შესაძლოა მკითხველმა ცუდ ტონად ჩამითვალოს, მაგრამ რა გაეწყობა - კვლავ და კვლავ მიწევს იმის აღნიშვნა, რომ გუშინ პარლამენტის სხდომა ისევ დღის წესრიგის არა თუ ცხარე განხილვით, არამედ ამ თემაზე აყალ-მაყალით დაიწყო.
ამ „პროცესში“ რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებაც გაკეთდა - მაგალითად, ნუგზარ ნადარაიამ აღნიშნა რომ, ფაქტობრივად, ჩაიშალა ივნისში დანიშნული ადგილობრივი არჩევნები, რაც იმედს გაუცრუებს უამრავ ამომრჩეველს საქართველოს ყველა კუთხეში. ირაკლი წერეთელმა კი ჩამოთვალა საქართველოს ის კუთხეები, რომლებიც თურმე საქართველოს ხელისუფლებას გაუყიდია: აფხაზეთი, აჭარა, სამაჩაბლო, სამეგრელო.
მოხსენებით „სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის წინაშე მდგომი პოლიტიკური პრობლემები და მათი მოგვარების გზები“, გამოვიდა ვანო ხუხუნაიშვილი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მის გამოსვლას პარლამენტი დიდი ინტერესით ელოდა, რადგან წარსულში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის განცხადებებს ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი (მათ შორის საკადრო) ცვლილებები მოჰყვებოდა ხოლმე.
ხუხუნაიშვილის მოხსენებაში, კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ საქართველოში არსებული კრიზისული მდგომარეობის მიზეზია პასუხისმგებლობის დეფიციტი. ეს თემა წითელ ხაზად გასდევდა მთელს გამოსვლას: პარლამენტი მრავალი მიზეზის გამო ვერ ახერხებს ნორმალური რიტმით მუშაობის აწყობას. ამას, ხელს, უპირველეს ყოვლისა ის უშლის, რომ არ გამოკვეთილა საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, არ არის გეგმიურობა საკანონმდებლო მუშაობისას.
ეროვნულ-დემოკრატთა აზრით, ამის მიზეზია სახელმწიფოს მეთაურის ინერტულობა, - იგი არ ახდენს პარლამენტში მოქმედ ფრაქციათა მუშაობის კოორდინაციას, ამიტომ, საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები სახელმწიფოს მეთაურსა და საპარლამენტო ფრაქციებს შორის „უმრავლესობის“ ჩამოყალიბებისათვის. უნდა გამოიკვეთოს, აგრეთვე, „უმცირესობაც“ და მიეცეს შესაბამისი გარანტიები - მაგალითად, ალტერნატიულ კანონპროექტთა წარმოდგენის უფლება. ბატონმა ვანომ განაცხადა, რომ თუ ეს ყოველივე არ გაკეთდა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ვეღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობის მუშაობაში. რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, „ჭრელი პოლიტიკური სპექტრის“ პარლამენტმა ასევე „ჭრელი“ მთავრობა შექმნა, ეს კი დაუშვებელია რეფორმების გატარებისას.
ჩემი აზრით, ეს „სიჭრელე“ იმთავითვე იყო ნაგულისხმევი საარჩევნო კანონით, ამიტომ, სანამ საქართველოს ნორმალური საარჩევნო კანონი არ ექნება, მანამ ეყოლება „ჭრელი“ პარლამენტი და „ჭრელი“ მინისტრთა კაბინეტი.
ხუხუნაიშვილის გამოსვლამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. „რესპუბლიკელებმა“ მიიჩნიეს რომ „ეროვნულ-დემოკრატებმა“ მათი ადრინდელი მოთხოვნები გაიმეორეს: დავით ბერძენიშვილმა ადგილიდან წამოიძახა: „ჰონორარს თუ გადამიხდიანო“. ამის შემდეგ სიტუაცია დარბაზში გამოცოცხლდა, თუმცა, თვით გამოსვლისადმი ინტერესი არ შენელებულა. ვანო ხუხუნაიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთოდ, აღმასრულებელი ხელისუფლება, აგრეთვე სახელმწიფოს მეთაურის აპარატი „ამორფულობისა“ და „არაორგანიზებულობისათვის“ და ჩამოაყალიბა შემდეგი მოთხოვნები: 1. გაუმჯობესდეს, უფრო ქმედითი და ორგანიზებული გახდეს პარლამენტის მუშაობა. 2. განისაზღვროს საპარლამენტო „უმრავლესობა“ და „უმცირესობა“ შესაბამისი გარანტიებით. 3. შემუშავდეს რეფორმათა ნათელი კონცეფცია. 4. მოხდეს სტრუქტურული რეორგანიზაცია მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაში.
გამოსვლა საერთო შთაბეჭდილებით საინტერესო და კონსტრუქციული იყო. მაგრამ კონსტრუქციული ატმოსფერო პარლამენტში დიდხანს აღარ შენარჩუნებულა, რადგან სიტყვით გამოსულმა ირაკლი წერეთელმა კოლეგებს ამცნო, რომ გუშინ სოხუმში 14 ადამიანი დაიღუპა საარტილერიო შეტევის შედეგად.
წერეთელმა მოითხოვა ედუარდ შევარდნაძის დაუყოვნებელი გადადგომა თანამდებობიდან, რადგან მისი აზრით, საქართველო ამ დღემდე სწორედ ერთი პიროვნების გაფეტიშებამ მიიყვანა. ასეთი კერპი ჯერ გამსახურდია იყო, ახლა კი შევარდნაძეა. კერპთთაყვანისმცემლობა ათი მცნებიდან უპირველესის დარღვევაა და სწორედ ამიტომ დასაჯა ქართველი ერი ღმერთმა.
დაამთავრა თუ არა სიტყვა, ირაკლი წერეთელი დარბაზიდან გავიდა და ვეღარ დაესწრო იმ აურზაურს, რომელიც მის გამოსვლას მოჰყვა. რამდენიმე დეპუტატს შორის კინაღამ ხელჩართული ჩხუბი ატყდა (სიტყვიერ შეურაცხყოფაზე რომ აღარაფერი ვთქვათ). სპიკერი იძულებული გახდა სხდომა შეეწყვიტა და შესვენება გამოეცხადებინა. ეს შესვენება 10 წუთის ნაცვლად ნახევარ საათს გაგრძელდა. პარლამენტარები იმდენად იყვნენ აღელვებულნი, რომ ბოლოს და ბოლოს ვახტანგ გოგუაძეს თითქმის ძალით მოუხდა მათი შეყვანა სხდომათა დარბაზში, რათა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა გაეგრძელებინა.
სიტყვით გამოვიდა იზა ორჯონიკიძე, რომელმაც ირაკლი წერეთლის საკითხის საგანგებო განხილვა მოითხოვა. თუმცა, შემდგომ თავად მან ისეთი რამ თქვა, რომ პარლამენტარებმა უკვე მისი საკითხის განხილვა მოითხოვეს, რადგან იზა ორჯონიკიძის ინფორმაციით, დეპუტატებს ურიგებენ ხორცს, შაქარსა და ზეთს მაშინ, როდესაც „გარეთ“ ხალხი შიმშილით იხოცება.
დიდხანს ბობოქრობდა დარბაზი... თუმცა აღშფოთების მიზეზი ჩვენთვის ცოტა არ იყოს გაუგებარი დარჩა. თუ ასეთი რამ არ მომხდარა (ანუ ხორცი 200 კუპონად არ დაურიგებიათ), მაშინ რით ავხსნათ რომ თვით ფაქტი არავინ უარყო? ხოლო თუ ფაქტი უტყუარია, მაშინ ვინ უნდა აღშფოთდეს - პარლამენტარები თუ ხალხი, რომელიც კილო ხორცს 4000 კუპონზე იაფად ვერ ყიდულობს.
მიუხედავად კოლეგების მძლავრი სიტყვიერი „შეტევისა“, იზა ორჯონიკიძე „კლდესავით“ იდგა, - მხოლოდ პირჯვარს იწერდა დროგამოშვებით.
შესვენების შემდეგ ნოდარ ნათაძემ პარლამენტს აცნობა, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას უახლოეს დღეებში განიხილავს საერთაშორისო კონფერენცია ვენაში. ამ კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაემგზავროს, თუ ექნება წერილობითი დადასტურება იმისა, რომ არ დადგება ეჭვქვეშ რეგიონში საქართველოს სუვერენიტეტი.
სხდომაზე კვლავ წამოიჭრა ირაკლი წერეთლის გამოსვლის თემა. როგორც ჩანს, პარლამენტარებს ჯერ არ „გამოლეოდათ მღელვარება“ ამ გამოსვლის გამო. სხდომაზე წაიკითხეს ისტორიკოსთა ჯგუფის განცხადება, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ. ჯანსუღ ჩარკვიანმა კი ზოგიერთებს ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა მოსთხოვა.
პარლამენტმა, როგორც იქნა, მიაღწია „სხვადასხვამდე“ - ეს ბევრი დეპუტატისთვის მიუღწეველ ოცნებად ჩანდა, რადგან საკითხი ყოველთვის დღის წესრიგის ბოლოს იყო ხოლმე გათვალისწინებული. სხდომაზე განიხილეს რამდენიმე მტკივნეული, მაგრამ არც თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემა. ამასთან დაკავშირებით აკაკი ბობოხიძემ იხუმრა: ჩვენს სოფელში მეზობლები ჩხუბობენ და მათ შერიგებაზედაც ხომ არ გვემსჯელაო?
მნიშვნელოვანი იყო თემურ ბასილიას გამოსვლა. მისი განცხადებით, საპარლამენტო კომისია ცდილობდა, მოეპოვებინა დოკუმენტები ერთ-ერთ საკონსერვო ქარხანაში სავალუტო ხარჯთაღრიცხვის შესახებ. მაგრამ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და პირადად მინისტრი, ოთარ კვესიტაძე მათ ამ საბუთებს უმალავს, - როგორც ჩანს კორუფციის ფაქტების დაფარვის მიზნით.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის მინისტრიც და მთლიანად მინისტრთა კაბინეტიც მეტისმეტად ბევრს „მოგზაურობენ“, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, სადაც უფრო ხშირად იმყოფებიან, ვიდრე საკუთარ კაბინეტებში.
საქართველოს მოსახლეობის 6% ანუ 30 ათასი ადამიანი დღეს ნარკომანია. ეს ციფრი გამოაქვეყნა ზურაბ მურვანიძემ. მისი თქმით, რუსეთი, რომელიც იარაღით გვეომება, ამავე დროს დიდი რაოდენობით გვიგზავნის მორფინს, რადგან ქართული გენოფონდი გაანადგუროს. აუცილებელია დამცავი ღონისძიებების განხორციელება - ნარკომანია უნდა ვაღიაროთ ავადმყოფობად, ნარკოტიკების გამსაღებლები კი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.