როგორ იხსნა სტალინმა თბილისი დარბევისგან

როგორ იხსნა სტალინმა თბილისი დარბევისგან

1906 წლის 16 იანვარს, დილის 11 საათზე, ბარიატინსკის ქუჩიდან (დღევანდელი გია ჭანტურიას ქუჩა) გოლოვინის გამზირის (დღევანდელი რუსთაველის გამზირი) მიმართულებით მიმავალ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის, გენერალ გრიაზნოვის ეტლს ტერორისტმა ბომბი ესროლა. გრიაზნოვი სასიკვდილოდ დაიჭრა და მალე გარდაიცვალა.

ტერორისტი ადგილზევე შეიპყრეს. ის აღმოჩნდა თბილისის მაზრის სოფელ ბოგვის მცხოვრები, თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოს მუშა, არსენ პავლეს ძე ჯოიაშვილი. თბილისში იმხანად სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქი სავსე იყო ჯარით. მთაწმინდაზე განლაგებული საარტილერიო დანადგარები საბრძოლო მდგომარეობაში გახლდათ. სულ ცოტა ხნის წინ რუსის ჯარმა სწორედ ზარბაზნების გამოყენებით დაანგრია მუშათა უბნები დიდუბესა და ნაძალადევში. შეიპყრეს, ან დახოცეს ბარიკადებსა და შენობებში გამაგრებული მუშები. და აი, 16 იანვარს სამხედროებმა წამოაყენეს ულტიმატუმი: საღამომდე ან გენერლის მკვლელს იპოვით, ან ქალაქს საარტილერიო ცეცხლით გადავწვავთო. ისე ჩანდა, რომ სამხედროები მუქარას შეასრულებდნენ.

თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველო სასწრაფოდ შეუდგა საქმის გამოძიებას. დაიკითხნენ მოწმეები. გაირკვა, რომ მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბომბი გრიაზნოვის ეტლს არსენა ჯოიაშვილმა ესროლა, არ არსებობდა. მხოლოდ 2 რუსი ჯარისკაცი ამტკიცებდა, რომ ბომბი არსენა ჯოიაშვილმა ისროლა. სწორედ ამ ორმა ჯარისკაცმა აცნობა ადგილზე მისულ ჟანდარმერიას ტერორისტის შესახებ. თვითონ არსენა ჯოიაშვილის შეპყრობა ჟანდარმერიას არ გასჭირვებია, რადგან იგი ბომბის აფეთქების შედეგად მიღებული კონტუზიის გამო მიწაზე ეგდო უგონოდ.

პროფესიონალი გამომძიებელი მაშინვე დაეჭვდა: რატომ ისროლა ტერორისტმა ბომბი ასე დაუდევრად, ეჭვს იწვევდა ისიც, რომ ბომბის სროლისთვის ადგილი (ალექსანდრეს ბაღში შესასვლელი) ძალზე ცუდად იყო შერჩეული. ბაღი სავსე იყო პოლიციელებით, ჟანდარმერიით, საპატრულო სამსახურის  ოფიცრებითა და ჯარისკაცებით. ასე რომ ტერორისტი, ბომბის გასროლის შემდეგ, მიმალვას ვერ მოახერხებდა.

პირველსავე საათებში მოძიებული მასალების გაცნობამ ძალზე დააფიქრა თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი პასტრულინი. მან იმთავითვე გააკეთა სავსებით სწორი დასკვნა: ბომბი არსენა ჯოიაშვილს არ უსვრია, ნამდვილმა ტერორისტმა მიმალვა მოასწრო! გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა და მით უმეტეს ტერორისტის მიმალვა, პოლკოვნიკ პასტრულინს შეიძლება თანამდებობის დატოვებად დასჯდომოდა. ამიტომ იყო, რომ ის იძულებული გახდა, არსენა ჯოიაშვილის მიერ გენერალ გრიაზნოვის მოკვლა ჭეშმარიტებად მიეჩნია. თუმცა, როგორც პროფესიონალი, ხვდებოდა, რომ ამ ვერსიის დამტკიცება ძნელი აღმოჩნდებოდა. პასტრულინი კიდევ უფრო შეაშფოთა არსენა ჯოიაშვილის პირველმა დაკითხვამ.

არამიანცის საავადმყოფოში გონს მოსულ არსენა ჯოიაშვილს გამომძიებელმა ჰკითხა: რატომ მოჰკალით გენერალი გრიაზნოვი? არსენა ჯოიაშვილმა ყოველგვარი დაფიქრების გარეშე კითხვა შეუბრუნა გამომძიებელს: ვინ არის გენერალი გრიაზნოვი? საგანგაშო იყო ისიც, რომ სპეცსამსახურების არქივში არ აღმოჩნდა არანაირი მასალა იმის თაობაზე, რომ არსენა ჯოიაშვილს როდისმე რაიმე კავშირი ჰქონოდა ტერორისტებთან. მით უფრო სპეცსამსახურებს არ გააჩნდათ ცნობა იმის თაობაზე, რომ არსენა ჯოიაშვილს რაიმე ტერორისტულ აქტში ჰქონოდა მონაწილეობა მიღებული. ყოველივე ეს ძალზე აფიქრებდა პოლკოვნიკ პასტრულინს.

მოულოდნელად საგონებელში ჩავარდნილ ჟანდარმს მიუტანეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის პროკლამაცია, რომელშიც დაბეჭდილი იყო მოწოდება: ვიხსნათ ჩვენი ამხანაგი არსენა ჯორჯიაშვილი სასჯელისაგან! ცხადია, პოლკოვნიკმა პასტრულინმა არ იცოდა, რომ პროკლამაციის ავტორი იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) გახლდათ, პოლკოვნიკი ვერც იმას მიხვდა, თუ რატომ მოიხსენია არსენა ჯოიაშვილი სტალინმა ჯორჯიაშვილის გვარით. მაგრამ, ეს იმ მომენტისთვის დეტალები იყო და მთავარი ის გახლდათ, რომ ძიებას რსდმპ თბილისის კომიტეტმა თავად დაუდასტურა არსენა ჯოიაშვილის ტერორისტობა. სხვა ვერსიის დამუშავებას ჟანდარმერია ცხადია, აღარ შეუდგებოდა.

ასე დაიმალა სიმართლე ტერორისტული აქტის შესახებ. ასე გამოცხადდა სრულიად უდანაშაულო არსენა ჯოიაშვილი ტერორისტად ჯორჯიაშვილის გვარით.

სიმართლე ტერორისტული აქტის შესახებ კი ასეთი იყო. 1906 წლის 16 იანვარს გაფიცვის გამო უმუშევრად დარჩენილი არსენა ჯოიაშვილი ხარფუხიდან თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოსკენ მიემართებოდა. ის ალექსანდრეს ბაღის შესასვლელთან შეჩერდა. იქვე 2 რუსი ჯარისკაცი საათის გაყიდვას ცდილობდა. არსენას საათი მოეწონა და ჯარისკაცებს ფულიც გადაუხადა. ჯარისკაცები თაღლითები აღმოჩნდნენ. მათ არსენას ფული გამოართვეს, მაგრამ საათი სხვას მიჰყიდეს. არსენამ ხელი სტაცა ერთ-ერთ ჯარისკაცს და ფულის დაბრუნება მოსთხოვა. სწორედ ამ დროს გაისმა ბომბის აფეთქების ხმა, რომელსაც გენერალი გრიაზნოვი ემსხვერპლა. ბაღიდან გამოცვივდნენ ჟანდარმები და სამხედროები, რომელთაც რუსმა ჯარისკაცებმა მიწაზე დაგდებულ, კონტუზირებულ არსენა ჯოიაშვილზე მიანიშნეს და უთხრეს, ბომბი სწორედ მან გაისროლაო. სინამდვილეში ბომბი სულ სხვა ტერორისტმა ისროლა და თანაც არა ალექსანდრეს ბაღის მხრიდან, არამედ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგარი ორსართულიანი შენობის აივნიდან ან სახურავიდან. ეს ტერორისტი შემთხვევის ადგილს სწრაფად გაეცალა. იმხანად პრაქტიკაში მიღებული წესის მიხედვით, ტერორისტს ტერორისტული აქტის დამკვეთიც კი ვეღარ იპოვიდა გარკვეული ხნის განმავლობაში.

სტალინი და სხვა სოციალ-დემოკრატები არ ელოდნენ, რომ სამხედროები გენერლის მკვლელის  დაუსჯელობის შემთხვევაში თბილისის გადაწვით დაიმუქრებოდნენ. დიდუბესა და ნაძალადევში მუშათა რაიონების არტილერიით დანგრევისა და უამრავი ხალხის დახოცვის გამო გამწარებული თბილისელები, სიკვდილით ემუქრებოდნენ სოციალ-დემოკრატებს, რომელთაც მუშებისა და ჯარის შეჯახების პროვოცირება მოახდინეს.

ვითარება ისე დაიძაბა, რომ ცნობილი სოციალ-დემოკრატები ან თბილისიდან გადაიკარგნენ, ან ქალაქში დღისით გამოსვლას ვერ ბედავდნენ. ამჯერად, სამხედროებს რომ ქალაქის დარბევა დაეწყოთ, თბილისელების რისხვას სოციალ-დემოკრატები ვეღარ გადაურჩებოდნენ. სტალინმა სასწრაფოდ იპოვა გამოსავალი და ზემოხსენებული პროკლამაციის გამოცემით, პრაქტიკულად, დაადასტურა არსენა ჯოიაშვილის მიერ გენერლის მოკვლა. სტალინი პროკლამაციის ბეჭდვისას კორექტურულ შეცდომებს არ უშვებდა, მით უფრო, იგი შემთხვევით არ დაბეჭდავდა ჯოიაშვილის ნაცვლად ჯორჯიაშვილის გვარს. ჯუღაშვილი წინასწარგანზრახულად მოქმედებდა. ამ თითქოს უმნიშვნელო კორექტურით (პრაქტიკულად, გვარის შეცვლით) მავანს და მავანს მან რაღაც მიანიშნა. ასეა თუ ისე, არსენა ჯოიაშვილი, სტალინის წყალობით, ისტორიაში ჯორჯიაშვილის გვარით შევიდა.

არსენა ჯოიაშვილი გაასამართლეს. მას იცავდა 2 ცნობილი ადვოკატი: იოსებ ბარათაშვილი და კლანკი. აშკარა ჩანდა, რომ ბრალდება შეთითხნილი იყო. სასამართლოზე ვერ მიიყვანეს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ დაინახა ბომბის სროლის მომენტი და ტერორისტი. 2 ცრუ მოწმე ადვილად გამოააშკარავეს ადვოკატებმა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების თხოვნა და პროცესზე არ დაიკითხა ის 2 რუსი ჯარისკაცი, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ბომბი არსენა ჯოიაშვილმა გაისროლა. მიზეზად დასახელდა, რომ ის ჯარისკაცები თბილისში უკვე აღარ მსახურობდნენ. თუმცა, რატომ არ შეიძლებოდა მათი ჩამოყვანა სამსახურის ახალი ადგილიდან (ვლადიკავკაზიდან) გაუგებარი დარჩა. არსენა ჯოიაშვილს მიესაჯა ჩამოხრჩობა. მთელმა თბილისმა იცოდა, რომ მკვლელი არსენა არ იყო.

მოხდა საოცარი ფაქტი: თბილისის ციხის ჯალათმა უარი თქვა არსენა ჯოიაშვილის ჩამოხრჩობაზე. არსენა ჯოიაშვილი ოდესიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა ჯალათმა ჩამოახრჩო.

მოგვიანებით ფილმ „არსენა ჯორჯიაშვილის” გადაღების შემდეგ, ცნობილი მსახიობი და რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი სტალინმა მოსკოვში მიიღო. ბელადმა თითქოს სხვათა შორის უთხრა ჭიაურელს: არსენა ჯორჯიაშვილზე ფილმი კი გადაიღეთ, მაგრამ შენ იცი თუ არა, რომ გენერალი გრიაზნოვი ჯორჯიაშვილს არ მოუკლავსო. გაოცებული მიხეილ ჭიაურელი დაინტერესდა გენერლის მკვლელით და სტალინს მისი ვინაობის გამხელა სთხოვა. პასუხი ასეთი იყო: არ არის საჭირო! ახლა ის დიდი კაცია!

სიმართლე ბოლომდე მაინც არ დაიმალა. ერთ-ერთ არქივში აღმოჩნდა ქართველი ბოლშევიკის, პროფესიონალი რევოლუციონერისა და ტერორისტის განცხადება. „საამაყო” წარსულის მქონე ტერორისტი ჩამოთვლიდა რა თავის დამსახურებას, საგანგებოდ უსვამდა ხაზს იმ ფაქტს, რომ მან გენერალი გრიაზნოვი მოკლა. ყოფილი ტერორისტი ამის სანაცვლოდ პერსონალურ პენსიას ითხოვდა. იყო თუ არა იგი „ის დიდი კაცი”, ვისაც სტალინი გულისხმობდა, არავინ უწყის.