15 იანვარს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაიშალა. სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო აღარ ჩატარდა. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები არ გამოცხადდნენ. კომიტეტში ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის არსებული ჯარიმების ნაწილის გაუქმებაზე მსჯელობა იყო დაგეგმილი.
კონკრეტულად, ვისი მიზეზით ჩაიშალა კომიტეტის სხდომა? რა სანქციები იმოქმედებს მათ წინააღმდეგ?
"ალიას" პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა:
- იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კვორუმი არ შედგა და როგორც გავარკვიე, ამის მიზეზი იყო ის, რომ "ქართულ ოცნებას" ჰქონდა პარტიული ღონისძიება, პარტიის ნაწილი ამის გამო ვერ დაესწრო და ნაწილი იმის გამო, რომ ქუთაისში იყო, სადაც საახალწლო ზეიმი იყო მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ამის გამო, ვერც უფლებამონაცვლის გამოგზავნა მოახერხეს და თვითონ, თავისთავად ვერ დაესწრნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მოგეხსენებათ, რომ თბილისში გამართულ კომიტეტის სხდომებს არ ესწრებიან, შესაბამისად, კვორუმი არ იყო.
- ვინ ვერ დაესწრო პარტია "ქართული ოცნებიდან" კონკრეტულად?
- "ქართული ოცნებიდან" კომიტეტის წევრები არიან: ბატონები თამაზ ავდალიანი, ზაქარია ქუცნაშვილი და ქალბატონი თამარ კორძაია. ამათგან, თამაზ ავდალიანი მძიმედ ავად არის, მაგრამ პრობლემა მარტო მათ გამოუცხადებლობაში არ არის, პრობლემა ისიც იყო, რომ უფლებამონაცვლეების გამოგზავნა არ მოხდა. როცა ცნობილი გახდა, რომ, "ქართული ოცნებიდან" ვერავინ ვერ მოდიოდა, კომიტეტის დანარჩენ წევრებს ეცნობათ, რომ სხდომა ვერ შედგებოდა და ტყუილად არ მოსულიყვნენ. თუმცა, რვა კაცი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ სხდომა შემდგარიყო. ზოგადად, საკმარისია, "ქართული ოცნებიდან" ერთი ვინმეც გამოაკლდეს, რომ უკვე კვორუმის პრობლემა იქმნება, რადგან, როგორც ზემოთაც გითხარით, "ნაციონალური მოძრაობიდან" სხდომებს ვერ ესწრებიან.
- "თავისუფალი დემოკრატებიდან" თუ ესწრებოდა წარმომადგენელი?
- "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი იყო, დანარჩენი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო უმრავლესობიდან და რადგან "ქართული ოცნებიდან" არავინ არ იყო, აზრი არ ჰქონდა დანარჩენების მოსვლას.
- რა სანქციები იმოქმედებს მათ წინააღმდეგ?
- სანქცია იქნება ჩვეულებრივი, ისე, როგორც ესაა კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში. თუ ეს არის არასაპატიო მიზეზით, თუ ეს მოხდება 2-ჯერ ან სამჯერ, მაშინ არის ფინანსური სანქცია. ფინანსური სანქციის ოდენობა არ მახსოვს ზუსტად.
- გასულ თვეში დეპუტატ ანი მიროტაძის დაგვიანების გამო კვორუმის არარსებობა გახდა საუბრის საგანი, ასევე, თქვენც ახსენეთ, რომ თბილისში გამართულ კომიტეტის სხდომებს არ ესწრებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე სახის მექანიზმი შეიმუშაოთ, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილოთ კომიტეტებში?
- ანი მიროტაძის შემთხვევაში, ეს იყო დაგვიანება, რის გამოც კვორუმი ვერ დგებოდა და სხდომა გვიან დაიწყო. ზოგადად, დაგვიანების გამო სხდომის გვიან დაწყება ავადმყოფობადაა ქცეული ყველა კომიტეტში. რაც შეეხება ფაქტებს, რომ სხდომა ჩაშლილიყო, თუ სწორად მახსოვს, ამ ორი წლის განმავლობაში, უშუალოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ეს, თუ არ ვცდები, არის მეორე შემთხვევა, სხდომა რომ ჩაშლილიყო.
რა შეიძლება გაკეთდეს? აბა, რა გითხრათ, პოლიციის დახმარებით ვერ მოვიყვანთ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს და შემდგომ, ალბათ, ამომრჩეველმა და მერე, იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც წარმოადგენენ ეს პირები, უნდა გაითვალისწინონ შემდგომისთვის, რომ პარლამენტში ისეთი პირები წარადგინონ, ხოლო საზოგადოებამ ისეთი პირები აიჩიოს, ვისაც არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობის დეფიციტი.
- სანქციის გამკაცრება რამდენად უშველის ამ საქმეს?
- არა მგონია, სანქციის გამკაცრებამ უშველოს ამ საქმეს, იმიტომ, რომ ეს ამბავი, არ არის მარტო ამ პარლამენტის ავადმყოფობა. ასეთ პრობლემებზე სანქციები გავლენას ვერ ახდენს.
რატომ ვერ მოახერხეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა უფლებამონაცვლე პირის გაგზავნა კომიტეტის სხდომაზე? ამ კითხვით "ალიამ" ზაქარია ქუცნაშვილს მიმართა, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა, ხოლო "ესემეს" შეტყობინებაზე გვიპასუხა, რომ ბებია გარდაეცვალა და თბილისში არ იმყოფება.
თამარ კორძაიასთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა, ვერ შევძელით, რადგან ჩვენს ხელთ არსებული მისი ტელეფონის ნომერი გამორთული იყო.
"ალია" სამძიმარს უცხადებს ზაქარია ქუცნაშვილს ბებიის გარდაცვალების გამო.