როგორ შეაღწია ქართველმა ჟურნალისტმა რუსებისგან ოკუპირებულ აფხაზეთში

როგორ შეაღწია ქართველმა ჟურნალისტმა რუსებისგან ოკუპირებულ აფხაზეთში

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან დადებული .. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. “ეს ისტორიული მომენტი რუსულ-აფხაზური თანამშრომლობისთვისაა”, - განაცხადა დსთ- საქმეების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ. შეგახსენებთ: აფხაზეთის .. დამოუკიდებლობა, რუსეთთან ერთად, მის მიერ წაქეზებულმა რამდენიმე ქვეყანამაც - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ვანუატუმ აღიარა, თუმცა ამ უკანასკნელმა აღიარება უკან წაიღო... ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, სამხედრო-პატრიოტულ ჟურნალ ,,მეციხოვნისდამფუძნებელი  და მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე ახლახან, რამდენიმე დღით, ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა...

 

- ზაირა, სოციალურ ქსელში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალას დებ, საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე წერ. მოკლედ, დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა რუბიკონი გადალახე - ოკუპანტის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეაღწიე. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ვიზიტს სამთავრობო სტრუქტურებისგან, აფხაზეთის დე იურე ხელისუფლებისგან?

- დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, შესაძლებლობა მომეცა, აფხაზეთში ჩავსულიყავი, სადაც საკმაოდ შთამბეჭდავი მასალა მოვაგროვე... შემოვიარე ქალაქები და სოფლები - გალი, კოხორა, შეშელეთი, აჩიგვარა, ოხურეი, ილორი, არადუ, ვარჩე, ტამიში, ლაბრა, კინდღი, დრანდა, გულრიფში, კელასური, სოხუმი, აჩადარა, გუმისთის მიდამოები, გუდაუთა, გაგრა... ჩემდა გასაოცრად, აფხაზეთში ჩემს მოგზაურობას კომპეტენტური ორგანოებისგან გამოხმაურება არ მოჰყოლია. “ფეისბუქზე” მხოლოდ დევნილები გამომეხმაურნენ... ზოგიერთმა ფოტოებში საკუთარი სახლი ამოიცნო, მაგალითად, ჟურნალისტმა ნათია ახალაიამ, რომელსაც სახლი სოფელ აჩადარაში აქვს... დევნილები მწერენ:

,,ისევ გააცოცხლე მოგონებები, ზაირა, თვალწინ დაგვიდგა ყველაფერი... განსაკუთრებით იმათ აუშლის მოგონებებს, ვინც იქ თავისი სამშობლო, ბავშვობა, წარსული, გული და სული, სახლ-კარი, ახლობელ-ნათესავების საფლავები და ძვლები დატოვა...“

,,ზაირა, მთელი ბავშვობა აფხაზეთში მაქვს გატარებული, როგორ მწყდება გული... ოჩამჩირედან ტყვარჩელის გზაზე რომ სოფლებია - ბესლახუბა, აკვასკა, გუფა... მათ შესახებ ხომ არაფერი იცი? კინდღი, კელასური... აუ, მდინარე მოქვი როგორ მიყვარდა... მდინარე ღალიძგაზე რამდენი მიბანავია?! ... სოხუმსა და ოჩამჩირეს ხომ ნუ იტყვი... მახსოვს, ერთხელ მთელი ტყვარჩელი ფეხით მოვიარეთ...“

- სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა. 21 წელია, ძველი და ახალგამომცხვარი პოლიტიკოსები ომახიანად სჭექენ ლოზუნგებს, იწერება სიმღერები... ზაირა, ნუთუ, ერთი პოლიტიკოსიც არ გამოგეხმაურა?

- არა... ჩამოსვლისთანავე, ირაკლი სესიაშვილს მივწერე, აფხაზეთში ვიყავი და საინტერესო დეტალები მაქვს, რისი გაზიარებაც მინდა-მეთქი. მიპასუხა, რომ ჩემი მოგზაურობის შესახებ იცის და მეტი არაფერი... ხელახლა მივწერე და ჩემი იდეა გავუზიარე. მიპასუხა, რომ ამ მასალებს სიამოვნებით გაეცნობა.

- რა იდეა გაქვს?

- ვფიქრობ ალბომის გამოშვებას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ჩემს მიერ აფხაზეთში მოპოვებული ფოტომასალა, შთაბეჭდილებები, ჩანაწერები. ერთ-ერთი ჩანაწერი სოხუმში, პირდაპირ მინისტრთა დამწვარი საბჭოს წინ გავაკეთე - ძალიან ემოციური და შთამბეჭდავია. არაოფიციალური შეხვედრებიც აღვწერე... ირაკლი სესიაშვილს სწორედ ეს იდეა გავაცანი: ამ ალბომს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას გადავცემ და იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია რუსეთისა და სხვა რამდენიმე სახელმწიფოს მიერ აღიარებული აფხაზეთი, სწორი წარმოდგენა შეექმნებათ და როგორი გაუკაცრიელებული „ქვეყნის“ აღიარებას სთხოვენ აფხაზები მსოფლიოს-მეთქი. D

- ამ იდეით არც აფხაზეთის დე იურე მთავრობა დაინტერესებულა?

- ეს ინტერვიუ ჩემი პირველი საჯარო გამოსვლაა... დღემდე უწყებიდან არავინ შემხმიანებია. არადა, ვფიქრობდი, ჩამოსვლისთანავე შესაბამისი სამსახურები  დამიბარებდნენ და გამესაუბრებოდნენ. ინტერესიც არ გამოუჩენიათ. სახელმწიფო მოხეელეები, რომლებიც განუწყვეტლივ ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობენ, არ დაინტერესებულან, გაერკვიათ, რა ვნახე, რა შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. არ ვამბობ, რომ ამ წლების განმავლობაში ექსკლუზიური მასალა მხოლოდ მე ჩამოვიტანე, მაგრამ ხელისუფლება აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული მასალებით, ჩემი აზრით, მუდმივად უნდა ინტერესდებოდეს, აღარაფერს ვამბობ იმ სხვა საკითხებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჟურნალისტის გადასვლას ახლავს. ხელისუფლების ასეთი გულგრილი დამოკიდებულება არ მაშინებს და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტს ნებისმიერი გზით განვახორციელებ.

- ზაირა, აფხაზეთთან რა გაკავშირებს?

- აფხაზეთის ომში ,,თეთრი არწივის“ ქვედანაყოფთან ერთად ვმონაწილეობდი - მაშინ სტუდენტი ვიყავი, მაგრამ როგორც შტატგარეშე კორესპონდენტი ყველაფერს აქტიურად ვაშუქებდი... ჩვენი ნაწილი ბაბუშერაში იყო განლაგებული... ტამიშის დესანტის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ამ ბიჭებთან ვიყავი.

- აფხაზეთი როდის დატოვე?

- 1993 წლის 12 ივლისს... უკან დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ სასწავლო საქმეების გამო შევფერხდი... არ მეგონა, ომი ასე მალე თუ დამთავრდებოდა. სოხუმის დაცემის შემდეგ, საზოგადოებას მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი: პრესაში გამუდმებით ვიხსენებდი ომის დღეებს, ვწერდი ვეტერანებისა და დაღუპულთა ოჯახების უუფლებობასა და უმწეო მდგომარეობაზე. აფხაზეთის ომის მონაწილეთა დაჭერა-დაპატიმრებები რომ დაიწყო და მათ ოჯახებსა და თანამებრძოლების საფლავებს პატრონი აღარ ჰყავდათ, აქტიურად დავდიოდი ხელისუფლების სხვადასხვა წრეებში და დახმარებას ვთხოვდი, რომ ზოგის საფლავზე ბეტონი მაინც ჩამესხა.

- ომის მერე აფხაზეთში პირველად ჩახვედი?

- აფხაზეთში ჩასვლა ბევრჯერ ვცადე... მართალია, ომის დროს ტყვია არ გამისვრია, მაგრამ ვფიქრობდი, რომ სამხედრო ქვედანაყოფში ჩემი ყოფნა სადღაც დაფიქსირებული იქნებოდა. 1998 წელს, ერთმა რუსმა ოფიცერმა შემომთავაზა, სოხუმამდე ტანკით გაგიყვან და ტრამპლექსიდან აფხაზეთს დაგათვალიერებინებო, მაგრამ საეჭვო სიტუაცია იყო და ვერ გავბედე. მას მერე ვწვალობდი... ამჯერად გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ჩემი გადაყვანა გარისკა და დამეხმარა.

- ეს ადამიანი ვინაა?

- მისი უსაფრთხოების გამო, გვარს ვერ დავასახელებ. ეს კი არადა, კიდევ ვაპირებ ჩასვლას და არც ვიცი, ჩემი მოგზაურობის  გასაჯაროება ამ გეგმაზე როგორ იმოქმედებს.

- რომელი ადგილები მოინახულე?

- გალი, ოჩამჩირე, ტყვარჩელი, გულრიფში, სოხუმი და მისი შემოგარენი, გუდაუთა, გაგრა. სოფლები - კოხორა, შეშელეთი, აჩიგვარა, ოხურეი, ილორი, არადუ, ვარჩე, ტამიში, ლაბრა, კინდღი, დრანდა, კელასური, აჩადარა, გუმისთის მიდამოები...

ლესელიძემდე ვერ მივედი - ჩემმა მეგზურმა ვერ გაბედა და ვერც დავაძალე. გალის შემდეგ, ისედაც კონსპირაციულად დავდიოდი და ფოტოებსა და ვიდეოსაც კონსპირაციულად ვიღებდი - მიბრაზდებოდა, რომ გამოგიჭირონ, მე ვერ გიშველი, ხუთწლიანი ციხე გარანტირებული გაქვსო.

- მოდი, სულ თავიდან დავიწყოთ, აი, იქიდან, სასაზღვრო პოსტს რომ მიადექი...

- ქართველებისა და აფხაზების საგუშაგო მშვიდობიანად გავიარე. ეგაა, უზარმაზარი რიგია - დგომა რამდენიმე საათი გიწევს. რუსებს რომ მივადექი, მაშინვე პრობლემა გაჩნდა - ჩემსა და მესაზღვრეს შორის კამათის მიზეზი საშვში გაურკვევლად ჩაწერილი ციფრი გახდა. ასეთ შემთხვევაში, რიგიდან გამოყავხარ, იქვე, სადაც სხვა მესაზღვრეები პატრულირებენ, მიდის განსაკუთრებული შემოწმება და პიროვნების იდენტიფიკაცია, რაც ნამდვილად არ მაწყობდა... უკან გამობრუნებას არ ვაპირებდი. თავი ხელში ავიყვანე, ღიმილი „დავიყენე“, რადგან ყურადღება არ მიმექცია. რუსმაც გამიღიმა და ასე, ღიმილიანი კამათის შემდეგ, გადასვლის ნება მივიღე. სამშვიდობოს თავი დავიგულე, შვებით ამოვისუნთქე და ქართულად ჩავილაპარაკე: შენ, რუსო ოკუპანტო, ამას არ გაპატიებ, რაც ჩავიფიქრე, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი... საშვით, აფხაზეთში ყოფნა 30 დეკემბრამდე შემეძლო, მაგრამ იმდენად ბევრი შეხვედრა მქონდა, იმხელა ტერიტორიაზე გადავადგილდებოდი, რომ შესაძლებელი იყო, ვინმე დაინტერესებულიყო ჩემი პიროვნებით, ამიტომ თვალში ვინმეს რომ არ მოვხვედროდი, ვამჯობინე, იქაურობას დროულად გავცლოდი.

- იქ მთავარი, აფხაზებსა და ქართველებთანაც, ალბათ, ნდობის ფაქტორია, არა?

- დიახ შეხვედრების პირველი შთაბეჭდილება კარგი იყო, მაგრამ პირველი 5 დღე ნდობა მაინც გამიჭირდა. თავდაპირველად საერთოდ არ მეძინა. ყოველ წუთს „რაღაცას“ ველოდი.

- იქაურობა როგორ გამოიყურება?

- სიზმარში ჯოჯოხეთი მაქვს ნანახი და ზუსტად ისეთია. მხოლოდ დრანდასა  და კელასურში შენიშნავ რამდენიმე სახლს. გალიდან სოხუმამდე გზა უკაცრიელია - გადამწვარ და ნანგრევებად ქცეულ სახლებზე ხეებია ამოსული, ეზოები ტყეებადაა გადაქცეული, ამას ნასახლარიც აღარ ჰქვია. მოკლედ, თავი ჯოჯოხეთში გეგონება.

- ქართველების სახლებში არავინ ჩასახლებულა?

- სოხუმს აქეთ, სამეგრელოსკენ ჩასახლება არაა. რუსეთის მხრიდან, სოხუმამდე, კიდევ არა უშავს, თუმცა არც მოწესრიგებული ჰქვია. სოხუმსა და გაგრაშიც დამწვარი შენობები ისევ ისე დგას, ხელი არავის უხლია. ასეთივე მდგომარეობაშია სახელმწიფო დანიშნულების ობიექტებიც. მაგალითად, გაგრასა და სოხუმში ომის დროს გადამწვარი რკინიგზის სადგურები ისევ ისე დგას, ისევ აჩნია ნატყვიარი და ნახანძრალი. სოხუმში მატარებელი დადის, მაგრამ სადგური არ ფუნქციონირებს - ხალხი გარეთ ელოდება. ასეთივე მდგომარეობაშია კელასურის, გულრიფშის, ტამიშის, გალის სადგურები. ამ უკანასკნელზე ისევ კომუნისტებისდროინდელი ქართული წარწერაა. ძველი, ჩამოშლილი წარწერები და დასახელებები ბევრგან გხვდება. კორუფციის კვალი ატყვია ყველაფერს. ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიზნესი და შემოსავალი რესტორნებიდან, სასტუმროებიდან, ბარებიდან აქვთ, უბრალო ხალხი კი, შავ დღეშია. ამიტომაც ხალხი გრძნობს, რომ რუსეთმა და რუსებთან გარიგებულმა საკუთარმა ხელისუფლებამ მოატყუა.

- ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები სადაა განთავსებული?

- გალში შენობის ერთი ნაწილია გარემონტებული და იქ სხედან. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობა, რომლის წინაც 27 სექტემბერს გამარჯვებული „ბოევიკები“ პოზირებდნენ, ისეთივე გადამწვარი დგას. მასზე გადაჭიმულია ბანერი, რომელზეც გამარჯვების ორდენია გამოსახული. მარჯვენა ფლიგელში აფხაზეთის სატყეო სამმართველოა განთავსებული, დანარჩენი სართულები გადამწვარია.

ნათია, ვიდრე რკინიგზის სადგურებს ვნახავდი, ვფიქრობდი, მინისტრთა საბჭოს შენობას, როგორც თავიანთი გამარჯვების სიმბოლოს, ალბათ, მუზეუმად ინახავენ-მეთქი, მაგრამ ომის დროს დამწვარი სასტუმრო ,,აფხაზეთი” იგივე მდგომარეობაში რომ დავინახე, მივხვდი, რომ რუსები ამ ხალხს ისეთ ინფრასტრუქტურას არ შეუქმნიან, რაც კომფორტს მისცემს. რუსები იმას აკეთებენ, რაც ხელს მათ აძლევთ.

- მაგალითად?

- კერძო სასტუმროები, მაღაზიები, ანუ ის, რაც მათ შემოსავალს მოუტანს.

- პლაჟები როგორ გამოიყურება?

- ბათუმის პლაჟებს ვერ შეადარებ, მაგრამ არა უშავს. გაგრაში სანაპიროს ინფრასტრუქტურას რუსი ბიზნესმენები აწესრიგებენ, რა თქმა უნდა, თავისთვის.

- ზაირა, შეხვედრები ვისთან გქონდა?

- დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

- წარგადგინეს, როგორც ჟურნალისტი?

- არა, რას ლაპარაკობ?! არც მიხსენებია. ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა, უფრო მათ საუბრებს ვუსმენდი. შეკითხვასაც არ ვსვამდი. საქმე ისაა, რომ ამ ხალხს რაღაცა ალაპარაკებს, კითხვა არც სჭირდებათ, თავად სვამენ შეკითხვას: ვის უნდოდა ეს ომი? თავადვე პასუხობენ: კარგად ვიყავით, როცა ერთად ვიყავით!

- იმის თქმა გინდა, რომ აფხაზები რუსებს განუდგნენ?

- არ აგინებენ რუსებს, არც - ქართველებს, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობა ენატრებათ. ადრე, როცა დევნილები აფხაზ მეზობლებს და მოკეთეებს ცრემლებით იხსენებდნენ, ვფიქრობდი, თამაშობენ-მეთქი, მაგრამ ახლა, აფხაზებთან საუბრის დროს მივხვდი, რომ ის ცრემლები გულწრფელი იყო. თუკი აქამდე აფხაზეთის დაკარგვით ფიზიკურ დასახიჩრებას განვიცდიდი, ამ ვიზიტის მერე, სულიერი დასახიჩრებაც ვიგრძენი - აფხაზების სახით ოჯახის წევრი დაგვიკარგავს! მაფრთხილებდნენ, აფხაზი არ ინდობაო. მათ მოედანზე ვიყავი, მათ თამაში არ სჭირდებოდათ და თუ თავს მაწონებდნენ, ე.ი. ჩემთან ურთიერთობა და სიახლოვე უნდათ და ნამდვილად გულწრფელები იყვნენ. ჩემმა თანამგზავრმა ყველას აცნობა, რომ თბილისიდან ვიყავი. მკოცნიდნენ, მეხვეოდნენ, სახე უნათდებოდათ. არაჩვეულებრივად მიმასპინძლეს გუდაუთაში - როცა მათთან შევედი, ,,ერისიონის” კლიპი ჰქონდათ ჩართული და იქაურობა გრიალებდა.

- რუსულად საუბრობდით?

- კი, რუსულად, შიგადაშიგ ქართულ სიტყვებს ჩაურთავდნენ ხოლმე. აქეთ წამოსული მეზობლების ამბავს კითხულობდნენ, ჩემს თანამგზავრს ვიღაცის კოორდინატები ჰქონდა და დააკავშირა. არაჩვეულებრივი, ემოციური სატელეფონო საუბარი შედგა, მონატრებით სავსე. ერთი სიტყვით, იმათაც უჭირთ ჩვენს გარეშე. აფხაზები იდეოლოგიურად რუსების გავლენის ქვეშ არიან და მათი ეშინიათ, ერთად სურათებიც გადავიღეთ, მაგრამ მთხოვეს, საზღვარზე ნუ გადაიტან, ინტერნეტით გადააგზავნეო.

- სკოლებში რა ხდება?

- ქართული ენა მხოლოდ ქართულ სკოლებში ისწავლება, ასეთი კი მხოლოდ გალშია. ვერ დავაკონკრეტებ იმ ქართველთა ვინაობას, ვინც ქართული ენის შენარჩუნებისთვის უდიდეს გმირობას ჩადიან, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს: გალელ ქართველს არ სძინავს, ის ქართული ენის შენარჩუნებასა და გავრცელებაზე ზრუნავს. სხვანაირად რეგიონში, შესაძლოა, ქართული ენა დაიკარგოს. ძირითადად, რუსული სკოლებია, სადაც აფხაზურიც კი არ ისწავლება, არათუ - ქართული.

- ქართველები და აფხაზები როგორ ურთიერთობენ?

- ჩემს თანამგზავრ ქართველს აფხაზები სულ ,,ოქრო კაცს“ ეძახდნენ, გალელებში კი, ერთმანეთში ქორწინებაც აღმდგარია.

- ერთობლივი ბიზნესი აქვთ?

- გალში ქართველების მაღაზიებია გახსნილი, სოხუმის ბაზარში ქართველს  ვერ ნახავ, მშენებლობებზე კი, მუშაობენ. ქართველები გუდაუთისა და გაგრის  საავადმყოფოებშიც არიან.

- ქართველები ხომ არ ნანობენ, აფხაზეთში რომ დარჩნენ?

- ერთი ქართული ოჯახი, აქეთ საცხოვრებლად 11 წლის შემდეგ წამოვიდა - ვერ გაუძლო შეზღუდვებს. რუსები და სომხები უფრო გვზღუდავდნენ, ვიდრე აფხაზებიო, მითხრეს. გალელი ქართველები ამბობენ, რომ გალში იმდენი კრიმინალი არ ხდება, რასაც საქართველოს ტელევიზიები აცხადებენ. ვიდრე ჩავიდოდი, ორი დღით ადრე, ქართველი დააკავეს, რომელსაც ომში აქვს მონაწილეობა მიღებული - ამას აფხაზები არ პატიობენ. შიში მეც მქონდა, რადგან ომის მონაწილედ ვითვლები, მაგრამ რადგან საშვი მომცეს, საფრთხე ნაკლებად მემუქრებოდა, თუმცა დაკავების შემთხვევაში, პასუხი ყველაფერზე მქონდა... დოკუმენტური მასალები მაქვს, ომის დროს მოპოვებული - ომამდე აფხაზების რომელი სოფელი რა სახსრებით და იარაღით აღიჭურვებოდა, როგორ ემზადებოდნენ შეირაღებული კონფლიქტისთვის. აფხაზებთან ომი გარდაუვალი იყო, უბრალოდ, კიტოვანის შესვლამ პროვოცირება მოახდინა. აი, ამას ვეტყოდი, თუკი მკითხავდნენ, ქართველებმა ომი რატომ გააჩაღეთო. 

- ზაირა, უფროს თაობას ესაუბრე, მას, ვინც კონფრონტაციას ხელი, პირდაპირ თუ ირიბად, შეუწყო. ახალგაზრდები რას ფიქრობენ?

- ერთ ახალგაზრდას შევხვდი, რომელიც 2012 წელს, ორ მეგობართან ერთად, თბილისის დასათვალიერებლად ჩამოვიდა. სპეცსამსახურებმა მათი გადაადგილების შესახებ შეიტყვეს და ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. ეს ბიჭი მაინც დიდი სიყვარულით იხსენებს თბილისს და ქართველებს. სწორედ ამ ბიჭის ახლობელმა ოჯახმა მიმასპინძლა. შურისძიების გრძნობა რომ ჰქონოდათ, მათ ხელში არ ვიყავი?! ან სიძულვილი რომ გააჩნდეთ ქართველების მიმართ, შინ არც შემიშვებდნენ, მაგრამ სურვილიც კი აღარ აქვთ, თბილისსა და სხვა ქალაქებს ისევ ეწვიონ. წინა ხელისუფლება ამ ურთიერთობების განვითარებას ხელს არ უწყობდა.

- ახალი?

- ის, რაც განსაკუთრებულად ახარებთ, ჯანდაცვის თემაა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს საქართველოს შრომის, სოციალური და ჯანდაცვის სამინისტრო - აფხაზეთიდან გადმოსულებს ძვირადღირებულ ოპერაციებს უფასოდ უკეთებენ.

- ამაზე რუსებს წინააღმდეგობა არ აქვთ?

-Aაქვთ, მაგრამ აფხაზებს სიცოცხლე ურჩევნიათ, პრობლემებს რამენაირად გაუმკლავდებიან.

- აფხაზეთის მოქალაქეებს დაზღვევა არ აქვთ?

- არა, ყველაფერი ფასიანია. რუსეთში მიდიან და იქ იღებენ სამედიცინო დახმარებას - ჩემი მასპინძელი შეძლებული ოჯახი იყო და საოპერაციოდ რუსეთში აპირებდა წასვლას. ამას ბევრი ვერ ახერხებს, რადგან მოსახლეობის უმეტესობა სიდუხჭირეში ცხოვრობს.

- სამედიცინო დაწესებულებები რა მდგომარეობაშია?

- მართალია, საავადმყოფოები არ მინახავს, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ არც იქაა სახარბიელო მდგომარეობა.

- აფხაზეთში დიდ როლს უხუცესთა აზრი თამაშობს. მათ ხომ არ შეხვედრიხარ?

- არა, მაგრამ ახალგაზრდებს ჩასაფრებულის პოზიცია აქვთ - დაწვრილებით აინტერესებთ, როგორ ვითარდება ენგურს აქეთ საქართველო. მკითხეს, თბილისში სასტუმრო ,,აფხაზეთი” რა მდგომარეობაშიაო. როცა გაიგეს, რომ განათლების სამინისტროს გეგმაში აქვს, სკოლებში აფხაზური ენის სწავლების შემოღება, ძალიან გაუკვირდათ და გაუხარდათ.

- აფხაზეთის დე იურე მთავრობისგან ყურადღებას გრძნობენ?

- ხელისუფლებასთან  კონტაქტი არ უნდათ და ამას ყოველგვარი აგრესიის გარეშე ამბობენ.

- არც კულტურული გაცვლა-გამოცვლის მომხრენი არიან?

- გასულ წელს, თურქეთში, ქართველ და აფხაზ მწერალთა შეხვედრა ასეთი კავშირების აღდგენის ერთგვარი მცდელობა იყო. ერთ-ერთ კონცერტზე ქართველი ბავშვების ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ცეკვა ,,ქართული” წარმოადგინა, რის გამოც კულტურის სახლის დირექტორი მოხსნეს. ასე რომ, იქ ქართულ ანსამბლს არ მიიღებენ. ჩვეთან კი, ბევრ კონცერტზე მინახავს ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ შერულებული აფხაზური ცეკვა. ერთხელ, მე და ჩემი გოგონა, პირდაპირ ქუჩაში, ,,აფხაზურის” ილეთებს ვასრულებდით. გამვლელ-გამომვლელის დაჟინებული მზერა რომ შევნიშნეთ, გონს მაშინღა მოვეგეთ. ეს ამბავი აფხაზებს რომ ვუამბე, სიხარული ვერ დაფარეს. საერთოდ, აინტერესებთ, რამდენად ვცემთ პატივს ყოველგვარ აფხაზურს.

- მაგრამ, საკუთარი დანაშაულის აღიარება მაინც უჭირთ, არა?

- ამაყი ხალხია, თან გამარჯვებული, თუმცა ამბობენ, რომ ამ ომში ორივე მხარემ წავაგეთ. ასეთი განწყობის ფონზე, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს მსგავს ვიზიტებს, თუკი იქიდან ვინმე გადმოვა, სითბო და სიყვარული დაანახოს.

- მოგონებებთან შეხვედრა, ალბათ, ძნელი იყო, არა?

- ძალიან ძნელი. როცა ტამიშს მივუახლოვდით, გული გამიჩერდა. მერე მითხრეს, თურმე, მითქვამს, ეს მიწა ჩვენი ბიჭების სისხლითაა მორწყულიო. იმდენად დიდი ემოციის ქვეშ ვიყავი, არც კი მახსოვს, ეს როდის ვთქვი.

მახსენდებოდა და თვალწინ მედგა ის მძიმე დღეები... 2 ივლისს, დესანტი ახალი მოგერიებული გვყავდა, რასაც რამდენიმე ბატალიონი პირწმინდად შეეწირა... ბაბუშერას აეროპორტში “ცინკის” კუბოები ერთმანეთზე ელაგა - 16 კუბო დავთვალე, რომლებშიც ლაგოდეხის ბატალიონის მეომრები ესვენნენ. ხშირად, რამდენიმე თანამებრძოლს ერთ დღეს ვკრძალავდით და ვინაწილებდით, ვინ სად წავსულიყავით... ნიკუშა თურმანაულსა და აჩიკო ქსოვრელს, ცალ-ცალკე, “რაფით” მოვასვენებდით, იქაც გადავინაწილეთ ადგილები... მე ნიკუშას ცხედართან ვიყავი ჩამუხლული... დაკრძალვებზე ვერ ვტიროდი, ომი იყო და ჩემს თავს ამის უფლებას არ ვაძლევდი, იქ მყოფი ადამიანები მორალურად არ უნდა გამეტეხა. ეს ოცი წლის წინ იყო, მას შემდეგ ასაკიც შემეცვალა და გულიც, მაგრამ იმის რწმენა არ შემცვლია, რომ მეომარი ბრძოლაში კვდება!

ისე, აფხაზები თავიანთ გმირებს ძალიან დიდ პატივს სცემენ. ტამიშთან ის ადგილები მოვინახულე, სადაც ცნობილი ბრძოლები მიმდინარეობდა.

ოცდაერთი წელია, იქDდიდი მემორიალი დგას, რომელზეც ტამიშთან დაღუპული მეომრების ფოტოებია გამოფენილი. გაგრამდე თორმეტი ასეთი მემორიალი დავთვალე, შეიძლება სხვადასხვა ადგილას, მეტიცაა. ტამიშთან აღმართულ მემორიალურ დაფაზე აფხაზი მეომრებისOორმოცდაცამეტი ფოტოა გამოფენილი. ვითვლიდი და მინდოდა, რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო. ეს იყო წუთები, როდესაც აფხაზ მეომრებზე ცრემლები პირველად გადმომცვივდა.Aწასვლის წინ, ჩვენმა ბიჭებმა დამაბარეს, იქნებ, ჩვენიდან დაიწყოს დათბობა, ვინც აფხაზეთში ვიდექით და ერთმანეთს ვებრძოდით, არ ვთხოვთ ჩვენთან დაბრუნებას, უბრალოდ, დავსხდეთ და დავილაპარაკოთო. როდესაც გადავეცი, მათაც თვალები ცრემლებით აევსოთ. ქართველების გარეშე არც უღირთ ცხოვრება.. ალბათ, ძალიან ადრეა აფხაზეთის საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

- ზაირა, ავღანეთში, “აი-სა-ფი”- მისიაში, კოალიციის ჯარებთან ერთად, ქართული ქვედანაყოფის საქმიანობის ამსახველ ფოტოგამოფენაზეც გკითხავ: ეს იდეა როგორ გაჩნდა?

- 2013 წლის გაზაფხულზე, ,,ნიუ იორკ ტაიმსმა” ჩვენს ჯარისკაცებზე ძალიან ცუდი სტატია დაბეჭდა. ავტორი  წერდა, რომ ქართველი მებრძოლები ავღანეთის მოსახლეობას ცუდად ექცეოდნენ. ამაზე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. სოციალური ქსელით ჩვენს ბიჭებს დავუკავშირდი და მოვაგროვე მასალა, სადაც საერთაშორისო მისიაში, ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების ცხოვრებაა აღწერილი - მათი თანამონაწილეობა სოფლის ჩხრეკის ოპერაციებში, მოსახლეობასთან დამოკიდებულების ამსახველი კადრები. პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის დახმარებით, 12 აგვისტოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა, რომელზეც მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსი, ვეტერანები, ჯარისკაცები, ნატო-ს წარმომადგენლობა. მერე, გამოფენა ბათუმში, ახვლედიანის სახელობის მუზეუმშიც მოეწყო... გამოფენა ავღანეთიდან დაბრუნებულმა ჩვენმა ბიჭებმაც ნახეს. მინდოდა, ყველას გაეგო, რომ ავღანეთში ჩვენი ბიჭები ნამდვილად არ ებრძვიან ადგილობრივ მოსახლეობას, პირიქით, ეხმარებიან. გამოფენაზე ერთი საინტერესო იდეაც განვახორციელე: ძველი და ახალი ,,ავღანელები” ერთმანეთს შევახვედრე. მათ ბევრი საერთო აქვთ, სურვილიც და მოთხოვნილებაც, რომ ერთმანეთს გამოცდილება და მოგონებები გაუზიარონ. საერთოდ, ამ თემის გაშლას სერიოზულად ვაპირებ.