უკრაინაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა

უკრაინაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა

22 იანვარს, დილით, უკრაინის არმიის პრესმდივანმა გაავრცელა ცნობა, რომ მთავრობის ძალები გავიდნენ დონეცკის აეროპორტის ტერმინალების შენობიდან - პოზიციებიდან, რომლებსაც ისინი თვეების განმავლობაში მტკიცედ იცავდნენ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისგან. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დონეცკის აეროპორტის გარკვეული ნაწილები მთავრობის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება და ბრძოლა გრძელდება.

ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივანი ანდრეი ლისენკო პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

„დონეცკის აეროპორტი ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავს და ტერმინალები - როგორც ახლები, ისე ძველები - უკვე განადგურებულია. ადგილზე აღარაა დარჩენილი მასშტაბური შენობა, რომლის დაცვაც შეიძლება. გარკვეული შენობები, რომლებსაც ჩვენი სამხედროები იცავენ, რჩება აეროპორტის ტერიტორიაზე. ამასთან, არ შეიძლება ითქვას, რომ აეროპორტი სრულად დატოვეს უკრაინელმა სამხედროებმა. აეროპორტი ახლა ბრძოლის ველს წარმოადგენს, სადაც ამ წუთებშიც გრძელდება ბრძოლა“.

პარალელურად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა 22 იანვარს მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ქალაქ დონეცკში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად.

პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა აეროპორტთან ბრძოლაში ტყვედ ჩაგდებული უკრაინელი სამხედროები მიიყვანეს დონეცკის იმ უბანში, სადაც აფეთქება მოხდა. გავრცელებული ცნობებით, ადგილობრივი მოსახლეები ტყვეებს შუშის ნამსხვრევებს ესროდნენ და აგინებდნენ. გაჩერებაზე, სადაც ტროლეიბუსი აფეთქდა, ტყვეები დააჩოქეს. ეუთოს დამკვირვებლებმა, რომლებმაც აფეთქების ადგილი მოინახულეს, განაცხადეს, რომ შვიდი გვამი ნახეს. სეპარატისტები და სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ დაიღუპა 13 ადამიანი. აფეთქების თაობაზე მოსკოვი და კიევი ერთმანეთს უყენებენ ბრალდებებს. რუსეთი და სეპარატისტთა ძალები აცხადებენ, რომ აფეთქება ნაღმმა ან საარტილერიო ჭურვმა გამოიწვია.

ასეთ ფონზე, კიევში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა დარჩება „ერთიან“ სახელმწიფოდ, კიევში განთავსებული ძლიერი ცენტრალური მთავრობით, და რომ ევროპასთან ინტეგრაციის მისი სურვილი ურყევია. ერთიანობის დღეს გაკეთებული მისი ეს განცხადებები მოსკოვისთვის გაგზავნილი დაუმორჩილებლობის სიგნალია, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლის ფონზე.

ერთიანობის დღეს უკვე დიდი ხანია ზეიმობენ, 1919 წლის ხელშეკრულების აღნიშვნის მიზნით. წელს ამ დღეს ასევე იხსენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ევრომაიდნის გამოსვლებს შეეწირნენ. ამ საპროტესტო ტალღამ დაამხო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი.

რუსეთი უკრაინას მოუწოდებს დათმოს ძალაუფლების დიდი წილი და ის რეგიონებს გადააბაროს, მათ შორის, აღმოსავლეთში, სადაც ორ პროვინციულ დედაქალაქს მეამბოხეები აკონტროლებენ. რუსეთი ამ პროცესს „ფედერალიზაციას“ არქმევს. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა „არასოდეს იქნება ფედერალური“, ხოლო უკრაინული არის და იქნება მისი სახელმწიფო ენა. ამავე დროს, პოროშენკოს თქმით, უკრაინა არასოდეს აუკრძალავს მოქალაქეებს სახლებში, სამსახურებში ან საჯარო ადგილებში რუსულის ან სხვა ნებისმიერი ენის გამოყენებას.

21 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 9 000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება და მოითხოვა მათი დაუყოვნებლივ გაყვანა.

პოროშენკოს თქმით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ამჟამად ჰყავს 9 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 500-მდე ტანკი, მძიმე არტილერია და ჯავშანტრანსპორტიორები. რუსეთის ასეთი მოქმედება პოროშენკოს „აგრესიის აშკარა ფორმად“ მიაჩნია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უსაფუძვლო უწოდა ბრალდებებს.