ნიკოლ ბეტფორდი - „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) პროგრამის მონაწილე ბაჰამის კუნძულებიდან თავის ბლოგპოსტში აღწერს პროგრამიდან დათხოვნის ამბავს. ადამიანის უფლებათა ცენტრი ნიკოლს სკაიპით დაუკავშირდა და დაწვრილებით გაეცნო მის ისტორიას.
ნიკოლ ბეტფორდის გადმოცემით, TLG-ის ხელმძღვანელობასთან პრობლემები პროგრამის დასაწყისშივე, ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე შეექმნა. ნიკოლის განცხადებით, პროგრამამ გამგზავრების თარიღი ორი დღით ადრე გამოაცხადა, როცა მონაწილეებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სამგზავრო ბილეთები. შექმნილი ვითარებით გაღიზიანებულმა ნიკოლმა „ფეისბუქზე“ დაახლოებით ასეთი შინაარსის სტატუსი განათავსა: „რა დაემართა პროფესიონალიზმს, თავაზიანობას, დროულობასა და გონივრულობას?“ სტატუსის ზუსტი ციტირება ამჟამად ვერ ხერხდება, რადგან ფეისბუქზე განთავსებიდან რამდენიმე საათში ნიკოლი იძულებული გახდა, იგი წაეშალა.
სტატუსის გამოქვეყნებიდან ერთ საათში ნიკოლს დაუკავშირდა ლარისა შირბა Footprints Recruiting-დან (TLG-ის პარტნიორი ორგანიზაცია) და აცნობა, რომ ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსის ნიადაგზე TLG-მ გადაწყვიტა მისი აპლიკაციის გადასინჯვა. ლარისამ ნიკოლს ურჩია, ბოდიში მოეხადა პროგრამის ხელმძღვანელობისთვის და მომავალში უფრო ფრთხილად მოქცეულიყო კულტურული განსხვავებების გამო. ნიკოლი ასეც მოიქცა. ლარისას მიერ მითითებულ პირს მაილი გაუგზავნა, რომელშიც ბოდიშს იხდიდა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო.
ნიკოლის ბოდიშმა სიტუაცია განმუხტა და მას პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა. თუმცა, პრობლემები გრძელდებოდა საქართველოში ყოფნის განმავლობაშიც. ნიკოლის გვერდს „ფეისბუქზე“ აქტიურად აკონტროლებდნენ, რასაც ადასტურებს TLG-ის ხელმძღვანელობის მიერ „ფეისბუქზე“ განთავსებული სტატუსის წაშლის მოთხოვნის ფაქტი. აღნიშნული სტატუსი შეეხებოდა მეათეკლასელ ბიჭებს, რომლებიც, ნიკოლის განცხადებით, მას სკოლის დერეფანში დაედევნენ მის კანის ფერთან დაკავშირებული რასისტული გამონათქვამებით და თან სქესობრივი კავშირის დამყარებას სთხოვდნენ. ნიკოლმა ამ ფაქტზე აღშფოთება კვლავ „ფეისბუქის“ სტატუსით გამოხატა და მათ „უხეში და საზიზღარი“ ბავშვები უწოდა.
ნიკოლის განცხადებით, მას ტელეფონით დაუკავშირდნენ TLG-დან და სთხოვეს, სტატუსი წაეშალა, რადგან ამას შეიძლებოდა ბავშვების მშობლები გაენაწყენებინა. ნიკოლი იძულებული გახდა, კიდევ ერთხელ დამორჩილებოდა TLG-ის მოთხოვნას და სტატუსი წაშალა. ამის შემდეგ მან TLG-ის თანამშრომლები ერთ ჯგუფში გააერთიანა, რომლისთვისაც „ფეისბუქის“ კედელი დაბლოკა 2010 წლის ნოემბერში.
24 დეკემბერს ნიკოლი შინ გაემგზავრა საშობაო არდადეგებზე. არდადეგების დასრულების შემდეგ, 2011 წლის 21 იანვარს ნასაუდან ლონდონში გადაფრინდა, ლონდონი-თბილისის რეისით კი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. აეროპორტში ბარგის ჩალაგებამდე, მან ი-მეილი შეამოწმა და წააწყდა წერილს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. წერილის თანახმად, მას ათავისუფლებდნენ შრომითი ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3.3 პუნქტის მიხედვით, რომლის თანახმადაც, „დასაქმებულის ქცევა შეუფერებელია „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამისათვის ხელშეკრულების მთელი მოქმედების მანძილზე“.
„ჩვენი გადაწყვეტილება განაპირობა TLG პროგრამის წინააღმდეგ ფეისბუქზე განთავსებულმა მრავალრიცხოვანმა დამამცირებელმა და შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა. პროექტისთვის მიუღებელია ისეთი მოხალისე, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს პროგრამას და საჯაროდ არცხვენს მას. ჩვენი შეფასებით, ასეთი დამოკიდებულებით შენ ვერ შეძლებ ჩვენი მიზნების აღსრულებას და ჩვენი შრომითი ურთიერთობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ჩვენი სკოლის მოსწავლეების მომავალს ვერ მივანდობთ მასწავლებელს, რომელიც მათ ქვეყანასა და ხალხს შეურაცხყოფს.
ეს არ არის პროექტის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების გამოხატვის პირველი პრეცედენტი. პროგრამის დასაწყისში, TLG-მ მოგცა დრო და შანსი შეჰგუებოდი ადგილობრივ ტრადიციებსა და ცხოვრების წესს. ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეწყდა კონტრაქტი პროგრამის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების პირველივე გამოხატვისთანავე“.
ნიკოლი აცხადებს, რომ წარმოდგენა არა აქვს, რას გულისხმობს TLG დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებში. მან პროგრამის ხელმძღვანელობას საპასუხო წერილი მისწერა და სთხოვა მისთვის განემარტათ ზუსტად რაში გამოიხატა მისი შეურაცხმყოფელი ქცევა. თუმცა, წერილზე პასუხი არ მიუღია.
ნიკოლის განცხადებით, „ფეისბუქი“, ამ შემთხვევაში მის პირად სივრცეს განეკუთვნებოდა, რადგანაც იგი დახურული იყო როგორც გარეშე პირთათვის, ასევე TLG-ის თანამშრომლებისა და მოსწავლეთათვის. იგი გათავისუფლებას არაეთიკურად და უსამართლოდ თვლის და ფიქრობს, რომ დაირღვა მისი გამოხატვის თავისუფლება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუკავშირდა TLG-ს პროგრამის სამართლებრივი მრჩეველს თამარ მამფორიას, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:
„ინფორმაციას ამ საკითხზე ვერ მოგცემთ. არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ამ საკითხზე საუბარი. ნიკოლთან ჩვენმა ორგანიზაციამ თავად გაარკვია ეს საკითხი. თავად ნიკოლი არის პრობლემური ადამიანი და ამიტომ დატოვა პროექტი. უსამართლოდ ჩვენ არავის ვითხოვთ. ჩვენი ბოლო ალტერნატივაა გათავისუფლება. მისი პროექტიდან წასვლა თავისივე ბრალი იყო. სხვას ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, იგი არსებობს მანამ, სანამ არ შეიჭრება მეორე პირის უფლებაში. მისი უფლებების დარღვევას ჩვენი მხრიდან არანაირად არ ჰქონდა ადგილი“.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ რაში გამოიხატა „სხვის უფლებებში შეჭრა“, თამარ მამფორიამ გვიპასუხა: „კონკრეტიკისაგან თავს შევიკავებ. დეტალებზე არ დაგელაპარაკებით. ეს ის არის, რაც გითხარით. მეტს ვერაფერს გეტყვით“.
იხ. ნიკოლ ბეტფორდის ბლოგი: http://infinitedreamernicole.blogspot.com/