პრეზიდენტის ბრძანებულებამ 54 სიკვდილმისჯილისათვის სასჯელის უმაღლესიზომის - 20 წლით პატიმრობით შეცვლის შესახებ, უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში. ერთი ცნობილი პოლიტიკოსი იმასაც კი ამბობდა, „ამით შევარდნაძეს სურს ქულები დაიწეროსო“. ეს, რასაკვირველია, სიმართლეა - შევარდნაძე პრაგმატიკოსია და არც ერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თუ ეს გადაწყვეტილება მის ინტერესებს და მდგომარეობას ეწინააღმდეგება. იგი ყოველთვის ფიქრობს მომავალ არჩევნებზე და ყველა გადაწყვეტილებას ამ მოახლოებული არჩევნების შესაბამისად იღებს.
თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ედუარდ შევარდნაძე „ზვიადისტების“ სიკვდილით დასჯით კი არ ითვლის ქულებს, არამედ პირიქით, - მათი შეწყალებით. ეს უეჭველად მიუთითებს, რომ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების, ამომრჩეველთა უმრავლესობა ნამდვილად არ თვლის სიკვდილის ღირსებად ანუ სამშობლოს მოღალატეებად, მკვლელებად და ა.შ.
მეორეს მხრივ, მათი შეწყალებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ეროვნული შერიგებისაკენ. შეიძლება ვინმე თვლიდეს, „შესაწყალებელი არაფერი აქვთო“, მაგრამ ამ ადამიანთა სიცოცხლე ნამდვილად ბეწვზე ეკიდა, - იგი ერთი კაცის ნებასურვილზე იყო დამოკიდებული ფაქტობრივად. ამიტომ, მაინც მიზანშეწონილია ვილაპარაკოთ „შეწყალებაზე“ - თუნდაც ეს ნაბიჯი მხოლოდ გარკვეული მერკანტილური ნიშნით გადაიდგა, იგი მაინც მეტყველებს, რომ ხელისუფლებას სხვა გზა არა აქვს: თუ სურს მდგომარეობის შენარჩუნება, იძულებულია გაითვალისწინოს საზოგადოების განწყობა და საერთო სულისკვეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ განწყობით ისარგებლებენ მისი ოპონენტები, რომლებიც უეჭველად შეეცდებიან გამოიყენონ საზოგადოების დამოკიდებულება პრობლემის მიმართ და შექმნან ისეთი (ყალბი) შთაბეჭდილება, თითქოს, შევარდნაძისაგან განსხვავებით, თვითონ გულმოწყალებას გამოიჩენენ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მიმართ იმ შემთხვევაში, თუ თავად მოვლენ ხელისუფლების სათავეში. მაგრამ შევარდნაძემ დაასწრო ამ სტერეოტიპის ჩამოყალიბებას და თავად გადადგა პირველი ნაბიჯი. პარლამენტში 27 მაისს სიტყვით გამოსვლისას მან გააკეთა ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება: დაუშვებელია საზოგადოების დაყოფა „ზვიადისტებად“, „შევარდნაძისტებად“ და ა.შ.
არადა, უკვე ქმნიდნენ სტერეოტიპებს, რომლის თანახმადაც, „შევარდნაძე ვერ შეძლებს გახლეჩილი ერის გამთლიანებას“ - ამას ძირითადად ის ადამიანები ამბობდნენ, ვინც შევარდნაძესაც უპირისპირდებოდნენ და ადრე - ზვიად გამსახურდიასაც. თუ ისინი პრაგმატული მოსაზრებებით მოქმედებენ, არ არის გამორიცხული, შევარდნაძესაც ამავე მოსაზრებებით ესარგებლა - ეს გასაკვირი მაინც არ უნდა იყოს.
მართალია, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორწელიწადნახევარი დარჩა, მაგრამ შევარდნაძე დღესვე იჭერს თადარიგს.
მეორეს მხრივ, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ხელისუფლება საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშიც შეიძლება აღმოჩნდეს. საქმე ის გახლავთ, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება ჯაბა იოსელიანისა და „მხედრიონის“ სასამართლო პროცესი. სავარაუდოდ, ასახელებენ სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერს. პროცესი ჩატარდება უმაღლეს სასამართლოში ანუ იგი იქნება ღია. მას თავისუფლად დაესწრებიან ჟურნალისტებიც და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც. არ არის გამორიცხული, პროცესიდან ვრცელი ტელეტრანსლაციაც - განსაკუთრებით დამოუკიდებელი ტელეარხებით.
ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია - ედუარდ შევარდნაძემ „ზვიადისტების“ შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო მანამ, სანამ ჯაბა იოსელიანის სასამართლო პროცესი გაიმართებოდა. მას ხომ შეეძლო დალოდებოდა ამ პროცესის გამართვას და შემდეგ (განაჩენი ეჭვს არ იწვევს) მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ არა, ჯაბა იოსელიანი არ გაუსამართლებიათ, ხოლო ედუარდ შევარდნაძე ხაზგასმით მხოლოდ იმათ იწყალებს, ვინც „ზვიადისტად ითვლება“.
ეს ერთი ნაბიჯია - საზოგადოების გულის მოსაგებად. მეორე ნაბიჯი კი ჯაბა იოსელიანის სასამართლო პროცესი იქნება.
ისევე, როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სრულიადაც არ იყო დამნაშავე ლოთი ქობალია, რომელიც „კანონიერი ხელისუფლების დასაცავად იბრძოდა“, ასევე (პირიქით) დამნაშავეა ჯაბა იოსელიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა იმ ხელისუფლების დამხობაში.
თუკი პრეზიდენტს ხალხის უმრავლესობის გულის მოგება სურს, მან, რასაკვირველია, ლოთი ქობალიას სასიკვდილო განაჩენი უნდა გააუქმოს - მიუხედავად იმისა, რომ ეს „ინტელიგენციის“ მნიშვნელოვანი ნაწილის გაღიზიანებას იწვევს.
მეორეს მხრივ, იმავე „მასის“ გულის მოსაგებად შევარდნაძემ ჯაბა იოსელიანი უნდა გაასამართლოს - ამით ხალხის გულს კვლავ მოიგებს, თუმცა, გაანაწყენებს ინტელიგენციას.
როდესაც ხელისუფლების სიმტკიცეს და მდგრადობას სწორედ ინტელიგენციის მხარდაჭერა განსაზღვრავდა, მაშინ ეს ხელისუფლება პირიქით იქცეოდა, - ცდილობდა უფრო მისი გული მოეგო, ვიდრე მასისა. ახლა მდგომარეობა შეიცვალა. ამოქმედდა (ასე თუ ისე) დემოკრატიული მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების არჩევითობაა მხოლოდ მისი არსებობის წყარო ანუ ხელისუფლება ყველანაირად უნდა ეცადოს, ხალხის გული მოიგოს, თორემ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს.
ეს არჩევნები ხომ აღარ ჩატარდება „პრეფერენციებით“ და „ხმების გადაცემებით“, როგორც 1992 წლის 11 ოქტომბერს?! ნორმალურ არჩევნებში კი გამარჯვებას ხმათა უმრავლესობა განსაზღვრავს და არა ინტელიგენციის მხარდაჭერა. მით უმეტეს ჩვენს პირობებში, როდესაც „ინტელიგენციის“ აზრი „მასისათვის“ განმსაზღვრელი სრულებითაც არ არის.
ედუარდ შევარდნაძე სწორედ ამ მომენტს ითვალისწინებს. ამიტომაც, რაც უფრო გაიჭიმება დროში ჯაბა იოსელიანის სასამართლო პროცესი, - ხელისუფლებისთვის უფრო სასარგებლოა.
ზოგიერთს პირიქით ჰგონია: ეს სასამართლო „ხელისუფლების სასამართლოდ“ იქცევაო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ მოხდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯაბა იოსელიანს ასამართლებენ არა მხოლოდ 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის ანუ შევარდნაძეზე თავდასხმისთვის, არამედ გია ჭანტურიას მკვლელობისთვისაც. ყოველ შემთხვევაში, გამოძიება და პროკურატურა ამტკიცებენ, რომ ჯაბა იოსელიანმა, როგორც მინიმუმ, იცოდა ამ ტერორისტული აქტის შესახებ; თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ არათუ იცოდა, არამედ თავად დაგეგმა კიდეც, - რის დამტკიცებასაც სასამართლო პროცესზე აპირებენ.
ამრიგად, ოპოზიცია ვერ შეძლებს ამ პროცესიდან „პოლიტიკური მოგება“ გამოადნოს, - ხელისუფლება უეჭველად იეშმაკებს და დაავალებს პროკურატურას, თავდაპირველად გია ჭანტურიას მკვლელობის საქმე „წამოსწიოს“ წინ და არა სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებისა. ამით პოლიტიკოსები, რომლებიც ჯაბა იოსელიანის დაცვით ცდილობენ „ქულების დაგროვებას“ (არა მასაში, არამედ ინტელიგენციაში) - უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან.