შევარდნაძე-ჟვანია: თამაში მკაცრი წესებით

შევარდნაძე-ჟვანია: თამაში მკაცრი წესებით

განსაკუთრებით ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ თანადროული პოლიტიკური ინტრიგა, ძირითადად, ვითარდება გეომეტრიულ პარადიგმაში  შევარდნაძე – ჟვანია - X. ეს „იქსი“ თავისთავად მრავალგანზომილებიანი და მრავალსახოვანი „ნაცნობი-უცნობია“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საკმაოდ უხერხულად „ცუნდრუკობს“ პრეზიდენტის მზისქვეშეთში ადგილის მოსაპოვებლად, ანუ ამ ადგილზე ზურაბ ჟვანიას „ჩასანაცვლებლად“. თუმცა, ჯერჯერობით ყველა მცდელობა სრულიად უშედეგოდ დასრულდა.

სხვათა შორის, განურჩევლად ზურაბ ჟვანიასადმი სუბიექტური დამოკიდებულებისა, ყველა, ვინც მის საქმიანობას თვალს ადევნებს, უეჭველად აღიარებს, რომ 1994 წლიდან - დღემდე მან ძალიან ძლიერი ფიგურები „წააქცია“, პოლიტიკური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა (თუმცა, „ძველბიჭობაში“ შეიძლება ზოგიერთს კიდეც ჩამორჩებოდა ბავშვობაში), ანუ ეს ადგილი სწორედ ამით მოიპოვა.

აქედან გამომდინარე, ყოველგვარი საუბარი იმის შესაებ, რომ „პრეზიდენტი ჟვანიას დაუპირისპირდება“ ან „მათ შორის დაპირისპირება უკვე არსებობს“ - სრულიად უსაფუძვლოა.

ზოგიერთები პოლიტიკაში „პლეხანოვური გაგების“ შემოტანას ცდილობენ. არადა, აქ „დაპირისპირების“ ცნება ხშირად „ურთიერთქმედების“ სინონიმია.

ბოლოს და ბოლოს, ედუარდ შევარდნაძისა და ზურაბ ჟვანიას პიროვნული ურთიერთდამოკიდებულება, მათი პიროვნული განწყობა განმსაზღვრელი არ არის და არც შეიძლება იყოს: არსებობს ორი პოლიტიკური ფიგურა, ორი კონსტიტუციური ორგანო (პრეზიდენტი და პარლამენტი - პარლამენტის თავმჯდომარე), რომელთა ურთიერთქმედება ვერ განისაზღვრება პიროვნული განწყობა - მოტივაციით. ისინი მოქმედებენ კონსტიტუციურ სივრცეში - აქედან გამომდინარე, შესაძლებლობებითა და შეკავება-გაწონასწორების მექანიზმით.

ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ტექნოლოგიიდან გამომდინარე, იგი პარტნიორს აფასებს პროფესიონალიზმისა და შედეგიანობის მიხედვით და არა ჭორების საფუძველზე.

ფაქტია, რომ „ჟვანიას პარლამენტს“ პრეზიდენტისთვის 1995 წლიდან დღემდე არანაირი თვისებრივი პრობლემა არ შეუქმნია. პირიქით, ჟვანია ახერხებს ურთულესი გადაწყვეტილების „გატანას“ ხშირად კრიტიკულ ვითარებაში და ამით სახელისუფლებო სტაბილურობის უზრუნველყოფას.

გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ 5 წლის განმავლობაში, ამჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტისთვის „პროგნოზირებადი“ გახდა, რაც პოლიტიკაში ძალიან მნივნელოვანი ფაქტორია.

ხსენებული X პროგნოზირებადი ფიგურა ვერანაირად ვერ იქნება. მით უმეტეს, იმ საკონსტიტუციო სივრცეში, როდესაც პარლამენტი პრეზიდენტის მხრიდან ხელშეუხებელია - სახელმწიფოს მეთაურს არა აქვს მისი დაშლის უფლება.

მეორე მხრივ, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა აძლევდეს ხელს ზურაბ ჟვანიას პრეზიდენტის დასუსტება? აქ მკაცრად უნდა გავმიჯნოთ: არა „თავისთავადობის დადასტურება“ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებით და პარლამენტის „არამარიონეტულობის“ დემონსტრირებით, არამედ სწორედ „დასუსტება“ მაშინ, როდესაც აშკარად არსებობს ინტერესთა თანხვედრა.

რატომღაც, ამ მომენტს არავინ ითვალისწინებს „შევარდნაძე-ჟვანიას დაპირისპირების შესახებ“ ჰიპოთეზათა კოშკების აგებისას: თუ არსებობს ინტერესთა თანხვედრა, ვერანაირი მეორადი „ქვედინებები“ ტანდემს ვერ დაანგრევს, ვინაიდან, ტანდემის მონაწილე ფიგურებს ესმით, რომ ეს ინტერესთა ბალანსის დარღვევა იქნებოდა.

რასაკვირველია, იმ პირობით, თუ ჟვანია, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ბალანსის შენარჩუნებას, მტკიცედ მართავს პროცესებს უმრავლესობაში და თვით პარტიის წევრებს არ დაანგრევინებს არსებულ წონასწორობას.

ეს არის მთავარი. ყველაფერი დანარჩენი კი („წკიპურტების“ ჩათვლით) მხოლოდ დეტალებია, რითაც მხარეები „გარეშე წნევას“ ამცირებენ.

რაც შეეხება პარლამენტისა და პრეზიდენტის ურთირეთდამოკიდებულებას, საქართველოს კონსტიტუციით, ისინი, უბრალოდ, განწირულნი არიან თანაცხოვრებისთვის (ალტერნატივა სამოქალაქო ომია), ოღონდ ეს არ გამორიცხავს ზოგად სახელისუფლებო სტაბილურობასა და თანამშრომლობას.

უბრალოდ, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის „ინტერესთა თანხვედრის“ საფუძველზე, შეიქმნა დამატებითი მექანიზმები - აღმასრულებელ ხელისუფლებაში „ჟვანიას გუნდის“ პოზიციათა გაძლიერებით, ოღონდ ისევ და ისევ პრეზიდენტის თავისუფალი ნებით.

ედუარდ შევარდნაძეს თუ არ უნდა, ვერავინ ვერაფერს გააკეთებინებს.