რისგან განკურნა ქართველმა ექიმმა ვანგა

რისგან განკურნა ქართველმა ექიმმა ვანგა

მაშინ, როდესაც ალტერნატიული მედიცინა და  ბიოენერგოთერაპია მისტიკის სფეროს უკავშირდებოდა,  გია სულაქველიძემ კლასიკური ექიმის კარიერაზე უარი თქვა და იმ ბანაკში გადაბარგდა, რომელიც იმ წლებში ყველასთვის უცხო იყო. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო მეცნიერება, რომელსაც წინ დიდი მომავალი ჰქონდაო, – ამბობს დღეს ბატონი გია, ჯუნა დავითაშვილის სახელობის ალტერნატიულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი და ბიოენერგოთერაპევტი. ვინც იმ საქმის წყალობით, რომელსაც ცხოვრება მიუძღვნა,  მთავარ მისიამდე რთული გზის შემდეგ მივიდა, ეს მისია კი ვანგასთან შეხვედრის შემდეგ ერგო. 

გია სულაქველიძე:  პროფესიით ექიმი-თერაპევტი  ვარ, 80-იან წლებში ეგრეთ წოდებულ „არამიანცის საავადმყოფოში” ვმუშაობდი თერაპიული უროლოგიის  განყოფილებაში, შეთავსებით  ჯანდაცვის სამინისტროშიც შემეძლო მემუშავა. მეგობარმა გამიწია რეკომენდაცია  და სამინისტროში, მთავარ სპეციალისტადაც  დავიწყე მუშაობა.

ჩემს საკურატორო სფეროში რამდენიმე მიმართულება შემოდიოდა, მათ შორის იყო ნევროლოგია. ზოგჯერ  შემოდიოდა ისეთი საკითხებიც, რომლებიც არ ექვემდებარებოდა კლასიკურ მედიცინას, 10 დღეში ნებისმიერ შემოსულ წერილზე უნდა მოგვეხდინა რეაგირება. სწორედ მაშინ ერთდროულად ათამდე ექსტრასენსის წერილი მივიღეთ, რომლებიც  მუშაობდნენ არალეგალურად  და რაიმე ფორმით თავიანთი საქმიანობის გაოფიციალურებას გვთხოვდნენ. იმ პერიოდში  კანონით აკრძალული იყო მათი საქმიანობა და თუ გამოააშკარავებდნენ, არალეგალური მუშაობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი ეკისრებოდათ, მაგალითად, გოგი კენჭაძის საქმე პროკურატურას 19-ჯერ გადაეცა, თუმცა ის ყოველთვის  ახერხებდა  თავის დაძვრენას. პროკურორები  თვითონ სთხოვდნენ ხოლმე მკურნალობას.

მე დავიწყე მასალების მოძიება,  აღმოვაჩინე, რომ  ბიოენერგოთერაპიაზე  მუშაობდა ჯუნა დავითაშვილი, რომელიც იმ პერიოდში უკვე მოსკოვში  ცხოვრობდა. მე შევისწავლე მისი წიგნი, ჩავედი მოსკოვში, სადაც  შევხვდი კიდეც ჯუნას, მასთან გავიარე დიდი პრაქტიკა და მივიღე დიპლომი, რომლითაც თბილისში შემეძლო მუშაობის დაწყება. ჯუნამ მითხრა: გახსენი კლინიკა თბილისში და იმუშავე, დივიდენდებს არ მოგთხოვო. მე ჩამოვაყალიბე კოოპერატივი მეცამეტე პოლიკლინიკის  ბაზაზე.  კოლეგები ჩემს გადასვლას ამ  „ბანაკში” საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ. ჯანდაცვის სამინისტროდანაც კი გამათავისუფლეს, როცა მოსკოვიდან  ამ დარგის ერთ-ერთი პატრიარქი და პროპაგანდისტი ედუარდ ნაუმოვი ჩამოვიყვანე. ამას ჩემი კარიერა შეეწირა, თუმცა არ მინანია – ვიცოდი, რომ ამ მეცნიერებას წინ დიდი მომავალი ჰქონდა. ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან  მიტაცებდა შინაგანი ენერგიის ფენომენი, ჰიპნოზი. უკვე საქმეში ჩართული კი მივხვდი, რომ  ეს იყო ჩემი სატარებელი ჯვარი.  

მაშინ ეს მიმართულება, ბევრისთვის მისტიკასთან იყო დაკავშირებული, როგორ მოხდა მისი გახსნა უფრო მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის?

– მეც რთული გზა გავიარე. ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც თავიდან დამცინოდნენ,  მოგვიანებით,  ირწმუნეს  ამ მეცნიერების  და ჩემი  მეგობრებიც  გახდნენ. ახლა გაერო კურირებს ალტერნატიული მედიცინის მიმართულებას, მთელი სამეცნიერო პაკეტებია შექმნილი. თავიდან ეს იცით, როგორ იყო? როგორც „ციგანსკაია პოჩტა”, პაციენტები ერთმანეთისგან იგებდნენ ამ მეთოდიკის შესახებ.  მაშინ, ძირითადად, მოდიოდნენ არასომატური დაავადებების პაციენტები, ვისაც აწუხებდა უძილობა, შიშები, კლიმაქსი, სხვადასხვა  ნევროზული  გამოვლინება. მე არ ვხმარობ მარტო ბიოენერგეტიკას, მე ვიყენებ სუბესტიას, რელაქსაციაში გადამყავს და მკურნალობას უფრო კარგი შედეგი აქვს. ახლა სუჯუკიც დავამატე. გავიარე დიდი ჩინური აკუპუნქტურა, ეს ძალიან რთული მიმართულებაა, რომელშიც ძირითადი ორი ნემსის – ოქროს და ვერცხლის ნემსების გამოყენება ხდება. ოქროს შეაქვს ადამიანში ენერგია, ვერცხლს გამოაქვს. ადამიანში უნდა შეიყვანო დადებითი ენერგია და გამოიტანო უარყოფითი, რაც აბინძურებს მას.

თქვენ შეხვდით ვანგას, რომელმაც საკუთარი თავის განკურნება  მოგანდოთ. როგორ მოიპოვეთ მისი ნდობა?

– ეს დიდი ისტორიაა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიკლინიკაში ვმუშაობდი. ახალი, თანამედროვე აპარატურის ექსპერტი ვიყავი. იქ შემოვიტანე პირველად თერმოგრაფი, რომლის შესახებ ახლაც კი არ იცის ბევრმა. თერმოგრაფი პაციენტის გამოსხივების მიხედვით ზუსტად ხატავდა იმ მდგომარეობას, რაც პაციენტს ჰქონდა. იმ პერიოდში ბულგარეთის  ერთ-ერთმა ქარხანამ  შემოგვთავაზა ფიზიოთერაპიული დაზგა, „მორბენალი ტალღა”, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა.

მე და ჩემი განყოფილების გამგე ბულგარეთში წავედით  ხელსაწყოს  გასასინჯად, რომელიც 76 ათასი მანეთი დაგვიფასეს. მაგრამ, საკუთარ თავზე გამოვაცდევინე ხელსაწყო და  იმდენი წუნი აღმოვუჩინე, ხელსაწყოს, ფასი გავანახევრებინე. ამხელა ეკონომიის გამო, რამდენიმე დღე ბულგარეთში დავრჩი. სასტუმროს დირექტორმა, რომელმაც  შეიტყო ჩემი საქმიანობის შესახებ ცოლი მომიყვანა: ეგებ შაკიკისგან განკურნოთო. რა თქმა უნდა, ვუშველე იმ ქალბატონს, რომელსაც საშინელი ტკივილები აწუხებდა. ეს ამბავი ისე გახმაურდა, მეორე-მესამე  დღეს სასტუმროში რიგი დადგა. 

მეორედ კიდევ მიმიწვიეს ბულგარეთში, უკვე ოჯახთან ერთად. თბილისიდან წასვლისას  მის უწმინდესობასთან მივედი და  საქმის კურსში ჩავაყენე. ვთხოვე: ჩემი შინაგანი რწმენით მინდა შევხვდე ვანგას,  ფენომენალურ ქალბატონს-მეთქი. პატრიარქმა ნება დამრთო, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ბულგარეთში დიდი პატივისცემით მიმიღეს, ხან ღორებზე სანადიროდ წამიყვანეს, ხან – სად, რომ ჩემს მიმართ მადლიერება გამოეხატათ. მე ვუთხარი: თქვენგან არაფერი მინდა,  ვანგასთან  შემახვედრეთ-მეთქი. თავიდან იუარეს, ეს შეუძლებელიაო, მაგრამ ჟურნალისტი, რომელიც მე მომამაგრეს,  დამპირდა, შევეცდები, ეს სურვილი შეგისრულოთო.

ჩავედით ქალაქში, სადაც ვანგა მუშაობდა.  ქალაქის საბჭოში უნდა გადაგეხადა გარკვეული საფასური, რომელიც სტუმრებისთვის ძალიან ძვირი იყო. როცა სოფელ რუბიდეში, ვანგას უბრალო ქოხში მივედი,  იქ ძალიან ბევრი ხალხი დამხვდა. ვანგასთან  ესპანეთის პრინცი იყო შესული და მასთან შეხვედრის შემდეგ, ვანგას დამ  მითხრა: ძალიან ცუდადაა, ნაღვლის ბუშტის შეტევა აქვს და ვერ მიგიღებთო.  შოკი იყო ეს ჩემთვის, აქამდე მოვედი და ვერ უნდა ვნახო? – ვიფიქრე. მაგრამ, იქ ჟურნალისტმა იმარჯვა და მოკლედ, ჩვენ ორივე ვანგასთან მოვხვდით. იქ სულ სხვა ინტიმი დამხვდა. ვანგა  ტახტზე  იწვა, ქლოშინებდა, ნაღვლის ბუშტის შეტევა ჰქონდა.

არ ვიცი, რამ მიბიძგა, უცბად სხვა განზომილებაში გადავედი. მუხლებზე დავემხე და ვანგას მაჯებში ხელი მოვკიდე. ეს მკურნალობის მეთოდი არაა, რაღაც ძალამ გამაკეთებინა იმ წუთში – წრე შეიკრა, ვარ გარინდული, მერე უცებ წამოვიდა ენერგია და გული გამითბა. მე მას  ყველაფერი გავუკეთე, რასაც მეთოდიკა ითხოვდა, ვანგა ნელ-ნელა დამშვიდდა, ლამის ჩაეძინა.

მეორე დღეს მისმა დამ დარეკა, ვანგას თქვენთან შეხვედრა უნდაო. იმ დღეს უკვე სხვანაირად დაგვხვდა, ყველაფრით ცდილობდა, რომ პატივისცემა გამოეხატა. ვანგას პირისპირ დავჯექი. უცებ დაიწყო და  რა დაიწყო – ბაბუაშენი მღვდელი იყოვო, ამდენი შვილი გყავსო, ამას აკეთებ, ჯუნასთან იყავიო. ისე უცებ მოსდიოდა ინფორმაცია, ძლივს ვასწრებდი  მის „აკრეფას“. ყველა  მისი ნათქვამი ახდა, უბრალოდ, მე გავწელე დროში.

დამშვიდობებისას, პარკში გახვეული პატარა ამფორა მაჩუქა. ერთ მხარეს ყურძნის კრეფის სცენაა გამოსახული, მეორე მხარეს – წმინდა გიორგის გამოსახულება. ვანგამ ეს საჩუქრად გამომატანა, მომნიშნა, მისია დამაკისრა.  როგორც მერე  გავიგე, ზუსტად ასეთივე  ამფორა აჩუქა ფიდეს პრეზიდენტს, კირსან ილუმჟინოვს. ვანგას  წინასწარმეტყველებანი ასპროცენტიანი იყო. ვანგას ფენომენი დღემდე აუხსნელი რჩება. ახლა კი ამბობენ მისი მხედველობითი უნარი 70 პროცენტი იყო, მაგრამ ეს ასე არაა. ადამიანი თუ ხედავს, ხედავს, თუ არა და ვერაფერსაც ვერ დაინახავს. ვანგას   პაციენტები იყვნენ მსოფლიოს ცნობილი ადამიანები, პრეზიდენტები, ხელოვანები. მასთან შეხვედრამ მთლიანად  შეცვალა ჩემი ცხოვრება, გადავედი სხვა სამყაროში. ეს იყო ერთგვარი „ექსპერტიზა“, რომელიც მე  ვანგასთან  გავიარე.