მე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი ვარ და ძალიან მტკენს გულს, როდესაც ვხედავ, ჩვენი მოქალაქეების ერთი (სამწუხაროდ, ზრდადი) ნაწილი არ აფასებს ჩვენს შრომასა და ყოველდღიურ რუტინას. ამათ რატომღაც ჰქონიათ, რომ მინისტრობა მხოლოდ მაღალი ხელფასების აღება, დიდი პრემიების გამოწერა და ძვირადღირებული ავტომობილებით ქალაქში ხვინტრიცია. არა, ბატონებო! თქვენ არ გესმით, რაოდენ რთულია ჩვენი საქმე და განა, ასეთ განწყობას ვიმსახურებთ თქვენგან?!... გუშინ, მაგალითად, ჩემს კაბინეტში შესულიც არ ვიყავი, ვიღაც უცნობმა წერილი მომაჩეჩა, სადაც ეწერა, რომ გაზულუქებული უსაქმურები ვართ და ჩვენი ადგილი ჩვენს წინამორბედთა გვერდითაა გლდანის საპყრობილეში. გული არ გეტკინება კაცს? ასე უცებ შეიძლება დაივიწყოთ ის, რომ ჩვენ შევძელით და მოვაშორეთ ამ ქვეყანას წინა ხელისუფლება, რომელიც ხალხს ყვლეფდა და ბიუჯეტში ხელებს აფათურებდა. წერილში, ასევე, ეწერა, რომ მე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩემი ბიძაშვილის სახელზე, ვაკეში, ორი ბინა შევიძინე და არაფრით განსხვავდებოდი ჩემი პირსისხლიანი წინამორბედისაგან. უცნობო და ბოროტო წერილის ავტორო, მინდა გითხრა, რომ ვაკეში ბინა ჩემი ბიძაშვილისთვის არ მიყიდია. ბიჭი დამიქორწინდა და საკუთარი ბინა ხომ უნდოდა? მეორე ბინა ჩემი სიდედრისაა და მანდ მე, აბა, რა მესაქმება? თუ იმას მეტყვით, ბიძაშვილის სახელზე რატომ გააფორმეო, გიპასუხებთ, რომ არც ამაშია რაიმე კანონდარღვევა. არ მსურს გავაღიზიანო ერთი ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი კაცი, რომელსაც ისედაც ბევრი საქმე აქვს და სცალია ახლა მას ჩემს ბინაზე სანერვიულოდ? თან, მით უმეტეს, ის ბინა ჩემი კი არა, ახლა ჩემი შვილისაა, რომელიც ბიძაშვილის სახელზეა გადაფორმებული. ხედავთ აქ რაიმე საეჭვოსა და უცნაურს? მაგრამ ბოროტი და ღვარძლიანი რომ იქნება ადამიანი... ამას წინათ, ერთ-ერთმა გაზეთმა ჩვენი, მინისტრების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ირკვევა, რომ ხალხს მაინცდამაინც არ ვუყვარვართ. მე ეს გამოკითხვები სულ დაკვეთილი მგონია და კარგად იცით, ვის მიერაც იქნება დაკვეთილი.
თუ ვინმეს ჩემს ავტორიტეტსა და რეიტინგში ეჭვი ეპარება, შეუძლია, მობრძანდეს სამინისტროში და ჰკითხოს ნებისმიერ თანამშრომელს ჩემს შესახებ. გარწმუნებთ, ერთ ადამიანსაც კი ვერ ნახავთ აუგის მთქმელს. პირიქით, ხანდახან გულსაც კი მიწყალებენ ხოლმე გადამეტებული ქებით და სამინისტროს თანამშრომლები ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან? ამას დაუმატეთ კიდევ სხვა სამინისტროები, დეპარტამენტები, საჯარო დაწესებულებები... ნახავთ კი იქ ჩვენზე აუგის მთქმელს? ეს ჟურნალისტები კი მაინც ისე ჭრიან და კერავენ, როგორც მოეპრიანებათ. ჰო, ჟურნალისტები... თუ რამე სჭირს ამ ქვეყანას, პირველ რიგში, ჟურნალისტებისგან სჭირს, რომლებიც ფაქტებს ხომ ამახინჯებენ და ამახინჯებენ და, როგორც წესი, არასოდეს აშუქებენ ჩვენს გაკეთებულ კარგ საქმეებს. იძახიან, კარგ საქმეში სკანდალური არაფერია და ხალხს უაზროდ გაღიმებული საჯარო მოხელეების სიფათების ცქერას რეალური სამუშაო ადგილების შექმნა ურჩევნიაო. ესაა დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება? იმ ბრძენ კაცს არაერთხელ უთქვამს და მეც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკა ყველაზე პრობლემური სფეროა და საქართველოს უბედურება ჟურნალისტებიდან იწყება. დაწერენ რაღაც სისულელეებს და მერე მიდი და გაეცი პასუხი ათას ვირეშმაკულ კითხვებზე. არ გასცემ და იძახიან, მედიასთან არ თანამშრომლობს და ჩვენი გადასახადებით აგროვებული ფულით კი იღებს მსუყე ხელფასსო. ვერ შეაგნებინებ მაგათ. ბოროტი და ღვარძლიანი ხალხია. ჩემი ნება რომ იყოს, სულ ერთმანეთზე მივახურავდი გაზეთებსა და ტელევიზიებს, რომ ხალხმა, ბოლოს და ბოლოს, დაისვენოს ამდენი ტყუილისაგან, მაგრამ მერე ამ უცხოელებს გააჩერებ შენ? ატეხენ ერთ ამბავს, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ებრძვიანო. სიტყვების თავისუფლება თორე ახლა ესენიც არ მყავდნენ, რა ჰქვია ამას... შარლიო თუ რაღაცა... იმ დროზე ვოცნებობ, როცა საქართველოში ადამიანები ქუჩაში ბედნიერი სახეებით ივლიან, ღვარძლიანი წერილების წერა შეწყდება და ჩვენც წყნარად მოგვეცემა საქმის კეთების საშუალება, მაგრამ ამ ხალხს ყველაფერი ახლა უნდა. ეგრე სადაა?..