3 თებერვალს, საქართველოს ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. მთავრობის ყოფილი მეთაურის საქმე კი დღემდე გაუხსნელია. მისი თანაგუნდელი მარინა მოლოდინი ,,ვერსიას' უმხელს, რომ ბევრი ახალი მტკიცებულება გამოიკვეთა და გამოძიება უახლოეს მომავალში შესაძლოა დასრულდეს. ,,ზურაბ ჟვანია მოკლეს და ჩვენ დავიშალეთ', - ამბობს ჟვანიას გუნდის ერთ-ერთი წევრი მარინა მოლოდინი და ეჭვი არ ეპარება, რომ ექსპრემიერის საქმის გამოძიების დასრულების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ბევრი მაღალჩინოსანი აღმოჩნდება გისოსებსმიღმა. ჟვანიას დაღუპვის ვერსიებთან დაკავშირებით პოზიციები ჯერ კიდევ 10 წლის წინ გაიყო თავად ყოფილი პრემიერის გუნდშიც. ზოგისთვის მისაღები აღმოჩნდა მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ვერსია, რომელმაც მეორე დღესვე ამცნო ქართულ საზოგადოებას, რომ ზურაბ ჟვანია მხუთავი აირის გაჟონვის გამო, მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. მას შემდეგ არსებობს კითხვები და მოლოდინი, რომ ,,ოცნების' ხელისუფლება ამ საქმესთან დაკავშირებით ღირსეულ შედეგებს დადებს.
,,მისი გარდაცვალების პირველივე წუთებში განვაცხადე, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა. დღესაც მჯერა, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს. ჟვანიას გუნდის ყველა წევრმა ერთხმად უნდა მოვითხოვოთ, ამ საქმეს დაესვას წერტილი. ჩემთვის ცნობილია, რომ ბევრი ახალი მტკიცებულება გამოიკვეთა, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება. იმ საგამოძიებო მასალებს, რაც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ აგვაფარა თვალებზე, ექსპერტიზა უტარდება', - ამბობს მარინა მოლოდინი და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებს, რადგან კარგად აქვთ გააზრებული, რომ ,,ცივილურ ქვეყანაში პრემიერ- მინისტრი ასე არ უნდა იღუპებოდეს'. ქართველი ექსპერტების აზრით, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ უნდა არსებობდეს ასეთი ბურუსითმოცული საქმეები. ,,ნებისმიერი ხელისუფლების ვალია, ასეთი ტიპის საქმე გაიხსნას. მათ შორის იმ ხელისუფლების, რომლის წინასაარჩევნო დაპირებაც სწორედ ზურაბ ჟვანიას მკვლელობისა თუ გარდაცვალების გამოძიება იყო', - აცხადებს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. მას აეჭვებს საქმეში დამატებითი მტკიცებულებების არსებობა, რადგან ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის: ,,ექვს თვეში ერთხელ გარკვეული პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებებს, მეორე ექვსი თვისთავზე პროკურატურა აკეთებს განცხადებას, რაღაც კვალზე დავდექითო... ბუნებრივია, ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. მისი პირუთვნელი გამოძიება სჭირდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს სწორი ანალიზისა და იმისთვის, რომ მომავალში ასეთი გაუთვალისწინებელი რისკების წინაშე არ აღმოვჩნდეთ. გაუგებარია ჩემთვის, 10 წლის განმავლობაში როგორ უნდა მიდიოდეს ამაზე საუბარი?' - მიაჩნია ზვიად ქორიძეს, რომელიც ხელისუფლებას ურჩევს, თუ პროკურატურას არ ჰყოფნის სათანადო კვალიფიკაცია, დროებით ,,დააკონსერვოს' ეს თემა, რათა ,,მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციებით არსებულ სამხილებსაც არ დაუკარგონ ღირებულება'.
საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას ექსპერტი ლაშა ტუღუში ქვეყნის ღირსების საკითხად მიიჩნევს, თუმცა მისივე აზრით, მაინცადამაინც ღირსეულად ვერ გამოიყურებიან ის ხელისუფლებები, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ და საზოგადოებას გაუგებრობაში ამყოფებენ: ,,სამართლიანობის აღდგენაზე თუ ვისაუბრებთ, ეს პირველ რიგში ხელისუფლების საქმეა. ამ მხრივ ბევრი რამ გააკეთეს, ამნისტია გამოაცხადეს და გაათავისუფლეს ადამიანები ვინც მართლაც უსამართლოდ იჯდა ციხეში ან ვის მიმართაც ძალზედ მკაცრი იყო წინა ხელისუფლების რეჟიმი. სამართლიანობის აღდგენას ძალიან ბევრი მხარე აქვს. ნდობის გარდა, საჭიროა მოქმედება. მართალია, გამოძიებას დრო სჭირდება, მაგრამ უნდა იკვეთებოდეს ხელისუფლების გეგმა, რა პროცესები მიდის, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ'. ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებით დიდად არ არის დაინტერესებული ქვეყნის ხელისუფლება: ,,მსგავსი საქმეები საქართველოში სწრაფად უნდა იხსნებოდეს. ქვეყნის ხელისუფლებამ ვერც ერთი გახმაურებული საქმე ვერ გახსნა. ხელისუფლება ექსპრემიერის დაღუპვის საქმეს პოლიტიკურ იარაღად იყენებს'. საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ზურაბ ჟვანია, 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით. ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების' მოსვლის შემდეგ, ძველს ახალი ვერსიებიც შეემატა. ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი კახეთში გარდაიცვალა. ამ ვერსიის არსებობას ზურაბ ჟვანიას ძმა, პარლამენტარი გოგლა ჟვანიაც ადასტურებს და აცხადებს, საქმეში საკმაოდ ბევრი მტკიცებულება დევს და არსებობს წინაპირობა, რომ აქამდე არსებული ,,ფანტასტიკური ვერსია საპნის ბუშტივით გასკდეს'. გოგლა ჟვანიას თქმით, საზოგადოებისთვის უკვე თვალსაჩინო ხდება დანაშაულის ჩამდენები, რომლებიც ,,საკმაოდ შფოთავენ და მათთვისვე საზიანო რაღაცებს ლაპარაკობენ, რაც მთლიანად ანგრევს აქამდე არსებულ მათივე ვერსიებს. ირიბად თუ პირდაპირ, უკვე აღიარებენ, რომ თურმე ცხედრებზე დაზიანებები იყო, რომ თვითმხილველებიც არსებობენ, რომლებმაც დაინახეს ბინაში ცხედრების შეტანა'.