გიუმრის ტრაგედია და მისი შესაძლო პოლიტიკური შედეგები

გიუმრის ტრაგედია და მისი შესაძლო პოლიტიკური შედეგები

რუსეთი სომხეთში ვითარების განმუხტვას ცდილობს. 20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ავეტისიანების ოჯახის 7 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ რუს სამხედროს, ვალერი პერმიაკოვს, სომხეთში საჯაროდ გაასამართლებენ და ამ საქმის გარშემო აქტიურად ითანამშრომლებენ ორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურები. ამ შინაარსის განცხადება, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ერევანში სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად დააკმაყოფილებს ეს გადაწყვეტილება საპროტესტო აქციის მონაწილეებს და მათ, ვინც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის სამხედრო ბაზის სომხეთში ფუნქციონირების მიზანშეწონილობა.

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი დარწმუნებულია, რომ საჯარო სასამართლო განხილვა, რაც სომხეთში ჩატარდება, „დაადასტურებს მხარეთა სწრაფვას სამართლიანობისკენ“. ბასტრიკინი მხარეებს შორის არსებულ სრულ ურთიერთგაგებაზე, ერთობლივი მუშაობის მწყობრ გეგმასა და რუსეთის პასუხისმგებლობაზეც ლაპარაკობს:

„რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მოქმედება – როგორც რუსეთის სამხედრო ბაზაზე სომხეთში, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე – მიზნად ისახავს მკვლელობის ყველა ვერსიისა და ამ სისხლის სამართლის საქმის ყველა გარემოების საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას“. 

თუ რას გულისხმობს ბასტრიკინი „მკვლელობის ყველა ვერსიის“ გამოძიებაში, ჯერჯერობით გაუგებარია და ეს ბევრისთვის აჩენს კითხვის ნიშანსაც – ხომ არ აპირებს რუსეთი გადაუხვიოს გამოძიების მთავარი ვერსიიდან, რომლის მიხედვითაც სასტიკი დანაშაული რუსმა სამხედრომ ჩაიდინა. ერთი სიტყვით, ჯერ ძნელი სათქმელია, თუ რამდენად შეძლებს ეს გადაწყვეტილება სომხეთის იმ მოქალაქეების უარყოფითი ემოციების დაცხრობას, ვისთვისაც ავეტისიანების ოჯახის 7 წევრის (მათ შორის, 2 ბავშვის) მკვლელობა მხოლოდ ერთი ოჯახის უბედურებას არ ნიშნავს. გავიხსენოთ, რომ 15 იანვარს, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლის დროს, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა. სომხეთში გამართული ამ და სხვა აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ ავეტისიანების ოჯახის წევრთა მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო სომხეთის მართლმსაჯულებას გადასცემოდა. იმ დროისთვის ჯერ კიდევ სიკვდილს ებრძოდა ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ცივი იარაღით დაჭრილი 6 თვის სერიოჟა, რომელიც ერევნის საავადმყოფოში 19 იანვარს, საღამოს, გარდაიცვალა.

როგორც ერევნელმა ექსპერტმა სტეპან გრიგორიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ხალხი დაძაბულია იმდენად, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა რუსეთის 102-ე ბაზის საჭიროების საკითხიც, რადგანაც საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო, ვალერი პერმიაკოვი, სწორედ ამ ბაზაზე მსახურობდა. თუმცა ერევნელი ექსპერტის სტეპან გრიგორიანისთვის წარმოუდგენელია, რომ ერევანი ხალხის ხმას შეისმენს:

„თუკი საზოგადოების განწყობა საკმაოდ პოზიტიური იყო რუსეთის სამხედრო ბაზასთან მიმართებით, თუკი ხალხი ფიქრობდა, რომ ბაზა საჭირო იყო და რომ ის მათ იცავდა... ახლა საზოგადოების განწყობა ძალიან უარყოფითია რუსეთის ბაზის სომხეთში დარჩენასთან დაკავშირებით. თუმცა არ მგონია, რომ სომხეთი ამ საკითხს ოფიციალურ დონეზე დააყენებს“.

გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნა-არყოფნის საკითხის სერიოზულ ჭრილში დაყენებას არც სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მოელის. გავიხსენოთ, რომ 2010 წლის აგვისტოში, ხელშეკრულების პირობების განახლების შედეგად, რუსეთის ამ სამხედრო ბაზას ერევანმა ფუნქციონირების ვადა 2044 წლამდე გაუხანგრძლივა. ამ დოკუმენტის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს სამხედრო დახმარების პირობას დებენ. რუსეთის სამხედრო ბაზის საკითხს ანალიტიკოსები დიდწილად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ მოსკოვთან სამხედრო თვალსაზრისით კიდევ უფრო დაახლოებული ერევანი მთიან ყარაბაღზე მეტი გავლენის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა როგორც ირაკლი ალადაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სომხეთისთვის რუსეთი არც მთიანი ყარაბაღის ჭრილშია სანდო:

„რუსეთი ორივე მხარეს ამარაგებს. სომხების დიდ უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ ბოლო წლებში რუსეთმა აზერბაიჯანს მიაწოდა 3 მილიარდის - თუ ცოტა მეტის - ღირებულების თანამედროვე შეიარაღება, მათ შორის, შემტევი საშუალებები. ლოგიკურად, ეს ადრე თუ გვიან სომხეთს მოუბრუნდება, რაც ერთხელ უკვე მოხდა: გასულ წელს რუსების მიერ მიწოდებული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით აზერმაიჯანელებმა სომხური თვითმფრინავი ჩამოაგდეს“.

ავეტისიანების ოჯახის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას ამ ეტაპზე უფრო „ფსიქოლოგიურ ბზარად“ მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია და, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთი ფლობს შესაბამის ბერკეტებს იმისათვის, რომ სომხეთი თავის მოკავშირედ დაიტოვოს. ხოლო თუკი მაინც დავუშვებთ, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები სამომავლოდ „სერიოზულად გაფუჭდება“, პოლიტოლოგის აზრით, ეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების სერიოზულ შესუსტებას გამოიწვევს.