შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2015 წელი "ცე" ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა. თებერვლიდან, საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება "ცე" ჰეპატიტის სამკურნალო, ყველაზე ეფექტური მედიკამენტი, რის შედეგადაც, საქართველო, შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც ამ გლობალურ პრობლემას ყველაზე სწრაფად დაამარცხებს.
დავით სერგეენკოს განცხადებით, 2015 წლის მთავარი გამოწვევა მთავრობისთვის საქართველოში "ცე" ჰეპატიტის სრული ელიმინაციაა. მინისტრი ელიმინაციის მნიშვნელობასაც განმარტავს და ამბობს, რომ ეს ნიშნავს ყველა პაციენტის, უკლებლივ ყველას მკურნალობას, ვისაც კი ეს სჭირდება და ამავდროულად პრევენციასა და მონიტორინგს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ახალი შემთხვევების წარმოშობა.
"პრევენცია გამოიხატება არა მკაცრ და ზედმეტად ხისტ, მაგრამ ადეკვატურ კონტროლში ყველა იმ წერტილის, სადაც კი თეორიული რისკი არის "ცე" ჰეპატიტის აღმოცენების. ეს არის ყველა სამედიცინო დაწესებულება უკლებლივ, ხაზგასმულად ეს არის სტომატოლოგიური კაბინეტები, ეს არის ტატუ-სალონები, კოსმეტიკური სალონები და ა.შ. სადაც მთავრობის ვალდებულება გახდება, დაიწყოს აქტიური მუშაობა, რომ გაკონტროლდეს და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ინფექციის გავრცელება. ეს ერთ-ერთი კომპონენტი იქნება პროექტის. ანუ პროექტის მონაწილე იქნება სამი მხარე - კომპანია "გილეადი", პრეპარატის მწარმოებელი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის მართვის ცენტრი და საქართველოს მთავრობა".
მედიკამენტი, რომლის გამოჩენასაც დიდი იმედით ელიან ქვეყანაში, სოფოსბუვირია. როგორც სპეციალისტები მედიკამენტის შესახებ წერენ, ამერიკული ფარმაკოლოგიური კომპანიის მიერ წარმოებულმა მედიკამენტმა სასწაული მოახდინა ცდებისას, "წამალი მეტაბოლიზდება აქტიურ ანტივირუსულ საშუალებაში და მოქმედებს "ცე" ჰეპატიტის ექვსივე გენოტიპზე. ოფიციალური მონაცემებით, ცდების მესამე ფაზაში "ცე" ჰეპატიტის მესამე გენოტიპის ვირუსზე ზემოქმედების ეფექტურობა 97% იყო; ანალოგიური შედეგი მიიღეს იაპონიაშიც, სადაც წამალი 153 პაციენტზე გამოსცადეს - მათი 97% სრულად გამოჯანმრთელდა. არ ფიქსირდება გვერდითი მოვლენები, მედიკამენტი გამოდის აბების ფორმით და იძლევა მდგრად ვირუსოლოგიურ პასუხს 24 კვირაში თერაპიის დაწყებიდან". ამასთანავე, როგორც ექიმი ჰეპატოლოგები განმარტავენ, მედიკამენტის მიღება შეიძლება და შედეგი უცვლელია, იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი დაავადებულია რაიმე სხვა დაავადებითაც, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს უკვე აღენიშნება ე.წ. ციროზი, ანუ უკვე ღვიძლის ქსოვილი დარღვეულია, მედიკამენტი უძლურია.
პრობლემა ღარიბი ქვეყნებისთვის მკურნალობის კურსის საფასურია, რომელიც დაახლოებით 84 ათასი აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს, "პრეპარატი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკიდურესად და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება". ჯერჯერობით უცნობია, ეს "მაქსიმალურად ხელმისაწვდომ" თანხაში რამდენია. "იმ მომენტამდე, სანამ კონტრაქტზე არ არის ხელი მოწერილი, კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვარწმუნებ ყველას, რომ მედიკამენტთან ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად შესაძლებელი იქნება საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლისთვის და ეს არავის არ დააწვება მძიმე ტვირთად. რაც შეეხება სახელმწიფოს თანამონაწილეობას, ჩვენ ვეცდებით, დიაგნოსტიკის კომპონენტი უფრო მიწვდომადი გავხადოთ. აი, აქ უკვე იქნება დიფერენცირება, სოციალურად დაუცველებს უფრო მეტად მივეხმარებით დიაგნოსტიკის კომპონენტში, ხოლო ყველა დანარჩენს - შედარებით ნაკლებად". - განმარტავს სერგეენკო.
საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს - როგორ უნდა ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში დაავადებულები, ან ვის მიენიჭება პრიორიტეტი პირველ ჯერზე, სერგეენკო ასე პასუხობს.
"უკლებლივ ყველა პაციენტი მიიღებს მკურნალობას, თუმცა თავიდან, პრიორიტეტული იქნებიან ისინი, რომელთა შემთხვევაშიც უფრო მძიმე მდგომარეობაა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთნი მიიღებენ მკურნალობას და მეორენი - არა. მკურნალობას ყველა მიიღებს!"
ის გარემოება, რომ მსოფლიოში ამ პრეპარატით მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება, ქმნის რისკს, რომ პრეპარატი მოხვდეს შავ ბაზარზე - ანუ იყიდონ საქართველოში და მერე გავიდეს სხვა ქვეყანაში - "ფასიდან გამომდინარე ამის ცდუნება ძალიან მაღალია, მაგრამ ჩვენ შევიმუშავეთ სქემა, რომლითაც მოხდება კონტროლი. პაციენტები მედიკამენტს მიიღებენ არა მარაგის სახით, რომ სახლში წაღების საშუალება მიეცეთ, არამედ მოუწევთ, ყოველ მიღებაზე მივიდნენ შესაბამის დაწესებულებაში და პერსონალის პირდაპირი დაკვირვების ქვეშ მოხდეს ამ მედიკამენტის მიღება. ეს იმისთვის, რათა არ შეიქმნას ამ მედიკამენტის გატანის ცდუნება და პრეპარატის გადაყიდვის რისკი".
მინისტრის თქმით, წინასწარი გათვლებით, ცე ჰეპატიტით დაავადებული, დაახლოებით 150-200 ათასი ადამიანია მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ერთდროულად ამუშავდება.
ყველაზე მთავარი, როდის დაიდება ამ პროექტის შედეგი რეალურად, ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მინისტრი განმარტავს, სპეციალისტების წინასწარი გათვლა ასეთია - "თუ პრევენციის კომპონენტს ავამუშავებთ იდეალურად, ერთი ხარვეზის გარეშე, ანუ მინიმუმამდე კი არა, ნულამდე დავიყვანთ შემთხვევების აღმოცენებას, ასეთ შემთხვევაში მესამე წელს დადგება სასურველი შედეგი, იდეალური არაფერი არ არის, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სამი წლის თავზე, დასახული ამოცანა იქნება ამოხსნილი, თუმც, ყველაფერი ჩვენზე და რაც მთავარია, საზოგადოების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული".
მინისტრმა საზოგადოების უფრო აქტიურად ჩართვისა და ინფორმაციულობის გაზრდისთვის ხელზე "სტოპ ცე" დაიწერა... როგორც ამბობს, პროგრამაში საზოგადოების ჩართულობა შემდეგნაირად უნდა მოხდეს. "თეორიულადაც კი შეუძლებელია, რომ ყველა იმ კრიტიკულ წერტილს, სადაც ინფექციის გავრცელების რისკია - ყველა სამედიცინო დაწესებულება, სტომატოლოგიური კაბინეტი, ტატუ თუ კოსმეტიკური სალონები, ჯანდაცვის სამინისტრომ მიუჩინოს თავისი წარმომადგენელი. ამიტომ, საზოგადოების თითოეული წარმომადგენლის მიზანი და ამოცანა უნდა გახდეს, რომ მოითხოვონ დაწესებულებებში დადასტურება, რომ ეს ინსტრუმენტები დასტერილებულია და თუკი რაიმე აღმოაჩინეს, გვაცნობონ ამის თაობაზე. საერთო ჯამში, საზოგადოება უნდა ჩაერთოს ორ რამეში - იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულები და მეორე - გაგვიზიარონ საკუთარი შეხედულებები".