“შაბათს ნიკო ჯარში იყო, ცვლაში, ირაკლი - ევროპაში, კატო - სამეცადინოდ მეგობართან და მე - საკვებად “მეგრელებში”. დავბრუნდი და სახლის კარი შიგნიდან დამხვდა დაკეტილი. 10 წუთი ვაღებდი და ვერ ვაღებდი, ხან დავკეტე გარედან, ხან ისევ გაღება ვცადე, ხან ზარი ვრეკე, ხან კატოს ვურეკე, შენ ხომ არ დაბრუნდი-თქო... მერე, კიდევ გაღება ვცადე და ათი წუთის მერე, მიუხედავად რაჭველობისა, მივხვდი, რომ ვიღაც კუდრაჭაა სახლში. დაბლა ჩავედი, არ გამოვარდეს შეშინებული და ჩამცხოს რამე, ისიც ხომ ღელავს, რომ დავადექი-თქო, ვიფიქრე და რეკვა დაბლა ჩასულმა დავიწყე ახლობლებთან და პოლიციაში. მოკლედ, გამეპარა. ახლა დამტკიცება ძნელია. ირაკლი მეუბნება, კამერის დასაყენებლად, ან რამისთვის შემოსვლა კი არ მიკვირს, ის მიკვირს, როგორ დაგხვდებოდნენ, მთლად ასეთი არაპროფესიონალიზმიო?.. ერთი გასაღები მაქვს, მხოლოდ გარედან კეტავს და იღება, თავს ვერ ვპატიობ, რომ არ მომაფიქრდა, არ ჩავკეტე და არ დაგახვედრეთ სახლში-თქო, ჩავიხვიე და ვიმეორებ მას მერე. გუშინ, კიდევ ერთხელ, კატოს ვუყვები, რა ცუდია, რომ არ ველოდი, ტვინმა არ იმუშავა, როგორც საჭიროა, როგორ არ ჩავკეტე-თქო. კატო მისმენს თავისი წყნარი და კეთილი სახით და მეუბნება, კარგია, რომ არ მოგაფიქრდა, მერე, აივნიდან რომ გადამძვრალიყო, გადავარდნილიყო და მომკვდარიყო, ამაზე ხომ უფრო ინერვიულებდი? წარმოვიდგინე ეს ამბავი და... ბრაზისგანაც განმკურნა, სინანულისგანაც, ყველაფრისგან. საოცარი შვილები მყავს, ნიკოც ასეთია - ისეთ მოულოდნელ რამეს გეტყვის, გაოგნებული და ყველაფრისგან თავისუფალი რჩები... ყველაფერი, უბრალოდ, თავგადასავალია. ეს ორი ადამიანია სინამდვილე და ადამიანში ღმერთის არსებობის დასტური ჩემთვის”, - ეს სიტყვები ძველით ახალი წლის მეორე დღეს, ანუ 15 იანვარს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლემ, მწერალ გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილმა, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა. მერე, ცნობილი გახდა, რომ ალასანიების სახლში “კუდრაჭას” შეპარვაზე საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა და ცოლ-ქმარმა ჩვენებაც მისცა... გამორიცხული, რასაკვირველია, არაა, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ბინაში, მართლაც, ქურდი შევიდა, მაგრამ უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართული სიტყვის” სკანდალური ინტერვიუების ციკლში ამბობს, რომ ქურდობა, მით უმეტეს, რომ არაფერი დაკარგულა, არადამაჯერებელია. ამასთან, ფორჩხიძე მაინიშნებს, რომ სახლი, სადაც ალასანია ცხოვრობს, დაცულია და საუბრისას “შაიბასაც” ახსენებს. გარდა ამისა, ქართველი სპეცსამსახურელი სომხეთში შექმნილ ვითარებასაც აფასებს და გიუმრის ტრაგედიის გარდა, ერევანში გამართულ “ქურდულ სხადნიაკზეც” ლაპარაკობს, რომელზეც, ფორჩხიძის თქმით, ქართველი ქურდები დატუქსეს...
- ბატონო კონსტანტინე, დასაშვებია, რომ გიუმრში მომხდარი მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი და, საერთოდ, სომხეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე გავლენას მოახდენს?
- რა თქმა უნდა, მოახდენს. ყოველ შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ იქაური დაძაბულობა საქართველოს ეთნიკური სომხებით დასახლებულ რაიონებზეც გადმოვიდეს.
- სამცხე-ჯავახეთს გულისხმობთ?
- დიახ.
რაც შეეხება გიუმრში მომხდარ ტრაგედიას, არ მგონია, ეს წინასწარ განზრახული მკვლელობა იყოს. საერთოდ, უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზას ასეთი საშიშროება ყოველთვის ახლავს.
- შემთხვევითობისგან დაზღვეული, ცხადია, არავინაა, მაგრამ საგულისხმოა, რომ სომხეთში, რომელიც ევრაზიული კავშირის წევრი ახლახან გახდა, რუსეთის დროშებს ფეხქვეშ თელავენ...
- არ მგონია, რუსეთის ინტერესებში ყოფილიყო, რომ მის სამხედრო მოსამსახურეს ასეთი ვანდალური აქტი ჩაედინა და ამით სომხეთთან ურთიერთობა გაერთულებინა.
- თუკი კრემლს ურთიერთობის გართულება არ აწყობს, აბა, მკვლელი სამხედროს სომეხი სამართალდამცავებისთვის გადაცემისგან თავს რატომ იკავებს?
- რუსული კანონმდებლობით, დამნაშავე სამხედროს სხვა ქვეყნისთვის გადაცემა არ შეიძლება... ისე, გიუმრის ტრაგედიით სომხეთში იმ ნაციონალისტურმა ძალებმა გაიღვიძეს, რომლებიც პირდაპირ “დაშნაკ ცუტუნთან”, “ვირქსა” და “ჯავახკთან” არიან დაკავშირებულნი.
- ყველაფერი ეს რითი დამთავრდება?
- ვფიქრობ, რომ სიტუაცია დაწყნარდება.
- როგორ?
- სომხეთის ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ მოერიდება.
- ეს ხომ ვითარებას უფრო დაძაბავს?
- დაძაბავს, მაგრამ ნურავის ჰგონია, რომ სომხეთში დემოკრატია ყვავის. იქაც ზუსტად ისეთი ავტორიტარული სისტემაა, როგორც რუსეთსა და ევრაზიული კავშირის წევრ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.
- თუკი სომხეთში არეულობა პიკს მიაღწევს, რუსეთი რა პოზიციას დაიჭერს? ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ სომხეთისკენ, წესრიგის დამყარების საბაბით მიმავალი კრემლი, საქართველოსაც “გადაუვლის”?
- არ მგონია, კრემლი სომხეთში მიმდინარე პროცესებში ზედმეტად ჩაერიოს, რადგან ოფიციალურ ერევანთან ყველა საკითხი გადაწყვეტილი აქვს - საბაჟო კავშირში შეიყვანა, ევრაზიული კავშირის უსაფრთხოების წევრიც გახადა. რუსეთს გიუმრის ბაზა უფრო სხვა მიმართულებით სჭირდება და ეს ე.წ. ისლამურ რესპუბლიკაში რუსული ჯაშუშური ქსელის ჩავარდნითაც გამოჩნდა.
- ანუ?
- “შარლი ებდოს”, ანუ სიტყვის თავისუფლებაზე რადიკალი ისლამისტების მიერ მიტანილი პირდაპირი იერიშის შემდეგ ევროპაში შექმნილ ფონს ვგულისხმობ. პარიზში, ერთიანობის მარშზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის ჩასვლა ლამის მთელმა მსოფლიომ არაგულწრფელ ნაბიჯად მონათლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთი სხვანაირად ფიქრობს - თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც უნდა განვითარდეს, ანუ ისლამისტური სახელმწიფოს რყევა დაიწყო, კრემლი თამაშგარე მდგომარეობაში არ დარჩება. საამისოდ კი, რუსი აგენტების “ჩავარდნა” კარგი საბაბია.
- სიმართლე გითხრათ, კოტე ბატონო, ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ.
- რუსეთი სახმელეთო ოპერაციებში ჩაერთვება და ამას იმისთვის გამოიყენებს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შესვლას ხელი შეუშალოს. სხვათა შორის, ირანსაც სწორედ ეს მიზანი აქვს. მოკლედ, ანტიტერორისტულმა კოალიციამ რუსეთი შეიძლება, ოფიციალურად არ მიიწვიოს, მაგრამ კრემლი იტყვის, ისლამური სახელმწიფო ჩემთვის საფრთხეა, რადგან 40 პროცენტით, ჩემი ქვეყნის მოქალაქეებით, ანუ ჩრდილოეთ კავკასიელებითაა დაკომპლექტებული და სრული უფლება მაქვს, ანტიტერორისტული ოპერაცია განვახორციელოო.
სხვათა შორის, რუსულ სპეცსამსახურებს საკუთარი აგენტების დასჯა სჩვევიათ.
- იმის თქმა გინდათ, რომ რუსებმა საკუთარი აგენტები თვითონ “ჩაუშვეს”?
- დიახ, გამორიცხული არაა.
- ისე, საგულისხმოა, რომ რუსეთის მოქალაქეები რადიკალმა ისლამისტებმა ბავშვებს დაასჯევინეს...
- შეკითხვებსაც სწორედ ეს ბადებს... ყველა, ვინც სპეცსამსახურის მუშაობაში ჩახედულია, მიხვდება, რომ ყველაფერი ეს “გე-რე-უ”-ს მუშაობის სტილია. დასჯილი ადამიანები, არ მგონია, ოფიცრები ყოფილიყვნენ. ისინი, ალბათ, “გე-რე-უ”-ს ჩვეულებრივი აგენტები იყვნენ, რომლებმაც შესაძლოა, არც იცოდნენ, რა მიზანს ემსახურებოდნენ... მთელი ამ დადგმული კომბინაციის მიზანი კი ისაა, რომ მსოფლიომ ისლამური სახელმწიფო რუსეთის მტრადაც აღიქვას.
- “გე-რე-უ” საქართველოშიც ანალოგიური სქემით მუშაობს?
- დიახ. საერთოდ, ის ადამიანები, ვინც “გე-რე-უ”-სთვის მუშაობენ, ერთმანეთს არ იცნობენ. როცა საქმეს სჭირდება, სპეცსამსახურს შეუძლია, უმნიშვნელო აგენტურული ქსელი გაწიროს და ამით უფრო გავლენიანი აგენტურა შეინარჩუნოს...
- ბატონო კოტე, კერძო საუბრისას მიანიშნეთ, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოს პრეზიდენტზე გასვლას ცდილობენ. რას გულისხმობდით?
- ჩვენს პრეზიდენტზე გასვლას რომელიმე რუსული სპეცსამსახური კი არა, რუსეთის სახელმწიფო ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, არსებობს პირველადი ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, რომელიც პირდაპირ რუსეთზეა მიბმული...
- ვის გულისხმობთ, ან “მიბმა” რას ნიშნავს?
- ლაპარაკია ბიზნესმენ გიორგი ჩიხლაძეზე, რომელიც, ასე ვთქვათ, რუსი ოლიგარქია და რომელიც შუამავლების მეშვეობით, გიორგი მარგველაშვილთან კონტაქტის გაბმას ცდილობს. ვიმეორებ: ეს პირველადი ინფორმაციაა და არ ვიცი, შეხვედრა შედგება თუ არა.
- საგანგაშო რატომაა, თუკი საქართველოს პრეზიდენტი თუნდაც რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს შეხვდება?
- ჯერ ერთი, ეს ქართველი კი არა, რუსი ოლიგარქია - ბაშკირეთში, თუ არ ვცდები, ნავთობის ბიზნესი აქვს.
- ბაშკირეთი რუსეთი არაა, ბატონო კონსტანტინე!
- (იღიმება) “ბაშკირნეფტი” “როსნეფტის” ნაწილია... სხვათა შორის, შესასწავლია, “როსნეფტმა” ფოთის პორტის აქციები კანონიერად შეიძინა თუ არა...
- როგორც ვიცი, ხელისუფლებამ ამ საქმის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა...
- ხელისუფლება მიხვდა, რომ “როსნეფტის” საქართველოში გამოჩენა პირდაპირ მის იმიჯს ურტყამს. აკი, “ნაცმოძრაობამ” “წკნავილიც” ატეხა, აი, ხელისუფლებას რუსები შემოჰყავსო, მაგრამ ყველაფერი, სინამდვილეში, “ნაციონალთა” “კასირმა” გააკეთა.
- აქცენტს დავით კეზერაშვილზე აკეთებთ?
- დიახ. თავის დროზე ფოთის ტერმინალი, რაზეც დღეს აჟიოტაჟია ატეხილი, რუს ოლიგარქ დავით იაკობაშვილს სწორედ კეზერაშვილმა მიჰყიდა. მაინტერესებს, “ნაცმოძრაობის” წევრები რატომ არ კითხულობენ, მიხეილ სააკაშვილის “მარჯვენა ხელმა” თავისი კომპანია მაინცდამაინც რუსეთში მოღვაწე ოლიგარქს რატომ გადასცა? ეს იმისთვის ხომ არ გაკეთდა, რომ დავით კეზერაშვილს გარკვეული გარანტიები მიეღო? 9 წელი მესმოდა, რომ “ნაცმოძრაობა” პროდასავლური პარტიაა, ამერიკელებთანაც საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა და უცებ, ამ პოლიტიკური ძალის, როგორც ვთქვი, “კასირის” ბიზნესში რუსული კაპიტალი ჩნდება. რა, დავით კეზერაშვილს არ შეეძლო, ბიზნესი ამერიკელებისთვის მიეყიდა? სხვათა შორის, კეზერაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალი კი არა, სამხედრო დამნაშავეა და ამის თქმის საფუძველს იარაღის სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაცია იძლევა, რომელზეც წინა ინტერვიუებში ვრცლად ვილაპარაკე, თუმცა ამაზე დღეს არავინ ლაპარაკობს და კეზერაშვილსაც სპირტის ბიზნესზე უბადრუკი ბრალი წაუყენეს, რომელიც საფრანგეთის სასამართლოს სასაცილოდაც არ ეყო.
- მოკლედ, “როსნეფტის” საქართველოში შემოყვანა კეზერაშვილის კისერზეა?
- დიახ, ასეა: ფოთის პორტი მისი საკუთრება იყო და შეეძლო, თავის დროზე იაკობაშვილისთვის არ მიეყიდა...
- ჯერ ერთი, თავის ქონებას ვისაც უნდა, იმას მიყიდდა. მეორეც, “როსნეფტის” საქართველოში გამოჩენას საგანგაშოდ რატომ მიიჩნევთ?
- ფოთი, კერძოდ, ყულევი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ბოლო წერტილია და იქ რუსების, ანუ ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენელთა ჩასმა, რბილად რომ ვთქვა, ცუდია, მით უმეტეს, რომ მთელ აფხაზურ სეპარატიზმს “როსნეფტი” აფინანსებს და ამ მომენტსაც “ნაცმოძრაობა” კარგად იყენებს, აი, “ოცნებამ” სეპარატისტების დამფინანსებელი შემოიყვანაო. მოკლედ, სალაპარაკო თემა კეზერაშვილმა “აწია”, თან როგორც იტყვიან, ორი კურდღელი დაიჭირა: ჯერ ერთი, ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლებისგან შესაძლოა, ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო. მეორეც, “ნაცმოძრაობას” პიარის საშუალება მისცა.
- ფოთის პორტის “როსნეფტისთვის” მიყიდვით ე.წ. ოკუპაციის კანონი დაირღვა?
- რა თქმა უნდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს კომპანია აფხაზ სეპარატისტებთანაა კავშირში... სწორედ ოკუპაციის კანონის საფუძველზე, გარიგება უნდა შეწყდეს და ხელისუფლებამ “როსნეფტი” საქართველოში არ შემოუშვას!
- ეს ხომ სკანდალი იქნება?
- კი ბატონო, მაგრამ ეს ჩვენთვის საინტერესო არაა. გარიგების ჩაშლის შემთხვევაში, “როსნეფტმა” სახელმწიფოს კი არა, იმ კომპანიას უნდა უჩივლოს, ვისგანაც ფოთის პორტის აქციები შეიძინა. ერთი სიტყვით, რუსული კომპანია, რომელშიც რუსეთის ფედერაციის მთავარი სახელმწიფო პირის, ანუ პუტინის ინტერესებია, ჩვენს გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს არ უნდა ფლობდეს!
- ბატონო კოტე, თუ დავაკვირდებით, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის მთავარი ღერძი ნავთობია...
- დიახ, ასეა. ტერორიზმიც ნავთობის გამოა მომძლავრებული. უახლოეს პერიოდში დიდი კატაკლიზმებიც სწორედ ნავთობის საბაბით დაიწყება.
- არსებობს ვერსია, რომ “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” გარკვეული წარმომადგენლები ნავთობის ადგილობრივ ბიზნესში შეხმატკბილებულად თანამშრომლობენ და საწვავიც ამიტომ არ იაფდება...
- ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ფასების დადგენა ხელისუფლების გარეშე არ ხდება და ამის ნათელი მაგალითი დავით კეზერაშვილია. შესაძლებელია, რომ მსგავსი გარიგება ნავთობმაგნატებსა და ხელისუფლებას შორის ახლაც არსებობს. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ საწვავი კი არ გაიაფდებოდა, ბაზარზე ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდებოდნენ...
- წეღან, კოტე ბატონო, მიანიშნეთ, “ნაცმოძრაობას” ახალ ხელისუფლებაზე იმდენი კომპრომატი აქვს, რომ “ოცნების” წევრებს თავის ჭკუაზე ატრიალებსო. ასეთი ეჭვი რატომ გაგიჩნდათ?
- ორი დღის წინ, “ტაბულაზე”, თამარ ჩერგოლეიშვილის “თეორემას” ვუყურებდი, სადაც კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, 2005 წელს, ვანო მერაბიშვილი დავაჯერეთ, რომ პირადი ჩხრეკის დროს მოწმეების არსებობა აუცილებელი არააო. გედევან ფოფხაძეც, პრინციპში, ამას ამტკიცებდა.
- აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ ჩხრეკისას ოქმის არშედგენის დაკანონებაზე უარი თქვა...
- უარი იმიტომ თქვა, რომ მიხვდა, იდიოტობას აკეთებდა, თუმცა იმის თქმა მინდა, რომ ფირცხალავას ზემოხსენებული განცხადება და ე.წ. ფოფხაძის ინიციატივა ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა. პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები “ნაცმოძრაობის” დავალებით შედიოდა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ “ნაციონალები” “ოცნების” გარკვეულ “ტიპებს”, რომლებზეც კომპრომატები აქვთ, საკუთარი იტერესების გატარებას აიძულებენ! ისე, რა გარანტიაა, რომ ეს კომპრომატები “სამართალდამცავთა ლიგაში” არ ინახება - ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ხომ “ნაცმოძრაობის” ყოფილმა ძალოვანმა მაღალჩინოსნებმა დააფუძნეს. საერთოდ, სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლები გარკვეულ ინფორმაციას ყოველთვის ფლობენ. მაგალითად, რაღაცები მეც ვიცი...
- მამხილებელი მასალები ვისზე გაქვთ?
- ბევრზე.
- მაგალითად?
- იმ სექტორის წარმომადგენლებზე, რომელ სექტორსაც წლების განმავლობაში ვემსახურებოდი.
- სამხედროებს გულისხმობთ?
- თუნდაც...
- თქვენს “კომპრომატების სკივრში” მასალები მოქმედ ჩინოსნებზეცაა?
- დიახ... მოქმედ ოფიცრებზე...
- ჩვენთან კომპრომატად, როგორც წესი, ინტიმური კადრები ითვლება...
- სპეცსამსახურისთვის, თუკი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, ინტიმური მასალები მეორე და მესამეხარისხოვანია, რადგან აგენტურულ აპარატთან ინტიმური მასალებით დამყარებული ურთიერთობა ძალიან მყიფე და არასანდოა.
- ისე, ბატონო კონსტანტინე, სპეცსამსახურის თანამშრომელი აგენტის ინტიმური პარტნიორი თუ გამხდარა?
- მსგავსი არაფერი მსმენია... 2003 წლამდე, სპეცსამსახური აქცენტს ინტიმურ კადრებზე კი არა, აგენტურულ-ოპერატიულ მუშაობაზე აკეთებდა, თუმცა “ნაციონალებიდან” მოყოლებული, აგენტურული მუშაობა მთლიანად ფარულ გადაღებაზეა გადასული.
- დღესაც ასეა?
- დიახ, ასეა...
- სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, როგორც ცნობილი გახდა, ირაკლი ალასანიას ბინაში უცხო ადამიანი შევიდა. მომხდარზე საქმე, თუ არ ვცდები, ქურდობის მუხლით აღიძრა, მაგრამ ნათია ფანჯიკიძემ თავის “ფეისბუქპოსტში” ფარულ აპარატურაზე მიანიშნა, ანუ თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ყველაზე გამოკვეთილ პროდასავლურ ლიდერს უთვალთვალებენ?
- ეს საქმე გამოსაძიებელია, თუმცა ფაქტია: ჩვეულებრივი ქურდობა რომ ყოფილიყო, რამე დაიკარგებოდა. თუკი არაფერი წაიღო, აბა, ქურდი ბინაში რისთვის შევიდა? საერთოდ, თუ მძარცველი გიჟი არაა, პოლიტიკური მოღვაწის სახლში არ შევა...
- ალასანიას ფარული მიყურადება-თვალთვალი რუსული სპეცსამსახურის ინტერესშია?
- არც სხვა ვერსიების გამორიცხვა შეიძლება...
- მაინც, რომელი ვერსიის?
- სპეცსამსახური მხოლოდ შსს-ში კი არა, თავდაცვის სამინისტროშიცაა. მოკლედ, ეს სერიოზული სკანდალია და გამოძიებამ, პირველ რიგში, მოტივაცია უნდა გაარკვიოს, თუ რა მიზნით შევიდა უცხო პირი ალასანიას ბინაში. ასევე, უნდა დადგინდეს, საცხოვრებელში რამე ტექნიკური საშუალება ხომ არაა შეტანილი.
- ფარულ მოსასმენ-გადამღებს გულისხმობთ?
- დიახ.
- მსგავსი თანამედროვე აპარატურა ერთობ დახვეწილია - ზოგი მოსასმენი ღილზე პატარაცაა. ჰოდა, იმხელა სახლში გამოძიებამ “თვალი” როგორ უნდა იპოვოს?
- არსებობს სპეციალური სკანერები, რომლითაც დადგინდება, ალასანიას ბინაში მოსასმენი აპარატურა დამონტაჟებულია თუ არა. ისიც საინტერესოა, მხოლოდ ვიდეოთვალია დამონტაჟებული თუ “შაიბაც”.
- “შაიბა” რა არის?
- ფარული მოსასმენი მოწყობილობა, რომელიც, როგორც წესი, ელექტროქსელში მონტაჟდება... ირაკლიმ ეს თემები მშვენივრად იცის - უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო და მსგავსი რაღაცები არ გამოეპარება.
- თუკი გამოძიება იტყვის, რომ ალასანიას ბინაში უცხო პირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით შევიდა, ეს საერთაშორისო სკანდალი იქნება?
- ეს ახლაც სკანდალია - პოლიტიკური ფიგურის სახლში უცხო პირები ასე ადვილად ვერ ხვდებიან, თან სახლი, სადაც ალასანია ცხოვრობს, როგორც ვიცი, დაცულია - იქ ყოფილი მაღალჩინოსნები ცხოვრობენ და წარმოუდგენელია, ქურდს ასე იოლად შეეღწია, თან ალასანია ისეთი მდიდარი არაა, რომ შინ ძვირფასეულობას ინახავდეს.
- ეს არგუმენტად არ გამოდგება, რადგან ბოლო დროს, 90 წლის მოხუცებსაც ძარცვავენ...
- ეს კერძო შემთხვევებია. ალასანია კი, რიგითი ადამიანი არაა.
- სიტყვამ მოიტანა და, რამდენიმე დღის წინ, როგორც ინტერნეტ-მედია იუწყება, სომხეთში ე.წ. ქურდული “სხადნიაკი” მოეწყო...
- ჩემი ინფორმაციით, ამ “სხადნიაკზე” ქართველ ქურდებზე დიდი შეტევა მიიტანეს.
- რატომ?
- მათ საქართველოზე უფრო მეტი კონტროლი სჭირდებათ.
- ვის “მათ”?
- რუსულ სპეცსამსახურებს... საერთოდ, ქურდები სპეცსამსახურების გარეშე არ მოქმედებენ, მით უმეტეს, რუსეთში - იქ არავინ გაგაჩერებს, თუკი მაღალ ეშელონებზე - “ეფ-ეს-ბე”-სა და “გე-რე-უ”-ზე დამოკიდებული არ ხარ. ვანო, ეს სქემა ჩემთვის კარგადაა ცნობილი - ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტი თავის დროზე სწორედ “კა-გე-ბე”-მ შექმნა, რათა ციხე ეკონტროლებინა...
რაც შეეხება ერევნის “სხადნიაკს”, როგორც ვიცი, საქართველოში ქურდული სამყაროს გააქტიურების გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემი წყაროების ინფორმაციით, შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ ქურდულ შეკრებაზე გეოპოლიტიკური საკითხებიც განიხილეს.
- რას გულისხმობთ?
- ქურდული სამყარო საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფია და შესაბამისად, მხოლოდ ვიწრო ინტერესები არ ამოძრავებს. ქურდულ მაფიას, როგორც წესი, ნარკოტიკსა და იარაღთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებს. ამ კუთხით კი, საქართველოში ბოლო დროს ბევრი პრობლემაა - მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ახალმა ხელისუფლებამ ისეთი ღონისძიებები გაატარა, რითიც ნარკო და იარაღის ტრაფიკს ხელი სერიოზულად შეეშალა.
- ამ მხრივ, ალბათ, 3 ტონამდე ჰეროინის ამოღებაა აღსანიშნავი...
- დიახ...
საქართველოში ნატო-ს ობიექტების ინპლემენტაცია ხდება...
- ბატონო კოტე, ახლახან, ნატო-ს მაღალჩინოსანმა ღიად განაცხადა, მზად ვართ, საქართველო ალიანსის წევრი გახდესო...
- ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ საბჭოთა იარაღის საქართველოზე ტრანზიტი ნოლამდე დავა. ამ ბიზნესს კი, ხელისუფლებასთან ერთად, ქურდული სამყარო აკონტროლებდა. ამიტომ, ახლა შეეცდება, საქართველოში კრიმინალური სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბოს და ციხეები გააკონტროლოს.
- ე.წ. ქურდულ სამყაროს კრიმინალური ვითარების დაძაბვა რას მისცემს?
- კრიმინალის გამძაფრებას უმართავი ვითარება მოჰყვება და ხელისუფლება ამისთვის მზად უნდა იყოს!
- რუსული სპეცსამსახურები ციხეზე კონტროლის დაწესებას რა მიზნით აპირებენ?
- ციხე ერთგვარი სარკეა, ანუ თუკი ადმინისტრაცია ციხეს მართავს, მაშინ ქვეყანაში სიტუაციაც სტაბილურია.
- ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს? ისე, ბოლო დროს მინისტრთა კაბინეტის გადახალისებაზე უფრო ინტენსიურად ლაპარაკობენ...
- ეს აუცილებელია... ძალოვან უწყებებში რეფორმების დაწყება თავისთავად კარგია. ყოველ შემთხვევაში, პრემიერმა განაცხადა, რომ შსს-სა და უშიშროების სტრუქტურების გამიჯვნა უნდა მოხდეს და უსაფრთხოების ახალი სისტემა შეიქმნას. კარგი იქნება, თუკი რეფორმის ფარგლებში, სპეცსამსახურში იმ პროფესიონალებსაც დააბრუნებენ, რომლებიც თავის დროზე “ნაციონალებმა” ქუჩაში გაგვყარეს, თუმცა თითოეული ამ ადამიანის ბეგრაუნდის ცოდნა აუცილებელია.
- რატომ?
- თუნდაც იმიტომ, რომ ზოგი კორუფციულ სქემებში მონაწილეობდა.
ისე, ყველა პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ არ შეიძლება, მაგალითად, გენშტაბის უფროსის მოადგლე კბილის ექიმი იყოს.
ჩემი ინფორმაციით, გარკვეული საკადრო ცვლილებები პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროში იგეგმება. ასევე, გამორიცხული არაა, რომ ვიღაცები გენშტაბიდანაც გაათავისუფლონ.
რა ამის პასუხია და, ბოლო დროს გამოჩნდა, რომ უკრაინაში ქართველები ორივე - სეპარატისტებისა და ხელისუფლების მხარეს იბრძვიან.
- ამას ფულის ინტერესით ხსნით?
- სხვა ინტერესებიცაა. ვანო, თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ გითხარით, რომ რუსეთი საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც საბჭოთა სამხედრო ბილეთები ჰქონდათ შემორჩენილი, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას სთავაზობდა. ხალხის ნაწილმა რუსეთის მოქალაქეობა, მართლაც, მიიღო და ახლა იძულებულია, რუსეთის სახელმწიფო დაკვეთა შეასრულოს. საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში, სეპარატისტების მხარეს, ვფიქრობ, სწორედ ასე აღმოჩნდნენ. საერთოდ, რუსეთის ზემოხსენებული ინიციატივა, ძირითადად, მათზე იყო გათვლილი, ვისაც ქართულმა სახელმწიფომ ვეტერანის სტატუსი შეუჩერა და გაუსაძლის სოციალურ მდგომარეობაში ჩააყენა. საერთოდ, დღეს ყველაზე მძიმე ცხოვრება ომის ვეტერანებს აქვთ და ამის ცოცხალი მაგალითი მეც ვარ.
- სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ბატონო კოტე, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ინტერესებზე მაღლა არასოდეს არაფერს დააყენებთ!..
ამას წინათ, ყოფილმა პრეზიდენტმა, პრაქტიკულად, ღიად განაცხადა, რომ წელს საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. სააკაშვილმა შესაძლოა, რევოლუცია მოაწყოს?
- სააკაშვილი სხვა გზით საქართველოში ვერ დაბრუნდება!
- რატომ?
- არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება - ძებნილია და საზღვარს გადმოკვეთს თუ არა, დააპატიმრებენ. საერთოდ, ხელისუფლების შეცვლის სულ სამი ფორმა არსებობს - მცოცავი სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია და სამხედრო გადატრიალება.
- ის, რაც საქართველოში ხდება, მცოცავი სახელმწიფო გადატრიალებაა?
- მცოცავი სახელმწიფო გადატრიალება ისაა, როცა ხელისუფლება არაპოპულარულ ნაბიჯებს დგამს... დიახ, დღეს მცოცავი სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები სახეზეა. დიდ პოლიტიკურ სურათს კი, როგორც წესი, პატარ-პატარა მოგებები და წაგებები ქმნიან!