ქართული ანდაზაა: “ურემი რომ გადაბრუნდა, გზა მერე გამოჩნდაო...” ქართულ პოლიტიკაში მოვლენები სწორედ ამ ანდაზით ვითარდება. ყოველ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც 2006 წლის 2 მაისის “კორტების სპეცოპერაციაში” იყვნენ მხილებულნი, ვიდრე იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე არ მოკლეს, “ოცნებამ” არათუ დაიჭირა, არამედ, სამსახურებიდანაც არ გაათავისუფლა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე მათგანი, რომელიც ორი დღის წინ აიყვანეს, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წუთამდე ძალოვან უწყებაში მუშაობდა... ისე, სიმართლე რომ ითქვას, “ცხელი თებერვალი” ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ჯერ კიდევ 2014 წლის მიწურულს დააანონსეს. ამასთან, არსებობს კულუარული ცნობა, რომ სერიული დაჭერები გაგრძელდება და “გლდანის ციხეს” მხოლოდ “ნაციონალები” კი არა, ზოგიერთი “ოცნებელი” და მოქმედი ხელისუფალიც “მოინახულებს”. აღსანიშნავია, რომ თავის ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას მარტ-აპრილზე მინიშნება ყოფილმა პრემიერმაც გააკეთა... მაინც, რა მოხდება? - ეს რიტორიკული შეკითხვაა, თუმცა მიუხედავად ამისა, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე ლამის დარწმუნებით ამბობს, რომ ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ზღვარზეა. ამასთან, ქართველი სპეცსამსახურელი აცხადებს, რომ პირადმა ოპერატიულმა წყაროებმა “ეფ-ბი-აი”-სა და “ფე-ბე-ერ”-ის საიდუმლო მოხსენება მიაწოდეს, სადაც ყველაფერ იმაზეა ლაპარაკი, რაც საქართველოში 2012 წლის საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული ხდება. ამასთან, ფორჩხიძე “ქართული სიტყვის” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მოხსენება, მეტ-ნაკლებად, ბიძინა ივანიშვილსაც ეხება. მაშ ასე, ვინ და რა მიზნით შემოიყვანა პოლიტიკურ თამაშში ირაკლი კობახიძე, წავა თუ არა ემზარ კვიციანი ნინო ბურჯანაძესთან, რა ინტრიგებია “ოცნებაში” და რატომ გააქტიურდა დავით თევზაძე? - “ქართული სიტყვა” აგრძელებს სკანდალური ინტერვიუების ციკლს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკ კონსტანტინე ფორჩხიძესთან.
- ყოფილი პრემიერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს, მაგრამ არც გამორიცხავს. ბატონო კოტე, თქვენი შეფასებით, მერვე მოწვევის პარლამენტი არსებობას ვადამდე ხომ არ შეწყვეტს?
- როცა იმხელა პოლიტიკური ფიგურა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია და რომელიც დღეს ქართული პოლიტიკის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ალბათობას უშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება, ანუ როგორც ჩანს, ივანიშვილი პოლიტიკური პროცესების სხვანაირად განვითარებას არ გამორიცხავს.
ისე, ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ვადამდელი არჩევნები, პირველ რიგში, “ქართულ ოცნებას” აწყობს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ “ოცნების” რეიტინგი კატასტროფულად ეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის პარლამენტში მცირე პროცენტით მოხვდება.
- სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი ხალხის ნდობაზე, მგონი, პირველად გააკეთა...
- ამაში მართალია: იმ საქმიანობიდან გამომდინარე, რასაც პოლიტიკაში მოსვლამდე აწარმოებდა, ქველმოქმედებას და იმ ფინანსურ წვლილს ვგულისხმობ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივ ჩამოყალიბებაში შეიტანა, ხალხის ნდობა ჯერ კიდევ აქვს.
- ხალხის ნდობა ერთია, მაგრამ ყოფილი პრემიერის თქმით, მისი პოლიტიკაში დაბრუნება მეორედ მოსვლა იქნება...
- ამ განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა მიუხედავად ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ თუკი სახელისუფლებო კრიზისი გაღრმავდება, ივანიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში არა, მაგრამ პარტია “ქართულ ოცნებაში” დაბრუნდეს, რომელიც მისი პირმშოა და რომელსაც კიდევ ერთ ინექციას გაუკეთებს...
- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ქვეყანაში ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი ახალ ფაზაში შევიდა - “კორტების სპეცოპერაციაში” მხილებული ყოფილი ძალოვანების გარდა, როგორც ამბობენ, სხვებსაც დაიჭერენ...
- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა შეიძლება, აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი უნდობლობის საკითხის წამოჭრამ გააჩინოს.
- აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდობლობა, წესით, პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს...
- დიახ.
- უნდობლობის საბაბი რა შეიძლება გახდეს?
- შეიძლება, ხელისუფლების გარკვეული უკანონო საქმიანობის მიმართულებები გამოაშკარავდეს. თუკი ასეთი რაღაცის პედალირება მოხდა, დღის წესრიგში მთავრობის ნდობის საკითხი დადგება.
გარდა ამისა, ნდობის საკითხი, არ გამოვრიცხავ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასაც მოჰყვეს.
- ბატონო კოტე, ვიდრე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო სატელევიზიო გამოსვლაში, “ოცნების” ხელისუფლების ცალკეული ნეპოტისტურ-კორუფციული მიდრეკილებები, პრაქტიკულად, დაადასტურა და ამ კონტექსტში ძმები ჩხენკელები ახსენა, არადა, თავის დროზე ითქვა, რომ ჩხენკელებმა თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე, გადაღლის გამო დატოვეს. ესე იგი, ყოფილი პრემიერი მოქმედ მთავრობას გარკვეულ უნდობლობას უცხადებს?
- ასე გამოდის. ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ “ოცნების” ხელისუფლებაში ჩხენკელის, როგორც “ნაცმოძრაობის” აქტივისტის, თანამდებობაზე დანიშვნის წინააღმდეგი იყო. ეს განცხადება ხელისუფლებისთვის მესიჯია, რადგან ჩხენკელი ყველა იმ ადამიანის კრებითი სახელია, რომელიც თავის დროზე “ნაცმოძრაობის” წევრი იყო, დღეს კი, “ოცნებაშია” მოკალათებული. ივანიშვილის სწორედ ეს განცხადება მიანიშნებს, რომ ძალოვან და სხვა სტრუქტურებში წმენდა დაიწყება.
- ივანიშვილმა ისიც თქვა, ღარიბაშვილს ვეუბნებოდი, შენი ნათესავები შენი პრობლემააო... ეს რაღა მესიჯია?
- იცით, რა?! - აქ საქმე ცოტა სხვანიარადაა.
- მაინც, როგორ?
- თუკი იცოდა, რომ ნათესავები ღარიბაშვილისთვის სერიოზულ პრობლემად იქცეოდნენ, მაშინ პრემიერად არ უნდა დაენიშნა, მაგრამ როგორც ვიცი, ივანიშვილის მართვის სტილი ასეთია: პიროვნებას გზას აძლევს და თავისუფალი არჩევანის უფლებასაც უტოვებს.
- კი ბატონო, მაგრამ ივანიშვილის მხრიდან აქცენტის ნათესავებზე გაკეთება რა აუცილებლობას წარმოადგენდა?
- ეს, პრაქტიკულად, ხელისუფლებაში ნეპოტიზმის აღიარებაა, ანუ ხელისუფლებას მიანიშნა, რომ მისი რეიტინგის კლების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნეპოტიზმია.
- სხვათა შორის, ნეპოტიზმი და მოქმედი პრემიერის ნათესავები პარტია “ქართული ოცნების” ახალმა აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემაც ახსენა...
- წმინდა ადამიანური და კოლეგიალური ურთიერთობიდან გამომდინარე, ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ჯერ არავინ იცნობს, ეს განცხადება არ უნდა გაკეეთებინა.
- გამორიცხავთ, რომ ამ განცხადების გაკეთების უფლება კობახიძეს “ზევიდან” დართეს?
- მგონია, რომ ეს პიროვნება საკუთარი “ბეგრაუნდის” შექმნას ცდილობს, თან მაქვს ინფორმაცია, რომ მას უფრო სერიოზული თანამდებობისთვის ამზადებენ.
- ახალგაზრდა კაცისთვის პარტიის აღმასრულებელ მდივნობაზე უფრო სერიოზული თანამდებობა რაღა უნდა იყოს, პრემიერობა?
- არა.
- აბა?
- ვთქვათ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა.
- საინტერესო ვერსიაა... ისე, თქვენი ინფორმაციით, ბატონო კონსტანტინე, “ოცნებაში” შიდა კლანები არსებობს?
- რა თქმა უნდა, არსებობს...
- ამ თემაზე ლაპარაკი შეგიძლიათ?
- კი ბატონო...
ერთი დავით უსუფაშვილისა და, საერთოდ, “რესპუბლიკელების” მიმართულებაა. ვერ ვიტყვი, რომ კოალიციაში “რესპუბლიკელების” ფრთა სუსტია, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ ეს ფრთა დომინირებს, რაც კარგია.
- კარგი რატომაა?
- იმიტომ, რომ ჩვენი პროდასავლურობის შენარჩუნების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტია.
“ოცნებაში” მეორე მიმართულება ვიცე-პრემიერ კახი კალაძის მიმართულებაა, ანუ პარტია “ქართულ ოცნებაში” უმეტესად მისი კადრები არიან.
- ახალი აღმასრულებელი მდივანი კობახიძეც კალაძის კადრია?
- კობახიძე, ჩემი ინფორმაციით, ღარიბაშვილის კადრი არაა.
- კობახიძის მამის “ბეგრაუნდი” ბურჯანაძემდე მიდის. კალაძე რა შუაშია?
- არ ვიცი...
ისე, კალაძეს ბიზნესურთიერთობა თავის დროზე ზურაბ ნოღაიდელთან ჰქონდა, რომლის ენერგეტიკული ბიზნესიც მთლიანად რუსულ ფლანგზეა მიბმული...
- ბატონო კონსტანტინე, თქვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პარტია “ქართულ ოცნებას” აკონტროლებს?
- აქამდე, ალბათ, აკონტროლებდა, თუნდაც გია ვოლსკის საშუალებით, თუმცა იგივეს თქმა დღეს აღარ შეიძლება...
- სხვათა შორის, მედიაში ითქვა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ღამეს, ბიძინა ივანიშვილმა ვოლსკის უყვირა... ერთი სიტყვით, იმის თქმა გინდათ, რომ პარტია “ქართულ ოცნებას” მთლიანად ვიცე-პრემიერი აკონტროლებს?
- დიახ...
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს და თუკი ამ პოსტზე კობახიძე განიხილება, მაშასადამე, კალაძე-მარგველაშვილს შორის ფარული კავშირია?
- კულუარებში ამბობენ, რომ მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურას დაასახელებს, მაგრამ “ქართული ოცნება” ამ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
- მარგველაშვილს “ოცნებაში” მხარდამჭერები ჰყავს?
- თუ პოლიტიკურ პროცესს გადავხედავთ, მარგველაშვილისა და “თავისუფალი დემოკრატების” დაახლოება ჩანს...
- “თავისუფალი დემოკრატები”, დიდი ხანია, კოალიციის წევრები აღარ არიან...
- პრეზიდენტს კარგი ურთიერთობა აქვს “ოცნების” რესპუბლიკურ ფრთასთანაც...
- ბატონო კოტე, ნუ მიწყენთ და, ვერ ვხვდები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პრეზიდენტმა კობახიძის კანდიდატურა როგორ უნდა წარადგინოს, ან ყველაფერი ეს ვადამდელ არჩევნებთან რა კავშირშია?
- პრეზიდენტს კობახიძის კანდიდატურის წარდგენას აიძულებენ.
- ვინ და როგორ?
- ეს პოლიტტექნოლოგიების საქმეა...
პარტია კობახიძისთვის მოსამზადებელი პლატფორმაა...
- კობახიძე იქნებ, პაიკია, რომელსაც გარკვეული ჯგუფები, ან ჯგუფი ქვეყანაში რყევების გამოსაწვევად იყენებს?
- გამორიცხული არაფერია... ისე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და, ივანიშვილის თქმისა არ იყოს, გაუგებარია, ამ კანდიდატურებზე “ვაკანსია” რატომ გამოაცხადა.
- დემოკრატიის მთავარი გარანტორი უზენაესი სასამართლოა და აქედან გამომდინარე, მარგველაშვილის მიერ გამოცხადებული ე.წ. კონკურსი, ვფიქრობ, გამართლებულია...
- თუ მართლა დემოკრატია გვინდა, მაშინ კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები უნდა შევიტანოთ, რომლითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არჩევითი თანამდებობა იქნება. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სწორედ ასეა... ისე, მარგველაშვილმა რამდენი კანდიდატურაც უნდა წარადგინოს, თუ “ოცნებასთან” არ იქნება შეთანხმებული, ჩავარდება და ამას მერაბ ტურავას მაგალითიც მოწმობს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ იყო წარდგენილი. მოკლედ, ყველაფერ ამის ბოლო შეიძლება, ის იყოს, რომ პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვოს.
- მერე?
- ეს უკვე პოლიტიკური კრიზისის ნიშნები იქნება.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთავრობა საკუთარი ნებით გადადგეს, რაც დროებითი ინექცია იქნება და “ქართული ოცნება” 2016 წლამდე მივა. იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა ნებით არ გადადგება, პარლამენტი მის ნდობის საკითხს დააყენებს, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოჰყვება, რომლის განსამუხტავადაც პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.
- პოლიტიკურ კრიზისს ახალი მთავრობის წარდგენა ვერ განმუხტავს?
- ვერა...
- მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თუკი დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დადგება, პარტია “ქართული ოცნება”, ბურჯანაძე და “პატრიოტთა ალიანსი” შესაძლოა, ერთ კოალიციაში გაერთიანდნენ...
- არ მგონია, ეს კოალიცია შეიქმნას.
- რატომ?
- თუ ასეთი კოალიცია შეიქმნა, მაშინ გამოვა, რომ “ქართული ოცნების” მთავარი ამოცანა ბურჯანაძის ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოყვანა ყოფილა, რაც შეიძლება, რევოლუციის საბაბი გახდეს... სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძის “ქართულ ოცნებაში” მიყვანით ივანიშვილი მაინცდამაინც აღფრთოვანებული არაა.
- ყვლაფერი ზემოთქმული “ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს ხომ არ მისცემს?
- “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია!
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ? არ გაგიგიათ, არასოდეს თქვა არასოდესო?
- ყოველ შემთხვევაში, ძველი შემადგენლობით “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. თუკი “ქართული ოცნება” “ნაცმოძრაობის” გზას დაადგება და ამის ნიშნები ჩანს, ხალხი ხმას აღარც “ოცნებას” მისცემს, აღარც - “ნაცმოძრაობას” და შეიძლება, ისეთი კატეგორიის ხალხი გამოჩნდეს, რომელიც პოლიტიკურ ვექტორს სხვა მიმართულებით გადაიყვანს.
- რას გულისხმობთ?
- ვთქვათ, ირაკლი ალასანია გაძლიერდეს...
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გარდამტეხი როლი, რასაკვირველია, ხალხმა შეასრულა, მაგრამ აშშ-ის ფაქტორის გამორიცხვაც არ შეიძლება - ამერიკელები, ჩემი ინფორმაციით, არჩევნების პროცესში პირდაპირ ჩაერივნენ, ანუ “ცე-რე-უ”-მ და “ფე-ბე-ერ”-მა სენატის უშიშროების კომიტეტს ყოველწლიური მოხსენება წარუდგინეს. ამ მოხსენებაში ერთი თავი მთლიანად მიხეილ სააკაშვილს ეთმობოდა და პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ის რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამის შემდეგ იყო ობამასთან ცივი შეხვედრა, როცა მიშას ღიად უთხრეს, რომ ხელისუფლება უნდა დაეთმო, თორემ ის არ მოერიდებოდა, არჩევნები გაეყალბებინა და პრემიერად მოსულიყო.
სხვათა შორის, ამ მოხსენებაში მინიშნება ბიძინა ივანიშვილზეცაა გაკეთებული, ანუ სააკაშვილს ხელისუფლება მისთვის უნდა დაეთმო.
- ეს მოხსენება საჯაროა?
- არა.
- აბა, თქვენ საიდან იცით?
- ინფორმაცია პირადი კონტაქტებით მოვიპოვე და დარწმუნებული ვარ, ამ მოხსენების შესახებ “ნაცმოძრაობის” მხოლოდ რამდენიმე ლიდერმა იცის, მათ შორის, ერთ-ერთი გიგა ბოკერიაა. ამ მოხსენების მთავარი საფუძველი კი, ჩემი ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გახდა.
- დღეს თეთრი სახლი მხარს ვის უჭერს?
- დღეს და მომავალშიც, ამერიკელები მხარს ირაკლი ალასანიას და “რესპუბლიკელებს” დაუჭერენ! სიმართლე გითხრათ, “რესპუბლიკელების” იდეოლოგიას არ ვიზიარებ, რადგან ლიბერტარიანელი კი არა, მემარცხენე-ცენტრისტი ვარ, მაგრამ ალასანიასი არ იყოს, ისინიც თანმიმდევრულები და ანგარიშგასაწევები არიან...
- ბატონო კოტე, ბოლო სატელევიზიო გამოსვლაში ყოფილმა პრემიერმა “კაბელების საქმე” ყასიდადაც არ ახსენა...
- ეს მესიჯი იყო.
- ვისთვის?
- უფრო ალასანიასთვის, ანუ ივანიშვილმა “თავისუფალ დემოკრატებს” დარტყმა აღარ მიაყენა...
- რატომ?
- ივანიშვილი ქართული პოლიტიკის ამერიკულ ფრთას არ უტევს.
- არ მგონია, ასე იყოს, რადგან ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ სამ მძლავრ არასამთავრობოზე გამოსაქვეყნებლად ე.წ. მონიტორინგის შედეგებს ამზადებს... აშშ-ის საელჩომ ამ არასამთავრობოებთან თანამშრომლობა ღიად დაადასტურა... ამასთან, ივანიშვილმა უკრაინაში მებრძოლ ქართველებზეც მიანიშნა...
- ამ კუთხით არ ტყუის.
- რისი თქმა გინდათ?
- რუსეთმა შიდა მოხმარებისთვის შავი პიარის აგორება დაიწყო, აი, რუსეთის წინააღმდეგ ქართველები ომობენო: რუსულმა ტელევიზია “როსია 24”-მა კი, საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის სრული გამოსვლა გადასცა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში ყველა მედიასაშუალებას აკვირდებიან და იმ სცენარის განვითარებას ცდილობენ, რაზეც წინა ინტერვიუებში ვისაუბრეთ, ანუ ადრე ვამბობდი, უკრაინაში საომრად წასულ ქართველებს კრემლი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს-მეთქი და ახლა სწორედ ეს მომენტი დადგა.
სხვათა შორის, ის პროგნოზიც გამართლა, როცა ვთქვი, რომ რუსები შეტევას მარიუპოლზე მიიტანდნენ - რუსეთს მარიუპოლი ყირიმის ანექსირებული სივრცის გახსნისთვის სჭირდება. გარდა ამისა, მარიუპოლის დაკავებით მთელი აზოვის ზღვა რუსული გალენის ქვეშ მოექცევა. მოკლედ, რუსული სამხედრო მანქანა არ გაჩერდება და შეეცდება, რომ მთელი აღმოსავლეთი უკრაინა დაიმორჩილოს და ეს შეიძლება, ანექსიის ისეთი ფორმით გააკეთოს, რომელიც თავის დროზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გამოიყენა. საერთოდ, უკრაინაში ზუსტად ის სცენარი ვითარდება, რომელიც ჩვენ 90-იან წლებში გავიარეთ.
- სხვათა შორის, აჭარის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლის რამდენიმე მოსახლემ პუტინი საქართველოში “დაპატიჟა”...
- ეს ჩვეულებრივი “მეხუთე კოლონის” ნიშნებია... 2015 წლის შემოდგომაზე “მეხუთე კოლონა” უფრო გააქტიურდება!
- ბატონო კონსტანტინე, რა ამის პასუხია და, ბოლო ორი კვირაა, ქართული პოლიტიკა ეკას გარშემო ტრიალებს. ეკა, როგორც ასეთი, რა მოვლენაა?
- ვიღაცები აქცენტს “ვარდების რევოლუციამდელ” პერიოდზე აკეთებენ, მაგრამ ასეთი ფორმები მაშინაც არ იყო. ეს ფაქტი, ერთის მხრივ, სასაცილოა, მეორეს მხრივ კი, - ცუდი...
ვანო, წინა ინტერვიუებში გითხარით და ახლაც გავიმეორებ: ის კადრები, რომლებიც შსს-ში ვანო მერაბიშვილის დასაყრდენად ითვლებოდნენ, ღარიბაშვილის მინისტრობის დროსაც იყვნენ შენარჩუნებულნი და ჭიკაიძისაც. ამ ადამიანთა გვარები არაერთხელ დამისახელებია. სხვათა შორის, ეს სენი მხოლოდ შსს-ს კი არა, ყველა ძალოვან უწყებას სჭირს. ისე, დღეს თავდაცვის სამინისტროში ცუდი პროცესები მიმდინარეობს - იქ “ნაცმოძრაობის” კადრები ისევ არიან და შემიძლია, რამდენიმე კონკრეტული ადამიანი დავასახელო, რომელიც წინა ხელისუფლებასთანაა მიბმული. ასევე, თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს ეკა ზღულაძის ყოფილი თანაშემწე, რომელიც გია ბარამიძის ახლობელიცაა.
- ამის შესახებ თავდაცვის ახალმა მინისტრმა იცის?
- წესით, უნდა იცოდეს... ხელისუფლებისა და სახელმწიფოებრიობისთვის ყველაზე საშიში სწორედ ეს კატეგორიაა, რადგან ამინდს სწორედ ეს კადრები ქმნიან!
- შეიძლება, ამ თემას არ ეხება, მაგრამ როგორ ფიქრობთ, პატიმრობიდან გათავისუფლებული ემზარ კვიციანი ნინო ბურჯანაძესთან ხომ არ წავა?
- არ მგონია. ალბათ, იმ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდება, რომლის დაარსებაც დავით თევზაძემ დააანონსა.
- თევზაძე რატომ გააქტიურდა?
- არ ვიცი. ისე, მას სერიოზული რესურსი აქვს და გამორიცხული არაა, მის გვერდით სალომე ზურაბიშვილიც ვიხილოთ...
- ბატონო კონსტანტინე, იმ სამწლიანი გადასახედიდან, რაც “ოცნება” პოლიტიკაშია, ხომ არ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებმა ივანიშვილი საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს?
- რა თქმა უნდა, და ივანიშვილის გაღიზიანების მიზეზი, შეიძლება, სწორედ ესეც გახდა. საერთოდ, ადამიანის ნდობის ბოროტად გამოყენება არ შეიძლება და ასეთ დროს პირადი ინტერესების წინა პლანზე წამოწევა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რაც ამაზრზენია!
მოდით, სიმართლე პირდაპირ ვთქვათ: ადამიანები შეცდომებს უშვებენ, მათ შორის, - ივანიშვილიც.
- ანუ?
- პოლიტიკაში ნამყოფი არ იყო და ბევრი ფაქტორი ვერ გაითვალისწინა. ამიტომ, იმ რეალობის წინაშე დადგა, რა რეალობაც დღესაა და ცდილობს, ყველაფერი გამოასწოროს.
- სიტუაციას არასამთავრობოებზე იერიშის მიტანით გამოასწორებს?
- მხოლოდ ერთს გეტყვით: არასამთავრობოებში ბევრი ისეთი მექანიზმია ჩადებული, რომლითაც სპეცსამსახურები ნებისმიერ ხელისუფლებას აკონტროლებენ...
- ...აფხაზური მედიის ცნობით, ევროკავშირს აფხაზეთში წარმომადგენლობის გახსნა სურს. ამაზე რას იტყვით?
- ეს არაფერს ნიშნავს.
- რატომ?
- ჯერ ერთი, ეს ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია არაა, მეორეც, ევროკავშირის წარმომადგენელი აფხაზეთში შეიძლება, სადაზვერვო მისიით იყო ჩასული...