ამერიკა რუსი „ცისფერჩაფხუტიანების“ დატოვებას გვირჩევს

ამერიკა რუსი „ცისფერჩაფხუტიანების“ დატოვებას გვირჩევს

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე, დეპარტამენტის „სპოუქსმენმა“ რიჩარდ ბაუჩერმა  გააკეთა განცხადება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში „სამშვიდობო ძალთა“ მანდატის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამთავითვე უნდა ითქვას, განცხადება აშკარად წინასწარ მომზადებული იყო და სპონტანური არ ყოფილა.

თავისთავად, თვით ამ განცხადების ფაქტი საქართველოს პრობლემატიკისადმი თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღებაზე მეტყველებს. ბრიფინგზე კითხვების 80 პროცენტი, რასაკვირველია, ერაყის პრობლემას ეხებოდა, კიდევ 15 პროცენტი – ჩრდილო კორეის. გარდა ამისა, მსოფლიოში კიდევ უამრავი პრობლემაა სომალიდან - კოსოვომდე, მაგრამ ბაუჩერმა აუცილებლად ჩათვალა წინასწარ მომზადებული ტექსტი წაეკითხა საქართველოს შესახებ. მაშასადამე, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე რთული პრობლემები შეექმნა, მაინც დაუშვებლად მიაჩნია დესტაბილიზაცია საქართველოში, რომელზეც „დიდმა ნავთობსადენმა“ უნდა გაიაროს.

თავისთავად, ამერიკის პოზიციაში გასაკვირი ან მოულოდნელი არაფერია. ნუ გვგონია, რომ აფხაზეთის პრობლემა და ამ რეგიონში ძალთა რეალური დისპოზიცია ამერიკელებს შესწავლილი არა აქვთ. რა თქმა უნდა, ამერიკის მოქალაქეთა 99 - მა პროცენტმა საქართველოს მდებარეობა საერთოდ არ იცის და რუკაზეც ვერ გიჩვენებთ, მაგრამ სათანადო სტრუქტურებში – უშიშროების საბჭოს შესაბამის სტრუქტურებში, ზედმიწევნით კარგად იცნობენ სიტუაციას. მათ მიაჩნიათ (აქედან გამომდინარე, რეკომენდაციებსაც ამზადებენ), რომ ენგურის აუზიდან რუსი „ცისფერჩაფხუტიანების“ გასვლის შემთხვევაში, აუცილებლად დაიწყება ომი. ომი კი (ანუ საქართველოს დესტაბილიზაცია) ამერიკელებს ხელს კატეგორიულად არ აძლევთ.

რიჩარდ ბაუჩერმა ისიც თქვა, რომ ამერიკა ერთმნიშვნელოვნად აღიარებს აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად. არ იწონებს რუსეთის ცალმხრივ მოქმედებებს რკინიგზის ამოქმედებასთან და პასპორტიზაციასთან დაკავშირებით, მოუწოდებს აფხაზურ მხარეს, განსახილველად მიიღოს „ბოდენის დოკუმენტი“  უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამერიკას შეუძლია. არა მხოლოდ დღეს, არამედ ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ძალთა წონასწორობის გათვალისწინებით. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს წონასწორობა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამას წლები სჭირდება.

პრინციპში, ამერიკა განსაკუთრებით არც აფხაზ სეპარატისტთა დასაცავად გამოიდებს თავს, თუ საქართველო გაიყვანს „რუსის ჯარს“ და ომს დაიწყებს, მაგრამ ბაუჩერისა და მთლიანად ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია მიგვანიშნებს: ასეთ შემთხვევაში ამერიკის იმედი ნუ გვექნება. მაქსიმუმი „კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი“ შეიძლება იყოს. ისიც იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი უმოკლეს ვადებში დამთავრდება. რამდენად რეალურია აფხაზეთის ომის სწრაფი დამთავრება – სხვა საკითხია.

შეუძლებელია ამერიკელებზე დადებითი ზეგავლენა არ მოეხდინა ოფიციალური თბილისის აქტიურ მხარდაჭერას ერაყის კრიზისთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან გაცილებით მიზანშეწონილი და რაციონალური იქნებოდა ვაშინგტონისთვის რეალისტური მოთხოვნები წაგვეყენებინა.

აფხაზეთის პრობლემის გამო რუსეთთან მწვავე დაპირისპირებაზე ამერიკა ვერ წავა და ამის თხოვნა სრულიად ფუჭია, მაგრამ რატომ არ შეიძლება ეკონომიკური პრეფერენციები ვთხოვოთ, რათა ეკონომიკის სტიმულირება და ძლიერი არმიის შექმნა შევძლოთ? ვერავითარი ასი ინსტრუქტორი არმიას ვერ შეგვიქმნის. ბრძოლისუნარიანი არმიის შესაქმნელად 3-4 მილიარდიანი ბიუჯეტია საჭირო. ამდენად, ფუჭი პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა ამერიკის ადმინისტრაციას ვთხოვოთ (ვთქვათ) წელიწადში 20 ათასი სამუშაო ვიზა (რუსეთიდან სავალუტო შემოდინებებზე დამოკიდებულების შესამცირებლად), ინვესტიციათა დაზღვევა ოპეკის მიერ, რაც ჩვენს ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების შემოდინებას შეუწყობს ხელს. მით უმეტეს, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე ხდება.

ევროკავშირში ამ თვალსაზრისით არც თუ სასიკეთო პროცესები მიმდინარეობს. ბუნებრივია, ერაყთან დაკავშირებით დაწყებული განხეთქილება საქართველოზეც მოახდენს ზეგავლენას. „დასავლეთი“ ამ თვალსაზრისით ერთგვაროვანი ცნება აღარ არის, ხოლო „ევროპული“ და „ამერიკული“ ორიენტაცია ერთი და იგივე არ არის.

ევროპულ დედაქალაქებში (პარიზსა და ბერლინში) უეჭველად მიაქცევდნენ ყურადღებას თბილისის პოზიციას ერაყთან დაკავშირებით. ამის პირველი სიმპტომია ევროსაბჭოს ექსპერტთა უპრეცედენტოდ მწვავე განცხადებები საქართველოს ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, ევროსაბჭო ტრადიციულად „რბილად ანტიამერიკული“ ორგანოა.

სხვაგვარად იმის ახსნა, რაც ახლა ხდება, შეუძლებელია, ვინაიდან მართლაც ძალზე საეჭვოა, რაღა ახლა გაახსენდათ რელიგიურ უმცირესობათა დაცვა ან „თურქ მესხთა“ დაბრუნება. ამგვარი ვალდებულებანი ნამდვილად არსებობს (სხვაგვარად ევროსაბჭოში საერთოდ არ მიგვიღებდნენ) და თუ უახლოეს მომავალში ვითარება არ შეიცვალა, ევროსაბჭოდან გარიცხვა სულაც არ არის ზღაპარი.

ამავე დისკურსში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აფხაზეთში ომის დაწყების შემთხვევაში, ამერიკისგან განსხვავებით, ევროპა მკვეთრად უარყოფით (საქართველოსათვის არასასურველ) პოზიციას დაიკავებს.