ერთი კვირის წინ სომხეთში გახლდით, ისტორიული ლორეს მხარეში, სადაც მოვინახულე უძველესი ქართული და სომხური ტაძრები. გულსაკლავი სანახავია დანგრევის პირას მისული ჩვენი უძველესი კულტურული ძეგლები.
თუმცა, მათი მდგომარეობა აღარ გამკვირვებია, როდესაც სომხური ხუროთმოძღვრული კულტურის შესანიშნავი ნიმუშები - ახპატი და სანაჰინი ვნახე. ორივე ძეგლი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შესული, თუმცა, მათ მიმართ არანაირი განსაკუთრებული მზრუნველობა არ იგრძნობა.
ტაძრის კედლები და სახურავები ზოგან მთლიანად დაფარულია მცენარეებით, ალაგ-ალაგ ნერგებსაც ნახავთ. გლეხი, რომელიც ახპატის ეზოში ბალახს თიბავდა, ამბობს, რომ ეკლესიას ფული არა აქვს და ამიტომაც აქაურობის მოვლა ჭირს. დარბაზების უმრავლესობა დაუყოვნებლივ რესტავრაციას საჭიროებს. ზოგან იატაკი საერთოდ არ არის, ან აყრილია და ჩავარდნილი. შეუძლებელია, ასეთი შესანიშნავი ქმნილებების მდგომარეობით არ შეწუხდე, არ იკითხო, თუ საკუთარ ქვეყანაში არ ან ვერ უვლიან ტაძრებს, რატომ ითხოვენ სომხები საქართველოში ქართული კულტურის ძეგლების მათ საკუთრებაში გადაცემას? ცნობილია სომეხ მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქართული ტერიტორიების უმრავლესობა მათ ეკუთვნოდათ და შესაბამისად, მათი ტაძრებიც რაოდენობრივად აღემატებოდა მართლმადიდებლურ, ქართულ ტაძრებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ახტალის უძველეს ქართულ მონასტერში და ქობაირის ნახევრად დანგრეულ ტაძრებზე სომხები აცხადებენ, რომ ეს ძეგლები სომხურია.
ზაზა ალექსიძე (პროფესორი): "რატომღაც სომხური მხარისთვის ძალიან იოლია იმის თქმა, რომ რადგან საქართველოში ცხოვრობენ სომხები და არსებობს სომხური ძეგლები, მათ სომხური საეპისკოპოსო უნდა განაგებდეს. ისინი გვერდს უვლიან კითხვას, რა რაოდენობის სომეხი მრევლი დადის ტაძრებში და არის თუ არა აუცილებელი მათთვის დამატებითი ტაძრების გადაცემა? ეკლესიები, რომლებიც დღეს მოქმედია, სრულიად საკმარისია სომეხი მორწმუნე მოსახლეობისთვის. ისინი მოითხოვენ 650 ეკლესიის ამოქმედებას. სადაც 650 სომხური ეკლესია იქნება, იქ საქართველო ვეღარ იქნება".
ლელა ჯეჯელავა (ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი, არმენოლოგი): "ხშირად, როდესაც საქმე ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიციების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეეხება, ჩვენი რეაქცია შემოიფარგლება მოკლე პასუხების გაცემით. ამ დროს სომხები გამოსცემენ უამრავ მასალას სომხურ და ინგლისურ ენებზე, არგუმენტირებულსაც და ნაკლებ სამეცნიერო ღირებულების მქონე პუბლიკაციებსაც. ჩვენ კი თითქმის არაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არგუმენტირებული და ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს საერთაშორისო საზოგადობას. ამას უნდა აკეთებდნენ კულტურის სამინისტრო, სამეცნიერო საზოგადოება, განათლების სამინისტრო და ზოგადად, სახელმწიფო. სამწუხაროდ,
ჩვენი გულგრილობა შესაძლოა, ერთ დღეს სავალალო შედეგის მომტანი გახდეს".
სომხური სათვისტომოს დამფუძნებელმა არნოლდ სტეფანიანმა ახლახან უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გამოც, რომლითაც რელიგიური გაერთიანებების სტატუსის შესახებ კანონის განმარტებითი ბარათი დაზუსტდა. "ახალი ცვლილებები რელიგიურ ორგანიზაციებს უტოვებს მხოლოდ რეგისტრაციის უფლებას. კონსენსუსმა ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ავტოკეფალიურ ეკლესიას შორის შიდა დაძაბულობა მოხსნა, მაგრამ სერიოზული დარტყმა მიაყენა სომხურ ეკლესიას, რომელიც ახლა ვეღარ შეძლებს განაცხადის შეტანას სომხური ეკლესიების დაბრუნების შესახებ. "არადა, იმედი გვქონდა," - აცხადებს სტეფანიანი, რომლის თქმით, ბოლო
დროს საქართველოში გაჩნდა ქსენოფობიური, კერძოდ, სომეხთმოძულე განწყობა. ამის გამო ის პროკურატურაში ჩივილსაც აპირებს(?!).
წმინდა სინოდსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმების შედეგად დაზუსტდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირებული კონფესიებისთვის სახელმწიფო ქონებრივ ან რაიმე სხვა სახის ვალდებულებებს არ ითვალისწინებს.
საინტერესოა, კანონის ცვლილებამდე ან განმარტებითი ბარათის დაზუსტებამდე სომხურ ეკლესიას ან სხვა რომელიმე რელიგიურ გაერთიანებას ჰქონდა თუ არა უფლება, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების, მეჩეთების ან სხვა საკულტო ნაგებობების საკუთრებაში გადაცემა მოეთხოვა?
ლელა ჯეჯელავა: "ახალი კანონი არასწორად გაიგო მავანმა, როდესაც გადაწყვიტა, რომ კანონს თავისთავად მოსდევდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტა. იმის მიუხედავად, რა სტატუსი ექნება სომხურ სამოციქულო ეკლესიას ან ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას, ქონებრივი საკითხები მოითხოვს განსაკუთრებულ რეგულაციას.
უნდა აღინიშნოს, რომ სომხების მხრიდან სადავო ექვსი ტაძარი და სხვა ძველი საკულტო ნაგებობები, სადაც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა ლიტურგიები მიმდინარეობს, არც ერთი არ ეკუთვნის ამ რელიგიურ ორგანიზაციებს. მეჩეთებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში აშენდა, მხოლოდ კერძო პირების სახელზეა რეგისტრირებული. სამართლებრივად ეს ძეგლები არის კულტურის სამინისტროს ბალანსზე და არ ეკუთვნის რელიგიურ ორგანიზაციებს. კონკორდატის თანახმად, მათი ვინმესთვის დროებითი სარგებლობის ან სხვა სახით გადაცემის საკითხი ვერ გადაწყდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე.
საქართველო, სომხეთისგან განსხვავებით, მრავალეთნოსიანი და მრავალკონფესიური ქვეყანაა. ამიტომაც სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია ქართული კულტურული მემკვიდრეობის რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებაში გადაცემა. შესაძლოა, ეს ძეგლები მათ მხოლოდ დროებითი ან სხვა ფორმით განკარგვის უფლებით გადაეცეს, რის საშუალებასაც იძლევა საერთაშორისო გამოცდილება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა არის მრავალი უცხო ქვეყნის მიწაზე. იერუსალიმში ჯვრის მონასტრის ქართულობაზეც არავინ დაობს, თუმცა, მისი გადმოცემა კი არა, იქ შესვლაც გვიჭირს. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ყველა პრობლემურ საკითხს. ამიტომ საქართველოში არსებულმა რელიგიურმა გაერთიანებებმაც არ უნდა მოინდომონ მატერიალური ძეგლების საკითხით სპეკულირება".
ზაზა ალექსიძე: - "საქართველოს ტერიტორიაზე სომხური წარმოშობის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეები არიან და რასაც ისინი ქმნიან, არის საქართველოს კუთვნილება და მისი ისტორია. სხვა საკითხია სომხეთში ქართული ძეგლების არსებობა. ის ტერიტორია, სადაც ეს ძეგლები მდებარეობს, იყო საქართველოს ისტორიული ტერიტორია და ტაძრებიც ააშენეს ქართველმა მეფეებმა და სამეფო მოხელეებმა. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი მხარის მოთხოვნა უნდა იყოს არა უპირობო, არამედ დასაბუთებული და ნაცვალგების პრინციპზე აგებული. ვიდრე მხოლოდ სათავისოდ მომგებიან პირობებს წამოგვიყენებენ, სომხებს წარმატებით შეუძლიათ მოაგვარონ ჯავახეთის საკითხი.
რაც შეეხება ჯავახეთს. ეს მხარე არასოდეს ყოფილა სომხეთის შემადგენლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ადრეც იყო აქ ძალიან მცირე რაოდენობით სომეხი მოსახლეობა, კომპაქტურად მხოლოდ მე-19 საუკუნის 20-იან წლებში გამოჩნდნენ. აქ იყო უძველესი ქართული კულტურის და საეკლესიო კერები. თუმცა, ახლა ვერც ერთი სასულიერო პირი ვერ შეძლებს, ჩავიდეს იქ და წირვა-ლოცვა თავისუფლად აღავლინოს. ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა აუცილებლად პრობლემებს შეუქმნის მათ. ვერც ქართულ ძეგლებზე იტყვით ხმამაღლა, რომ ეს ქართულია. შესაძლოა, ამით კულტურულ ძეგლებს საფრთხე შეუქმნათ. ცხადია, ჯავახეთის მოსახლეობა თვითონ ან ვიღაცის ზემოქმედებით დარწმუნებულია, რომ ეს უძველესი ტერიტორია და ძეგლები მათი არის. ასე ფიქრობენ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონვე დოკუმენტურად აღიარებენ ჯავახეთში სომეხთა გვიან ჩამოსახლების ფაქტს. მათ მიაჩნიათ, რომ სულ მცირე, ჯავახეთის ავტონომია უნდა ჰქონდეთ. სომხურ ეკლესიას ხომ შეუძლია აუხსნას, რომ ეს მიწა ოდითგანვე საქართველოს კუთვნილებაა და აუცილებელია მისი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა?"