გია როინიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ფული ,,მოუტეხა’‘?

გია როინიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ფული ,,მოუტეხა’‘?

სამი სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ქეთი დოლიძემ მსახიობი თუმანიშვილის თეატრიდან გაუშვა

მას შემდეგ, რაც მსახიობი გია როინიშვილი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრიდან გაათავისუფლეს, მითქმა-მოთქმა არ წყდება. ერთნი ამბობენ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოო, მეორენი მის ექსპარლამენტარობით აპელირებენ და აღნიშნავენ, რაც დაიმსახურა, ის მიიღოო, მესამენი კი უფრო შორს მიდიან და აცხადებენ, მსახიობის თეატრიდან გაშვება ბიძინა ივანიშვილის პირად წყენას უკავშირდება - როდესაც თეატრში რემონტი მიდიოდა, იქაურობას ბატონი გია კურირებდა და დიდი თანხა მოტეხაო. ამ ვითარებაში მტყუან-მართლის გარკვევა ადვილი არაა, თუმცა მას შემდეგ, რაც მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა საჯაროდ განაცხადა, მეც გია როინიშვილი ვარო და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გადაწყვეტილება არ მოუწონა, ქეთი დოლიძემ საკუთარ Fაცებოოკგვერდზე დაპოსტა, როდესაც თავად 12 წლის ბავშვებს არ პატიობს რეპეტიციის გაცდენას, რატომ არ მკითხა, სად არის როინიშვილიო?! ნინელი ჭანკვეტაძე კი არ ურჩევს მსახიობს იმ ნაგვის ქექვას, ,,რომელშიც თვითონ გაისვრება’‘... ასეა თუ ისე, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: ვიღაც ,,გია როინიშვილია’‘, ვიღაც - ,,ქეთი დოლიძე’‘... თუმცა, ეს ჩემი გასარჩევი ნამდვილად არ არის. ფაქტია: გია როინიშვილი თეატრიდან გაუშვეს...     

- გულდაწყვეტილი ხართ, ბატონო გია? 
- ბუნებრივია, არსებობს გულისწყვეტა... და აღარ მინდა, თეატრი ასე იყოს... ჩემზე მაღალი რანგის მსახიობებიც გაუშვიათ, ხდება ასე... ბუნებრივიაო, ვერ გეტყვით, მაგრამ არახალია... 

- ასე რატომ ხდება? 
- ინტერესებია სხვადასხვა, ვიღაც ფიქრობს, იმ წუთში არ სჭირდები იქაურობას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელოვანად არ მიგიჩნევს. 

- თქვენს შემთხვევაში რა მოხდა? 
- რა სპექტაკლებშიც ვიყავი დაკავებული, ორივედან მომხსნეს... მითხრა, აღარ ითამაშებ ,,ბაკულას ღორებშიო’‘, რომელიც ბატონმა მიშამ დადგა და მანვე ამიყვანა როლზე... ეს გრძელდება ორი წელია, გამინახევრეს ხელფასი, მე კი ახალ პროექტს ველოდებოდი, მაგრამ... 

- ქალბატონ ქეთის სხვა არგუმენტი აქვს და ამბობს, რომ თქვენ არ მიდიოდით თეატრში და როდესაც რამაზ იოსელიანს ძმა გარდაეცვალა, თამაშზე მაშინაც კი უარი თქვით. 
- არც მახსენდება ასეთი ფაქტი... ან საქართველოში არ ვიყავი იმ დროს, ან ავად ვიყავი და ფეხზე ვერ ვდგებოდი, სხვაგვარად წარმოუდგენელია, არ მივსულიყავი. 

- მიკიბ- მოკიბვის გარეშე გკითხავთ - ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო? 
- არ მინდა, ასე იყოს, მაგრამ ისე იხატება ყველაფერი, ამ დასკვნამდე მივდივარ. შეიძლება, შურისძიების მომენტიც აქვს, ალბათ, ქალბატონ ქეთის - მე რომ ფესტივალი დამიხურეს... ის რომ პარლამენტიდან ჩამობრძანებულიყო... მის ტონალობაში ეს იგრძნობა, თუმცა არ მინდა, დავიჯერო, ზევიდან უკარნახა ვინმემ, ალბათ, თავის გამოჩენის მიზნით ჩათვალა, ასე მოქცეულიყო... აბა, სხვა რა მიზეზია - ჯერჯერობით, შემოქმედებითად ამორტიზებული არ ვარ და ქართველი მაყურებელიც აუცილებლად გამოიტანს სწორ დასკვნებს... 
- რატომ გახსენებთ ფესტივალის დახურვას, ბატონო გია? 
- ნამდვილად არ ვიცი - ის ფესტივალი, როგორც მახსოვს, იყო მერიის დაქვემდებარებაში. საერთოდ, პარლამენტარი არ იღებს გადაწყვეტილებას ვინმეს მოხსნასა და დანიშვნაზე, ამას აღმასრულებელი ხელისუფლება აკეთებს... მერიაში მითხრეს, რომ დაფინანსება მოუხსნა სახელმწიფომ, თორემ ფესტივალის ჩატარება მისთვის არავის აუკრძალავს. 

- შედეგად ხომ გაჩერდა ეს პროექტი? 
- მესმის, ძნელია სახსრების მოძიება, მაგრამ ფესტივალს კერძო ინვესტორებიც ჰყავს, თორემ მე არც მის გახსნასა და არც დახურვაში მიმიღია მონაწილეობა. ერთი კი ფაქტია: ქეთი დოლიძემ, უნებლიედ, ჩემთვის დიდი საქმე გააკეთა - ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი ხალხისგან და მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის ისევე, როგორც ჩემს კოლეგებს. 

- ნინელი ჭანკვეტაძესაც, რომელიც ,,ნაგავში ქექვას’‘ არ გირჩევთ? 
- გული მწყდება... არ ვარ ღირსი, ასეთი რამ თქვას ჩემმა კოლეგამ. 

- და პარტნიორმა, ბატონო გია. 
- ვერაფერს ვიტყვი... ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში, მე არ მაქვს ასეთი განწყობა არც ერთი ჩემი კოლეგის მიმართ და ქეთის გამართლებასაც კი ვეძებ. ჟურნალისტებმა მკითხეს და ვუპასუხე, არაფერში ვიქექები, არც კი ვიცი, რომელ ჭუჭყზეა საუბარი. 

- მაინც, რატომ ირევა ფასეულობები ან რატომ იკვეთება ხელოვნება და პოლტიკა? ვინ, ვინ და ეს თქვენ ყველაზე კარგად იცით. 
- ეს საერთო პრობლემაა და არა მხოლოდ ამ ხელისუფლების... ვფიქრობ, ქვედა რგოლები ამას შეგნებულად აკეთებენ, რომ ხელოვანები ერთმანეთს დაუპირისპირონ. 

- ასეთი ადვილი სამართავები არიან ხელოვანი ადამიანები? 
- ეს ხომ დამოკიდებული პროფესიაა? მე უნდა დავჭირდე ვიღაცას, ჩემთან უნდა მოუნდეს რომელიმე რეჟისორს მუშაობა და ბევრია ,,თუ’‘-ა შუაში. თორემ ეს ზოგადი ფრაზაა, რომ პოლიტიკა და ხელოვნება გადაჯაჭვულია...
 
- ასევე, ,,ზოგადად’‘ იყავით პარლამენტარი? 
- ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება... 

- არ ნანობთ? 
- არა... ჩემი ქვეყნის ბევრი საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტაში ვმონაწილეობდი, დსთ-დან გამოსვლაზე ხმა მაქვს მიცემული, ომი გადავიტანეთ ამ დროს... ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყო. მე ავიღე ეს პასუხისმგებლობა იმ გუნდთან ერთად და მიუხედავად იმისა, რომ პიარი არ მიყვარს, ქართული თეატრისთვის არაერთი საქმე გამიკეთებია... 

- მაგალითად, რა გააკეთეთ მათ დასაცავად, ვინც თავის დროზე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს? 
- ჩვენ დროს იყო თანამდებობიდან გადაყენება და არა - თეატრიდან გაშვება. რეგიონებში რომელი მსახიობი რის გამო წავიდა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის გახმაურებული ამბები, რასაც გულისხმობთ, თუნდაც ქეთი დოლიძის შემთხვევაში... 

- რობიკო სტურუაც, ბატონო გია... 
- ისინი გადააყენეს სამხატვრო ხელმძღვანელობიდან. თეატრიდან არ გაუშვიათ... 

- არ გაგიჩნდათ ამის გამო პროტესტი? 
- ჩემთვის მთავარი იყო, რომ რობიკო სტურუა დარჩა თეატრში, მას შეეძლო, დაედგა სპექტაკლები, შეუნარჩუნდა ხელფასი... ეს მინისტრის გადაწყვეტილება იყო... შემოქმედებით მხარეზე საუბარი არ ყოფილა, აქ მის ჰომოფობიურ განცხადებებს ეხებოდა საქმე, რაზეც გარკვეული მოსაზრებები მაქვს და არ ეხება ხელოვნებასა და მის შემოქმედებას. ეს გადაწყვეტილება მინისტრმა მიიღო და მნიშვნელოვანია, რომ მას ადგილი თეატრში შეუნარჩუნდა. სტურუას კი არ ვედრები, მე ჩვეულებრივი, რიგითი მსახიობი ვარ, რომელიც ქეთი დოლიძემ სეპქტაკლში იმიტომ არ დააკავა, რომ არ უნდოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითამაშებდი და არც ეს პრობლემა დადგებოდა. 

- მაშინაც ბევრი იყო ისეთი, ვინც თქვენსავით მსჯელობდა, მაგრამ არავინ უსმენდა. 
- ვისაც პრეტენზია ჰქონდა ხელისუფლებასთან და საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა, თეატრიდან არ გაუშვიათ! მე ამას ვაქცევდი ყურადღებას და არ დავუშვებდი, ასე მომხდარიყო. 

- ამხელა წონა გქონდათ, რომ არ დაგეშვათ? 
- დიახ, არ დავუშვებდი... არც დამდგარა ეს საკითხი, სხვანაირად წინააღმდეგი წავიდოდი. შტატის შემცირებები იყო, მაგრამ მათი აზრის გამო არ მომხდარა გათავისუფლება. 

- თქვენც ჩარეცხილებში გადიოდით? 
- გადიოდა ყველა, ვინც ეს თავის თავზე მიიღო... რატომ საუბრობთ წარსულზე? დღევანდელ დღეზე ვილაპარაკოთ! 

- რატომ ბრაზობთ?.. მაშინ ის მითხარით, მართლა ,,მოტეხეთ’‘ თუ არა დიდი თანხა თეატრის რემონტისას, ამბობენ ამის გამო ბიძინა ივანიშვილი გაგინაწყენდათ? 
- მსგავსი რამ პირველად მესმის... ჯერ ერთი, არანაირად არ მქონია შეხება თანხებთან, გარდა ამისა, რემონტი წლების წინ იყო და ამის გამო ახლა გამიშვეს თეატრიდან? კარგი, რა? არც კი ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო... მე გამომიშვეს თეატრიდან და ხმამაღლა დავაფიქსირე საკუთარი პოზიცია. ტყუილად რევენ სხვებს ამაში და მათ სახელსა და გვარს ეფარებიან. 
- ახლა რას აპირებთ? 
- ილიას უნივერსიტეტში ვასწავლი მსახიობის ოსტატობას, ერთ სპექტაკლს ვთამაშობ მიწვევით და დაკავებული ვარ ,,ჩემი ცოლის დაქალებში’‘... 

- მოგწონთ როლი? 
- ზოგადად, ასეთი კაცები არ მომწონს და ხანდახან მის მიმართ პროტესტიც მიჩნდება ხოლმე. 

- სიმართლე გითხრათ, უფრო დათრგუნულს გელოდით, თამაშობთ? 
- სცენაზე არ ვარ და როგორ უნდა ვითამაშო? დაიმახსოვრეთ - მსახიობები ყველაზე ნაკლებად თამაშობენ ცხოვრებაში, ჩვეულებრივი ადამიანები კი პირიქით, იმიტომ, რომ სცენა არ გაქვთ. ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ჩემს დარდს თქვენ რატომ გაჩვენებთ, ეს ზრდილობის საკითხია - მე ცუდად მაცვია, თორემ კარგად აღზრდილი ვარ.