პოლონელი რეფორმატორის - ლეშეკ ბალცეროვიჩის უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში სკანდალური გამოდგა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ თვით „პოლონური რეფორმაციის“ მამამთავარმა ყველაფერი გააკეთა საამისოდ, რაკი იმთავითვე შეჰბურა თავისი ვიზიტი იდუმალების ნისლით.
ასეთი გასაიდუმლოებული და კონფიდენციალური ვიზიტი ამერიკის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს - ლუის ფრისაც არ ჰქონია.
ბალცეროვიჩი მას შემდეგ, რაც პოლონეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად აირჩიეს, ყოველნაირად ცდილობს, არ აღიქმებოდეს საქართველოში პოლონელ მოღვაწედ, რათა მის საქმიანობას პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობის ელფერი არ დაჰკრავდეს და რუსეთი კიდევ უფრო არ გააღიზიანოს.
ბუნებრივია, ამ საბაბით ბალცეროვიჩს შეეძლო თავაზიანი უარი ეთქვა ამ სამსახურზე და საპატიო მიზეზად პოლონეთში სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა დაესახელებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ის 200 ათასი დოლარი ეთმობოდა (არ არის ურიგო ლუკმა), რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ დაუნიშნა, როგორც პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში.
ჯერ იყო და, ბატონმა ლეშეკმა, ვითარცა ჭეშმარიტმა „მონეტარისტმა“ და უმოწყალო რეფორმატორმა „სოციალურად ორიენტირებული“ ბიუჯეტი დაგვიწუნა. რატომღაც არავინ ამბობს, რას ნიშნავს თვისებრივად მისი წინადადება.
არადა, იგი ძალზე მარტივია: შეამცირეთ გადასახადები და შეგიმცირდებათ ბიუჯეტი, თავი ანებეთ სოციალურ ფენებს, ვინაიდან სულ ერთია 12 ლარი არავის ჰყოფნის, შეკვეცეთ გადასახადები და ამით ხელი შეუწყვეთ მეწარმოების განვითარებას.
ბალცეროვიჩმა, აგრეთვე „გვიწინასწარმეტყველა“ ფინანსთა და საგადასახადო სამინისტროების გაერთიანება, რაც ძალიან სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს ქართულ სახელისუფლებო „ბომონდში“ არსებულ ვითარებაზე.
იგი ისედაც დაძაბულობისაგან ილევა. აცნობიერებს თუ არა ამას ბალცეროვიჩი, ძნელი სათქმელია, მაგრამ მისი უკანასკნელი წინადადება, საქართველოში „ეკონომიკური რეფორმის კოორდინატორის“ პოსტის შემოღების შესახებ, ნამდვილი ატომური ბომბია, რომელმაც შეიძლება მთლიანად დაანგრიოს ძლივს შეწონასწორებული პოლიტიკური სტაბილურობა.
ფაქტობრივად, ლეშეკ ბალცეროვიჩს სურს ქართველი ერჰარდი იხილოს, ანუ იგივე ქართველი ბალცეროვიჩი - პიროვნება, რომელიც მთლიანად იკისრებს პასუხისმგებლობას რეფორმათა მიმდინარეობაზე, თანაც მაშინ, როდესაც მონეტარისტული რეფორმა გადამწყვეტ და ყველაზე რთულ სტადიაში შედის.
მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ქართველი ერჰარდის თიკუნი საქართველოში მეტისმეტად ბევრს ენატრება და ეს პოსტი უეჭველად იქცევა ნამდვილი პოლიტიკური ომის მიზეზად. ძნელი განსაჭვრეტი არ არის: თუ პოსტი ნამდვილად შეიქმნა და რომელიმე ფიგურის დანიშვნამდე მივიდა საქმე, ისეთი ამბავი დატრიალდება, „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“: პრეტენზია ერთდროულად რამდენიმე მოღვაწეს და პოლიტიკურ ჯგუფს გაუჩნდება, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტის თანაშემწეს ეკონომიკური რეფორმის საკითხებში თემურ ბასილიას, აგრეთვე, „ახალ ფრაქციას“, „მრეწველებს“.
თუმცა, ძნელად დასაჯერებელია, ეს პოსტი (ვიმეორებ, თუ იგი ნამდვილად შეიქმნა) რეფორმატორთა, ანუ ზურაბ ჟვანიას გუნდმა ვინმეს დაუთმოს. ეს, გარკვეულწილად, ლოგიკურიც იქნება, ვინაიდან იმ ვითარებაში, როდესაც ფინანსთა საგადასახადო შემოსავლების, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის მინისტრები ამ გუნდის წევრები არიან, სხვა წრის წარმომადგენლის დანიშვნა წონასწორობას მთლიანად დაარღვევს.
ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც საპირწონეზე წონადი არგუმენტის დადებით რაღაც ფაქტორების გაწონასწორება ხდება. რეფორმათა კოორდინატორის პოსტი მეტისმეტად წონადია ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება თავისუფლად მცურავ ფიგურებს, პრეტენზია ექნებათ, აგრეთვე, რომან გოცირიძესა და ლადო პაპავას, თუმცა გოცირიძემ „რესპუბლიკელებისათვის“ დამახასიათებელი უკომპრომისო პედანტურობით თითქმის ყველა გააღიზიანა, ვისზეც ეს დამოკიდებულია.
უფრო მეტად პერსპექტიულად განიხილება ლადო პაპავას კანდიდატურა. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ მას ასახელებდნენ ქონების მართვის მინისტრად. მისი სახელი და გვარი ამ დისკუსიებისას ნამდვილად ფიგურირებდა.
მაგრამ ეს ყოველივე ჯერ დაუჭერელი დათვის ტყავის გაყოფას ჰგავს. ყველაფერი ისევ და ისევ პრეზიდენტზეა დამოკიდებული - დაეთანხმება იგი თუ არა ლეშეკ ბალცეროვიჩის წინადადებას.
ბოლოს და ბოლოს ბალცეროვიჩი ხომ თურქეთის სულთანი ან ირანის ფადიშაჰი არ არის, - რასაც გვიბრძანებს, ყველაფერი გავაკეთოთ. მას საკუთარი ამბიციური „ოფოფები“ ჰყავს, ვინაიდან სავალუტო ფონდი საქართველოში ექვსი წელია, მუშაობს და რაიმე „კოორდინატორის“ პოსტის შემოღება არსდროს მოუთხოვა იმ უბრალო მიზეზით, რომ ერჰარდობის კომპლექსი ფონდის მისიის ხელმძღვანელებს არ აწუხებთ: რიგითი ჰარვარდდამთავრებული სპეციალისტები არიან და ხელფასები წელიწადში ისედაც 200 ათასი დოლარი აქვთ.