"დიახ, არაფრის მეშინია, არც ფანტაზიორი სააკაშვილის და არც სხვისი. სათქმელს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი!" - გვითხრა რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ტელეჟურნალისტმა თიკა კანდელაკმა და როდესაც ამ ინტერვიუს წაიკითხავთ, მისი სიტყვების სიმართლეშიც დარწმუნდებით.
- ძალიან კარგად ვარ, მიუხედავად გადარბენის, ბევრი საქმისა და ორ შვილზე ზრუნვისა, მაინც ყველაფერს ვასწრებ და თავს, როგორც ქალი და როგორც დედა, არაჩვეულებრივად ვგრძნობ. დავიწყე ახალ შოუპროგრამაზე მუშაობა, რომელსაც 19 სექტემბრიდან ტელეკომპანია დე-ტე-ვეზე იხილავთ. წამყვანი, რა თქმა უნდა, მე ვიქნები.
ამ ყველაფერთან ერთად რესტორანი ხომ არ გავიწყდება?
- ჰოო... ჩემი "თინათინი". იცი, როგორ გავხსენი ეს რესტორანი? - ჩემი მეგობრების ძალდატანებით. დიდხანს მეხვეწებოდნენ, რომ კიდევ სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი და უცებ რესტორნის გახსნის იდეა გამიჩნდა. ჰოდა, მათი დახმარებით გავხსენი კიდეც. ჩემი "თინათინი", არაჩვეულებრივი რესტორანია. საერთოდ, მოსკოვში ქართული სუფრა, ქართული სამზარეულო ძალიან აქტუალურია. მით უმეტეს - "თინათინი", სადაც დედაჩემი თავისი ხელით ამზადებს ქართულ კერძებს.
როგორც ვიცი, რესტორანში შენც ამზადებ კერძებს...
- ვამზადებ ქათმის რულეტს, სახელწოდებით "რულეტი თინათინისგან", რომელიც ძალიან მოსწონთ. სხვათა შორის, ბევრი ქვეყნის კერძები მაქვს დაგემოვნებული, მაგრამ ყველაზე მეტად ჯონჯოლის მწნილი და მოხარშული თევზი ქინძმარში მიყვარს.
შენს რესტორანში ქართულ ღვინოს არ ითხოვენ?
- სამწუხაროდ, რუსეთში ქართული ღვინო აღარ შემოდის და ამიტომაც ჩვენთან მხოლოდ ფრანგული ღვინო იყიდება.
ცნობილი ადამიანებიდან ვინ დადის შენს რესტორანში?
- უამრავი ცნობილი ადამიანი დადის. ხომ გითხარით, ქართულ რესტორნებს მოსკოვში რეკომენდაციის გაწევა არ სჭირდება, რადგან ქართული კერძები ისედაც ძალიან პოპულარულია. ასე რომ, ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე მოვიდნენ რეზო გიგინეიშვილი, ნადია მიხალკოვა, პაველ კაპლევიჩი, სატი კაზანოვა, ალექსეი პოპოვი...
შენ მიერ მომზადებულ რულეტს თუ ითხოვენ?
- ყველაზე პოპულარული ეგ კერძია. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ხელითაა მომზადებული.
თიკა, უკვე კარგა ხანია, მეუღლეს გაშორდი, დღეს რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- არაფერი. სად გამექცევა პირადი ცხოვრება? ახლა სხვა ასაკში ვარ და მიმაჩნია, რომ დაფიქრებით მმართებს მოქმედება. არც გათხოვებას ვჩქარობ. უამრავი თაყვანისმცემელი მყავს, ძალიან ბევრს ვუყვარვარ, მაგრამ ჯერ ვერავისთან გადავწყვიტე რომანის გაბმა. რომ გადამეწყვიტა, პირში წყალს არ ჩავიგუბებდი. მე არაფერს ვმალავ და ზოგიერთივით ჩუმად არ დავძვრები.
წლებთან ერთად გემოვნებაც შეგეცვალა?
- არა. ისევე, როგორც ადრე, ახლაც ჭკვიანი მამაკაცები მიზიდავს.
საქართველოში ჩამოსვლას დიდხანს გვპირდებოდი, თუმცა შემდეგ განაცხადე, ვიდრე სააკაშვილი არ გადადგება, არ ჩამოვალო...
- ცოტა ხნის წინ ქსენია სობჩაკი იმყოფებოდა თბილისში. ქსენია სობჩაკი რამდენიმე გლამურულ ჟურნალში მუშაობს და თბილისში სააკაშვილთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა. ქსიუშამ სააკაშვილს ჰკითხა, თინა კანდელაკთან იმიტომ გაქვს ცუდი ურთიერთობა, ინტიმურზე უარი რომ გითხრაო? არადა, თავის დროზე ასეთი რამ მართლა შემომთავაზა სააკაშვილმა, რაზეც ჩემგან დიიიდი უარი მიიღო. სააკაშვილმა სობჩაკს ასე უპასუხა:
დარჩა ისეთი მამაკაცი, ვისაც თიკა კანდელაკმა ინტიმურ ურთიერთობაზე უარი უთხრაო? როგორც ჩანს, მიშას თავის ფანტაზიებში ჩემთან სექსუალური კავშირი ჰქონდა და ეს რეალობაშიც სურს, რომ მოხდეს. ამის
შემდეგ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამიჩნდა, მინდა, სააკაშვილს თვალებში ჩავხედო. მაინტერესებს, ინამუსებს თუ არა, რომ თვითონაც ჩამხედოს თვალებში და თავისი ნაბოდვარი კიდევ ერთხელ, ჩემ წინაშე გაიმეოროს.
მაგრამ სააკაშვილი ამას როგორ გამიბედავს, ერთი პატარა ფანტაზიორია, რომელიც რეალურ ცხოვრებას ვერ ერგება. საქართველოს პოლიტიკაც თავის ფანტაზიებზე რომ აქვს აგებული, იმიტომ გვაქვს საქმე კარგად. არ ეგონოს სააკაშვილს, რომ თავისი ფანტაზიებით ვინმეს შეაშინებს ან ჩირქს მოსცხებს.
ქსენიას რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც სააკაშვილმა შენზე ასეთი რამ უთხრა?
- ქსენია განაცვიფრა სააკაშვილის პასუხმა. იმდენი სისულელე ელაპარაკა, რომ გოგო გაოცებული დარჩა. ჯერ არ დაბეჭდილა ეს ინტერვიუ და, აქედან გამომდინარე, არც წამიკითხავს. სხვათა შორის, ქსიუშაც დარწმუნდა, რომ საქართველოს ფანტაზიორი პრეზიდენტი ჰყავს. იმედი მაქვს, მიხეილ ნიკალაევიჩი, ადრე თუ გვიან, ამ სენისგან განიკურნება, თუმცა გამოცდილება მიჩვენებს, რომ ფანტაზიორი ადამიანები ბოლოს საგიჟეთში ხვდებიან.
როგორც ვიცი, სობჩაკი სააკაშვილთან მაისურით მივიდა, რომელსაც წინა მხარეს პუტინის პორტრეტი ეხატა...
- ქსენია ძალიან უკომპლექსო გოგოა. არაფრის ეშინია, აქვს იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა და ყველაფერს სწორად უკეთებს პროვოცირებას. ქსიუშამ მიამბო, როდესაც სააკაშვილის რეზიდენციის ადმინისტრაციაში გავიარე, დაცვის წევრები ისეთი სახით მიყურებდნენ, რომ აშკარად ყოყმანობდნენ, შევეშვი თუ არა სააკაშვილთანო.
ამბობენ, რომ ქსენია სობჩაკი ქართველ მამაკაცზე იყო შეყვარებული...
- დიახ. ქსიუშას და ჩემს მეგობარ ჟენია პაპუნაიშვილს ერთმანეთი უყვარდათ, თუმცა ახლახან დაშორდნენ. საერთოდ, ქსიუშას ძალიან მოსწონს კავკასიელი მამაკაცები - რამდენიმე ბოიფრენდი კავკასიელი ჰყავდა. ძალიან თბილი გოგონაა და კავკასიელებს განსაკუთრებით იზიდავს.