,,ბიძინისტი ვარ!.. ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ცნებაა!'
...პარიზიდან ჩამოსულს ცუდი ამბავი დახვდა _ იური ვაზაგაშვილი მოკლეს. მეუბნება: ,,იურა ჩემი მეგობარი იყო, 2014 წლის ივლისში, ერთად პრესკონფერენცია გავმართეთ და მაშინ თქვა, თუ ჩემი შვილის მკვლელებს არ დასჯიან, შემდეგი მე ვიქნებიო...' პოლიტიკაში ჩართვას აღარ აპირებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დათმობებზე წავა და ჩვენთან დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენს, მზადაა, რუსეში საქართველოს ელჩად წავიდეს. ისე, ეს საქმე გამოუვა: გარდა იმისა, რომ ეთნიკურად რუსია, ამ სფეროში მუშაობის გამოცდილებაც აქვს _ თავის დროზე კონფლიქტების მინისტრის მოადგილე იყო. ,,ვარდების რევოლუციის' შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა, თურმე, მინისტრობაც შესთავაზა, მაგრამ უარი სტკიცა _ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მისეული ხედვა-იდეა არ მოეწონა... რაღა ბევრი გავაგრძელო და, თქვენს წინაშეა არა-ჩვეულებრივი ინტერვიუ თითქოს ძალიან ნაცნობ და ახლობელ, სინამდვილეში კი ამოუცნობ ლალი მოროშკინასთან. სიცოცხლე _ მისი კრედოა. ლალი მიიჩნევს, რომ ადამიანი მაშინ ბერდება, როცა დაბერებას გადაწყვეტს...
- ლალი, აბა, მითხარი, პარიზში რა გინდოდა?
- თითქმის მთელი ჩემი ოჯახი საფრანგეთსა და შვეიცარიაშია გადანაწილებული - ჩემი ორივე და - ნინო და სოფო. სოფო იუნესკო- ში მუშაობს, ნინოც, მეტი წილი, შვეიცარიაშია
- ნინო და სოფო შენი როგორი დები არიან?
- მამაჩემის მეორე ქორწინებიდან. ცნება ,,ნახევრადდა' ან ,,ძმა' ჩემთვის მიუღებელია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს... დედაჩემი სოჭიდანაა, თუმცა ჩვენი ნათესაობის დიდი ნაწილი იქ არ გაჩერდა და პარიზში გადაბარგდა. საერთოდ, ჩვენი ძალიან ბევრი ნათესავი, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა, ბოლო წლებში, მიზეზთა გამო, ევროპაში აღმოჩნდა. მათ სანახავად ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავდივარ... ევროპაში გასეირნება დიდი სიამოვნებაა...
- ევროპაში გადასახლება, მგონი, შენც გინდოდა - რამდენიმე თვის წინ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებდი...
- ეს საკითხი დღის წესრიგიდან მაშინვე მოიხსნა...
- რატომ?
- სტრასბურგში ვიყავი, როცა შემომითვალეს, გაიმარჯვე და ყველაფერი დალაგდებაო...
- ვინ შემოგითვალა?
- კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ვიტყვი...
- მე ვიტყვი - ბიძინა ივანიშვილი...
- ბატონ ბიძინას, სამწუხაროდ, არ ვიცნობ და სიამოვნებით გავიცნობ... როგორც ჩანს, ამ ამბავში მაღალ დონეზე ჩაერივნენ და ის ადამიანები, რომლებზეც ,,ზონდერული' წარსულის ფაქტები დავდე, სასჯელაღსრულების სისტემაში აღარ მუშაობენ.
- ერთ-ერთი პირველი იყავი, ვინც ,,ოცნების' ცალკეულ ხელისუფალთა კორუფციაში მხილება დაიწყე, რასაც ვიღაცების უკმაყოფილება მოჰყვა, მორიშკინამ ამ თემებზე ხმამაღლა კი არ უნდა ილაპარაკოს, არამედ, როგორც გუნდის წევრმა, პრობლემები შიგნითვე უნდა მოაგვაროსო. ამ ხმაურით ვიღაცებზე შური იძიე?
- 9 წელი, მხოლოდ აზრობრივად კი არა, ფიზიკურადაც ვიბრძოდი - 300 ათასი ადამიანის მსგავსად, ,,მოდული'- ს მიწისქვეშეთი მეც გამოვიარე.
- თავის დროზე, ისიც ითქვა, რომ ციხეშიც მიზანმიმართულად წახვედი...
- მგონი, მხოლოდ უჭკუო ადამიანს შეუძლია, თავს ციხე ,,გაუჩალიჩოს', რადგან არავინ იცის, იქიდან როგორი გამოვა. ნათია გედენიძეს ,,მოდულ'- ში ყოფნა 24 საათი მოუწია და დღემდე სტრესიდან გამოდის, მე კი იქ 15 დღე გავატარე და საკნის კარის ყოველ გაღებაზე არსებობდა საშიშროება, რომ ყველაფერს სისხლის სამართლის საქმეში გადაზრდიდნენ და 15 წელს მომისჯიდნენ. ადამიანი ამაზე რომ წახვიდე, მგონი, ცოტა უნდა გაკლდეს...
- ლალი, ხომ იცი, კარგად გიცნობ და ისიც ვიცი, ავანტიურისტი ხარ...
- პიარტექნოლიგი ვარ და პიარისთვის, შეიძლება, რაღაც გავაკეთო, მაგრამ ახალი წლის წინა დღეებში ასეთ რაღაცაზე არასოდეს წავალ, მით უმეტეს, შვილები მყავს... მოკლედ, მძიმე ბრძოლა გამოვიარე და ამტანიანობაც გამოვიმუშავე. საერთოდ, გისოსებიდან ორნაირი ადამიანი გამოდის - ან დაკნინებული და დაჩოქილია, ან სახურავწაცლილი.
- სახურავწაცლილი რას ნიშნავს?
- არც მანამდე მეშინოდა, მაგრამ გისოსების მერე შიშის გრძნობა საერთოდ დავკარგე - ყველაფერ ამის მერე ფიზიკური გარდაცვალება მოდის, რასაც, როგორც თალეს შონიას გაზრდილი, ძალიან ფილოსოფიურად ვუყურებ. რეინკარნაციისა და პარალელური სამყაროს არსებობისაც მჯერა... მოკლედ, სად-ში მხოლოდ ელიტური კორუფცია ანუ ფულის პრემიებით გათეთრება კი არ გრძელდებოდა, არამედ, უშუალოდ, ამოვიცანი ადამიანი, რომელმაც 2009 წლის 15 ივნისს, დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან, მიტინგზე ხელკეტი მომიღერა. ვერ ვიტყვი, ციხე ბოლომდე დავალაგეთ, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი წინ ნამდვილად გადავდგით და მივხვდი, ეს ადამიანები ისევ რაღაც წარსულში დააბრუნებენ ციხეებს, ამიტომ, ვიდრე ამბავს გარეთ გამოვიტანდი, გამაფრთხილებელი საუბარი ჯერ უშუალო ხელმძღვანელობასთან მქონდა, მერე უფრო ზევითაც...
- პირდაპირ ივანიშვილზე რატომ არ ,,გახვედი'?
- ბატონ ბიძინას დავით აქუბარდიას ეთერიდან მივმართე და ვუთხარი, ადამიანი, რომელმაც ქონება დაგიზიანათ, ალბათ, ციხეში გგონიათ, მაგრამ სასჯელაღსრულებაში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია- მეთქი. ვიცი, ბატონმა ბიძინამ მაშინვე სოზარ სუბარს დაურეკა და ჰკითხა, ეს მართალიაო? სუბარმა უპასუხა, დიახ, ნამდვილად ასეაო.
- ესე იგი, სუბარი ივანიშვილს ღალატობდა?
- არა. უბრალოდ, მინისტრი დეპარტამენტის კადრებს არ ნიშნავდა და იქ აბსოლუტური განუკითხაობა იყო...
- ისე, შენზეა ნათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელიაო - სასჯელაღსრულების მერე მშვენიერი სამსახური იშოვე, ბევრი საქმე გაქვს?
- კი, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ ნამდვილად უკეთეს პირობებში ვმუშაობ... სხვათა შორის, სწორედ მაშინ, როცა სტრასბურგში ვიყავი, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ამბობდა, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში მოხდა, შოკში ჩამაგდოო. მივხვდი, სიმართლე ამ ადამიანის ყურამდე მივიდა და მხარდაჭერა მქონდა. მოგვიანებით, ბატონმა ბიძინამ იგივე კიდევ ერთ ინტერვიუში გაიმეორა.
- ერთი სიტყვით, ივანიშვილის ,,ლუბიმიცა' გამოდიხარ...
- ბატონი ბიძინა ერთხელ, აქუბარდიას დაბადების დღეზე ვნახე...
- უი, ,,აქუსთან' ასე ახლოსაა, დაბდღეზეც იყო?
- ,,კავკასიის' დაბადების დღეზე მოვიდა და მხოლოდ ხელი ჩამოვართვი, არასოდეს დამიმალავს, დიდი სიმპათიით ვარ გამსჭვალული მის მიმართ. ის ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ადამიანია.
- ბიძინისტი ხარ?
- დიახ, ვარ! არასოდეს არავისტი ვყოფილვარ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის მხოლოდ სახელი და გვარი არაა, ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ცნებაა! ვანო, კარგად მიცნობ და იცი, აქამდე მსგავსი არავისზე მითქვამს. ამ ადამიანმა კი ბევრი შეძლო, თუმცა გამიკრიტიკებია კიდეც... მაშინ, როცა ყველა მიდიოდა, შემეძლო, მეც მივსულიყავი და გამეცნო, მაგრამ ვთვლიდი, ჩვენი ურთიერთობის დრო ჯერ არ იყო. საერთოდ, მის ფილოსოფიას კარგად ვხვდები - მეც იგივე წიგნებს ვკითხულობ...
- მაშასადამე, ნიცშე არც შენ მოგწონს?
- არ უთქვამს, რომ ნიცშე არ მოსწონს...
- ასე გამოუვიდა - ადამიანზე წიგნის დაწერას აპირებს...
- მერე, რა?! საინტერესოა... ვანო, გახსოვს, ერთხელ, პლანეტა მოროშკინა მიწოდე...
- ამას რა დამავიწყებს, მაგრამ ახლა პრემიერყოფილს ეპირფერები?
- არა! ხომ იცი, პირფერობა არავისთან და არაფერში მჭირდება. ჩემთვის ყველაზე დიდი განსაცდელი ის იქნება, თუ პოლიტიკაში დამაბრუნებენ.
- ბოლოს და ბოლოს, ახლა სად მოღვაწეობ?
- ბიზნესში...
- ,,ბიზნესვუმენი' ხარ?
- ,,რაკია ჯგუფის' გენერალური დირექტორის მრჩეველი ვარ, ,,თბილისი მოლის' განვითარებაზე ვმუშაობ, ამ სფეროში ისე ვარ, როგორც - თევზი წყალში: აღმოჩნდა, რომ ბიზნესი ჩემია და მომწონს...
- ბედი ბიზნესში რამდენიმე წლის წინაც სცადე - ბეწვეულის მაღაზია გახსენი...
- ფანტასტიურადაც მუშაობდა.
- აბა, რატომღა დახურე?
- იმიტომ დავხურე, რომ თურმე, ცხოველებს ვხოცავ. არადა, შინ ორი ცხოველი მყავს - შვილებს არ ვგულისხმობ. ისე, პიარტექნოლოგიურად, ყველაფერი კარგად მიდიოდა და მოგებაც ვნახეთ. მოკლედ, ვაჭრობა გამომდის... რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის იმპრესიონისტია - იმპრესიონიზმი იმწუთიერი შთაბეჭდილებაა...
- ლალი, ვიცი, იმპრესიონიზმი რაცაა, მაგრამ ყურადღებას ამაზე რატომ ამახვილებ?
- ჩვენს ხასიათში ძალიან ბევრი საერთოა - აფეთქება, იმწუთიერი გადაწყვეტილების მიღება...
- ყველაფერზე ნახ-ნახევრად ვლაპარაკობთ. ჰოდა, მოდი, ცოტა ,,დავლაგდეთ'... მეგობრები კი ვართ, მაგრამ ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით და მეჩვენება, ყველა შეხვედრაზე ახალ ლალი მოროშკინას ვიცნობ...
- ვიზრდები...
- აი, მაგალითად, ახლა ნამდვილი ბიზნესლედი ხარ... თითქოს, ემოციაც აღარ გაქვს...
- პირიქით, ძალიან დიდი ემოციით გელაპარაკები...
- იმას, რასაც ათი წლის წინ აკეთებდი - ვთქვათ, თამამი ფოტოსესია, ახლაც გააკეთებ?
- რა თქმა უნდა, არა, იმიტომ, რომ ათი წლით გავიზარდე! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის სითამამე ისე გავიარე, ეჭვი არავის გასჩენა, ტვინი მაქვს თუ არა ანუ გარეგნობის გამო თვითტკბობით არ უნდა დაკავდე, რადგან ათი წლის მერე, ყველაფერი ეს გახმება, დაჭკნება, გაიწლაწება და სუბსტანციად იქცევი. მოკლედ, ვთვლი, რომ ასაკობრივად გავიზარდე და ათი წლის შემდეგ, კიდევ უფრო ჭკვიანი ვიქნები!
- დარწმუნებული რატომ ხარ?
- არ არსებობს, ისე დავიძინო, რაღაც არ გადავიკითხო, რამე ახალი არ ვისწავლო... შეიძლება, ძველი ფილმი ვნახო და იქიდან ის ამოვიღო, რაც მინდა... საერთოდ, ზუსტად ვიცი, რაც მინდა. აქამდე პროგრამა მინიმუმი მქონდა, ახლა კი პროგრამა მაქსიმუმი მაქვს. მაგალითად, ერთი თვის წინ, შეკვეთილში, ძალიან იაფად მიწის ნაკვეთი ვიყიდე (ივანიშვილს აქედანაც ვუახლოვდები). ცხოვრებაში ბანკთან საქმე არასოდეს მქონია, მაგრამ ბიზნესის გზას დავადექი - ეს ნაკვეთი იპოთეკით დავტვირთე და მინდა, ათი წლის შემდეგ, სასტუმროების ქსელი - ,,ვილა მოროშკინა' მქონდეს.
- ვაუ, რა მაგარია! უფასოდ ხომ დამასვენებ?
- აბა, რა?! ვიპ-კლიენტი იქნები!.. სულ ვამბობ ხოლმე: კარგ ქმარს კარგი უფროსი სჯობია, რადგან მის ხელში იზრდები, ყალიბდები და ,,გუჩის' ჩანთის დონეზე არ რჩებიმეთქი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამსახურში იდეალური პირობები მაქვს, ათი წლის შემდეგ საკუთარი ბიზნესი უნდა მქონდეს!
- ესე იგი, ,,ვილა მოროშკინას' დაველოდოთ?
- ,,ვილა მოროშკინას' ან ,,მოროშკინ დორფს'...
- ,,დორფი' რაღაა?
- გერმანულად სოფელს ნიშნავს... ამ ქსელის პირველი ობიექტი გურიაში გაიხსნება, შემდეგ კახეთში... საერთოდ, წინასწარი შეგრძნებები მაქვს ხოლმე - როცა ვთქვი, ლოპოტაზე მიწის ნაკვეთს კაპიკებად მაძლევენ და მინდა, ვიყიდო- მეთქი, გარემოცვამ დამცინა და გავჩერდი.
- და იდეა მიშამ მოგპარა, არა?
- მიშა იდეებს ყოველთვის მპარავდა...
- ...პოლიტიკის ჟინმა გაგიარა?
- ჩემი რუსული გვარის მიუხედავად, ვიდრე ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, რუსეთში არ მივდივარ. ვანო, ვიცი, ოკუპაციის თემა შენთვისაც მტკივნეულია. ერთი რომ წავიწუწუნო, ზუსტად ვიცი, პუტინი ხელგაშლილი დამხვდება. მისი გარემოცვის წარმომადგენლებმა ჩემი წიგნებიც წაიღეს და მთხოვეს, ერთადერთი თავი - ,,აგვისტოს ომი' ამომეღო, მაგრამ ამაზე არ დავთანხმდი და ამიტომაც, რუსეთში ჩემი წიგნი არ გამოიცა. არადა, რომ დავთანხმებულიყავი, დღეს მილიონერი ვიქნებოდი...
- ამიტომაც მიყვარხარ, რომ მტერს ,,არ შეეკვრი ზავითა'. ისე, ცოტა უხერხულია, მოროშკინა რუსულ ოკუპაციას რომ აპროტესტებს, ჭეშმარიტად ქართულგვარიანები კი კრემლში მხსნელს ხედავენ!
- ვთვლი, რომ ჩვენი მიწები ოკუპირებულია და დღეს რუსეთი ოკუპანტია! თუ რუსეთი დიპლომატიურ ნაბიჯს გადმოდგამს, მინდა, რუსეთში საქართველოს ელჩი გავხდე და ქართველებს მაქსიმალური სიკეთე გავუკეთო!
- ანუ თუკი პუტინი ცხინვალის რეგიონსა და სოხუმს დააბრუნებს, რუსეთში ქართველთა დესპანად წახვალ?
- არა, ასე მარტივად არ არის. - რატომ? - კონფლიქტების მინისტრის მოადგილე ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, ტერიტორიების დაბრუნება მძიმე პროცესია. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი: ამ ომების გამო, ბოდიში ჩვენც გვაქვს მოსახდელი, მაგრამ ბოდიში იმას უფრო აქვს მოსახდელი, ვინც უფრო დიდია... 2008 წლის აგვისტოს ომიც ვიცი, 2004 წელს კი, ჩვენი ბიჭები რომ დააჩოქეს, იქ ვიყავი... მოკლედ, სიღრმისეულად მხოლოდ ის კი არ ვიცი, კონფლიქტი რა არის, არამედ, ისიც, მოლაპარაკება როგორ უნდა დაიწყოს. ყველა, ვინც მოლაპარაკებაზე ლაპარაკობს, მზადაა, ურთიერთობის აღდგენა კონცერტითა და ცეკვა- თამაშით დაიწყოს. მე კი საკითხს ასე არ ვაყენებ და ვამბობ: თუ ელჩი გავხდები, ზრუნვას რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მილიონ მოქალაქეზე დავიწყებ, რომელმაც არ იცის, როდის გამოასახლებენ რუსეთიდან ან მორიგი ტვინგადატრიალებული სკინჰედი როდის მიადგება. ასე რომ, ელჩობა ჩემი ერთადერთი პოლიტიკური ამბიციაა, ვერ ვხედავ პარტიას, რომელთანაც ასოცირებული ვიქნები.
- მგონია, რომ შენი პოლიტიკური ღირებულებები ,,თავისუფალი დემოკრატებისას' უთანაბრდება...
- მოდი, ასე ვიტყვი: ჩემი ღირებულებები ახლოს არარადიკალებთანაა...
- ...ლალი, ნატო- ში ხომ გინდა?
- ამაზე კითხვაც არ არსებობს. როგორც კი გამიჭირდა, რუსეთში კი არა, ევროპაში წავედი!
- ,,შარლი ჰებდოს' ტერაქტის დროს, პარიზში იყავი და, მახსოვს, სოციალურ ქსელში დაწერე კიდეც, შარლი ვარო...
- არა, არ მითქვამს, რომ შარლი ვარ... საერთოდ, როგორც მივხვდი, საქართველოში სრული ინფორმაცია არ აქვთ: ,,შარლი ჰებდოს' უჩიოდნენ, თუმცა სასამართლომ რედაქტორი და კარიკატურისტები დამნაშავეებად არ სცნო. ის კარიკატურები ჩემთვის ადამიანობის, რელიგიის, მრწამსისა და გალაკტიკის შეურაცხყოფაა, მაგრამ მკვლელობა მეორე უკიდურესობაა, თან ბრძოლის სხვა მეთოდებიც არსებობს - მუსულმანებს შეეძლოთ, ქუჩაში ხალხის კრიტიკული რაოდენობა გამოეყვანათ. საფრანგეთში ასეა - თუ ხელისუფლება ხედავს, რომ ქუჩაში კრიტიკული მასაა, რაღაცას მომენტალურად ცვლის... მოკლედ, იმ ადგილას, სადაც ტერორისტებმა 26 წლის პოლიციელი გოგონა მოკლეს, მივედი და ყვავილები მივიტანე. ამ გოგონას ფეისკონტროლი რომ არ ჰქონოდა ,,ჩართული' და მანქანა არ გაეჩხრიკა, ტერორისტი ებრაული სკოლის ასაფეთქებლად მიდიოდა. აი, სწორედ ესაა მთავარი ამბავი და ამას ვაპროტესტებ - ვიდრე საფრანგეთში ვიყავი, ჩემი პატარა ნათესავები და მათი მეგობრები სკოლაში აღარ დადიოდნენ, დაზაფრულები იყვნენ...
- ლალი, საფრანგეთიდან დაბრუნებულს ცუდი ამბავი დაგხვდა - იური ვაზაგაშვილი, რომელიც შენი მეგობარი იყო, შვილის საფლავზე ააფეთქეს...
- ჩემთვის ვაზაგაშვილის მკვლელობა ისეთივე ტერაქტია, რაც პარიზში მოხდა! სასაფლაოზე პირველს ვაზაგაშვილის შვილიშვილს რომ მიერბინა, ის აფეთქდებოდა და ისედაც გაუბედურებულ ოჯახს ღმერთმა გადმოხედა, რომ ასე არ მოხდა. ნაღმის აფეთქება, დიახ, ტერორისტული აქტია! სხვათა შორის, 2014 წლის ივლისში, მე და იურამ პრესკონფერენცია ჩავატარეთ, სადაც სახელები და გვარები დაასახელა და თქვა, თუ ეს ადამიანები არ დაისჯებიან, შემდეგი მსხვერპლი მე ვიქნებიო. ისე, ამ ტერორისტული აქტის გახსნით ყველაზე მეტად თავად პირველი ეჭვმიტანილები უნდა იყოს დაინტერესებული, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა: სამართლიანობის აღდგენა რომ დაწყებულიყო, ეს არ მოხდებოდა. ცხოვრებაში პირველად მეც რაღაც უცნაური განცდა მაქვს - ყველამ იცის, მე და ჩემი შვილები სად დავდივართ და დანაღმვას რა უნდა? დღეს თითოეული ჩვენგანი სამიზნე ვართ! შეგვიძლია, მაისურზე ,,თარგეთ' ანუ ,,სამიზნე' დავიწეროთ და ქუჩაში ისე ვიაროთ. დიახ, მე და ყველა ადამიანი, ვინც საღად აზროვნებს და ისევ რეჟიმს ვებრძვით, სამიზნეები ვართ!
- ასეთი განცდა ნაციონალების დროს არ გქონდა?
- მაშინ ომში ვიყავი და ვიცოდი, ვისაც ვებრძოდი, თან ჩემს მიმართ ასეთ აკრძალულ მეთოდებსაც არ იყენებდნენ. ახლა კი, ვიღაც ფანტომი იატაკქვეშეთიდან გვებრძვის! გარდა იმისა, რომ ადამიანი აღარაა, დღეს ყველას ერთი განცდა აქვს: ვინ იქნება შემდეგი? პრემიერისთვის, მართლაც, ღირსების საკითხია, ეს დანაშაული მალე იქნას გამოძიებული და, თუ ასე არ მოხდება, ფიქრი, ალბათ, გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებზე უნდა დაიწყონ.
- შენი ქმარიც ნაციონალების მსხვერპლია - ესროლეს კიდეც...
- დიახ... როცა ვამბობ, ფონი დამძიმდა- მეთქი, ირაკლი მპასუხობს, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთო, მაგრამ ვის ვებრძვით?
- ანუ ირაკლისაც აქვს განცდა, რომ შური შეიძლება, მასზეც იძიონ?
- ეს განცდა ყველას გვაქვს: ვიდრე მანქანაში ჩავსხდებით, ვათვალიერებთ...
- რა კარგია, რომ ავტო არ მყავს...
- არა უშავს, სხვა რამეს მოგიხერხებენ...
- დიდი მადლობა, დამამშვიდე!.. ლალი, იზიარებ ვერსიას, რომ იური ვაზაგაშვილი სპეცსამსახურებმა ააფეთქეს?
- კონკრეტულად, ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ მკვლელობაში ყველა დეტალი გათვლილია და ამას დილეტანტი ვერ გააკეთებდა... ისიც ხომ ვიცით, მთავრობაში სააკაშვილის სერიოზულად გაწვრთნილი კადრები დღესაც რომ არიან და არ ვიცით, ვინ ვისთანაა შეკრული...
- ეს გასაგებია, მაგრამ ვაზაგაშვილის მოკვლა ხელს რატომ აძლევდათ?
- იურა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურა იყო და მისი მოკვლის მიზანიც ხალხის გაგიჟებაა... იურა ჩემი მეგობარი იყო - ხშირად მირეკავდა, ,,ჯაზუშიც' ხშირად მივდიოდი და ვიცი, ძალიან ბევრ ადამიანზე ნაწყენი იყო.
- მაინც, ვისზე?
- არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ,,ოცნების' პოლიტიკოსებზე გულგატეხილი იყო...
- ლალი, შენც ბევრი რამე იცი და რეიტინგიც გაქვს. შენი გაჩუმება ხელსაყრელი ვისთვის იქნება?
- ნაციონალთა ,,ზონდერებისთვის'...
- ,,ზონდერები' ფართო ცნებაა. უფრო კონკრეტულად?
- ნაციონალთა იმ ,,ზონდერებს' ვგულისხმობ, ვინც დღესაც ხელისუფლებაში არიან... ამ ადამიანებს იურაც ასახელებდა, ია მეტრეველიც ასახელებს და მეც... უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ჩემი განცხადებები ხმამაღალი გამოვიდა და ფაქტითაც დამტკიცდა - ადამიანი, რომელიც ციხეში უნდა ყოფილიყო, თანამდებობაზე აღმოჩნდა...
- ყველა- ყველაა, მაგრამ ერთი ვერ გავიგე: 9 წლის წინ, პოლიტიკაში არ იყავი...
- როგორ არ ვიყავი - კონფლიქტების მინისტრის მოადგილედ ვმუშაობდი...
- ისიც მახსოვს, მიშასთან მეგობრობდი. ჰოდა, მიუღებელი რატომღა გახდი?
- პირველი ვიყავი, ვისაც მიშამ მინისტრობა შესთავაზა ანუ მოადგილეობიდან კონფლიქტების მინისტრად უნდა გადავსულიყავი, მაგრამ ის გეგმა დამიდო, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო.
- რა გეგმაზე ლაპარაკობ?
- ოსებთან მიმართებაში, რაც 2004 წელს განხორციელდა კიდეც და რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ამიტომ, ყველა კარი ჩემთვის ერთ დღეს დაიკეტა - უნივერსიტეტიდანაც გამომიშვეს... სხვათა შორის, ყველაფერი ეს ჩემს წიგნში - ,,მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი' წერია...
- ისევ იღბალმა გიშველა: შენთვის, როგორც ამბობ, ყველაფერი დაიკეტა და ხელი მწერლობას მიჰყავი - ზემოხსენებული წიგნი ბესტსელერად იქცა... ეს შენთვის საარსებო საშუალება იყო?
- ვანო, იცი, რა? - ზოგი ფიქრობს, მეც დავჯდები და დავწერო, მაგრამ 2009 წელს დისერტაცია მხატვრული ნაწარმოების აგებულებაზე დავიცავი ანუ ეს ჩემი პროფესიაა, თუმცა აზრს ბევრს ვეკითხებოდი, მათ შორის, შენც...
- შენს ქმარს ეს წიგნი წაკითხული აქვს?
- კი, ციხეში წაიკითხა...
- სასჯელაღსრულებამ სიყვარული გაპოვნინა და მთელი ის ბატალიები ამადაც ღირდა, არა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი დამოუკიდებელი საქმეც ბიზნესიც უნდა მქონდეს...
- ისე, როგორც ირაკლი გიყვარს, ოდესმე ვინმე გყვარებია?
- არა და არც ამდენი მიფიქრია ანუ ყველა სიტყვას ვზომავ, რომ ჩემს ქმარს რაღაც ტკივილი არ მივაყენო... ირაკლი ძალიან ყურადღებიანია... ვკამათობთ კიდეც, მაგრამ ამ სოციუმში ჩემს პიროვნებას არ აკნინებს.
- პერიოდულად არ სვანდება?
- პერიოდულად კი არა, სულ სვანია!
- როგორიც ხარ, იმის დამსახურება ხომ არაა, რომ რამდენიმე სისხლი გაქვს?
- ვერ ვიტყვი, როცა რუსებს აუგად მოიხსენიებენ, არ მწყინს-მეთქი... რაც ასაკი მემატება, გენეტიკურად რუსულისკენ ვიხრები - საკვების გემოვნება, სიცივისკენ მიდრეკილება ანუ კავკასიელი არ ვარ...
- მოროშკინები საქართველოში როგორ მოხვდნენ?
- ჩემი დიდი ბაბუა ციმბირიდან მოსკოვში ჩავიდა და ლომონოსოვის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დააარსა. მისი შვილი კი, ლვოვის უნივერსიტეტის რექტორი იყო, სადაც ბებიაჩემი, სოფიკო ვაჩნაძე სწავლობდა.
- სოფიკო მამაშენის დედა იყო?
- კი...
- ამ ქართველ ქალს რუსი კაცის რა მოეწონა?
- ჩემ რუსებს რბილი ციმბირული ხასიათი აქვთ. სოფიკო კი, მებრძოლი იყო - 94 წლის გარდაიცვალა და თავს ცხრა კაცს წააცლიდა. ერთხელ, დედაჩემს ჰკითხა, ეს ლალი ასეთი თამამი და ზედმეტად გაბედული ვის ჰგავსო და დედაჩემმა მიუგო, თქვენო.
- შენი პიროვნების ჩამოყალიბებაში თალეს შონიამ რა როლი შეასრულა?
- ჩემში თალეს შონიაა - მამაჩემისგან მხოლოდ გარეგნობა და გენეტიკა მაქვს, ალბათ, ცოტა ავანტიურიზმიც, დანარჩენი ყველაფერი კი, თალესმა მომცა, მათ შორის, საქართველოს სიყვარულიც - დედაჩემმა ქართული ცუდად იცის და ჩემი რუსულ სკოლაში შეყვანა უნდოდა, მაგრამ თალესმა თქვა, ,,ლარისა ივანოვნა' გაიზრდებაო და ქართულ სკოლაში შემიყვანეს. ლევან ღვინჯილია ამბობს ხოლმე, ის ხარ, რომელ ენაშიც ცხოვრობო. მე ქართულ ენაში ვცხოვრობ და ჩემთვის რუსული, მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკურად რუსი ვარ, ისეთივეა, როგორც ინგლისური და გერმანული.
- გული არასოდეს დაგწყვეტია, რომ თალესი შენი ბიოლოგიური მამა არ იყო?
- არა. თალესი სულ ამბობდა, ჩემი შვილი ხარო და ბოლო წუთებში ღვიძლი შვილები - ირაკლი და მარინა გაუშვა, მე დამიტოვა და მითხრა, ძალიან ძლიერი იქნები და მე დაგეხმარებიო. მაშინ 24 წლის ვიყავი და ახლა ვიცი, რომ შემიძლია, რკინა გავკვნიტო და ეს თალესის დამსახურებაა.
- შენი ოჯახი ქართული სანტა ბარბარაა...
- (იცინის) ზუსტად...
- კომპლექსები გაქვს?
- არანაირი...
- ლალი, ბედნიერი ხარ?
- ძალიან. სულ ვამბობ, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული- მეთქი - ჩემს გარშემო სულ ჭექა- ქუხილია, მაგრამ შემიძლია, ჩემს პატარა კუნძულზე პატარა სახელმწიფო ავაშენო...
- ადრე, მეხიც ხომ დაგეცა?
- ჰო, მაგრამ ამას პოზიტიურად ვუყურებ - ჩემს გარშემო იმდენი ცუდი ხდება, რომ ამ მეხმა ყველაფერი გაანეიტრალა ანუ მეხის დაცემის მერე, ირაკლი ჯაფარიძეზე გავთხოვდი...
- გათხოვებაზე კოსმოსში ინფორმაცია მაშინ გაუშვი, ერთ გადაცემაში რომ მოიტყუე, ვთხოვდებიო...
- ეს პიარავანტიურა იყო - წიგნის გაყიდვა მინდოდა, თუმცა მაშინ დედა გავათხოვე...
- ელოდი, რომ დედაშენი გათხოვდებოდა?
- ისე დავამუშავე, რომ ველოდი...
- როცა გათხოვდა, რამდენი წლის იყო?
- 63-ის. რომ შეხედავ, ახალგაზრდა წყვილია...
- არ შეგეშინდა, რომ ,,სამანიშვილის დედინაცვალი' რეალობად იქცეოდა?
- არა. დედაჩემს კარგად ვიცნობ და ვიცოდი, მაქსიმუმ, ჩეხოვის ,,დუშეჩკა' განმეორდებოდა... დედაჩემის ქმარი, ზაზა ,,სუხიშვილების' ტოპ მენეჯმენტშია, ის ენერგიული მამაკაცია... ჰემინგუეი ამბობდა, ცხოვრება ძალიან გრძელია, რომ ერთ ადამიანთან განვლოო. ჩვენი ცხოვრება კი, უფრო გრძელია, რომ ერთი და ორი ადამიანით შემოიფარგლო. სხვათა შორის, თალესი არ თვლიდა, რომ აქ ყოფნა ერთადერთი სასუფეველია, ამბობდა, რომ დროებით ვართ, გამოცდას ვაბარებთ, ხოლო ჭეშმარიტი ცხოვრება სხვაგან გაგრძელდებაო. შეიძლება, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ გარდაცვალების წინ მანანას უთხრა, აუცილებლად გათხოვდი, მარტო არ დარჩე, ჩვენ შვილებს მოუარე იქ კი, ერთად ვიქნებით და მთავარი ესააო.
- დედამთილობისთვის ემზადები?
- კი არ ვემზადები, დიდი ხანია, მზად ვარ, მაგრამ სანდრო ზედმეტად დინჯი და პრაგმატული ადამაიანი აღმოჩნდა და თქვა, შენი და მამაჩემის ისტორიის განმეორებას არ ვაპირებო...
- ლალი, შენი სამშობლო საქართველოა?
- კი...
- რუსეთი?
- რუსეთი ისტორიული სამშობლოა!
- ჟურნალისტი ხარ... ლალი მოროშკინას რას ჰკითხავ?
- არ ვიცი... ალბათ, მასში შევცურავდი და დამაინტერესებდა, მის თავში რა იხარშება...
- რა იხარშება?
- ბევრი რამ... წიგნის ფიბულა საქართველოს უახლოეს ისტორიაზე…
- ლალი, წარმატებას გისურვებ...