სუფსის ენერგეტიკული ჰაბის იდეა: სარგებელი, საფრთხეები და გამოწვევები
საერთაშორისო სანავთობო კორპორაციის პრეზიდენტმა ძლივს გაასწრო საქართველოდან ვარდოსანი ხელისუფლების ლიდერებს. სააკაშვილმა მისი შეპყრობა ბრძანა. გია ჭანტურიამ დაასწრო და აზერბაიჯანში გაიქცა. მას როგორც 1995-2004 წლებში საერთაშორისო სანავთობო კორპორაციის პრეზიდენტს აზერბაიჯანის ლიდერებთან ახლო, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა. დევნილი ჭანტურია ალიევმა შეიფარა. მას, როგორც ამბობენ, ილხამ ალიევმა საცხოვრებლად ჰეიდარ ალიევის კუთვნილი სახლი დაუთმო. როგორც კულუარული ინფორმაცია ცხადყოფს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს დიდი ძალისხმევა დასჭირდა "თავის მეგობარ" მიხეილ სააკაშვილთან, რომ გია ჭანტურიას ხელშეუხებლობის გარანტიები მიეღო. ამის შემდეგ, წლების განმავლობაში, გია ჭანტურია საქართველოში აღარ გამოჩენილა. ის აზერბაიჯანში ცხოვრობდა და ბიზნესს აკეთებდა.
2010 წელს გია ჭანტურია ისევ გამოჩნდა არენაზე. იგი თბილისის მერის სავარძლისთვის ბრძოლაში "ქრისტიან-დემოკრატებთან" ალიანსში ჩაება. აქ ორი ფაქტორი მუშაობდა: სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი რეიტინგის თვალსაზრისით პერსპექტიული ფიგურა ჩაერთო თბილისის მერობისთვის ბრძოლის საარჩევნო მარათონში და რაც შეიძლება მეტი ხმა წაერთმია ამ გზით მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის – ირაკლი ალასანიასთვის, რომლის შანსი 2009 წლის ანტისამთავრობო მასშტაბური გამოსვლების კონტექსტში საკმაოდ მაღალი იყო. ამიტომ სააკაშვილმა ნება დართო გია ჭანტურიას დაბრუნბულიყო საქართველოში და მის მიმართ არ ეწარმოებინა არანაირი სამართლებრივი დევნა, დაევიწყებინა საქართველოდან გია ჭანტურიას ფაქტობრივი გაქცევის ისტორია. რამდენად იყო და რა პირობებით ეს შეთანხმებული აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა, თუმცა, წარმოუდგენელია ასეთი შეთანხმების არარსებობის პირობებში გია ჭანტურიას თბილისის მერობაზე განეცხადებინა პრეტენზია. მითუმეტეს, იგი არც მალავდა, რომ თბილისის მერობაზე მეტად სუფსის ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობით იყო დაინტერესებული. ამ საკითხს გია ჭანტურიამ სპეციალური პრეზენტაციაც კი მიუძღვნა, სადაც ამ დიდი ენერგეტიკული პროექტის შესახებ ისაუბრა. ეს იყო გია ჭანტურიას ფაქტობრივი "მეორედ მოსვლა", თუ არ გავითვალისწინებთ მის მოღვაწეობას საბჭოთა პერიოდში, როცა ის მაღალი რანგის ფუნქციონერი იყო.
"დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი უფასო", იაფფასიანი ნავთობპროდუქტების ნიაღვარი და ციური მანანა
გია ჭანტურიამ 2010 წელს საკმაოდ აქტიური კამპანია აწარმოა "ქრისტიან-დემოკრატებთან" ერთად, თუმცა, პიარული თვალსაზრისით, მცდარი აქცენტებით და იაფფასიანი პოპულიზმის ფონზე. იგი ხალხს 10 თეთრიან დენს, 5 თეთრიან ბუნებრივ აირს და უფასო წყალს ჰპირდებოდა, ხოლო სუფსის კომბინატის აშენების შემთხვევაში იაფფასიან ნავთობპროდუქტებს და ლამის ოქროს მთებსა და რძის მდინარეებს. თუმცა, ამ კამპანიას ის სუფსის ნავთობკომბინატის იდეის ლობირებისთვის იყენებდა. მაშინ ის ამბობდა, რომ ამ კომპლექსის აშენებით აზერბაიჯანი იყო ძირითადად დაინტერესებული და ეს ქვეყანა აპირებდა კიდეც 10 მილიარდის ინვესტირებას პროექტში. იმხანად ამ კომბინატის ამოქმედებისთვის ეს თანხა იყო განსაზღვრული.
გია ჭანტურია და "ქრისტიან-დემოკრატები" არჩევნებში დამარცხდნენ. არც ხალხმა ირწმუნა მათი დანაპირები და არ მოიხიბლა, არჩევნები კი გვარიანი გაყალბებებით ჩატარდა. ასე იყო თუ ისე, გია ჭანტურია კიდევ ერთხელ, უკვე 5 წლით გაუჩინარდა საქართველოდან, ამჯერად ლეგალურად და ქვეყანაში ნებისმიერ დროს დაბრუნების შანსით.
ახალი ხელისუფლების მიერ ოცნებებით გაჯერებულ საქართველოში, პირველი ორი წლის შემდეგ გია ჭანტურია ისვ გამოჩნდა. ამჯერად ის უფრო პრაგმატულია, აღარ გვთავაზობს 10 თეთრიან დენს და 5 თეთრიან გაზს, მაგრამ გვპირდება უფრო მეტს – 17 მილიარდიან პროექტს, რომელშიც შედის სუფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ნავთობქიმიური კომბინატი და ბუნებრივი აირის გამათხევადებელი კომპლექსი. რუსული მედია, რუსული კაპიტალის და რუსეთის ამ პროექტით დაინტერესებაზე საუბრობს. გია ჭანტურია იდეის ავტორობას იჩემებს, რუსებს ინვესტორებად როგორც ერთ-ერთ ვარიანტს განიხილავს და ამ პროექტის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
დაანგრევს თუ არა პროექტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს როგორც საკურორტო ზონას
პროექტის ერთი ასპექტი ცხადია – ამხელა ნავთობგიგანტიდან 20 კილომეტრიან რადიუსში საკურორტო ინდუსტრიის არსებობა – ქობულეთი, შეკვეთილი, ურეკი, გრიგოლეთი ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რაც არ უნდა უახლესი ტექნოლოგიებით ხდებოდეს ნავთობის გადამუშავება აქ განლაგებულ ობიექტებზე. არავინ ჩავა იმ ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად, საიდანაც 5 კილომეტრში უზარმაზარი ნავთობქიმიური გიგანტი მდებარეობს. მიღებულ იქნება თუ არა ეს ასპექტი პროექტის რეალურობის თაობაზე საკითხის დადგომისას, ჯერ-ჯერობით საუბარი ძნელია.
პროექტი და გეოპოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ გია ჭანტურია მასშტაბური მოღვაწე, უნარიანი ბიზნესმენი და მენეჯერია, წარმოუდგენელია მის ექსკლუზიურ საკუთრებას წარმოადგენდეს სუფსის ენერგეტიკული ჰაბის იდეა. მისი ავტორიტეტი და კავშირები აშკარად არასაკმარისია ამ მოცულობის ენერგეტიკული პროექტის ლობირებისა და განხორციელებისთვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ სავარაუდოდ პროექტს ზურგს შეიძლება რამდენიმე მიმართულება უმაგრებდეს. პირველი, ესაა აზერბაიჯანი და მისი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომლის პირადი მეგობარიც გია ჭანტურიაა. ფაქტობრივად ალიევს (აზრბაიჯანის სახელმწფოს) ეკუთვნის საქართველოს უმსხვილესი ბიზნეს-კომპანიის "სოკარის" აქტივები. "სოკარს" ქართულ ექსპერტულ წრეებში ხუმრობით "ორი პრეზიდენტის ბიზნესად" მოიხსენიებდნენ ხოლმე. რამდენად ხუმრობა და კალამბური იყო და არის ეს, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯანი თავისი ენერგორესურსების დასავლეთის ბაზრებზე გასატანად საქართველოს ისევ უმთავრეს მოკავშირედ განიხილავს. სხვა საკითხია ამისგან აქვს თუ არა ჯეროვანი უკუგება ჩვენს ქვეყანას. ეს ერთი, პოტინციურად მთავარი აქტორი ამ საკითხთან მიმართებაში. გია ჭანტურიას 2004-2010 წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო გაზის კომპანიის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტიც ეკავა და ამდენად მის მიერ ამ თემის გააქტუალურება 2010 წელსაც და დღესაც ამ თვალთახედვით, ლოგიკურია.
სხვათაშორის, საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას არც 2010 წელს და არც სადღეისოდ ეს პროექტი ოფიციალურად არ განუხილავს და არც ოფიციალური პოზიცია დაუფიქსირებია, რაც მის სასარგებლოდ სულაც არ მეტყველებს (არც პროექტის და არც მთავრობის). მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა (მარიამ ვალიშვილი), რომ სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. ვალიშვილმა (ინტერპრესნიუსს) უთხრა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ მიწის ნასყიდობასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა და უცნობ ინვესტორს, რომელსაც უცნობი გერმანელი პარტნიორები ჰყავდა სურდა მიწის შეძენა, მაგრამ გარიგება არ შემდგარა. ამ პროცესებში, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით გია ჭანტურიაც იყო ჩართული.
მეორე სერიოზულად დაინტერესებული მხარე რუსეთი და რუსული კაპიტალია. რუსეთი კავკასიაში თავისი გეოპოლიტიკური როლის აღდგენაზე ოცნებებს ვერ შელევია და ამას "როსნეფტის" ბოლო აქტივობებიც მოწმობს საქართველოში. უკანონოდ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროებთან ნავთობმოპოვებით დაინტერესებული "როსნეფტი" ფოტის პორტით და ტერმინალით დაინტერესდა და კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს. საქართველოში საინვესტიციო შიმშილის პირობებში რუსული კაპიტალისთვის პოლიტიკური ბარიერების აღმართვა თითქოსდა უგუნურებაა. ისედაც სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა წიაღისეული და საკომანდო პოზიციები, მათ შორის "თელასი" თავის დროზე ლამის სულერთიანად რუსებს გადასცა. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმის თაობაზეც, რომ სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების გამგებლობაში არსებული ბიზნესები რუსეთში მოღვაწე ქართველი მილიონერის დავით იაკობაშვილის გავლით ასევე რუსეთის და რუსული კაპიტალის ხელში მოხვდა, ვითომდა შესყიდვის გზით. რა თქმა უნდა, რუსულ კაპიტალს რუსული გავლენაც მოყვება, მაგრამ მისი მონაწილეობა ქართულ მასშტაბურ პროექტებში ძნელია გამოირიცხოს.
მესამე და გია ჭანტურიას მიერ აქცენტირებულად აფიშირებული, დასავლეთის მიმართულებაა. გია ჭანტურიას საქართველოს საერთაშორისო სანავთობო კორპორაციის პრეზიდენტად მუშაობის პერიოდში, დასავლურ სანავთობო გიგანტებთან - "შევრონი", "ბრითიშ პეტროლეუმი” და ა.შ. კარგი და მჭიდრო ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. ახლაც ამ პროექტის მთავარ პარტნიორებად იგი დასავლეთს მოიაზრებს. ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში ეს პროექტი ევროპისთვის და ამერიკისთვის საინტერესო უნდა იყოს.
ასე რომ, იდეა არსებობს. სუფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ნავთობქიმიური კომბინატი და ბუნებრივი აირის გამათხევადებელი კომპლექსი 17 მილიარდს იწონის. რამდენად იქნება ეს პროექტი სიცოცხლისუნარიანი, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. მომავალი გვიჩვენებს იმასაც თუ რა გადაწონის ამ პროექტთან მიმართებაში "რეალითი შოუ” თუ ჯანსაღი პრაგმატიზმი თუ ეს პროექტი ისევ კეთილ ზღაპრად დარჩება.
"ჰაკინის" პროტესტი: ვისი სახელით კეთდება მკვახე განცხადება
17 მილიარდიანი პროექტი, რომელიც ფოთთან ახლოს, სუფსაში და მის გარშემო უნდა განთავსდეს, 90-იან წლებში შემუშავდა მის დამფინანსებლად გია ჭანტურია საქართველოს დასავლეთელ პარტნიორ-ქვეყნებს მოიაზრებს და არამარტო მათ. მისი აზრით, თუ პროექტში რუსეთიც ჩაერთვება, ეს წარმატების შანსს გაზრდის. ამ ეტაპზე, იმავე გია ჭანტურიას განცხადებით პროექტს ქართულ-ამერიკული კომპანია "ინტერ ენერჯი გრუპი" ახორციელებს, რა თქმა უნდა, იდეის დონეზე. პროექტში, ბუნებრივია, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის უცილობელი მონაწილეობაც იგულისხმება.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: გია ჭანტურია ხაზს უსვამს, რომ არსებობს ნოვოროსიისკიდან სუფსამდე აფხაზეთის გავლით, მილსადენის მშენებლობის პროექტი რას შესაძლებელს გახდის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე რუსეთის ნავთობსადენის მიერთებას. ამ თემაზე გია ჭანტურიამ საჯაროდაც ისაუბრა, მათ შორის ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში.
ამასობაში, საკმაოდ მოულოდნელი კუთხით თემასთან დაკავშირებულ საინფორმაციო აჟიოტაჟში აზერბაიჯანიც ჩაერთო. გამოცემა "ჰაკინაზი" გია ჭანტურიას საპროექტო იდეის გამო მკვახე ტონით დაწერილ მამედ ეფენდიევის სტატიას აქვეყნებს, სადაც აზერბაიჯანული მხარის შეშფოთებაზეა საუბარი. აქ რუსების შესაძლო მონაწილეობის საკითხია წინა პლანზე წამოწეული და საინტერესო დასკვნაც კეთდება: სანამ საქართველოში საქმის გარკვევით იყვნენ დაკავებულები, სწორედ ამ დროს თვითონ გიორგი ჭანტურიამ დაიწყო აბსურდული განცხადებების გაჟღერება სუფსაში ნავთობქიმიური კომპლექსისა და ჰაბის მშენებლობის თაობაზე. საქართველოს ხელისუფლებას ისევ მოუწია ორაზროვანი ახსნა-განმარტება - გაუგებარი იყო, თბილისი ეთანხმებოდა თუ იგნორირებდა ჭანტურიას განცხადებებს: "საქართველოს მთავრობა ნავთობგადადმამუშავებელი ქარხნის მშენებლობას სუფსაში კი არ გეგმავს, არამედ ფოთშიო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, გამოცხადდა ინტერესთა გამოკითხვა ამ ქარხნის მშენებლობაზე ფოთთან მდებარე კუნძულ ნაბადზე: "ველოდებით ინვესტორთა რეაქციებს... რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას განცხადებებს, ეს მხოლოდ სიტყვებია. ჩვენ ქარხნის მშენებლობა სუფსაში კი არა, ფოთში გამოვაცხადეთ, მაგრამ რუსეთს ამ ობიექტის მიმართ არავითარი დაინტერესება არ გამოუჩენიაო". ხედავთ, რა ამბები ტრიალებს და ქართული საზოგადოება საქმის ბაიბურშიც არ არის.
შემდეგ უფრო საინტერესო სიუჟეტური ქარგა იხლართება და დასკვნები კეთდება აზერბაიჯანულ გამოცამაში. ჩვენ არ ვიცით "ჰაკინ.აზი" რამდენად ახლოსაა აზერბაიჯანის სამთავრობო წრეებთან და პრეზიდენტის გარემოცვასთან და რამდენად ასახავს ოფიციალური ბაქოს პოზიციას, მაგრამ უკიდურესად შეშფოთებული, რომ არის აზერბაიჯანელთა ეკონომიკური ინტერესების შელახვის პერსპექტივით საქართველოში, ცხადია. გამოცემა ხაზს უსვამს: "დავით იაკობაშვილის მიერ "როსნეფტში" მისი კუთვნილი წილის გაყიდვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსული კომპანიის გავლენის გაფართოებას ნიშნავდა, რაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია "სოკარს" სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ხოლო როცა სცენაზე გიორგი ჭანტურია გამოჩნდა, რომლის ბიზნესი ბოლო დრომდე "სოკართან" კავშირებს ეფუძნებოდა, ვიფიქრეთ, რომ იგი არანაირად არ წავიდოდა აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ. ასევე ჩანდა, რომ არ წავიდოდა არც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაც, რადგან ჩვენ ორ სახელმწიფოს ბევრი რამ საერთო მიზნები გვაკავშირებს. მაგრამ მისი განცხადებები და შემდეგ საქართველოს ოფიციალური პირების დამაეჭვებელი გამოსვლები საფუძველს გვაძლევს სხვაგვარად ვიფიქროთ.”
აი ასე – პროექტი არ დაწყებულა აზერბაიჯანელები და "სოკარი" კი ღელავს. თითქოს რუსებიც რეალურად არ ჩანან, მაგრამ მათი აჩრდილი საქართველოში კარგახანია დაძრწის, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან.
აზერბაიჯანელები თუ "ჰაკინაზის" პოზიციას იზიარებენ, უკვე ისტერიულ ტონალობას აღწევს და კაცი, რომელიც აზერბაჯანის ლიდერის კარზე მიღებული პიროვნებაა ლამისაა მტრად შერაცხოს, მართალია, ძნელია დაზუსტება რომელ ქართველ ქართველ ექსპერტებს გულისხმობს და რა განცხადებებს, მაგრამ ასკვნის: "სუფსასთან დაკავშირებით რუსული მხარის მონაწილეობაზე ღიად საუბრობენ, თვითონ გიორგი ჭანტურია კი, ქართველი ექსპერტების აზრით, ამჯერად უკვე რომელიღაც რუსული კორპორაციების იდეების გამტარებლად გამოდის და საქართველოში რუსული ბიზნესის პოზიციების გამყარებას ცდილობს. ფოთის მიმართ ამას დამტკიცებაც კი არ სჭირდება: დავით იაკობაშვილის აქციების შესყიდვით "როსნეფტი" ამ ტერმინალის მფლობელი გახდა, პარალელურად კი კასპიის ზღვის წყალბადშემცველების შავი ზღვის ნაპირებზე გადაქაჩვის ტრეიდერადაც იქცა. ასეთ შემთხვევაში რუსულ კომპანიას იოლად შეუძლია ფოთში დაგეგმილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნედლი ნავთობით მომარაგება... რატომ ვერ მოიაზრა და გააცნობიერა ეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უბრალოდ გაუგებარია."
ასე რომ, ამ პროექტს იოლი მომავალი ნამდვილად არ ექნება და მასთან დაკავშირებით ბევრი რამ არის გასარკვევი. გია ჭანტურიას ძნელია არ დაეთანხმო, რომ ამ პროექტს შეუძლია ბევრი მხარის ინტერესების გაერთიანება და რეალიზება, მაგრამ ვიდრე ეს ცხადი გახდება ვაშინგტონში, ბრიუსელსა და მოსკოვში, ბაქო, ერევანი და ანკარაა დასაშოშმინებელი – ჩვენი მეგობრები ხომ ეჭვიანებიც არიან.
პროექტი კი, ერთი შეხედვით, მართლაც საინტერესოა. თუნდაც იდეის დონეზე.