რატომ დაუქნია ყოფილმა პრემიერმა თითი სამ ,,ენჯეოს' და დღესაც არსებობენ თუ არა საქართველოში ,,გონგო-ბინგოები
დაპირებული სატელევიზიო თოქ-შოუს მოლოდინში, ქართული საზოგადოების განსჯის საგნად ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ იქცა. მისი შეფასებები და აქცენტები ზოგისთვის არა მხოლოდ შინაარსის, არამედ საუბრის მეტად მარტივი მანერისა და ზედმეტად ,,მიამიტი ტონის' გამოც აღმოჩნდა მიუღებელი და ხელისუფლების დეკლარირებული ღირებულებებიდან გადახვევად შეფასდა. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს, სურს ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარება და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. ,,ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს', - ასეთი განწყობა შეუქმნა ექსპერტებს ივანიშვილის მიერ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკამ: ,,ისინი თავს მთავრობაზე დიდ არასამთავრობოებად მიიჩნევენ. ლომჯარიას, გიგაურსა და კოჟორიძეზე დავდებთ საინტერესო კვლევას, რადგან მათი საქმიანობა ბადებს შეკითხვებს და ბევრი საკითხი ტაბუდადებული აქვთ'. თავად არასამთავრობოების წარმომადგენლებმა შექმნილი ვითარება მათ მიმართ ზეწოლად შეაფასეს და ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს: ,,ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის არა ერთი მოქალაქის, არამედ სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის პოზიცია. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების დაუსაბუთებელი რიტორიკა ხელისუფლების დეკლარირებული ღირებულებებიდან გადახვევაა. ეს განცხადებები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართულად წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ვნებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და იდეებს, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებიან, არამედ აღნიშნული ღირებულებების მოწინააღმდეგე ჯგუფებსაც აძლიერებს. ეს ტენდენცია უკიდურესად შემაშფოთებელია და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს'. პოლიტიკური ექსპერტების შეფასებითაც, ქვეყანაში თუ საზღვრებსგარეთ შექმნილი ერთგვარი კლიშეს გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი არის ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, მსგავსი შინაარსის მისი განცხადებები ვერ ჩაითვლება რიგითი მოქალაქის პოზიციად და ბუნებრივად ბადებს ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის ეჭვს. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ პოლიტიკურ კულუარებში ივანიშვილის განცხადებების ქვეტექსტების ძიება დაიწყეს და ლოგიკური კითხვების დასმაც: რატომ დაუქნია თითი ექსპრემიერმა მაინცდამაინც აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს? ნამდვილად არსებობს კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ფაქტები, თუ რეალურად ,,ენჯეობის' გამოხშირვის, სამოქალაქო სექტორში მოღვაწე კონკრეტული პირების ,,მიჭირხვნის' პროცესი დაიწყო?
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის' ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოში საკმაოდ გამჭვირვალედ მუშაობენ. თუ მათი მხრიდან თავდასხმა მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საამისოდ არსებობენ ხელისუფლებასთან შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები, ანუ ე.წ. გონგოები და ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან დაახლოებული ბინგოების პრაქტიკა. ასეთი გონგოები და ბინგოები კი, მუხაშავრიას თქმით, ბლომად იყვნენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ასრულებდნენ მისი მთავრობის დაკვეთებს: ,,არსებობდა შავი სიები, რომლებშიც ნაციონალების მთავრობას უამრავი მათთვის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ჰყავდათ შეყვანილი. ასეთი ,,გონგოები' დღესაც არსებობს, მაგრამ დღეს ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა. სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ღიად გალაშქრება კი ნიშნავს, რომ ქვეყანა არ მიდის დემოკრატიის გზით. თუ ხელისუფლებაში მყოფ რომელიმე პირს არ მოსწონს კრიტიკის მოსმენა, კერძო სექტორში გადაბარგდნენ, რადგან პოლიტიკოსობა თმენის ვალდებულებასაც ნიშნავს'. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის' ხელმძღვანელი გაუმჭვირვალობაში თავად ყოფილ პრემიერს ადანაშაულებს და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებში ივანიშვილის კომპეტენტურობასაც ეჭვქვეშ აყენებს. ,,სოროსი ამდენ ფულს ხარჯავს საქართველოში, აფინანსებს სხვადასხვა პროგრამას... რას ხარჯავს ივანიშვილის ფონდი? ეს გამჭვირვალე არ არის. გვაინტერესებს, თავად ვის აფინანსებს? არ გამიგონია ივანიშვილს დაეფინანსებინა ნიჭიერი ადამიანები, სამოქალაქო ინიციატივები, ამის შესახებ პირადად მისთვისაც მითქვამს', _ აცხადებს მუხაშავრია და დასძენს, რომ, თუ რეალურად არსებობს კორუფციულ სქემაში მონაწილეობის ფაქტები, ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ექსპერტი პეტრე მამრაძე არასამთავრობოებს საკუთარი უფლებების დაცვაში მხარს უჭერს, თუმცა მიაჩნია, რომ ივანიშვილის მოტივაცია სრულებით განსხვავებული იყო და მასმედიისა და არასამთავრობოების შევიწროება აზრადაც არ მოსვლია: ,,ჯერ კიდევ პრემიერობის დროს დაიბარა ივანიშვილმა ექსპერტები და მასმედიის წარმომადგენლები და ორივე მხარე ,,მიჭირხვნა'. ეს არის გულწრფელი ადამიანი, რომელიც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და სულ არ ფიქრობს იმაზე, ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს განსხვავებული სურათი შეიქმნებოდა. სააკაშვილისათვის მომგებიანი თუ არ იქნებოდა არასამთავრობოების მოქმედება, ის საჯაროდ იტყოდა, რომ ეს ძალიან კარგია დემოკრატიისათვის, საქმით კი მერაბიშვილსა და ადეიშვილს მათ ,,ბოლომდე გატისკვას' დაავალებდა'.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს, სრული უფლება აქვს, კონკურენტი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა მოსწონდეს ან არ მოსწონდეს: ,,თუ პირი არ წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოს, რომელმაც აღმოაჩინა კონკრეტული არასამთავრობოს მიერ ფულის გათეთრების შემთხვევა, მისგან მსგავსი განცხადებები ჩემთვის მიუღებელია. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს კი აქვთ უფლება, შეამოწმონ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების წყარო, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს აჟიოტაჟის საფუძველი'. მამუკა არეშიძის განცხადებით, ევროპულ ქვეყნებშიც დაიწყეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შემოწმება, რომლებიც პოლიტიკური ფულით ფინანსდებიან და რომელთა მიმართაც გარკვეული კითხვები უჩნდება ხელისუფლებას: ,,არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა პოლიტიკურ სფეროში თუ გადადის და მათი ქმედება დისკომფორტს უქმნის სახელმწიფოს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი დასკვნები. ეს საკითხი ბევრად დელიკატურ მიდგომას საჭიროებს'. რაც შეეხება ფსევდოარასამთავრობოებს, მამუკა არეშიძის შეფასებით ,,გონგოებისა' და ,,ბინგოების' პრაქტიკა საქართველოშიც არსებობს და ხელისუფლება და გარკვეული პოლიტიკური პარტიები, სწორედ მათი საშუალებით ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ინტერესებისა და იდეოლოგიის გატარებას: ,,ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, უამრავი იყო ასეთი ,,გონგო' და მსგავსი ფსევდოარასამთავრობოები დღესაც არსებობენ. დღეს მათ ოპოზიცია აფინანსებს. მილიონი ლარი გამოყო სააკაშვილმა მათთვის, თუმცა პოლიტიკური ნიშნით შექმნილი ,,არასამთავრობოები', ხელისუფლების მხარეს იქნებიან თუ ოპოზიციისა, ვერ შექმნიან სამოქალაქო საზოგადოებას'.