რატომ არ აქვეყნებს კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასებზე დასკვნას?

რატომ არ აქვეყნებს კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასებზე დასკვნას?

"ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია საწვავის ქართულ ფასებთან დაკავშირებით აქციებს ამ კვირიდან განაახლებს. მოთხოვნა უცვლელია: მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ყოველდღიურად იაფდება, ჩვენთან ისევ კარტელური შეთანხმებები მოქმედებს. 

სად და როდის იგეგმება აქციები? რას მოითხოვენ ირაკლი ღარიბაშვილისგან?  

- ჩვენ 20 იანვარს ვიკრიბებით და დავგეგმავთ, რა სახის აქციები იქნება. გვექნება პოლიტსაბჭოს სხდომა, სხვა საკითხებიც უნდა განვიხილოთ. საერთო ჯამში, საუბარი იქნება პარტიის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება საწვავის ფასები, ანუ რა უნდა გავაკეთოთ ენერგომაფიისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს ითბობენ ხალხის ხარჯზე. მე წინასწარ არ ვიცი, როგორი მოსაზრებები გამოითქმება პოლიტსაბჭოს სხდომაზე, მაგრამ, სავარაუდოდ, ერთ კვირაში მაქსიმალურად უნდა გავაქტიურდეთ. პირველი აქცია იქნება მიმართული მთავრობის კანცელარიისკენ, პირადად ირაკლი ღარიბაშვილისკენ. ჩვენ მას არ ვდებთ ბრალს იმაში, რომ მაინცდამაინც ის არის დამნაშავე, მაგრამ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და პასუხს აგებს, მისი ჩარევის გარეშე ეს საკითხი ვერ მოგვარდება. არ შეიძლება, ქვეყანაში მონოპოლიები მძვინვარებდეს და ღარიბაშვილი ინფორმირებული არ იყოს. თუ არ აქვს რეალური ინფორმაცია, მაშინ კიდევ უარესი. 

- ალბათ, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. 
- რა თქმა უნდა, არა, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, საწვავის ფასმა დაიწიოს 1.50 ლარზე. სხვათა შორის, ესეც უნამუსო ფასი იქნება, გაცილებით ნაკლები უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ამას დავჯერდეთ. მსოფლიოში ყველგან სამჯერ უფრო მეტად დაიკლო ფასებმა, ვიდრე საქართველოში, 15-20 თეთრი არაფერია. ხომ ხედავთ, რა მასშტაბის უსინდისობასთან გვაქვს საქმე და რა მოგებას ნახულობს ჩვენთან ენერგომაფია? 

- პრემიერ-მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს დაავალა, 10 დღეში ანგარიში წარმოუდგინეთ საზოგადოებასო, უკვე ერთი თვე გავიდა და ამ სააგენტომ საკუთარი საიტიც კი გათიშა. თუმცა იყო ინფორმაცია, რომ შუალედური დასკვნა პრემიერს წარუდგინეს. როგორ ფიქრობ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ვერ აჩენენ? 
- რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პრემიერ-მინისტრმა კი მოითხოვა, საკითხი აშკარად ყვიროდა და უნდა გამოხმაურებოდა, მაგრამ რა ხდება, ვერ ახდენს ამ პროცესებზე გავლენას? მე არ მინდა, ასეთი სისუსტე გამოიკვეთოს, მაშინ თავად ირაკლი ღარიბაშვილს მოუწევს ამაზე დაფიქრება. თუმცა, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ჩვენ გვყვანან მინისტრები, რომლებიც ნავთობის ინტერესებში არიან შემჩნეულები. ახლა არ მინდა, გვარები დავასახელო, ამისთვის ჯერ მზად არ ვარ, როცა აქციებს დავიწყებთ, მაშინ ყველაფერი დოკუმენტურად მექნება გამყარებული. პრემიერ-მინისტრზე ეჭვიც კი არ არსებობს, თვითონ არ არის შემჩნეული რაიმე სახის ინტერესებში, მაგრამ ვიმეორებ: ის უნდა ჩაერიოს, დუმილი დანაშაულის ტოლფასია. 

- როგორც თქვით, პარტია აპირებს გააქტიურებას და რა საკითხებს წამოწევთ? 
- რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო საწვავის ფასები არ გვაწუხებს. ასეთივე შეთანხმებული ფასებია სააფთიაქო ქსელში, რაც ძალიან დიდ ტვირთად აწევს ჩვენს მოსახლეობას. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში კვლავაც არიან დაინტერესებული ადამიანები და ამ ყველაფერს ფარავენ. ამ სფეროებში რჩება იგივე ელიტური კორუფცია, რაც იყო 2012 წლამდე. ამ ქვეყნის აქილევსის ქუსლად რჩება პენსიები და სოციალური დახმარებები. მაგალითად, უსინათლოთა საზოგადოება გვთხოვს, დავეხმაროთ აქციების მოწყობაში. ჩვენ ამაზეც ვიმსჯელებთ. მათ ძალიან რადიკალური პოზიციები აქვთ, რასაც მე არ ვეთანხმები. 

- რა რადიკალურ პოზიციაზეა საუბარი? 
- ამაზე ლაპარაკიც არ მინდა, ძალიან გამწარებული ხალხია. არსად წასვლა აღარ უნდათ, პირდაპირ უნდა მიადგნენ პრემიერ-მინისტრს და რას ჩაიდენენ, მე არ ვიცი. არაერთხელ მიმართეს სამთავრობო სტრუქტურებს, რომ მათი შემწეობა გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმს. ვერავის ვერაფერი გააგებინეს და სხვა გზა აღარ რჩებათ, მიდიან აქციებზე. ვნახოთ, გამწარებული ხალხი ამ ქვეყანაში ბევრია და არ მინდა, ეს ყველაფერი მტერმა სათავისოდ გამოიყენოს, ჩვენ თვითონვე უნდა მოვაგვაროთ პრობლემები და იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი ამაზე წამოვა. თუ არ წამოვა, ძალიან ცუდი იქნება ყველასთვის.