სკანდალი „აღმაშენებლის“ პრემიის გარშემო

სკანდალი „აღმაშენებლის“ პრემიის გარშემო

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაარსებული დავით აღმაშენებლის ლიტერატურული პრემიის გაცემა 8 თებერვალს იგეგმება. ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად საზოგადოებაში ეს მოვლენა განსჯისა და ქილიკის საგანი გახდა. კიდევ ერთხელ მოხდა ქართული საზოგადოების რუსოფილ-მოღალატეებად და პატრიოტებად გაყოფა.

მწერლებისა და პოეტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მტრულად განწყობილი ქვეყნიდან დაფინანსებულ პრემიაზე ქართველ მწერლებს განაცხადი არ უნდა შეეტანათ. თანაც, საჯარო განცხადებებში იმ მწერლებს, რომლებიც კონკურსში მონაწილეობენ, რუსეთ-საქართველოს ომსა და პუტინ-მედვედევის ანტიქართულ განწყობებს ახსენებენ - ნებისმიერ ქვეყანაში მტრისგან, რომელიც ბომბავს, ხალხს ხოცავს და ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, მსგავსი პრემიები ადამიანების ყიდვააა და სხვა არაფერი.

ის ნაწილი, რომელიც კონკურსში მონაწილეობს, აცხადებს, რომ ეს არის ლიტერატურული კონკურსი და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ლიტერატორებსა და მწერლებს შორის არის მესამე კატეგორია, რომლებსაც ამ კონკურსის შესახებ არც კი სმენიათ და, შესაბამისად, ამ ურთიერთლანძღვაში ჩართულიც არ აღმოჩნდნენ. მათი კომენტარებიც უფრო ნეიტრალურია. ამ დებატებს მსვლელობისას ერთი სკანდალიც დაერთო: პრემიის დაწესების პირველ ეტაპზე პრემიის თანადამფუძნებლად დებულებაში ებრალიძის "საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესთან" ერთად "საქართველოს მწერალთა კავშირი" სახელდებოდა და კონკურსის ჟიურის წევრად მაყვალა გონაშვილიც მიიჩნეოდა.

კონკურსში მონაწილე ყველა პირსაც ინფორმაცია ასე მიეწოდა. თუმცა, ორიოდე დღის წინ, 13 იანვარს, გონაშვილმა უარი განაცხადა კონკურსში მწერალთა კავშირის მონაწილეობაზე.

"საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი არ არის საკონკურსო კომისიის თანათავმჯდომარე და არც კომისიის წევრი. მწერალთა კავშირი, როგორც ორგანიზაცია, უარს აცხადებს საკონკურსო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობაზე, რათა ორგანიზაციის სახელი არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური თამაშებისა თუ ანგარიშსწორებისთვის", - ნათქვამია კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავად "საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის" დირექტორის ნანა ჯაფარიძის თქმით, მაყვალა გონაშვილზე წნეხი ხორციელდებოდა და ამიტომაც ერთობლივად გადაწყვიტეს, მწერალთა კავშირი ამ კონკურსიდან გამიჯნულიყო.

ნანა ჯაფარიძე: "მაყვალა გონაშვილი ძალიან შეავიწროვეს. არა მწერალთა კავშირი, არამედ მაყვალა გონაშვილი. ის სრულიად უანგაროდ გვეხმარებოდა ამ კონკურსის ორგანიზებაში, თუმცა 13 იანვარს გვთხოვა და გავავრცელეთ პრესრელიზი, რომ მწერალთა კავშირი, როგორც ორგანიზაცია, ამ პრემიის ტექნიკურ ორგანიზებას ჩამოშორდეს.

მიუხედავად ამისა, ამ კონკურსში მონაწილეობენ და არც აპირებენ ნაწარმოებთა გატანას. გარდა ამისა, მწერალთა კავშირის წევრები საკონკურსო კომისიის წევრებიც არიან. კომისიაში სულ 5 წევრია, თუმცა არც ერთ გვარს არ დავასახელებ, რადგან მათაც იგივე ბედი ეწევათ, რაც მაყვალა გონაშვილს. საზოგადოებისათვის საკმაოდ ცნობილი პირები არიან როგორც კონკურსანტები, ასევე კომისიის წევრები და რეცეზენტებიც. სწორედ ამან გამოიწვია ასეთი რეაქცია ამ პრემიის საწინააღმდეგოდ.

გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თურმე ამ პრემიას მოსკოვში გადასცემენ. ეს სიცრუეა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამ პრემიის დამფუძნებელი სხვაზე ნაკლები ქართველი და პატრიოტი არ არის და ამიტომაც არ არის საჭირო ასეთი ლანძღვის ატეხვა".

მართალია, გონაშვილმა უარი თქვა კონკურსში მწერალთა კავშირის ჩართვაზე, თუმცა მიაჩნია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა ქილიკის საგანი არ უნდა გახდეს.

"თავად ჩემი პოზიცია თუკი გაინტერესებთ, ვთვლი, რომ ეს ლიტერატურული კონკურსია და თუკი რომელიმე მწერალს უნდა მონაწილეობა, ამაში მიუღებელი არაფერია და ისინი არ უნდა ჩავქოლოთ. ლაფი იმან არ უნდა ისროლოს, ვისაც ხელი აქვს გასვრილი.

სხვათა შორის, უცნაურია, რომ სწორედ ისეთმა ადამიანებმა ამოიღეს ხმა და დაიწყეს ყვირილი და კრიტიკა, რომლებიც თავად იყვნენ სხვა ფონდის დაფინანსებულნი. მაგალითად, კობა იმედაშვილი გაჰყვიროდა რადიოში, რომ თურმე უცხო ქვეყნის დაფინანსებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება და ის დაავიწყდა, რომ სოროსის ფონდიდან თანხებს იღებდნენ ის და მამამისი", - ამბობს გონაშვილი.         

პრემიის მაძიებლეთა შორის არიან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები. საკონკურსოდ ლიტერატურული ნაწარმოებები წარადგინეს ჭაბუა ამირეჯიბმა, სოსო სიგუამ, ელიზბარ ჯაველიძემ, რევაზ მიშველაძემ, ჯემალ აჯიაშვილმა, ვასილ კუკულაშვილმა, ირაკლი სამსონაძემ, ვაჟა კოზმანაშვილმა, მარინა ცხვედიანმა, ნოდარ წულეისკირმა, ვიქტორ რცხილაძემ, რეზო ამაშუკელმა, გენო კალანდიამ, ჯემალ დავლიანიძემ, ილია ლეკვეიშვილმა, ბორის დარჩიამ, მურმან თავდიშვილმა, გიორგი მახარაძემ, მაია მოსულიშვილმა და სხვებმა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სულ ასამდე ნაწარმოები იქნა წარდგენილი, თუმცა ლაურეატები 20 საუკეთესოს შორის გამოვლინდება.

დავით აღმაშენებლის პრემიის ერთ-ერთი კანდიდატი, პოეტი გენო კალანდია აცხადებს, ამ საკითხს საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. გენო კალანდიას თქმით, მწერლები პოლიტიკაში არ ერევიან და დავით აღმაშენებლის პრემიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ლიტერატურულ ჭრილში უნდა იქნეს განხილული.

"ის ცნობილი ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ ამ კონკურსში პრემიის მოსაპოვებლად, არ შეიძლება საქართველოს მტრები იყვნენ და საქართველო არ უყვარდეთ. როდესაც მე სანგარში ვიყავი და გუმისთისა და ეშერის მიწას ვჭამდი, ბევრი აუდიტორიაში იჯდა და სამშობლო შორიდან უყვარდა. ამ ადამიანებმა გენო კალანდიას ჭკუა არ უნდა ასწავლონ", - ამბობს პოეტი.

მისი თქმით, პრემიაზე წარდგენილია მისი კრებული "100 ლექსი", რომელიც ცოტა ხნის წინ გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა. პრემიის მოპოვების შემთხვევაში, მიღებული თანხით აფხაზეთის ომში დაღუპული ექვსი პოეტის კრებულის გამოცემას გეგმავს. იგი ასევე აპირებს, აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ პოეტებსა და მწერლებს დაეხმაროს და თანხის ნაწილი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადაურიცხოს.

"არსად არაფერი არ შემიტანია, თავად დამიკავშირდნენ და მეც გავაგზავნე. რა მნიშვნელობა აქვს, კონკურსს ვინ აფინანსებს? გენოციდი ქართველ ერს ებრალიძემ კი არა, სააკაშვილმა მოუწყო და თუ იძახის, რომ აქ რუსის ჯარი დგას, ეს მისი დამსახურებაა. რა შუაშია აქ ებრალიძის რუსეთში მოღვაწეობა?

სხვათა შორის, არ ვაპირებდი მონაწილეობას, მაგრამ სააკაშვილის შექმნილმა ელიტარულმა ე.წ. მწერლებმა ყვირილი რომ ატეხეს, სწორედ მათ ჯიბრზე გადავწყვიტე მონაწილეობა. ჭაბუა ამირეჯიბს აფხაზეთში რომ შვილი მოუკლეს, იმ დროს ზოგ-ზოგმა თავისი შვილი გერმანიაში გადამალა და ახლა ეკრანიდან ჩვენ გვასწავლის პატრიოტიზმს?!" - აცხადებს რეზო ამაშუკელი.

სოსო სიგუას თქმით, "ფულს ებრალიძე გადმორიცხავს თუ სხვა, ეს არ არის მთავარი, მთავარია, ჩვენ რა ვალდებულებას გვიყენებენ. ამ შემთხვევაში კი ჩვენ ერთი ვალდებულება გვაქვს, რომ საქართველოს ისტორიაზე დაწერილი ნაწარმოები იყოს".

სოსო სიგუა: "პრემია დავით აღმაშენებლის სახელს ატარებს. წესდება მწერალთა კავშირმა გამოსცა, სადაც წერია, რომ პრემიაზე წარდგენილი უნდა იყოს ის ნაწარმოებები, რომლებიც ეძღვნება საქართველოს ისტორიულ პირებს, გმირებს და არა, ვთქვათ, დღევანდელობას ან აბსტრაქტულ საკითხებს.

შეზღუდული არ არის არავითარი პირობით. მაგალითად, რომ ისტორიული გმირი გამოყვანილი იქნება რუსეთის მეგობრად თუ მტრად, მითითება არ არის. ეს ყველას ათავისუფლებს ყოველგვარი ვალდებულებისაგან.

სპეციალურად არაფერი დამიწერია, წარდგენილი მაქვს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზე მონოგრაფიების წიგნი. რუსოფილურ ტენდენციას ეს წიგნები არ შეიცავს. მეც არასდროს ვყოფილვარ რუსოფილი. ვინც ჩემს ნაწერებს ნახავს, მიხვდება, რომ რუსეთთან მიმართებაში რადიკალური პოზიცია მაქვს. თუკი ასეთი წიგნი მისაღებია ჟიურისათვის, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი?"

მწერლის თქმით, პოლიტიკური სარჩული ყველა პრემიის ჩანაფიქრში შეიძლება მოიძიოს, მაგრამ აქ მთავარია, რომ "პოლიტიკურ დაკვეთას არავინ აყენებს და მეორეც, ეს პრემია საჭიროა იმისათვის, რომ რუსეთთან კულტურის დარგში მაინც არ იყოს დაპირისპირება და იზოლირება".

"პოლიტიკური დაპირისპირება ჩვენ თუ კულტურაში, ლიტერატურაში და ყოფით ურთიერთობაში გადავიყვანეთ, ეს ბარბაროსული დამოკიდებულებაა. არც ერთი ქართველი არ გაიზიარებს თანამედროვე რუსეთის პოლიტიკას. ეს აბსურდია. არც ერთი ქართველი მხარს არ დაუჭერს მედვედევი-პუტინის ანტიქართულ პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში. საბჭოთა კავშირი ებრძოდა გერმანიას, მაგრამ საბჭოთა კავშირში არც გერმანული ენა აუკრძალავს ვინმეს და არც თომას მანი თუ გოეთე", - ამბობს სიგუა.

მწერალი იქვე დასძენს, რომ "პრემიის თანადამფუძნებელი საქართველოს მწერალთა კავშირია. დებულებაში ასე წერია. რაც აქ წერია, იმაში ვერაფერი შევნიშნე, რომ იდეოლოგიურ ან პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდეს. ეს დებულებაც თავად მე მაყვალა გონაშვილმა გადმომცა. ჟიურის წევრი არის თემურ ქორიძეც. ანტიქართულს ვერაფერს ვხედავ. თუკი რაიმე მსგავსი შევნიშნე, არ მივიღებ მონაწილეობას"

ლაშა ბუღაძე: "ერთი კვირის განმავლობაში ჟურნალისტები მხოლოდ ამ თემაზე მირეკავენ. მგონია, ცოტა გადაჭარბებულია ამ ამბის მნიშვნელობა, რომ ამხელა დრო და ყურადღება დაეთმოს. ეს მაკვირვებს, თორემ თავისთავად ახალი არაფერი არ ხდება. ებრალიძე არის კლასიკური საბჭოური მოდელი, რომელიც ცდილობს იმ ხალხის მოსყიდვას, ვინც ტრადიციულად ასეთ რაღაცებს ყოველთვის შესანიშნავად იყენებდა თავის სასარგებლოდ, როგორც ფინანსური, ისე სოციალური სტატუსებრივი თვალსაზრისით.

ყველა მონაწილე მწერლად საბჭოურ პერიოდში იქცა და მათთვის ახალი და უცხო არაფერი არ არის. მათი ფორმაცია - მენტალური, მოქალაქეობრივი და პროფესიული იმ პერიოდში ჩამოყალიბება და რეალიზებაც იმ პერიოდში მოხდა. ამიტომ ის სამყარო, რომელიც მთელი თავისი კომპონენტებით საბჭოურს ჰგავს, მათთვის უფრო ახლოა, ვიდრე დღევანდელი რეალობა და ამიტომაც მათთვის ეს პრემია მისაღებია".

ჯანსუღ ჩარკვიანი: "ებრალიძე ვინ არის? პრეზიდენტობა რომ უნდა? არაფერი ვიცი. რუსეთში მოღვაწე კაცი ჩვენთან პრემიებს აარსებს, ასეთი რამ არც გამიგია... მე ვერ მივიღებდი მონაწილეობას. სახელმწიფო რომ აკეთებდეს ამას, შეიძლება არ ემხრობოდე იმ ხელისუფლებას, მაგრამ სახელმწიფო პრემია მაინც მიგეღო. მაგრამ უცხოეთიდან წამოსული პოლიტიკოსისაგან, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში ჩართვა უნდა, პრემიების აღება ჩემი საქმე არ არის.

გარკვეულიც არ ვარ, რა და როგორ ხდება. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით. მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი ვარ და ხომ უნდა ეთქვათ ჩემთვის? არადა, წარმოდგენა არ მაქვს".

ლაშა თაბუკაშვილი: "თქვენ მიერ ჩამოთვლილ მწერლებში საინტერესო გვარებიცაა და არ მგონია, რომ მათ პოლიტიკური მიზნები ჰქონდეთ. თავად მე იმდენად ინდიფერენტული ვარ ასეთი რამეების მიმართ, არც "ჰოს" ვიტყვი და არც "არას". საპატრიარქოს მიერ დაწესებული ან ვინმე საპატივცემულო ადამიანის დაარსებული პრემიის  მოსაპოვებლად დიდი ალბათობით

მივიღებდი მონაწილეობას. თუმცა, რამდენჯერმე "საბაზეც" კი უარი ვთქვი.

მონაწილეობის მიღება-არმიღება ინდივიდუალურია. აღფრთოვანებული არა ვარ იმით, რომ ვისაც უნდა და ვისაც ფული აქვს, პრემია აარსოს და მერე ვიბრძოლოთ ამ პრემიისთვის. მაგრამ არაეთიკურად მეჩვენება, რომ ვილაპარაკო და განვიკითხო სხვა მწერალი, როგორი აზრისაც არ უნდა ვიყო მის მწერლობაზე. ჩემს თავს ჩემი კოლეგების განკითხვის უფლებას ვაძლევ. ისინი თავისუფალნი არიან საკუთარ არჩევანში, თუმცა ვთვლი, რომ ამ პრემიას პოლიტიკის სუნი ასდის".

მამუკა ხერხეულიძე: "ნებისმიერ ქვეყანაში მტრისგან, რომელიც ბომბავს, ხალხს ხოცავს და ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, მსგავსი პრემიები ადამიანების ყიდვაა და სხვა არაფერი. ამ პრემიას ასე ვეძახი - ლიტერატურული პრემია "იუდია". საკონკურსო თანხაც სიმბოლურია - 30 ვერცხლის მსგავსად 30 ათასი ლარია და ეს შემთხვევითი არ არის.

ებრალიძე ხომ თავად პოლიტიკოსია? როგორ შეიძლება, კაცი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდეს და პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდეს?! აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უბედურებების ავტორებმა ეს სატყუარა მოიფიქრეს, რომ აქ საზოგადოების გახლეჩა მოხდეს. ვიღაცებმა თქვან, რომ რუსეთი არ არის ცუდი, ორი რუსეთის იდეოლოგია რომ არსებობდა.

ომის დროს არც ერთ რუსს არც ერთი ქართველი კოლეგისთვის არ დაურეკავს და არ უთქვამს, ეს რა დაგვემართა, რა საშინელებებს აკეთებს ჩვენი ხელისუფლებაო. ყველა მშვენივრად ემხრობოდა მისი სახელმწიფოს ქმედებებს. ახლა ახალი პოლიტიკა შეიმუშავეს, რომლის მთავარი კურატორი პუტინია და ეს არის ჩვეულებრივი ლიტერატურული პრემია - "იუდია", თავისი მნიშვნელოვანი ციფრით - 30 ათასით. ამ ციფრით მოღალატეებს ყიდულობენ. ნოღაიდელის გამო ამ მოღალატეებს "ნოღალატეებსაც" კი დავარქმევდი".