უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ობამა აშშ-ის მსოფლიო ლიდერობაზე ლაპარაკობს

უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ობამა აშშ-ის მსოფლიო ლიდერობაზე ლაპარაკობს

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელშიც ხაზგასმულია აშშ-ის, როგორც მსოფლიო ლიდერის როლი საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილი იყოს „კანონებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“ და მობილიზაციაში მოვიდეს გლობალური ძალები უსაფრთხოების სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის რუსეთის „აგრესიის“ შესაჩერებლად.

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ აშშ სათავეში უდგას „წამყვან საერთაშორისო კოალიციებს, რომლებიც უპირისპირდება აგრესიით, ტერორიზმით და დაავადებებით გამოწვეულ მწვავე საფრთხეებს.“

ობამას განცხადებით, ვაშინგტონი ევროპელი მოკავშირეების მხარდამხარ მოძრაობს და რუსეთს მკაცრ სანქციებს უწესებს, რათა კრემლის მიერ უკრაინაში გადადგმულ ნაბიჯებს საფასური მოჰყვეს და სამომავლო აგრესია შეკავებულ იქნეს.

დოკუმენტში, რომელშიც ასახულია ობამას პრეზიდენტობის დარჩენილ პერიოდში გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, საუბარია ასევე სხვა საფრთხეებზე, მათ შორის ატომური იარაღის გავრცელებაზე, ისლამისტურ ტერორიზმზე და „დესტრუქციულ“ კიბერშეტევებზე.

ახალ დოკუმენტში ჩამოყალიბებული პოლიტიკური ორიენტირები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ობამას ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოზიციებისგან სხვადასხვა საერთაშორისო ფრონტთან მიმართებით, იქნება ეს ექსტრემისტულ ჯგუფთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა თუ მოსკოვსა და კიევს შორის მიმდინარე კონფლიქტი.

საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ის ლიდერობის მნიშვნელობის ხაზგასმასთან ერთად, თავის წინასიტყვაობაში ობამა გამოდის გაფრთხილებით, რომ გლობალურ კრიზისებთან ბრძოლაში ვაშინგტონმა ზედმეტად ბევრი ფაქტორი არ უნდა მოიცვას.

აშშ-ის პრეზიდენტი წერს: „აშშ ყოველთვის დაიცავს თავის ინტერესებს და უერთგულებს მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის მიცემულ პირობებს. მაგრამ ჩვენ რთული არჩევანის გაკეთება გვიწევს ბევრ, ერთმანეთის კონკურენტ პრიორიტეტს შორის და ყოველთვის უნდა შევეწინააღმდეგოთ ზედმეტად ბევრი ფაქტორის მოცვას - რასაც შიშზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება იწვევს ხოლმე.“

დოკუმენტის გამოქვეყნების ფონია ვაშინგტონში მიმდინარე ცხარე დისკუსია იმის თაობაზე, უნდა მიაწოდოს თუ არა აშშ-მა უკრაინას იარაღი პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან მიმდინარე ბრძოლაში ქვეყნის აღმოსავლეთში. კიევი და დასავლეთის მთავრობები მოსკოვს ადანაშაულებენ ამ სეპარატისტების მხარდაჭერაში.

ახალი სტრატეგია ამბობს, რომ ვაშინგტონი გააძლიერებს აშშ-ის და საერთაშორისო თანამეგობრობის შესაძლებლობებს, რათა ქვეყნებს შორის და მათ წიაღში კონფლიქტების პრევენცია მოხდეს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“ და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ მისი აგრესიული პოზიცია წარმოადგენს საფრთხეს „საერთაშორისო ნორმებისთვის, რომელთა მნიშვნელობა, ცივი ომის დასრულების შემდეგ, თავისთავად იყო ნაგულისხმევი.“

გლობალური ტერორიზმის საფრთხესთან მიმართებით, ობამა იმეორებს მისი ადმინისტრაციის პირობას, რომ სირიასა და ერაყში დარტყმებით დასუსტდება და საბოლოოდ დამარცხებულ იქნება ექსტრემისტული ჯგუფი, „ისლამური სახელმწიფო“ და შენარჩუნებულ იქნება ზეწოლა ალ-ყაიდაზე.

ობამას თქმით, აშშ-მა თავი უნდა აარიდოს მრავალრიცხოვანი ქვეითი კონტინგენტების განთავსებას, როგორებიც მან ათწლეულზე დიდი ხნის წინ მიავლინა ერაყსა და ავღანეთში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ მსოფლიო ლიდერად უნდა აქციოს მაგალითად ყოფნამ - რომ შინ მან საკუთარ ღირებულებებს უნდა უერთგულოს, საზღვარგარეთ კი უნივერსალური ღირებულებების გავრცელებას უნდა შეუწყოს ხელი.

სტრატეგიის თანახმად, აშშ კიდევ უფრო მტკიცედ ეწინააღმდეგება წამებას და კონგრესთან მიმდინარეობს მუშაობა კუბაზე, გუანტანამოს ყურეში მდებარე ციხიდან პატიმრების გადაყვანაზე.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დამიანის უფლებების დაცვის მიზნით ვაშინგტონი ზეწოლას განახორციელებს მთავრობებზე, რომლებიც „არ იზიარებენ აშშ-ის ყველა ღირებულებას“, მაგრამ მათთან აშშ-ს სტრატეგიული ინტერესების გამო უწევს თანამშრომლობა.