარ პროკურატურაში შეტანილი არაერთი განცხადების მიუხედავად, “ინჟმშენის გატყავების” საქმე წინ არ წასულა. შედეგი, ჯერჯერობით, არც პრემიერის სახელზე გაგზავნილმა წერილმა მოიტანა. ამიტომაც, შარაბიძე, რომელსაც წინა ხელისუფლებამ, საერთო ჯამში, 20 მილიონი “დააწერა”, აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, მთავარი პროკურატურა და ფინანსთა სამინისტრო “ნაციონალებისგან” ჩანერგილი კადრების ხელშია. “ხადურის უწყება “ნაციონალთა” მეთოდებით მუშაობს”, - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას 71 წლის ბიზნესმენი და განმარტავს, რომ ოჯახის გაუბედურებას არავის შეარჩენს და, თუკი სამართალს ვერ იპოვის, თავის თავს თვითონ მიხედავს.
ნიკო შარაბიძე: - “ინჟმშენში” მუშაობა 1976 წელს დავიწყე და სხვადასხვა თანამდებობა მეკავა. წლებია, სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორი ვარ, “ინჟმშენი” ქალაქის ინფრასტრუქტურის ობიექტებს - გზებს, მიწისქვეშა გადასასვლელებს, კორპუსებს, საქვაბეებს, წყალსადენის სათავე და გამწმენდ ნაგებობებს აშენებდა. სხვათა შორის, რესტორანი “ბერიკონიც” ჩვენ ავაშენეთ...
აფხაზეთის ომშიც აქტიურად ვმონაწილეობდით - ერთთვიანი შვებულება ავიღეთ და დივიზია “თბილისელში” ჩავეწერეთ, რომელიც მერე ბატალიონად გადაკეთდა. შეიძლება, ხელში შაშხანი არ გვეჭირა, მაგრამ საინჟინრო საქმე გვებარა და ესეც ბრძოლა იყო...
1997 წელს, სააქციო საზოგადოება “ინჟმშენი” შევქმენით და კარგადაც ვმუშაობდით.
- “კარგად მუშაობას” რას ეძახით?
- მაგალითად, სასტუმრო “თბილისისა” და “საქართველოს ბანკის” რეკონსტრუქცია გავაკეთეთ, “მარიოტის” მშენებლობაშიც აქტიურად ვმონაწილეობდით. პრეზიდენტის რეზიდენცია კი, თავიდან ბოლომდე, ჩვენ გავაკეთეთ.
- აკი, რეზიდენცია ვალერი გელაშვილმა ააშენაო?
- გელაშვილის ორგანიზაცია “ევრას” პრობლემები შეექმნა... ჩვენ რომ დაგვირეკეს, ერთი სახლის მშენებლობა, სადაც უშიშროების საბჭო უნდა დამჯდარიყო, დაწყებული იყო...
- რახან რეზიდენციის მშენებლობა დაგიკვეთეს, ესე იგი, სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა გქონდათ, არა?
- მიშას საერთოდ არ ვიცნობდი. უბრალოდ, გაიკითხეს, გაიგეს, რომ საქმის გაკეთება შეგვეძლო და ამიტომ დაგვიძახეს.
- ბატონო ნიკო, ხომ იცოდით, “ნაციონალები” ბიზნესმენებს რასაც უშვრებოდნენ და რეზიდენციის მშენებლობაზე რატომ დასთანხმდით?
- ჯერ ერთი, არ ვიცოდი, მეორეც, დავთანხმდი და მაინც გამწურეს, რომ არ დავთანხმებულიყავი, ხომ წარმოგიდგენიათ, რას მიზამდნენ?
- “ნაციონალებიდან” კავშირზე პირველად ვინ გამოვიდა?
- შსს-ს მაშინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც თავდაპირველად შს სამინისტროს ობიექტების მშენებლობა დაგვავალა. მერე კი, როცა თავდაცვის მინისტრად გადავიდა, ე.წ. მერვე პოლკი აგვაშენებინა.
- ბატონო ნიკა, “დავალებაში” არაოფიციალურ ურთიერთობას გულისხმობთ თუ ხელშეკრულებას?
- ყველაფერი ოფიციალურად იყო...
- ანუ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ფულს გაძლევდნენ?
- ნაწილობრივ.
- “ნაწილობრივ” რას ნიშნავს?
- ფულს თავიდან გვიხდიდნენ, მერე კი, - აღარ. როცა თავდაცვის მინისტრი გახდა, ოქრუაშვილმა დაგვავალა, 2 მილიონი უკან დააბრუნეთო.
- 2 მილიონის უკან დაბრუნება თავად ოქრუაშვილმა მოგთხოვათ?
- არა, მისმა მოადგილემ დაგვიძახა, ქალბატონმა ნანამ...
- ნანა რა გვარია?
- აღარ მახსოვს... მოკლედ, ქალბატონმა ნანამ თავდაცვის სამინისტროში დაგვიბარა, რომელიც მაშინ საბურთალოზე მდებარეობდა და გვითხრა, ბატონმა ირაკლიმ თქვა, რომ 800 ათასი ლარი უკან უნდა დააბრუნოთო.
- დასთანხმდით?
- მივუგე, მოვიფიქრებ-მეთქი. ეს ის დროა, როცა ხალხს წაკუზულს იჭერდნენ. ჰოდა, ვიფიქრე, წაკუზვას ჯობია, სესხი ავიღო და ეს 800 ათასი გადავიხადო-მეთქი.
- ესე იგი, შეგეშინდათ!
- რასაკვირველია, შემეშინდა, მატროსოვი კი არ ვარ!
- თანხა “ქეშად” უნდა გადაგეხადათ?
- არა, ანგარიშზე უნდა შემეტანა.
- ესე იგი, ბიუჯეტში?
- არა, რაღაც ანგარიშზე.
- რა ანგარიშზე?
- არც ვიცი, რა ანგარიში იყო.
- გადახდის ქვითარი არ შეინახეთ?
- მთელი საბუთები დაკარგული მაქვს...
- 800 ათასი გადაიხადეთ?
- ვიდრე გადავიხდიდი, ქალბატონმა ნანამ ისევ დამირეკა და მითხრა, რომ მილიონ 500 ათასი უნდა “დამედო”. სხვათა შორის, მოგვიანებით ეს ქალბატონიც დაიჭირეს... ბოლოს, გადასახდელი თანხა 2 მილიონზე ავიდა, მაგრამ შევაგინე, შენი და ირაკლი ოქრუაშვილის დედაც... არაფერს გადავიხდი-მეთქი. მეორე დღეს, დილით, ოფისში მივიდნენ და “აგვაყირავეს”.
- ოფისში სპეცრაზმი შემოვიდა?
- არა, ფინანსური პოლიციის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების ხალხი. ამ დროს ოფისში არ ვიყავი, დამირეკეს, მივხვდი, გვიჭერდნენ და მაშინვე ოფისში მივედი, სადაც ყველაფერი არეული დამხვდა. შევუტიე, რა ამბავია, “პეტეოს” ინჟინერი და დისპეტჩერი რას გამოყარეთ, თუ რამე გინდათ, მე მითხარით-მეთქი... ჩემს კაბინეტში შევედით, ერთი გარეთ დარჩა - ტელეფონზე ლაპარაკობდა. საერთოდ, ოქრუაშვილთან შესანიშნავი, მეტიც, მამაშვილური ურთიერთობა მქონდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვთვლიდი.
- ერთმანეთს ხშირად ხვდებოდით?
- დიახ...
- ერთად გიქეიფიათ კიდეც?
- დიახ, რესტორანშიც ვყოფილვართ და ობიექტებზეც. მავალებდა, ნიკო, ეს გააკეთე, ის გააკეთეო...
- თუკი ოქრუაშვილთან მამაშვილური ურთიერთობა გქონდათ, ფინანსური რომ დაგეცათ, რატომ არ დაურეკეთ?
- ფულის მოთხოვნები რომ დაიწყო, ტელეფონზე აღარ მპასუხობდა... მოკლედ, იმ დღეს არ დამიჭირეს - ეტყობა, ირაკლის დაურეკეს და იმან უთხრა, არ დაიჭიროთო. ხომ გეუბნებით, ოქრუაშვილთან როგორი ურთიერთობა მქონდა. მინდოდა, შინაც მიმეყვანა - სადილზე დამეპატიჟა.
- მაშასადამე, ირაკლი ოქრუაშვილი “კაი ტიპი” გეგონათ, არა?
- ძალიან ვაქებდი... მაგასთან, გორში, სახლშიც ნაქეიფარი ვარ...
მოკლედ, მეორე დღეს, ფინანსურ პოლიციაში, მეცხრე სართულზე დამიბარეს.
- მიხვედით?
- მივედი და ვუთხარი, ფეხებითაც რომ დამკიდოთ, ფული არ მაქვს და ამ თანხას ვერ გადავიხდი-მეთქი.
- ბრალად რას გიყენებდნენ?
- არაფერს, უბრალოდ, მეუბნებოდნენ, 2 მილიონი უკან დააბრუნეო.
- სამუშაოს შესრულებისთვის სულ რამდენი გქონდათ აღებული?
- დაახლოებით, 20 მილიონი.
- ამდენი თანხა ერთ შენობაზე დაიხარჯა?
- არა.
- აბა?
- “მერვე პოლკის” კაპიტალური რემონტი, დაახლოებით, 5 მილიონი დაჯდა, ზუგდიდში, ერთ შენობაზე 2 მილიონამდე დავხარჯეთ. პროკურატურის 8 შენობა გავაკეთეთ, საიდანაც ზოგი ნახევარი მილიონი დაჯდა, ზოგიც - ერთი მილიონი...
- ბოლოს და ბოლოს, ორი მილიონი გადაიხადეთ?
- თვითონ მითხრეს, ბანკიდან სესხს აგაღებინებთ, გადაიხდი და არ დაგიჭერთო. ასეც მოვიქეცი - არ დამიჭირეს და მუშაობა გავაგრძელე.
- საქმიანი ურთიერთობა ისევ ოქრუაშვილთან გქონდათ?
- არა, ვანო მერაბიშვილთან - ამ დროს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს შენობის რეკონსტრუქციას ვაკეთებდით... სხვათა შორის, ერთი ობიექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართანაც გვქონდა, როცა ოქრუაშვილი და ჟვანია ერთმანეთს დაეტაკნენ, ოქრუაშვილს დავურეკე და ვუთხარი, თუ დაგჭირდა თქვი, “ინჟმშენმა” ეს 300-ათასიანი ობიექტი თავისი მოგებიდან გააკეთაო. მერე, ვანოს დროს, ამ მოგებიდან თანხა ხელახლა გადამახდევინეს - საბურთალოზე, სადაც ახლა პოლიციაა, ადრე აბანო იყო და მის გადაკეთებაში 300 ათასი არ მომცეს. ყველაფერ ამაში ის სათვალიანიც მონაწილეობდა.
- ადეიშვილი?
- დიახ, მაგან დამიჭირა. ადეიშვილია ყველაზე ბოროტი!
- რომელ წელს დაგიჭირეს?
- 2010-ში.
- ციხიდან “ოცნების” ამნისტიით გამოხვედით?
- არა, კაცო, ყველაფერს გეტყვით, მაცადეთ...
- კი ბატონო, გისმენთ... ოქრუაშვილი ოპოზიციაში რომ წავიდა, მასთან ურთიერთობა აღადგინეთ?
- აპა-პაპა-პაპა...
ზემოხსენებული 300 ათასის გარდა, ენერგეტიკის სამინისტრომ მილიონ 700 ათასი არ გადაგვიხადა. არც პროკურატურა გვიხდიდა...
- თუ არ გიხდიდნენ, მუშაობას რატომღა აგრძელებდით?
- იმიტომ ვაგრძელებდი, რომ არ დავეჭირე...
- ბოლოს და ბოლოს, “ინჟმშენზე” უარი გეთქვათ... “ნაცმოძრაობის” ე.წ. შემომწირველიც იყავით?
- დამირეკავდნენ ხოლმე, ამდენია საჭიროო და შემქონდა...
- “ნაცმოძრაობას” სულ რამდენი შესწირეთ?
- მახსოვს, ერთხელ, 30 ათასი შევიტანე...
- ბატონო ნიკო, რაღა დაგიმალოთ და, ვერ გავიგე: ფულს, ასე თუ ისე, იხდიდით და რატომღა დაგიჭირეს?
- აგიხსნით... ყველაფერს ქრონოლოგიურად გიყვებით... ადეიშვილის პროკურატურის შენობებს რეკონსტრუქციებს ვუკეთებდით, 360 ათასი უნდა გადაეხადა, მაგრამ არ მოგვცა და არც მოგვითხოვია. ამ სამუშაოებიდან 10-პროცენტიანი მოგება გვეკუთვნოდა, მაგრამ მოგებაში მხოლოდ 2 პროცენტი გვეწერა. ერთხელ, ვთხოვე, შენი პროკურორები მეუბნებიან, კარ-ფანჯრები შეგვიცვალეო და იქნებ, მოგება გაგვიზარდო-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა...
მოკლედ, ჩემი მუშაობით უკმაყოფილონი არ უნდა ყოფილიყვნენ.
- ამასობაში, მიშა გაიცანით?
- დიახ, ერთხელ, რამდენიმე ადამიანთან ერთად, მის კაბინეტში შევხდი, თუმცა ხანდახან მშენებლობაზეც გამოივლიდა ხოლმე.
- სააკაშვილის კაბინეტში რაზე ილაპარაკეთ?
- მშენებლობაზე... ამ დროს ე.წ. საქმეთა მმართველი უკვე ადეიშვილი იყო და ხალხს პოლიციაში ეძახდნენ, სამუშაოები მალე დაასრულეთო, მაგრამ ჩემთვის არავის არსად დაუძახია - მართლაც, კარგად, სამ ცვლაში ვმუშაობდით... სხვათა შორის, ვალის ნაცვლად, მიშას რეზიდენციიდან ფანჯრები მომცეს.
- რატომ?
- დააყენეს, არ მოეწონათ, მოხსნეს და მომცეს. ახლაც საწყობში მიწყვია... იმის გამო, რომ ფული ბოლომდე არ გადამიხადეს, დღგ გადასახდელი დამრჩა.
ამის შემდეგ, ქვემოიჯარესთან ერთად, კიდევ ერთი დიდი - 25-მილიონიანი ტენდერი მოვიგეთ. სწორდ ამ დროს, ინფრასტრუქტურის მინისტრად ყოფილი პოლიციელი, რამაზ ნიკოლეიშვილი მოვიდა, რომელსაც გულზე არ ვეხატებოდით.
- ანუ, ნიკოლეიშვილს უნდოდა, რომ სახელმწიფო ტენდერები “მისიანებს” მოეგოთ?
- ალბათ... მოკლედ, დამიჭირეს.
- ესე იგი, ნიკოლეიშვილის წაფითილებით დაგიჭირეს?
- ნიკოლეიშვილისა და სხვა პიროვნებების...
- კიდევ ვისი?
- ახლა არ დავასახელებ...
- კარგი...
- სიმართლე გითხრათ, ნიკოლეიშვილის გამო კი არ დამიჭირეს, არამედ, ერთ-ერთ პიროვნებასთან ფული მიმატანინეს.
- რა მიზნით?
- ამ პიროვნებას ობიექტს ვუშენებდი. ერთხელ, მითხრა, სააკაშვილისთვის ფული უნდა “გამითეთროო”. ვუპასუხე, ანგარიშფაქტურები მუშაობს და “გათეთრება” შეუძლებელია-მეთქი. თუ არ “გაათეთრებ”, ორივეს დაგვიჭერენო. რაღა უნდა მექნა? - ფული გადმომირიცხა, გამოვიტანე და გადავეცი, თან საბუთი დავწერეთ და ხელიც მომიწერა, თითქოს მის ობიექტზე რაღაც სამუშაო შევასრულეთ. ამ პიროვნებამ მითხრა, ძმაო, ეს ფული იქ მიმაქვს და ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარო.
- რამდენი “გაათეთრეთ”?
- ორი მილიონი... 2010 წლის ივლისში, შემოწმებაზე შემოვიდნენ, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ აგვისტოში საქმე გამწვავდა და 31 აგვისტოს დამიჭირეს.
- ფულის “გათეთრება” როდის მოხდა?
- 2009-2010 წლებში, თუმცა ამ “გათეთრებიდან” არაფერი მიმიღია. ეს კი არადა, დღგ-ც მე გადამახდევინეს...
- რომ დაგიჭირეს, მოდულ-ში წაგიყვანეს?
- არა, დიღომში, ჩემს გარემონტებულ პოლიციის სამმართველოს “კაპეზეში”, სადაც მესამე დღეს ცუდად გავხდი...
- “კაპეზეში” რას გეუბნებოდნენ?
- “ტუფტა” საბუთების გამო, ბუღალტერს და “პრარაბებს” იჭერდნენ, ვუთხარი, ეგენი რა შუაში არიან, დამნაშავე მე ვარ-მეთქი.
- ის პიროვნება, ვინც ფულის “გათეთრება” გაიძულათ, არ დაასახელეთ?
- არა.
- რატომ?
- მითხრა, გიშველიო. ჩემი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი იყო. როგორც ადვოკატი ძლიერია, მაგრამ როგორც პიროვნება - უვარგისი.
- ამას რატომ ამბობთ?
- მთავარი პროკურორი რომ გახდა, შევხვდი. მითხრა, განცხადება შემოიტანეო.
- შეიტანეთ?
- დიახ, ერთი კი არა, რამდენიმე - აქ ათასი საკითხია, მაგრამ ჯერ ერთზე ვლაპარაკობ...
- გირაოთი გაგათავისუფლეს?
- მილიონი უნდა გადამეხადა.
- რა ბრალდებას გიყენებდნენ?
- საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებას... ვიჯექი ერთი თვე, ორი, მერე, ადვოკატის პირით შევუთვალე...
- ანუ, კბილაშვილის პირით?
- არა, კბილაშვილმა თქვა, საქმეში მონაწილეობას მაშინ მივიღებ, თუ საგნობრივი განხილვა იქნებაო. ამიტომ, სხვა ადვოკატი ავიყვანე...
- საპროცესოს გაფორმება დაჭერისთანავე შემოგთავაზეს?
- არა, მამზადებდნენ... მოკლედ, იმ პიროვნებას, რომელსაც არ ვასახელებ, კაცი გავუგზავნე, მაგრამ განაცხადა, ნიკოსთან საქმე არ მქონიაო. გამომძიებელთან შეხვედრა ვითხოვე, რომელსაც ვუთხარი, ასე და ასე იყო-მეთქი... ჰოდა, გამოძიებასთან, ასე ვთქვათ, ვითანამშრომლე. ჩემს ცხოვრებაში არავინ “ჩამიშვია”, მაგრამ რა მექნა? - ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა...
- ციხეში გემუქრებოდნენ?
- არა...
- “კაპეზედან” გლდანის ციხეში გადაგიყვანეს?
- დიახ...
- არც “კარანტინის დაშლის” დროს გცემეს?
- არა, გადავრჩი.
- როგორ?
- “კამერაში” რომ შემოვიდნენ, ჩემზე თქვეს, ბებერია, თან ავადაა და დავტოვოთო. სხვები გაიყვანეს და უბრაგუნეს, შემრცხვა, მაგრამ რა მექნა?!
- საპროცესო რომ გადაგეხადათ, ისევ სესხი აიღეთ?
- საპროცესო კი არა, საგადასახადო შეთანხმება გამიფორმეს, რომლის დასაფარადაც, მხოლოდ ჩემი კი არა, მძახლის, სიძის, მთავარი ბუღალტრის სახლები, ასევე, აგარაკი და მთელი “ინჟმშენის” ქონება, რომელიც 20 მილიონი ღირს, გირაოში ჩავდეთ.
- ეს ქონება ახლა ვისია?
- ეგენი “საქართველოს ბანკის” მეშვეობით მუშაობდნენ. ახლა, გამოსახლების პირას ვართ...
- ბატონო ნიკო, ციხიდან, საბოლოო ჯამში, რა თანხის სანაცვლოდ გამოგიშვეს?
- 2-მილიონიანი საგადასახადო შეთანხმება გამიფორმეს, პლუს, სამ თვეში ერთი მილიონიც უნდა გადამეხადა, მაგრამ ეს ერთი მილიონი ვერ გადავიხადე, საიდან უნდა გადამეხადა? - ყველა ობიექტი ერთმანეთში აურ-დაურიეს.
- რას გულისხმობთ?
- ერთი ობიექტიდან თანხა მეორეზე გადამარიცხინეს, აქეთ-იქით, მთელი ამბავი ატყდა და იცით, რატომ? - წყალტუბოში, პარლამენტარებისთვის აგარაკები სჭირდებოდათ. სანატორიუმ “მეშახტედან” ხალხი უნდა გამოესახლებინათ და მის ნაცვლად ათი სახლი უნდა ჩაგვებარებინა, მაგრამ ვერ ვაბარებდი - ციხიდან ახალი გამოსული ვიყავი და ვერ ვასწრებდი, თან სამუშაოები ორ წელში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ერთი წელი თვითონ არ გვამუშავეს - ტერიტორია წესიერად არ ჰქონდათ გამოყოფილი, სხვა პრობლემებიც არსებობდა. ბოლოს, ობიექტის დასამთავრებლად 8 თვეღა მქონდა, დავამთავრე, მხოლოდ 4 სახლის მოპირკეთება ვერ მოვასწარი. ამის გამო გამოგვყარეს და ჩვენი ქვემოიჯარე ორგანიზაცია დატოვეს, რომელსაც ფულს ჩვენგან უხდიდნენ. ამ ორგანიზაციას ვადაც მოუმატეს და ობიექტი დაამთავრებინეს, ვალები კი მე ამკიდეს და დღეს სწორედ ამაზე მედავებიან.
- ყველაფერი ეს რომელ წელს მოხდა?
- 2011-ში.
- ანუ, “ოცნება” უკვე არსებობდა?
- ვიდრე “ოცნება” გამოჩნდებოდა, რამდენიმე ტენდერი მოვიგე, მაგრამ დაწერეს, რაღაცები არასწორად გქონიაო და გამომაგდეს, ერთი ტენდერის შედეგები კი, საერთოდ გააუქმეს. როცა ტენდერში მონაწილეობ, ბანკი გარანტიას გაძლევს. ერთ-ერთი ტენდერი რომ მოვიგეთ, ბანკმა გარანტიაზე უარი გვითხრა და დისკვალიფიკაცია მოგვცეს...
2011 წლის ივლისსა თუ აგვისტოში დამიძახეს და მითხრეს, ერთი მილიონი ხომ გაქვს გადასახდელი, ქალაქის პროკურატურა ააშენე და ამ თანხას გადახდილად ჩაგითვლითო.
- დასთანხმდით?
- დიახ... ფული აღარ მყოფნიდა, მაგრამ ეს სამუშაო ე.წ. საქველმოქმედო საქმიანობით, ანუ დღგ-ს გარეშე შემასრულებინეს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მივწერე, ასეთი მდგომარებაა, ეს შენობა ჩემია და დამიბრუნეთ-მეთქი.
- მერე, რაო იუსტიციის მინისტრმა, რა გიპასუხათ?
- ჩემი განცხადება პროკურატურას გადაუგზავნა, ყველაფერი გაარკვიეო.
- მოკლედ, ბატონო ნიკო, დღეს რა პრობლემა გაქვთ?
- “ნაციონალებმა” ყველაფერი წაგვართვეს, ახლა კი, იგივე ხალხი გვამოწმებს.
- მაინც, ვინ “იგივე ხალხი”?
- ფინანსური სამსახური, რომლის ჯგუფის უფროსიც ისევ ისაა, ვინც მაშინ იყო - გიორგი წიქარიშვილი.
- ბატონო ნიკო, “ოცნების” წევრი ხართ?
- არა. უბრალოდ, ხელისუფლება რომ შეიცვალა, პროკურატურაში განცხადება შევიტანე, მაგრამ არ იძიებენ.
- რატომ?
- აი, ნახეთ, პრემიერ-მინისტრს მივწერე:
“მოგახსენებთ, რომ 2012 წლის ნოემბერში მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას სს “ინჟმშენისა” და პირადად ჩემს მიმართ სააკაშვილის მთავრობის მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულის გამოძიების თაობაზე. საქმე აღძრულია და მესამე წელია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფება. გამოძიება დაიწყო და, პრაქტიკულად, შეჩერებულია ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო (გამომძიებელი ქალბატონი ნინო ქავთარაძე). ვინაიდან ორგანიზაცია და ჩვენც ვიმყოფებით გაუსაძლის პირობებში, გთხოვთ, გასცეთ განკარგულება, რომ საქართველოს პროკურატურამ და საფინანსო პოლიციამ დროზე დაასრულონ გამოძიება და მოითხოვონ ამ საქმის ირგვლივ დამნაშავეების დასჯა”.
პრემიერისგან პასუხი მოვიდა:
“საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს - სათანადო რეაგირებისთვის გეგზავნებათ საქართველოს პრემიერის სახელზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შესული სააქციო საზოგადოება “ინჟმშენის” წარმომადგენლის, ნიკოლოზ შარაბიძის წერილი. გთხოვთ, განიხილოთ წერილში არსებული საკითხი და პასუხი აცნობოთ დაინტერესებულ მხარეს”.
- ბატონო ნიკო, თქვენი აზრით, გამოძიება რატომაა გაჩერებული?
- იმიტომ, რომ პროკურატურაში ჩანერგილი “ნაციონალები” მხოლოდ ჩვენ კი არა, მთავრობასაც ყოველმხრივ ზღუდავენ!
- წეღან მითხარით, რომ კბილაშვილთან, როცა მთავარი პროკურორი იყო, მიხვედით. რატომ არ დაგეხმარათ?
- ვთხოვე, გამოსახლება მაინც შემიჩერე-მეთქი, მაგრამ ვერ დამეხმარა.
- რატომ?
- კბილაშვილმა დაავალა, რომ საქმე შეესწავლათ, მაგრამ მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, ვერაფერს გავაკეთებთო.
- ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არ გიცდიათ?
- არ ვიცი, როგორ უნდა შევხვდე...
სხვათა შორის, აშშ-ის საელჩოს გამშვებ პუნქტს ვუკეთებდით, ამ საქმეზე ახლა რაღაც ამოქექეს, ჩვენ არც დაგვიძახეს და დაგვაჯარიმეს.
- რამდენით?
- 63 ათასით... მაგათ ვუთხარი, თუკი ასეა, ჩემი ფული და ქონება, რაც წაიღეთ, დამიბრუნეთ და მერე შემამოწმეთ-მეთქი.
- რა პასუხი გაგცეს?
- თქვენს თხოვნას დავაკმაყოფილებთო, მაგრამ არ დააკმაყოფილეს.
- ესე იგი, “ოცნებამ” ვერ გიშველათ?
- ვერა, რადგან ხადურის უწყება “ნაციონალების” მეთოდებით მუშაობს!
- რას აპირებთ, ბატონო ნიკო?
- ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ვთხოვ, რომ სიმართლე გაარკვიონ, თუ არადა, ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ და ჩემი ოჯახის გაუბედურებას არავის ვაპატიებ!
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ მთავარ პროკურატურაში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ახალი სპეციალიზირებული სტრუქტურული დანაყოფი - „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი” შეიქმნა. მართალია, ახალი დეპარტამენტის, ასე ვთქვათ, ფუნქციების პრეზენტაცია ჯერ არ გამართულა, მაგრამ არსებული ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი მოვალეობა იმ განცხადებების შესწავლაც იქნება, რომლებიც წართმეულ ქონებას შეეხება. ასე რომ, იმედის, როგორც იტყვიან, პატარა ნაპერწკალი ისევ არსებობს. იმას, სამართალი ისევ ურმით ივლის თუ “სამართლიანობის აღდგენის პროცესი” წარმატებით დასრულდება, მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს. სხვა რა დაგვრჩენია, დაველოდოთ...